Print

2012 წ. 28 დეკემბრის მიმართვა - ბ. ივანიშვილს

საქართველოს  პრემიერ-მინისტრს

ბიძინა ივანიშვილს!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

ღია მიმართვა:

გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!

[მეოთხე ნაწილი]

 

ბატონო ბიძინა!

გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ თქვენდამი წარმოდგენილი იქნა ორი მიმართვა. კერძოდ:

- 2012 წ. 5 ნოემბრის მიმართვაში - „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დროითი საკითხისათვის” [ჩაბ. № 6595], დეტალურადაა გაშიფრული მ. სააკაშვილის მხრიდან თქვენი სამთავრობო გუნდის სავარაუდო დათხოვნის  მექანიზმი, და მისი ამოქმედების დროითი მიჯნები, რომელიც 2013 წლის 9 იანვრიდანაა მოსალოდნელი;

-  2012 წ. 12 ნოემბრის [ჩაბ. № 7875] მომართვაში - „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების დროითი საკითხისათვის”,  წარმოდგენილი გახლავთ - საქართველოს კონსტიტუციურ ნორმებზე დაყრდნობით გაკეთებული პოლიტიკური ანალიზი - საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მექანიზმის შემუშავების თაობაზე, რომელიც 2013 წ. 20 იანვრამდე უნდა იქნეს ამოქმედებული.

ამასთანავე მოგახსენებთ რომ - 2012 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ ვახტანგ ხმალაძეს, თბილისში, პირადად გადავეცით მისადმი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბ-ნ დავით უსუფაშვილისადმი განკუთვნილი სპეციალური მიმართვა [№24/11- 24 ნოემბერი, 2012 წ.], სადაც გადმოცემულია საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები დადგენილების პროექტი -  „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“, რომლის მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე შესაძლებელია საქართველოში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა.

ბატონო ბიძინა!

როგორც მოგეხსენებათ საერთაშორისო სამართალი ეფუძნება ხელისუფლების არჩევითი რგოლების [პრეზიდენტი, პარლამენტი და სხვა] უფლებამოსილების უწყვეტობის ფუძემდებლურ პრინციპს.

დღეს მომქმედი კონსტიტუციის ნორმები შესაძლებლობას იძლევა - „პრეზიდენტის უფლებამოსილების უწყვეტობის“ - პრინციპის გათვალისწინებით გადაიჭრას ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანა. და აი, როგორ:

ა) კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით - „...საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“, ანუ მისი უფლებამოსილება, კონსტიტუციის თანახმად, მკაცრადაა შემოზღუდული - 5 წლით;

ბ) იქვე,  კონსტიტუცია მართალია აკანონებს სახელისუფლებო შტოების უწყვეტობას:

- „პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე“ [მუხლი 50,4]; ანდა

- „...პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [მუხლი 71,2]; მაგრამ

გ) კონსტიტუციაში იქვე გათვალისწინებულია ორი ისეთი შემთხვევის ალბათობაც, როდესაც პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება, მიზეზთა გამო, შეუძლებელი ხდება. კერძოდ, კონსტიტუციის 76-ე მუხლში ვკითხულობთ:

საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე...“ [მუხლი 76,1].

მოდით განვიხილოთ ორივე ეს შემთხვევა::

1. ერთის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში [თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგომა; იმპიჩმენტის გამოცხადება და სხვა, რაც ჩვენს რეალობაში - 2013 წ. 20 იანვრამდე მოსალოდნელ შემთხვევებს გულისხმობს], კონსტიტუციის თანახმად:

პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი“ [მუხლი 76,3[; და

2. მეორეს მხრივ, კონსტიტუცია წინასწარ განსაზღვრავს, ანუ უშვებს, რომ შეიძლება შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მყოფ პირს, მიზეზთა გამო, აღარ ეძლევა [აღარ აქვს] თავისი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა.

ამასთანავე, კონსტიტუცია არსად არ ითვალისწინებს [არ განსაზღვრავს, არ ჩამოთვლის...], თუ რა იგულისხმება - საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობაში“, რამეთუ, ვფიქრობთ რომ, ამის აუცილებლობა არც დგას. და აი, რატომ

ზოგადად, არსებობს ადამიანის წინაშე მდგარი ორი რეალობა:

- 1. სურვილი [მიზანი], და

- 2. ამ სურვილის [მიზნის] რეალიზების შესაძლებლობა.

განვითარების ნებისმიერ საფეხურზე, საზოგადოება მკაცრად აყალიბებს [განსაზღვრავს] ადამიანის სურვილების [მიზნების] რეალიზების კანონიერი განხორციელების შესაძლებლობებს [ამდაგვარი მაგალითების მოყვანის აუცილებლობას ვერ ვხედავთ].

ასევეა განსახილველ შემთხვევაშიც - მავანს, შეიძლება სურდეს საქართველოს პრეზიდენტად ყოფნა, მაგრამ იგი, ამისათვის, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასე მაგალითად, კონსტიტუციის თანახმად:

პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში“ [მუხლი 70,2]

ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემთხვევაში, შემდეგ უკვე საჭიროა - კონსტიტუციით განსაზღვრული პირობების დაცვით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა და მასში გამარჯვება [იხ. მუხლი 70,3-9].

ამდენად, მავანის სურვილს - გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, მხოლოდ ყველა ზემოთ მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში უწერია ახდომა.   

ეხლა მეორე მხარე განვიხილოთ, ანუ შემთხვევა, როდესაც მავანი [ჩვენს შემთხვევაში - მ. სააკაშვილი] უკვე არის საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც ითქვა, კონსტიტუციის თანახმად - „...საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“,

ამ 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის პოსტზე მყოფ პირს [განმეორებით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვების გარეშე], უკვე აღარ აქვს უფლება ეკავოს ეს თანამდებობა, ანუ ამ ვადის ამოწურვის დღიდან საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მისი ყოფნა უკანონო იქნება, და წინააღმდეგობაში მოვა - არა მარტო ამ: 70,1 მუხლთან, არამედ 5,3 მუხლთანაც, რომელიც გამოკვეთილად ამბობს - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“.

ამ მცირე განმარტების შემდეგ, თუ დავუბრუნდებით 76,1 მუხლის პირველ წინადადებას, ნათელი გახდება, რომ მასში განსაზღვრული - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობი...“-ს შემთხვევა:

- ითვალისწინებს არა მარტო იმას, რომ ამ თანამდებობაზე მყოფი პირი, ვთქვათ - გარდაიცვალა; ან - მძიმედ არის ავად; ანდა, მიზეზთა გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გადახვეწილი; არამედ

- მუხლი 5,3-ის პრინციპიდან გამომდინარე [„არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“], განსახილველი მუხლი 76,1-ის მითითებული მოთხოვნა, წინასწარვე უშვებს [განსაზღვრავს] იმის ალბათობასაც, რომ ამ პირს - ამ თანამდებობაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი აღარ აქვს.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როგორც ვიცით:

- მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ხუთწლიანი ვადა 2013 წ. 20 იანვარს ეწურება; და, შესაბამისად, ამ დღიდან მოყოლებული, მას აღარ აქვს დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენის - კანონიერი უფლება [იხ. მუხლი 5,3 და მუხლი 70,1].

ამდენად, კონსტიტუციით განსაზღვრული - თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების უწყვეტობა, მკაცრადაა შემოფარგლული 5 წლიანი ვადით [მუხლი 70,1], და არ არის დამოკიდებული - ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღების დროზე [იხ. მუხლი 71,2], ვინაიდან, კონსტიტუციის, განსახილველი 76,1 მუხლი, სწორედაც რომ, მხოლოდ, სავარაუდო - საგანგებო მდგომარეობის დასარეგულირებელ მექანიზმს წარმოადგენს.

ბატონო ბიძინა!

როგორც ვნახეთ კონსტიტუციის - მუხლი 76,1 ორ შემთხვევას ითვალისწინებს:

- აშკარაა, რომ 2008 წ. 5-20 იანვრიდან ათვლით, მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წ. 5-20 იანვარს ამოეწურება. შესაბამისად, ამ დროიდან ათვლით მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოცილება, ვერ იქნება - „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევა“;

- ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2013 წლის 5-20 იანვრიდან, ანუ მ. სააკაშვი-ლისათვის 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ძალაში შედის მუხლი 76,1-ის პირველი მოთხოვნა, ანუ სახეზე იქნება - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის“ მდგომარეობა.

მაშასადამე, 2013 წლის 5-20 იანვრამდე, მ. სააკაშვილს, კონსტიტუციის ნორმათა [მუხლი 70,1] სრული დაცვით ექნება საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა დაკავებული; და მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმის [მუხლი 5,3 და მუხლი 70,1] დარღვევა, მხოლოდ - 2013 წ. 20 იანვრის შემდგომად, პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში დაფიქსირდება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა, პრობლემის კონსტიტუციურ [მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] მოთხოვნათა სრული დაცვით გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ინიცირება მის მიერ მისაღები სპეციალური გადაწყვეტილებისა - „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.

აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტი, სავარაუდოდ ასეთი სახის უნდა იყოს:

 

პროექტი

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

„მიხეილ სააკაშვილისთვის

2013 წლის 20 იანვარს

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის

ამოწურვასთან დაკავშირებით“

 

1. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით - „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“;

2. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის თანახმად - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“;

3. ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილი მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან - 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა - 2013 წლის 20 იანვარს იწურება;

და

4. ვითვალისწინებთ რა, რომ კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით - 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით, საქმე გვექნება მ. სააკაშვილის მხრიდან - „საქარ-თველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევასთან,

ვადგენთ:

1. კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა ამოწურულად ჩაითვალოს - 2013 წ. 20 იანვარს;

2. კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით, ვინაიდან 2013 წლის 20 იანვრიდან, ადგილი ექნება - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის...“ შემთხვევას, კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის შესაბამისად - საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;

3. კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს;

4. მიღებული გადაწყვეტილება ამოქმედდეს - 2013 წ. 20 იანვრიდან.


ბატონო ბიძინა!

როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის მუხლი 67,1-3 შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დაფიქსირების შემდეგ, მისაღებ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს - „კანონის“, „ორგანული კანონის“ ან „კონსტიტუციური შეთანხმების“ სახე [იხ. მუხლი 66].

კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, ამდაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემდეგი მოთხოვნის დაცვაა საჭირო:

„1. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა [რაც - მინიმუმ 50 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.], თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.

11 კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი [რაც - ზოგადად - 90, ხოლო დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით - 89 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.].

2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი... [რაც - მინიმუმ 76 სადეპუტატო ხმის ტოლია - გ.ს.]“ [მუხლი 66,1-2].

ჩვენის აზრით, სასურველია თუკი აღნიშნული დადგენილება - „კონსტიტუციური შეთანხმების” სახით, ანუ - 90 სადეპუტატო ხმით იქნება მიღებული, რამეთუ კონსტიტუციის მუხლი 68,4-ის თანახმად პრეზიდენტის მიერ დაწუნებული კანონპროექტის [ე.წ. ვეტოს დადების შემთხვევა]საბოლოო მისაღებად, სწორედ - 90 [89] სადეპუტატო ხმაა საჭირო.

ბატონო ბიძინა!

დადგენილების საბოლოო მიღებიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული 7 დღის თავზე - „თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე“ [მუხლი 68,5], საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის შემდეგ, გადაწყვეტილება ძალაში შესულად ჩაითვლება.

ყოველივე ზემოთქმულის განხორციელების შემთხვევაში, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან  გამოსვლა, საქართველოს კონსტიტუციის ყველა მოთხოვნის [კერძოდ: მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] დაცვით იქნება შესაძლებელი:

- 2013 წ. 20 იანვრიდან მ. სააკაშვილი დაამთავრებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიან ვადას, ხოლო

- 2013 წლის ოქტომბრის პირველი კვირა დღისათვის დანიშნულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას, დროებით [მუხლი 76.1] - საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე შეასრულებს.

დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებისათვის. ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) სალუაშვილი

თბილისი,

2012 წლის 28 დეკემბერი,

ტელ.: 5 (91) 63-63-36