Print

2013 წლის 22 აპრილის მიმართვა ბ. ივანიშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

 ღია მიმართვა:

ბატონო ბიძინა!

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატულმა ხალხის ნებამ - თქვენ, და თქვენს პოლიტიკურ გუნდს, შესაძლებლობა [და ამავე დროს ერთგვარი ვალდებულაც] მოგცათ - მორიგ ახალ ეტაპზე აგეყვანათ, გასული საუკუნის 80-90 წლების გასაყარზე სამართლიანობის აღდგენის მიზნით  დაწყებული საქმიანობა.

ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქართველი ხალხი, თავისი გამორჩეული შვილების წინამძღოლობითა და გვერდში დგომით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, მეტ-ნაკლები წარმატებით, განუწყვეტლივ აწარმოებდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა-დამკვიდრებისაკენ მიმართულ თავგანწირულ ბრძოლას.

საქართველოს უახლოეს ისტორიაში, 1988 წლის ბოლოდან ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად აზვირთებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას - კონკრეტული შედეგი მოჰყვა:

ქართველი ხალხის ნდობის მანდატით აღჭურვილმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ, თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, თავდაპირველად შექმნა ისეთი პირობები, რამაც შესაძლებელი გახადა შესაბამისი პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მისცემოდა - რუსეთის იმპერიის სახეცვლილ საბჭოთა კავშირში იძულებით მყოფი ჩვენი ქვეყნის 70 წლიანი ისტორიის მონაკვეთს;

სათანადო წინაპირობათა შესრულების შემდგომად, 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებისა და აქედან მომდინარე სამართლებრივი ბაზის საფუძველზე, 1991 წ. 9 აპრილს მიღებულმა - „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტმა“, დე-იურე საფუძველი შეუქმნა, მოგვიანებით მიღწეულ საქართველოს დე-ფაქტო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

ქვეყნის აღმშენებლობისაკენ მიმართული სწორი გზასავალი 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ - ძირფესვიანად შეცვალა:

ანტიკონსტიტუციური გზით ქვეყნის სათავეში მოსულმა, ერთის მხრივ: იოსელიანი-კიტოვანი-სიგუას, ხოლო მეორეს მხრივ, მათი სამართალმემკვიდრე, ჯერ - ედ. შევარდნაძის, ხოლო შემდგომად - მ. სააკაშვილის მიერ დამყარებულმა, დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა რეჟიმმა, უმძიმესი შედეგი მოიტანა...

 

ბატონო ბიძინა!

თქვენი ძალისხმევით შექმნილი - 2012 წ. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომი მდგომარეობა, უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, თავის ლოგიკურ დასასრულამდე იქნეს მიყვანილი - 1992 წლიდან სამართლიანობის აღდგენისათვის დაწყებული ბრძოლა.

საქართველოს უახლესი ისტორიის ბოლო 20 წლიანი ტრაგიკული მონაკვეთი - უამრავ კითხვაზე ითხოვს პასუხის გაცემას... მათ შორის ერთ-ერთ უმთავრესად გვესახება ის საკითხიც, რამაც წინამდებარე ღია მიმართვის შინაარსი განაპირობა.

 

ბატონო ბიძინა!

განსახილველად გთავაზობთ წინადადებას, რათა, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეიქმნას - „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისია“, რომელსაც პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ჩაუდგება სათავეში.

აღნიშნული კომისიის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წინადადებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობას მისცემს გამოკვეთოს აქცენტები ეროვნული თანხმობის მიღწევისათვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა:

- საქართველოში 1991-1992 წლების გასაყარიდან განვითარებული მოვლენების შეფასება;

- საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების პრინციპები...

ყოველივე ზემოთქმული საფუძვლად დაედება ისეთი სამართლებრივი წინაპირობების მომზადებას, რაც შესაძლებელს გახდის - თვისობრივად ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, ქვეყნის სათავეში მოვიდეს, არა - ანტიკონსტიტუციური გზით ძალაუფლების მომპოვებელი ხელისუფალის უბრალო გამგრძელებელი, არამედ - 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დარღვეული კანონიერი სახელისუფლო შტოს სამართალმემკვიდრე ლეგიტიმაციის მატარებელი ძალა.

 

ბატონო ბიძინა!

თქვენი თანხმობის შემთხვევაში ფორმირებულმა: პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩევლის ხელმძღვანელობით მოქმედმა - „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელმა კომისიამ“, უნდა მოგიმზადოთ წინადადებათა პაკეტი:

- საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი აღსრულებიდან 20 [2013 წ. 31 დეკემბერი] და დაბადებიდან 75-ე [2014 წ. 31 მარტი] წლისთავთან დაკავშირებით ჩასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში

[ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში მისი სათანადო როლის გამოკვეთა; პოლიტიკური განცხადებების, მიმართვების, გამოსვლების, ინტერვიუების მოძიება-მოპოვება, მათი სისტემატიზაცია და გამოცემა; საიუბილეო კულტურული ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა და ა.შ.].

 

ბატონო ბიძინა!

გამოვხატავთ რა საქართველოს უახლეს ისტორიაში თქვენს მიერ გაწეული ღვაწლისადმი ჩვენს უდიდეს პატივისცემას, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენთვის ჩვეული გულისხმიერებით მოეკიდებით ზემოთაღნიშნული საკითხის სათანადო გადაჭრის საქმეს.

ჩვენის მხრივ მზად ვართ, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს გამართულ შეხვედაში მონაწილეობისათვის, რათა უშუალო საუბარში დაზუსტდეს ყველა ის საკითხი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ შეიმუშაოთ, ქვეყნის წინაშე მდგარი, აგერ უკვე 20 წლის მანძილზე გადაუჭრელი პრობლემის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საბოლოო პოზიცია.    

 ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი

თბილისი,  2012 წლის 22 აპრილი


ტელ.: 5 (91) 63-63-36

ელ. ფოსტა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.