Print

ღია მიმართვა - რეფერენდუმზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხის გატანა არ შეიძლება

რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნის,

ანუ

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების

სამართლებრივი ბაზის საკითხისათვის

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოხატულმა ხალხის ნებამ, დღის წესრიგში დააყენა - სამართლიანობის აღდგენის პროცესის სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანის საკითხი. სხვა მრავალ თემატიკასთან ერთად ერთობ აქტუალური გახდა - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ზოგადად - სახელისუფლო არჩევითი რგოლებისათვის [პრეზიდენტი, პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები და ა.შ.], კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების, ამა თუ იმ მიზეზისა გამო, ვადამდე შეწყვეტის საკითხი, ასევე კანონითაა გაწერილი, და თითოეული ასეთი შემთხვევა თავის სამართლებრივ დასაბუთებას საჭიროებს.

საქართველოში მომქმედმა პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა გადაწყვიტა, გამოსულიყო - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვის ინიციატივით.

მოდით ვნახოთ, საქართველოში დღეს მომქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, რამდენად დასაშვებია განსახილველი საკითხის რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით გადაწყვეტა.

საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“, მკაცრად განსაზღვრავს, როგორც სარეფერენდუმო საკითხების, ასევე რეფერენდუმის დანიშვნისათვის საჭირო დროით საზღვრებს. მოდით მივყვეთ მათი განხილვის თანამიმდევრობას.

 

რეფერენდუმის მომზადება და დანიშვნა

საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“, რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას იძლევა:

„ 1. რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. რეფერენდუმს ამზადებს და აწყობს ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია“ [მუხლი 9].

იქვე გვეუწყება რომ:

„1. თუ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი...სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს მკაფიოდ და კონკრეტულად.

2. საინიციატივო ჯგუფი ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიას მიმართავს თხოვნით, რეგისტრაციაში გაატაროს საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი, საკითხის ფორმულირება უნდა დაზუსტდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით.

3. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას ატარებს რეგისტრაციაში და ამის შესახებ ოფიციალურ პრესაში აქვეყნებს ინფორმაციასა და საინიციატივო ჯგუფის მისამართს...

5. რეგისტრაციის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს მიეცემა რეგისტრაციაში გატარების თაობაზე მიმართვიდან ერთ თვეში.რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები“ [მუხლი 10].

აღნიშნული - ერთთვიანი პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანონი ასეთ რეგულაციას გვთავაზობს:

„1. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან“ [მუხლი 11,1]. მთლიანობაში საჭიროა არანაკლებ 200 000 საქართველოს მოქალაქის თანხმობა [ხელმოწერა].

საბოლოოდ, საინიციატივო ჯგუფი - „... ადგენს შეჯამებულ მონაცემებს ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და მოქალაქეთა ხელმოწერის ფურცლებითურთ უგზავნის ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიას რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან არა უგვიანეს სამი თვისა.

2. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია ამოწმებს შემოსულ მასალებს და თუ მიიჩნევს, რომ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, თავის დასკვნასა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას რეფერენდუმის მოწყობის შესახებ წარუდგენს პრეზიდენტს  მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს ერთი თვისა“ [მუხლი 12,1-2].

კანონის თანახმად - „2. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი იღებს ერთ რომელიმე გადაწყვეტილებას: ა) რეფერენდუმის თარიღის დანიშვნისა და მისი მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ; ბ) რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე მოტივირებული უარის შესახებ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში.

3. რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში“ [მუხლი 13,2-3].

ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - „1. რეფერენდუმი იმართება არა უადრეს ორი თვისა და არა უგვიანეს ექვსი თვისა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან“ [მუხლი 14,2-3].

ყოველივე ზემოთქმულის შეჯერების შედეგად, რეფერენდუმის შესაძლო დანიშვნა-ჩატარების ვადებთან მიმართებაში, ასეთ სურათს ვღებულობთ - რეფერენდუმის ჩატარების მიზნით:

- „1. იქმნება საინიციატივო ჯგუფი... 5. რეგისტრაციის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს მიეცემა რეგისტრაციაში გატარების თაობაზე მიმართვიდან ერთ თვეში“ [მუხლი 10,1; 5];

- საინიციატივო ჯგუფი, შედეგებს „1. ხელმოწერის ფურცლებითურთ უგზავნის ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიას რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან არა უგვიანეს სამი თვისა. 2. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია ამოწმებს შემოსულ მასალებს... წარუდგენს პრეზიდენტს  მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს ერთი თვისა“ [მუხლი 12,1-2];

- „რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში“ [მუხლი 13,1]; და ბოლოს

- „რეფერენდუმი იმართება არა უადრეს ორი თვისა და არა უგვიანეს ექვსი თვისა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან“ [მუხლი 14,1].

მაშასადამე, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე განაცხადის გაკეთებიდან, მის შესაძლო ჩატარებამდე, მთლიანობაში:

მინიმუმ - 6-8, ხოლო

მაქსიმუმ - 12 თვე შეიძლება გავიდეს.


პარლამენტის დათხოვნის კონსტიტუციური ნორმები

სარეფერენდუმო საკითხად - პარლამენტის ვადამდე დათხოვნის მოთხოვნის დაყენების კანონიერების თემის განხილვამდე, მოდით გავიხსენოთ კონსტიტუციაში გაწერილი ის რეგულაციები თუ რა შემთხვევებში შეიძლება მოხდეს - პარლამენტისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

საქართველოში მომქმედი კონსტიტუციის თანახმად 

- „პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ 

შემთხვევებში...“ [მუხლი 511].

თავის მხრივ, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნა შეიძლება ორი ძირითადი მიზეზით მოხდეს:

1. „თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა... ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“ [მუხლი 80,5];

2. „... პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დასვას მთავრობის ნდობის საკითხი პარლამენტში განსახილველ სახელმწიფო ბიუჯეტის, საგადასახდო კოდექსის და მთავრობის სტუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტებზე. პარლამენტი მთავრობას ნდობას უცხადებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის განმავლობაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“ [მუხლი 81,4].

ამდენად, საქართველოში დღეს მომქმედი კონსტიტუციის თანახმად, მკაცრადაა განსაზღვრული, რომ:

პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ 

შემთხვევებში...“ [მუხლი 511];  ხოლო

- პრეზიდენტის მიერ, პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს, მხოლოდ - 1. სამთავრობო გუნდის; ან - 2. „სახელმწიფო  ბიუჯეტის, საგადასახდო კოდექსის და მთავრობის სტუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის“ დაუმტკიცებლობის საბაბით.

მაშასადამე, აღნიშნული მიზეზის გარდა, კონსტიტუცია - პარლამენტის ვადამდე დათხოვნის სხვა შემთხვევას არ უშვებს.

 

სარეფერენდუმო საკითხების სავარაუდო ჩამონათვალი

საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“, რეფერენდუმის არსის თაობაზე ასეთ განმარტებას იძლევა:

„1. რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.

2. რეფერენდუმი ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით“ [მუხლი 1,1-2].

სარეფერენდუმო საკითხებთან მიმართებაში, კანონში ვკითხულობთ:

„1. რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრინციპების შესახებ.

2. რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება:

ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;

ბ) ამნისტიისა და შეწყალების გამო;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ;

დ) ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“ [მუხლი 3,1-2].

როგორც ვხედავთ, კანონის მოთხოვნით:

ერთის მხრივ - „რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს... საქართველოს კანონებით... გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრინციპების შესახებ“,

მეორეს მხრივ კი - რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება: „...ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“.

საქართველოში მომქმედ კონსტიტუციაში, პარლამენტისა და მისი დეპუტაციის ე.წ. კონსტიტუციური უფლებების თაობაზე ასეთი ჩანაწერია დაცული:

- „...პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 პარლამენტის წევრისაგან“ [მუხლი 49,1];

- „საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია“ [მუხლი 52,1];

-  „...პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) პირადი განცხადებით უფლებამოსილება მოეხსნა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა, ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში;

ზ) გარდაიცვალა“ [მუხლი 54,2]. 

ამდენად, საქართველოში დღეს მომქმედ კონსტიტუციურ მოთხოვნათა თანახმად - საქართველოს პარლამენტი [და შესაბამისად პარლამენტის წევრი] 4 წლითაა არჩეული, და, ამ დროის მანძილზე, კონსტიტუციის ნორმით გათვალისწინებული [უკვე ხსენებული] შემთხვევების გარდა, ვადამდე ადრე - „...მისი გაწვევა დაუშვებელია“.


დასკვნის მაგიერ

საქართველოში მომქმედი კანონმდებლობის [კონსტიტუცია და ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ] მოთხოვნათა გათვალისწინებით:

- ამა თუ იმ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე განაცხადის გაკეთებიდან, მის შესაძლო ჩატარებამდე, მთლიანობაში: მინიმუმ - 6-8, ხოლო მაქსიმუმ - 12 თვე შეიძლება გავიდეს;

პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ 

შემთხვევებში...“  [მუხლი 511]; ხოლო

- პრეზიდენტის მიერ, პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს, მხოლოდ 

1. სამთავრობო გუნდის; ან

2. „სახელმწიფო  ბიუჯეტის, საგადასახდო კოდექსის და მთავრობის სტუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის“ დაუმტკიცებლობის საბაბით;

- საქართველოს პარლამენტი [და შესაბამისად პარლამენტის წევრი] 4 წლითაა არჩეული, და, ამ დროის მანძილზე, კონსტიტუციის ნორმით გათვალისწინებული [უკვე ხსენებული] შემთხვევების გარდა, ვადამდე ადრე - „...მისი გაწვევა დაუშვებელია“;

- „რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს... საქართველოს კანონებით... გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი საკითხებისა და პრინციპების შესახებ“, და

- რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება: „...ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“,

შესაბამისად, სარეფერენდუმოდ - საქართველოს პარლამენტის ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხის გამოტანა - დაუშვებელია, რამეთუ ასეთი მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში დღეს მომქმედ კანონმდებლობასთან, ანუ - უკანონოა!

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი