Print

ბოლო გაფრთხილება - თეიმურაზ შაშიაშვილს

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის 

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

ღია წერილი

ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს!

 

ბატონო თეიმურაზ!

მოგესალმებით ქრისტემიერი სიყვარულით...

ღმერთს მადლობას ვწირავ იმისათვის, რომ 2013 წლის 5 ივლისს, თქვენის ნებართვით, თქვენი პარტიის შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრისას, შესაძლებლობა მომეცა წარმომედგინა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩვენეული ანალიზი, იმ ჭრილში, რასაც საუკუნეებიდან მომდინარე - „საქართველოს სულიერი მისია ჰქვია“, და ამით მომეხადა ადამიანური ვალი თქვენს წინაშე.

2013 წლის 17 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხის ტელეეთერში გასული თქვენი პარტიის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი 5 ივლისს ჩვენი შეხვედრის დროულობაში.

თავს ვალდბულად ვთვლი, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში მყარად გამჯდარი თვალსაზრისი, კერძოდ:

2003 წელს ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ სახელით ქვეყნის სათავეში მოსული სამეული - მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე, იდეურ პოლიტიკური სამართალმემკვიდრე გახლავან იმ რეჟიმისა, რასაც - 1992 წლის 2 იანვარს შექმნილი ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ [ჯ. იოსელიანი და თ. კიტოვანი] და „დროებითი მთავრობის“ [თ. სიგუა] დანაშაულებრივი სახელისუფლო სტრუქტურის სამართალმემკვიდრე - ედ. შევარდნაძის პოლიტიკური რეჟიმი ჰქვია. დიახ:

- მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის მიერ ფუძეჩაყრილი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმი, ედ. შევარდნაძის საქმეთა „ღირსეული“  გამგრძელებელია;

- მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის მიერ ფუძეჩაყრილი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმი, ისეთივე დამნაშავეა ქვეყნის წინაშე, როგორებიც იყვნენ - ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი, თ. სიგუა და მათზე ამოზრდილი - ედ. შევარდნაძე, და მათ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული პოლიტიკურ-სამართლებრივი რეჟიმი;

- მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე, მათ მიერ ფუძეჩაყრილი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის დამანგრეველი შედეგებისა გამო ისევე აგებენ პასუხს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ღმერთის წინაშე, როგორც - ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი, თ. სიგუა და მოგვიანებით მათი გზიდან ჩამომცილებელი - ედ. შევარდნაძე.

 

ბატონო თეიმურაზ!

ერთის მხრივ თქვენ, და მეორეს მხრივ - ღმერთია მოწამე, რომ ხსენებულ 5 ივლისს შემდგარ შეხვედრაზე, ჩვენ სწორედ ამ თემაზე, და ამავე შინაარსით ვისაუბრეთ.

მაშინაც გითხარით და ეხლაც ვიმეორებ - ღმერთმა ადამიანი არჩევანის თავისუფლებთ აღჭურვა, და შესაბამისად თქვენ თავისუფალი ხართ თქვენს არჩევანში.

2013 წლის 17 ივლისს გაცხადებული თქვენი სავარაუდო არჩევანი: 19 ივლისს განაცხადოთ, რომ თქვენ და თქვენი პარტია აპირებთ - 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭიროთ - ქვეყნის დამაქცევარი პოლიტიკური რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ „არქიტექტორს“ - ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, მავალდებულებს, შევთხოვო ღმერთს პატიება, და კიდევ ერთხელ, ვიდრე თქვენის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილება არ გაჟღერებულა, შევეცადო, უკვე ღია წერილის სახით,  მოვიხადო ჩემი ადამიანური ვალი თქვენს წინაშე, და ხმამაღლა განვაცხადო:

- ვიდრე ჯერ კიდევ არ არის გვიან, გაემიჯნეთ - ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერის იდეას;

- მე,  გამიფრთხილებიხართ;

- არჩევანი [და აქედან მომდინარე პასუხისმგებლობაც] თქვენზეა.

 წინამდებარე ღია წერილი, კომენტარდართული ბიბლიური იმ შეგონებით [და ვალდებულებით] მინდა დავამთავრო, რომლის თაობაზეც, ჩვენი 5 ივლისის შეხვედრისას მოგახსენეთ:

„როცა ბოროტეულს [აქ - ცდომილებაში ჩავარდნილს] ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები მეთქი [რამეთუ ცოდვა შობს სიკვდილს], შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.

თუ შენ გააფრთხილე [და ასეც ვიქცევი] ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენს სულს“ [ეზეკ. 33,8-9].

მაშ ასე, მე ჩემი ვალის მოხდასა და საკუთარი სულის გადარჩენას ვცდილობ [და ყველას ამასვე ვუსურვებ]:

არჩევანი თქვენზეა!  

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი!

 

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

პატივისცემით

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი,

2013 წლის 17 ივლისი