Print

2013 წლის 23 აგვისტოს მიმართვა - ცესკოს

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

ღია მიმართვა

თქვენგან მიღებულ წერილში [№02-03/1103; 19.08.2013 წ.] კერძოდ ვკითხულობთ: „...შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 12-ე მუხლის მე-3 პუნქტს და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, სადაც განსაზღვრულია საქართველოს ცენტრალური  საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხები...“.

სწორედ, კანონის  ზემოთხსენებულ მუხლებზე დაყრდნობით გახლდათ აგებული თქვენდამი მოწერილი ჩვენი წერილი [ცესკოში რეგ. №1/1302; 16.08. 2013 წ.]. კერძოდ:

„მუხლი 12. ცესკოს წევრების არჩევის წესი

1. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 5 წევრის კანდიდატურებს. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.

2. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.

3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – მისი წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის შემადგენლობის ნახევარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე“.

 „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ხსენებული მოთხოვნიდან გამომდინარე [მეხლი 12,1], ბატონ დავით კირთაძეს, როგორც - 2007 წლის ოქტომბერში ცესკოს წევრად 5 წლით არჩეულ წევრს, უფლებამოსილების ვადა ავტომატურად დაუმთავრდა - 2012 წლის ოქტომბერში.

ამდენად, 2012 წლის ოქტომბრიდან, ბატონ დავით კირთაძეს:

ერთის მხრივ - აღარ აქვს კანონიერი საფუძველი ითვლებოდეს ცესკოს წევრად; და

მეორეს მხრივ  - არ შეიძლება ეკავოს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.

შესაბამისად, დღეისათვის ბატონი დავით კირთაძე არ ბრძანდება ის კანონიერად უფლებამოსილი პირი, რომელმაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მოთხოვნის თანახმად, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეიძლება შეასრულოს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობა

[იხ. „ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ ცესკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა)“ (მუხლი 15,3)].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველა ის სამართლებრივი აქტი  [მათ შორის - საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების დარეგისტრირების თაობაზე მიღებული განკარგულება],  რომელიც ბატონი დავით კირთაძის, როგორც კანონით არა უფლებამოსილი პირის მიერ იქნება ხელმოწერილი - კანონის თანახმად ითვლება უკანონოდ და ბათილად.

2013 წლის 27 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის შეუფერხებლად და კანონიერად წარმართვის უზრუნველსაყოფად, და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს მოთხოვნათა სრულად დაცვის მიზნით, ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, საჭიროა, რაც შეიძლება უმოკლეს დროში, მოხდეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ კანონით უფლებამოსილი პირის არჩევა.

როგორც მოგეხსენებათ, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილი არჩევის წესი ასეთია:

„1. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

2. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

3. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი“ [მუხლი 11,1-3].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცესკოს თავმჯდომარის ბატონ ზურაბ ხარატიშვილის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გაკეთებული განცხადებიდან, ანუ - 2013 წლის 12 აგვისტოდან მოყოლებული, ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევამდე, ცესკოს მიერ მიღებული ყველა ის სამართლებრივი აქტი რომელიც კანონით განსაზღვრული არა უფლებამოსილის პირის მიერ იქნება ხელმოწერილი, ითვლება - უკანონდო და ბათილად.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის რათა თავიდან იქნეს აცილებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-თ განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ყველა ფაქტი.

პატივისცემით:

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი,

2013 წ. 23 აგვისტო