Print

2013 წ. 23 სექტემბრის მიმართვა - ბ. ივანიშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ბიძინა ივანიშვილს

 

საქართველოს პრეზიდენტობის

ოფიციალერი კანდიდატის

მიხეილ [გელა] სალუაშვილის

 

ღი მიმართვა:

 საქართველოში

დემოგრაფიული მდგომარობის გამოსწორების მექანიზმი

ბატონო ბიძინა!

დემოგრაფიული პრობლემატიკით დაკავებულ მკვლევართა ერთსულოვანი შეფასებით, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო - დემოგრაფიული დაბერების პროცესშია, რაც გამოიხატება - მოსახლეობაში ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფების შემცირებასა და 60 წელზე უხნესი მოსახლეობის წილის მატებაში.

მიზეზთა გამო, ქართველი ერი - ფიზიკური შემცირების, ანუ - გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ - დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ღონისძიებების პარალელურად, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდანაც გადაიდგეს დემოგრაფიული სურათის დადებითად შეცვლისათვის საჭირო ქმედითი ნაბიჯები.

ჩვენის აზრით, შესამუშავებელია კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს დედას - დაუბრუნდეს ოჯახს და მაქსიმალურად ჩაერთოს შვილების აღზრდაში.

ჩვენს მიერ შემუშავებული წინადადების არსი შემდეგშია:

ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული იმ რეგულაციის პარალელურად, რომლითაც ორსული და მეძუძური დედის უფლებებია გამოკვეთილი, საჭიროდ მიგვაჩნია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, სახელმწიფო საჯარო სამსახურში მყოფი სკოლის ასაკის შვილიანი დედისათვის სამუშაოს ხანგრძლივობის განახევრების პირობებში, მისთვის - სრული განაკვეთის ტოლფასი ანაზღაურების შენარჩუნების მექანიზმი.

სახელმწიფოს მიერ კანონით გამყარებული ხსენებული რეგულაცია, სკოლის ასაკის შვილიან დედას, შესაძლებლობას მისცემს - დაუბრუნდეს ოჯახს და სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის შემდგომი დროის მანძილზე მაქსიმალურად გაახანგრძლივოს შვილთან ურთიერთობის დრო.

აღნიშნული კანონმდებლობა, შესაძლებლობას მისცემს თითოეულ ოჯახს - დაგეგმოს ურთიერთთანაცხოვრების მთელი დროის მანძილზე შვილების ყოლისა და მათი სათანადო აღზრდისათვის საჭირო ქმედებები.

 

ბატონო ბიძინა!

ვითვალისწინებთ რა თქვენი, როგორც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მაფორმირებელი კოალიციის ლიდერის როლს, მოგმართავთ წინადადებით, რათა მთავრობის სახელით შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივაში ასახოთ, ზემოთქმული ნაბიჯის რეალიზებისათვის, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი შემდეგი სახის ცვლილება:

 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ [საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12. 2012 წ., მუხ. 461] შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატო, შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

12. სკოლის ასაკის შვილიანი ქალის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 20 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 24 საათს.“.

2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აკრძალულია ორსული, ახალნამშობიარები ან სკოლის ასაკის შვილიანი ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.“.

3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე სკოლის ასაკის შვილიანი ქალის დასაქმებამისი თანხმობის გარეშე.“.

4. 31-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატო, შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. სკოლის ასაკის შვილიანი ქალის შრომის ანაზღაურება ტოლია სამუშაოს სრულ განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულის შრომითი ანაზღაურებისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.

 

ბატონო ბიძინა!

წარმოდგენილი პრობლემის გადაუდებლად გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თქვენ გამოიჩენთ შესაბამის გულისხმიერებას, რაც შესაძლებელს გახდის, 2014 წლის მთავარ საფინანსო კანონში ასახვის მიზნით, ზემოთქმული გადაწყვეტილებები უახლოეს დროში იქნეს მიღებული.

ამასთანავე მზად ვართ ამ საკითხის მოგვრებასთან დაკავშირებით ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ დროს შემდგარ ორმხრივ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა.

 

პატივისცემით:

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი

ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

თბილისი,

2013 წ. 23 სექტემბერი

 

ჩაბარების № 30535,