Print

14 ოქტომბერი, 2013 წ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის

გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს,

ბატონ თამაზ ტყემალაძეს!

 

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

 

ბატონო თამაზ!

ჩვენი ქვეყანა თავისი სახელმწიფოებრივი განვითარების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიჯნას უახლოვდება, რომელსაც 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჰქვია.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად

- „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე...“ [მუხლი 70,1];

მეორეს მხრივ, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო  კოდექსში“ ვკითხულობთ:

- „წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. საარჩევნო სუბიექტები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით ამ კანონით დადგენილი წესით“ [მუხლი 45,1].

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო  კოდექსში“ არსებულ შეუსაბამობათა გამო, 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 23 პრეზიდენტობის კანდიდატიდან 16-ი მათგანი მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, ჩვენი საარჩევნო გზავნილების ამომრჩევლამდე მიტანის მიზნით, ვისარგებლოთ - უფასო საეთერო სარეკლამო დროით.

შესაბამისად საქართველოს ამომრჩევლები, თავისი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამების თაობაზე.

დღეს მოქმედი საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს საარჩევნო  კოდექსის“ დანაშაულებრივი ხარვეზის ერთგვარი გამოსწორების მიზნით:

 საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს - ზოგადად, და

თქვენ, როგორც მის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს,

 მოგმართავთ თხოვნით - თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ამომრჩეველთა სათანადოდ ინფორმირების საქმეში, და, თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, მხარი დაუჭიროთ შემდეგ ჩვენს წინადადებას:

1. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შემოღებულ იქნას პოლიტიკური გადაცემა - „პრეზიდენტობის კანდიდატის საათი“ [სახელდება პირობითია], რომელიც 2013 წ. 25 ოქტომბრის ჩათვლით ყოველდღიურად გავა თქვენი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში;

2. უფასო საეთერო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლებას მოკლებული 16 პრეზიდენტობის კანდიდატისათვის, ხსენებული პროგრამის - „პრეზიდენტობის კანდიდატის საათი“-ს ფარგლებში, თითოეულისათვის გამოყოფილი იქნეს - 5 წუთი;

3. პროგრამაში - „პრეზიდენტობის კანდიდატის საათი“ მონაწილეთა გამოსვლის რიგითობა განისაზღვროს მათთვის საარჩევნო ბიულეტენში განკუთვნილი ნომრის მიხედვით;

4. სასურველია თუკი პროგრამა - „პრეზიდენტობის კანდიდატის საათი“, პირდაპირ ეთერში გავა - ორ 45 წუთიან ბლოკად, თითოეულში 8 პრეზიდენტობის კანდიდატის მონაწილეობით;

5. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თუკი პროგრამა - „პრეზიდენტობის კანდიდატის საათი“-ს პირველი 45 წუთიანი ბლოკი, საზოგადოებრივი მაუწყებლის 20.00 საათიანი მთავარი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ დაწყებამდე, ხოლო მეორე 45 წუთიანი ბლოკი „მოამბის“ დასრულების შემდეგ გავა პირდაპირ ეთერში.

ბატონო თამაზ!

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს რათა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში საქართველოს ამომრჩევლების სათანადოდ ინფორმირების საქმეში.

დე, ღმერთმა ყველას მოგვცეს მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით

 

             საქართველოს

პრეზიდენტობის კანდიდატი

მიხეილ სალუაშვილი