Print

№ 1 პასუხი ვახტანგ ხმალაძეს - 2014 წ. 23 მარტი

№ 1 ღია წერილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ ვახტანგ ხმალაძეს!

 

ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების  - საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“ [№2597, 05.02.2014 წ.] თაობაზე, 2014 წ. 20 მარტს, თქვენი ხელმძღვანელობით შემდგარი საკომიტეტო განხილვის დროს, კომიტეტმა კენჭისყრით უარი თქვა შემოთავაზებული წინადადების მიღებაზე.

22 მარტს მიღებული, თქვენი ხელმოწერით შესრულებული იურიდიული კომიტეტის დასკვნის თაობაზე [№3022/4-10, 21.03.2014 წ.] უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

1. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „1. საკანონმდებლო  წინადადება  არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“.

იქვე გვეუწყება, რომ - „საკანონმდებლო  წინადადება  შეიძლება  წარდგენილ  იქნეს კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით...“ [მუხლი 150,3].

ზემოთქმული პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება [ზოფადად], საქართველოს პარლამენტისადმი განკუთვნილი ის დოკუმენტია, რომელშიც გადმოცემული ძირითადი დებულებები, შესაბამისი კომიტეტის მიერ მათი გაზიარების შემთხვევაში, შეიძლება საფუძვლად დაედოს, უკვე კომიტეტის მიერ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსადმი წარსადგენ კანონპროექტს, რამეთუ, ხსენებული რეგლამენტის იმავე მუხლის თანახმად - „საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი“ [მუხლი 150,9].

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ამ საკანონმდებლო წინადადების მთავარი დებულება, საქართველოს პარლამენტს განსახილველად სთავაზობს, გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება და დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად გამოაცხადოს 1992-2012 წლებში საქართველოში ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის ხელმძღვანელობით მომქმედი მმართველობითი  სისტემა.


 ბატონო ვახტან!

ზემოთქმულის სათანადოდ გააზრების შემდეგ, ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში გადმოცემული ძირითადი დებულების გაზიარებისათვის საჭირო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს მოკლებული ჩანს, თქვენი ხელმოწერის წარმოდგენილი დასკვნის შემდეგი მონაკვეთი:

წარმოდგენილი პროექტის ავტორი მოითხოვს ორგანული კანონის მიღებას. უნდა აღინიშნოს, რომ მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზედაც საქართველოს კონსტიტუციაშია მითითებული. შესაბამისად, საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკურიშეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას“.

გაუგებარია რისი ხაზგასმა გსურთ - ხომ ნათელია, რომ საბოლოო შედეგის მისაღწევად საკმარისია ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მთავარი დებულება იყოს თქვენთვის მისაღები... კანონის თანახმად უკვე თქვენ ხდებით მისი ავტორები, და შესაბამისად, თქვენივე ასარჩევია გადაწყვეტილების მიღებისათვის სასურველი ვარიანტის რა  სახეს [დადგენილება, კანონი, ორგანული კანონი...] მისცემთ მას;


2. თქვენ გვწერთ - „ასევე აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ დასახელებული პოლიტიკური პარტიები არიან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიები და ვიდრე ისინი კანონით დადგენილი წესით არ იქნება აკრძალული, მათი წევრებისთვის თანამდებობის დაკავების შეზღუდვა, ანტიკონსტიტუციური აქტი იქნება. კერძოდ, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლებთან“.

 

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი შემოთავაზება არ ითვალისწინებს დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმების განმახორციელებელი პოლიტიკური პარტიების „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას [რამეთუ ეს სასამართლოს პრეროგატივაა].

წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში მითითებული გვაქვს, რომ - „აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტისა და ამ პ/გ-ებების რიგითი წევრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

დიახ, ჩვენ არა ხსენებული პარტიების აკრძალვასა და ამ ფონზე მათი წევრებისათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გთავაზობთ [იხ. მუხლი 5], არამედ, ხსენებული პოლიტიკური რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადებასა და ამ ყველაფერზე პასუხიმგებელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთათვის პოლიტიკური უფლებების შეკვეცას მოვითხოვთ:

პოლიტიკური გაერთიანებების - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაარსებიდან მოყოლებული, ვიდრე - 2012 წლის 1/25 ოქტომრამდე, ყველა იმ პირს, რომელიც ამ პარტიათა წევრის სტატუსით გახლდათ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კერძოდ:

- საქართველოს პარლამენტის დეპუტატი; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი [პრემიერ-მინისტრი]; მინისტრი; მინისტრის მოადგილე; მთავრობის წევრი; მხარის რწმუნებული [გუბერნატორი]; მისი მოადგილე; ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის: მერი, მერის მოადგილე, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოებში ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატი,

ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 წლის მანძილზე, აეკრძალოს - საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნის, საჯარო  სამსახურსა  და  სახელმწიფო  თანამდებობაზე საქმიანობის უფლება“.


3. თქვენს მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ვკითხულობთ:

„რაც შეეხება წარმოდგენილი კანონპროექტის მე-4 თავს, რომლითაც მოითხოვს კონსტიტუციის 54-ე მუხლზე დაყრდნობით სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კონსტიტუციის მუხლი ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და შემთხვევებს, რომლებიც წინასწარ არის გათვალისწინებული. სხვა საფუძვლის დამატება აუცილებლად მოითხოვს ხსენებული კონსტიტუციის მუხლში ცვლილების განხორციელებას“.

პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცხრაწლიანი მმართველობის დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად გამოცხადება, თავადვე იძლევა იმის საფუძველს, რომ ყოველგვარი კონსტიტუციური ცვლილების გარეშე, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ - „საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 54,1-ის შესაბამისად, 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში -  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს   წევრის სტატუსით დეპუტატის მანდატის მომპოვებელ ყველა პირს შეუჩერდეს  სადეპუტატო უფლებამოსილება“ [მუხლი 6].


ბატონო ვახტანგ!

ნათელია, რომ თქვენი ხელმოწერით გამოგზავნილ „იურიდიული კომიტეტის დასკვნაში“ აღნიშნული - „ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების მიღება“-ო, გამომდინარეობს არა, არსებული იურიდილი მოთხოვნების ამა თუ იმ შეზღუდვიდან, არამედ თქვენი სახელისუფლო გუნდის პოლიტიკური ნებიდან - თქვენ არ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი საკანონმდებლო დონეზე დაამტკიცოს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება:

1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა  მიერ 1992 წ.  2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი“.

ნათქვამია - „დრონი მეფობენ და არა მეფენიო“.

წინამდებარე წერილი კი, ბიბლიური სიბრძნით გვინდა დავასრულოთ - „...ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.“ [ეკლ. 3,17-20].

ქრისტესმიერი სიყვარულით

 

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სპიკერი

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

2014 წ. 23 მარტი