Print

№ 2 პასუხი ვახტანგ ხმალაძეს - 2014 წ. 23 მარტი

№ 2 ღია წერილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ ვახტანგ ხმალაძეს!

 

ბატონო ვახტანგ!

ჩვენს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების  - საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“ [№3178, 12.02.2014 წ.] თაობაზე, 2014 წ. 21 მარტს, თქვენი ხელმძღვანელობით შემდგარი საკომიტეტო განხილვის დროს, კომიტეტმა კენჭისყრით უარი თქვა შემოთავაზებული წინადადების მიღებაზე.

22 მარტს მიღებული, თქვენი ხელმოწერით შესრულებული იურიდიული კომიტეტის დასკვნის თაობაზე [№3023/4-10, 21.03.2014 წ.] უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

როგორც მოგეხსენებათ - 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით - „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“ [მუხლი 6,1]. 

და აი, სახელმწიფოს ეს უზენაესი კანონი, მე-5 მუხლში, ნათლად განსაზღვრავს, რომ:

„1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.

4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“.

თავის მხრივ, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო - ხალხი, თავის პოლიტიკურ ნებას, არჩევნების მეშვეობით გამოხატავს. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი-ის მიხედვით არჩევნები არის - „საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა“ [მუხლი 2 - ].

ედ. შევარდნაძისა და . სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის მიერ შემოღებული, და დღეისათვის მომქმედი, საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს საარჩევნო კოდექსი, არ ითვალისწინებს - არჩევნების ჩატარებულად გამოცხა-დებისათვის საჭირო არანაირ მინიმალურ საარჩევნო ბარიერს.

დიახ, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არანაირ ზღვარს არ აწესებს იმის თაობაზე, თუ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა რამდენი პროცენტის მისვლის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები ჩატარებულად.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რა რაოდენობა მივა არჩევნებზე - იგი მაინც ჩატარებულად ითვლება.

ყოველივე ზემოთქმული, სრულ თეორიულ საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ - სახელისუფლო შტოები შეიძლება დაკომპლექტდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა არა - უმრავლესობის [50% + 1], არამედ, არჩევნებზე მისული, 1-დან 50 პროცენტამდე ზღვარში მოქცეული, ნებისმიერი ოდენობის ამომრჩევლის მიერ.     

საარჩევნო კოდექსიდან მომდინარე ამდაგვარი დამოკიდებულება, ხელისუფლებაში მოსულ ძალას შესაძლებლობას აძლევს:

ერთის მხრივ - შექმნას მისი პოლიტიკური კურსის მომხრე, და შესაბამისად საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული, საქართველოს მოქალაქეთა მცირე ჯგუფი; და

მეორეს მხრივ - ყველაფერი გააკეთოს მისი პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგე საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა მიზეზით, საარჩევნო პროცესიდან განრიდებისათვის [ნიჰილიზმის დამკვიდრება, ბოიკოტის თემის აფიშირება და სხვა].

ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის: „საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსშიშესატანი ცვლილებების შესახებ“, მოთხოვნა:

1. 76- მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე მე-9 და მე-10 პუნქტი:

„9. არჩევნები იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ოლქში მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველი.

10. ხელახალი არჩევნები ტარდება ოლქის იმ უბნებზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო უბანზე მცხოვრები ერთიან საარჩევნო სიაში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა 50% + 1 ამომრჩეველმა.“

ითვალისწინებს ისეთი საკანონმდებლო წინაპირობის [და ვალდებულების] შექმნას, რომელზე დაყრდნობითაც ხელისუფლებაში მოვა - საარჩევნო უფლების მქონე ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ნების გამომხატველი პოლიტიკური ძალა.

არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის კანონით განსაზღვრული ზღვარის, კერძოდ: 50% + 1-ის დადგენახელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ ძალას დაავალდებულებს:

1. დაადგინოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა ზუსტი ოდენობა; და

2. ყველა პირობა შექმნას იმისათვის, რათა საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა.

 

ბატონო ვახტანგ!

2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში თქვენი კოალიციის გამარჯვება, საქართველოს მაცხოვრებელთ იმედს უსახავდა, რომ ყოველი შემდგომი ხელისუფალის არჩევა მხოლოდ ქვეყნის საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩევლის უმრავლესობის მიერ გამოხატული ნებით მოხდებოდა.

2014 წ. 20 მარტის საკომიტეტო მოსმენაზე, თქვენი მხრიდან, ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების უარყოფა, რაც უდავოდ თქვენი სახელისუფლო გუნდის პოლიტიკური ნებიდან მომდინარეობს, მორიგი იმედგაცრუება აღმოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ  - თქვენ არ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი საკანონმდებლო დონეზე დაამტკიცოს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება.

წინამდებარე ღია მიმართვას კი, შემდეგი ბიბლიური მინიშნებით დავასრულებთ:

„კვლავაც ვხედავდი ძალადობას, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვეშეთში: აჰა იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი... ღატაკი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობს მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც უკვე ვერას ისწავლის.  რადგან იგი საპყრობილიდანაც გამოვა მეფედ, თუნდაც თავის სამეფოში უპოვრად იშვას“ [ეკლ. 4,1; 13-14].

მოახლოებული დრო-ჟამი ყველას თავის საკადრისს მიუზღავს.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

  

საზოგადოებრივ და

პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სპიკერი

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი