Print

25 მარტის ღია წერილი ვახტანგ ხმალაძეს!

საქართველოს მოსახლეობის გასაგონად სათქმელი,

ანუ ღია წერილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის

თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს!

გაზ. „ალია“-ს 2014 წ. 25 მარტის ნომერში [გვ.9] დაბეჭდილ სტატიაში - „რატომ ვერ მიიღო პარლამენტმა „ნაცპარტიის“ ამკრძალავი კანონპროექტი“, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ვახტანგ ხმალაძე, ჟურნალისტ ჟანა ასანიძესთან საუბარში, სხვადასხვა ე.წ. იურიდიული „არგუმენტებით“ ცდილობს შეფუთოს ის, რასაც სინამდვილეში, ამ კონკრეტულ თემასთან მიმართებაში, „ქოცების“ პოლიტიკური ნების არქონა ჰქვია. მოდით მივყვეთ თანამიმდევრობით.

 

1. 2014 წ. 20 მარტს, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ჩვენი მხრიდან მათთვის წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებებიდან, ერთდროულად ხუთი კანონპროექტის „განხილვა“ მოაწყო.

სტატიიდან კარგად იკვეთება, რომ ჟურნალისტის პირველი კითხვა ეხება კანონპროექტს - საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“:

„ბატონო ვახტანგ, რა დაუწუნეთ ამ საკანონმდებლო ინიციატივას, კანონთან და კონსტიტუციასთან არ მოდიოდა შესაბამისობაში?

რომ წაიკითხოთ ეს საკანონმდებლო ინიციატივა, დაეწმუნებული ვარ არ მოგეწონებათ. არგუმენტი ის მაქვს, რომ ამ ინიციატივაში იყო ნაწილები, რომელიც არ შეიძლება გახდეს კანონის სახე. მაგ. მათ უწერიათ, კანონპროექტში პროკურატურას უნდა დაევალოს ესა და ესო. ასეთი რამ არ შეიძლება ჩავწეროთ კანონში“.

ჩემთვის, როგორც ამ კანონპროექტ[ებ]ის ავტორისათვის ნათელია, რომ ბ-ნი ვახტანგის პასუხი ეხება სულ სხვა საკანონმდებლო წინადადებას, კერძოდ ესაა კანონპროექტი - საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების  შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ:

„მუხლი 3.

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები;

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც -  საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

მუხლი 4.

დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს“.

ამ საკითხზე კომიტეტში მიმდინარე განხილვისას, ბ-მა ვახტანგმა ყველას გასაგონად დააფიქსირა, რომ თავად იგი, და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც იგი მიეკუთვნება, ანუ - სახელისუფლო უმრავლესობა, სწორედაც რომ პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, არ აპირებს შეაფასოს საქართველოში შეიარაღებული გზით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება.

ბატონო ვახტანგ!

პოლიტიკურ ასპარეზზე გატარებულ ჩვენს 20-25 წლიან ცხოვრებისეულ გზას თუ გავითვალისწინებთ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების დროს ჩვენ - ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვიდექით, და როგორც ნათლად ჩანს ამჟამადაც ასეთივე პოზიციებზე ვრჩებით.

შესაბამისად, ჩვენს მიერ წარმოდგენილი, ამ მოვლენების ობიექტურად შეფასების გამათვალისწინებელი, კანონპროექტისადმი გამოხატული თქვენი პოზიცია - „რომ წაიკითხოთ ეს საკანონმდებლო ინიციატივა, დაეწმუნებული ვარ არ მოგეწონებათ“-ო, ნათელია თუ როგორი პოლიტიკური პოზიციის ანარეკლია.

სამწუხაროდ, თქვენ, და თქვენნაირი პოლიტიკური გემოვნების მქონენი, მანამ იქნებით ასეთი „გემოვნებით“ განმსჭვალულები, ვიდრე სათანადოდ არ გადააფასებთ თქვენს მიერ გაღებულ წვლილს იმ ტრაგედიაში, რაც 1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში მოხდა.  

 

2. გაზეთში დაბეჭდილი მეორე „კითხვა-პასუხი“ ასეთია:

„რატომ არ გსურთ და ვერ ახერხებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი იურიდიულად შეაფასოთ, როგორც დანაშაულებრივი? თქვენ ხომ ამაზე სულ საუბრობდით ოპოზიციაში ყოფნის დროს?

კანონში კონკრეტულის დაწერა რომელიმე პირის თაობაზე, მაგ. პასუხისგებაში მიეცეს ედუარდ შევარდნაძე, ან მიხეილ სააკაშვილი... კანონი არის განზოგადებული, განყენებული. „შეირაცხოს დანაშაულებრივ რეჟიმად“ - ასეთი ფორმულირება დაუშვებელია. ასეთი არ შეიძლება იყოს კანონის ენა, ეს შეიძლება იყოს დადგენილება, მაგრამ დადგენილების უფლება არ აქვს გარეშე პირს. მსგავსი საკითხები ადრეც იყო წარმოდგენილი, სხვა ადამიანების მიერ. ვხსნი და ვერ ვახერხებ, ეტყობა, რომ გავაგებინოთ, რატომ არ ხერხდება ეს. სამართლებრივად მათი მოთხოვნა შეუძლებელია დაკმაყოფილდეს, კანონით ვერ აიკრძალება „ნაციონალებისთვის“ თანამდებობის დაკავება და ა.შ. სანამ არ იქნება ცნობილი ეს პარტია არაკონსტიტუციურად. ამის გაკეთება კი მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია“.

ამ პასუხშიც უამრავი სიცრუე და უზუსტობაა „დაშვებული“.

კანონის სტრუქტურული აგებულება, როგორც მინიმუმ სამი ნაწილისაგან შეიძლება შესდგებოდეს, მაგ.  - 1. შესავალი [ან ზოგადი დებულება]; 2. ძირითადი ნაწილი და 3. გარდამავალი დებულებები.

ამასთანავე, თავისი ხასიათიდან [დანიშნულებიდან] გამომდინარე, კანონი შეიძლება იყოს: განზოგადებული ან კონკრეტული.

ჩვენი კანონპროექტი - საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“, სწორედაც რომ - კონკრეტული ხასიათისაა, და განკუთვნილია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი ისეთი დანაშაულებრივი მოვლენის შეფასებისათვის, რომელიც უშუალოდ კონკრეტულ პირებს უკავშირდება. სწორედ ამაზეა მინიშნება ჩვენი კანონპროექტის ე.წ. შესავალში, ანუ „ზოგად დებულებაში“:

მუხლი 3. საქართველოში 1991 – 1992 წლებში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომად დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის ფუძემდებლების:

ერთის მხრივ - ედუარდ შევარდნაძისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“; და

მეორეს მხრივ - მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ დაარსებული პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი საქმიანობის სიმძიმემ, უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის ისტორიაში“.

მსოფლიო ისტორიას მრავლად ახსოვს დანაშაულებრივი რეჟიმები, რომლებიც ყოველთვის კონკრეტულ პირებთან იგივდებოდა. შორს რომ არ წავიდეთ ასეთებია - ლენინის, სტალინის, ჰიტლერის, მუსოლინის, ფრანკოს, პოლ პოტის, პინოჩეტის, სადამ ჰუსეინის, ჰოსნი მუბარაქის, ლუკაშენკოს, პუტინისა  თუ ასადის რეჟიმები...

თავისი პოლიტიკური წარსულისა თუ „კოაბიტაციის“ მანკიერ ტყვეობაში მყოფისათვის, გასაგებია რომ ძნელია დამნაშავედ მოიხსენიოს - ედუარდ შევარდნაძე, ან მიხეილ სააკაშვილი...“. საბედნიეროდ ასე არ ფიქრობს საქართველოში მაცხოვრებელთა უმრავლესობა...  

 ბატონო ვახტანგ!

თქვენ პასუხში - „შეირაცხოს დანაშაულებრივ რეჟიმად“ - ასეთი ფორმულირება დაუშვებელია“-ო რომ ბრძანებთ, ჯერ ერთი - ასეთი რამ ჩვენს კანონპროექტში რომ არ გვიწერია, ხომ კარგად იცით? მაშ, რატომ ცდილობთ მკითხველის აზრზე მანიპულირებას.

ჩვენი კანონპროექტის ძირითად ნაწილში ასეთი ფორმულირებაა - „მუხლი 4. 1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალის სამართალმემკვიდრეთა  მიერ 1992 წ.  2 იანვრიდან - 2012 წ. 1/25 ოქტომბრამდე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის საქმიანობა, კაცობრიობისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, შეფასებულ იქნეს, როგორც - დანაშაულებრივი“’;

და მეორეც, განა არ იცით, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად - „საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი“ [მუხლი 150,9].

დიახ, კანონმდებლობით ჩვენ უფლება არ გვაქვს, გადაწყვეტილების მისაღებად  „დადგენილების“ ფორმა შემოგთავაზოთ, მაგრამ რა გიშლით ხელს, რომ ეს ფორმა თავადვე აირჩიოთ - ხომ ნათელია, რომ საბოლოო შედეგის მისაღწევად საკმარისია ჩვენი საკანონმდებლო წინადადების მთავარი დებულება იყოს თქვენთვის მისაღები... კანონის თანახმად უკვე თქვენ ხდებით მისი ავტორები, და შესაბამისად, თქვენივე ასარჩევია გადაწყვეტილების მიღებისათვის სასურველი ვარიანტის რა  სახეს [დადგენილება, კანონი, ორგანული კანონი...] მისცემთ მას;

 და ბოლოს, კიდევ ერთი სიცრუის შესახებ:

ბატონო ვახტანგ!

თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ჩვენი შემოთავაზება არ ითვალისწინებს დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმების განმახორციელებელი პოლიტიკური პარტიების „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას [რამეთუ ეს სასამართლოს პრეროგატივაა].

ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში მითითებული გვაქვს, რომ - „აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტისა და ამ პ/გ-ებების რიგითი წევრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

დიახ, ჩვენ არა ხსენებული პარტიების აკრძალვასა და ამ ფონზე მათი წევრებისათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გთავაზობთ [იხ. მუხლი 5], არამედ, ხსენებული პოლიტიკური რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადებასა და ამ ყველაფერზე პასუხიმგებელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთათვის პოლიტიკური უფლებების შეკვეცას მოვითხოვთ:

პოლიტიკური გაერთიანებების - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაარსებიდან მოყოლებული, ვიდრე - 2012 წლის 1/25 ოქტომრამდე, ყველა იმ პირს, რომელიც ამ პარტიათა წევრის სტატუსით გახლდათ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კერძოდ:

- საქართველოს პარლამენტის დეპუტატი; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი [პრემიერ-მინისტრი]; მინისტრი; მინისტრის მოადგილე; მთავრობის წევრი; მხარის რწმუნებული [გუბერნატორი]; მისი მოადგილე; ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის: მერი, მერის მოადგილე, გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოებში ანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე დეპუტატი,

ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 წლის მანძილზე, აეკრძალოს - საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებში ყოფნის, საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის უფლება“.

ბატონი ვახტანგისა და არა მარტო მისდა გასაგონად, წერილის დასასრულს, ერთიც გვინდა განვაცხადოთ:

ნუ გგონიათ, რომ ხელისუფლებაში მუდმივად იქნებით; არც ის დაივიწყოთ, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ მუხლებს როგორიცაა - თანამდებობის ბოროტად გამოყენება; თანამდებობრივი გულგრილობა და სხვა.

ამიტომ გახსოვდეთ - „...ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი“ [ეკლ. 3,17].

ეს ჟამი კი, - ძალიან მალე დადგება...

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სპიკერი;

თბილისი,

2014 წ. 25 მარტი