Print

მმართველი ძალის "ფარისევლობა"!?

ხელისუფალის გასაგონად სათქმელი, ანუ

ფარისევლობა ხალხის სახელით !?

ევროკავშირთან გასაფორმებელი „ასოცირების ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერის ერთ-ერთ პირობად, ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებული ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“  მიღების პარალელურად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საკონსტიტუციო ცვლილების გზით, ოჯახის ცნების კონსტიტუციაში ასახვასთან დაკავშირებით, წინასწარვე კრახისთვისაა განწირული, და მოსახლეობის მხრიდან მოსალოდნელი უკმაყოფილების განეიტრალებას ისახავს მიზნად.

როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის, პარლამენტში არსებული ძალთა განლაგების მიხედვით საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საჭირო 113 ხმის მოგროვება - „ქოცებს“ [და მით უმეტეს - „ნაცებს“] არ შეუძლიათ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პრემიერ-მინისტრმა, კარგად იცის, რომ მის ინიციატივას „ნაცები“ მხარს არ დაუჭერენ... და შემდეგ დაიწყება იმის ახსნა, თუ როგორ ცდილობენ „ქოცები“ იზრუნონ ხალხზე, და როგორ უშლის მათ ხელს „ნაცმოძრაობა“.

ქვეყნის სათავეში მყოფმა ძალამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არავითარი ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“  მიღება საჭირო არ არის, რამეთუ მისი მთავარი არსი, ქართველი ერის ისტორიულად ჩამოყალიბებული ფასეულობების შეცვლას ისახავს მიზნად, და ემსახურება ერთადერთ მიზანს - ერთმანეთს გაუთანაბროს: მტყუანი და მართალი; ავადმყოფი და ჯანმრთელი; ცრუ და ჭეშმარიტი...

პრემიერ მინისტრმა და მისმა გუნდმა უნდა იცოდეს, რომ მათი ეს ე.წ. ინიციატივა უკვე ასახულია - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში [იხ. წიგნი მეხუთე, საოჯახო სამართალი, კარი პირველი „ქორწინება“, თავი პირველი „დაქორწინების წესი და პირობები“], რომელშიც ვკითხულობთ:

ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომშისააგენტოს ტერიტორიული სამსახური) [მუხლი 1106. ქორწინების ცნება (28.12.2006 N 2626)].

ხელისუფალო - დაანებეთ თავი ხალხის სახელით ფარისევლური პოზიციების დაფიქსირებას, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ - „ქოცებიცა“ და „ნაცებიც“ ერთი „პოლიტიკური მოკარნახისაგან“ ხართ მართული, რომელსაც ყოველგვარი ეროვნული ფასეულობის შეცვლა-გადაგვარება დაუსახავს მიზნად.

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

სპიკერი