Print

მოვუაროთ ქართულ მიწას!

ღვთისმშობლის წილხვედრი ქართული მიწა

ყველა ერს თავისი საცხოვრისი, ხოლო ყველა ქვეყანას თავისი მისია აქვს!...

ქართველთა სამკვიდრებელი ადგილი - საქართველო, სხვათაგან იმითაცაა გამორჩეული, რომ იგი, ღვთის განგებულობით, ჯერ - მაცხოვრის კვართის დავანების ადგილად, ხოლო მოგვიანებით - ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად განწესდა...

ჩვენი წინაპრების მიერ სისხლის ფასად შენარჩუნებული ქვეყნის მაცხოვრებელთა წინაშე ახალი საფრთხე წარმოიშვა - ღვთისაგან ჩვენთვის ბოძებული ქართული მიწის უმეტესი ნაწილი შეიძლება უცხოელთა საკუთრებაში აღმოჩნდეს.

ქვეყნის ხელისუფალი ვალდებულია ისეთი სამართლებრივი ბაზა შექმნას, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს, რომ ქართული მიწის მფლობელი - საქართველოს ძირძველი მაცხოვრებელი, უმცირესობაში არ აღმოჩნდეს.

 

ბიბლიაში, მიწასთან მიმართებაში არსებული შეგონება ასეთია:

„მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან“ [ლევ. 25,23].

იქვე, თითქმის დეტალურადაა აღწერილი მიწასთან მიმართებაში მკვიდრი მაცხოვრებლის უპირატესი უფლების რეალიზების ე.წ. სამართლებრივი ნიუანსები:

„24. მთელ თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება.

25. თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის სამკვიდრებელს გაჰყიდის, მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს თავისი მოძმის გაყიდული.

26. თუ კაცს გამომსყიდველი არა ჰყავს და თავად ხელი მიუწვდება და იშოვის გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა,

27. იანგარიშოს გაყიდვიდან გასული წლები, მონარჩენი მყიდველს დაუბრუნოს და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს.

28. თუ გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა, ვერ იშოვნის, გაყიდული მის მყიდველს დარჩება ზეიმის წლამდე. ზეიმის წელს ჩამოერთმევა და პატრონი თავის სამკვიდრებელს დაუბრუნდება“ [ლევ. 25,23-28].

 

ხსენებული - „ზეიმის წელი“ ასეთი დატვირთვის მატარებელია:

„8.  გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოგივიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი.

9. დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში, თვის მეათე დღეს; შენდობის დღეს დაჰკარით ბუკს მთელს თქვენს ქვეყანაში.

10. წმიდაჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ-თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით, თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი.

11. ზეიმი იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი...“ [ლევ. 25,8-11].


მაცხოვრის კვართისა და ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის უცხოელებზე გაყიდვით „სარგებლის“ მაძიებელნო - გაფრთხილებთ: ქართული მიწის ხელყოფა  - არავის შერჩება!

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი