Print

პირველი ნაწილი: „იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის

პირველი ნაწილი

საქართველოს სულიერი მისიის კუთხით დანახული -

„იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის

 

წარღვნა და - ებრაელი და ქართველი ერის მისია

... ედემიდან განდევნილი ადამისა და ევას მოდგმა, ღმერთის მიერ მათთვის მიცემული თავისუფალი არჩევანის უფლების არასათანადოდ გამოყენების გამო, მორიგ ცოდვაში ჩავარდა და ახალი განსაცდელის წინაშე ...

 

ცოდვაში ჩავარდნილთა სასჯელი ასე დაფორმულირდა - „უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ... აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს“ [დაბ. 6,13].

 

წელიწადი და ათი დღე გაგრძელდა ნოესა და მისი ოჯახის წევრთა, აგრეთვე დანარჩენ სულდგმულთა ყოფნა - „გადარჩენის კიდობანზე“.

 

არარატის მიდამოებში თავშეფარებული ნოეს მოდგმა, მოგვიანებით შინყარის ველზე დამკვიდრდა. თავისი ფიზიკური შესაძლებლობის მოიმედეთა ქმედებას - ნებროთი, ნოეს შვილთაშვილი [ნოე - ქამი - ქუში - ნებროთი] ჩაუდგა სათავეში.

 

ამპარტავნების ცოდვაში ჩავარდნილთა მიზანი გახლდათ, ღმერთის წიაღში კვლავ დასაბრუნებელი - არა სულიერი ამაღლების, არამედ - ფიზიკური გზა ეპოვათ: „უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი“ [დაბ. 11,3-4].

 

მორიგი ცოდვისაგან გამოწვეული სასჯელის თაობაზე ბიბლიაში ვკითხულობთ - „აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე“ [დაბ. 11,7-9].

 

ებრაელი ერის მამამთავარი, გოდოლის დანგრევის მიმდებარე ტერიტორიაზევე დარჩა... მაშინ როდესაც ქართველთა წინაპარი, სახელად - თარგამოსი, ღმერთის ნებით, „გადარჩენის კიდობნის“ გამორიყის ადგილს - არარატის მთის მიდამოებს დაუბრუნდა. აი, რას გვაუწყებს მეათე საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი:

„...ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის-წული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავით-ურთ მისით, და დაემკჳდრა ორთა მათ მთათა შუა კაც-შეუვალთა, არარატსა და მასისსა...“ [„ქართლის ცხოვრება“, ტ. 1].

 

ებრაელი და ქართველი ერის ისტორიული გზასავალი მეტ-ნაკლები მსგავსება-განსხვავებით წარიმართა.

[გაგრძელება იქნება]