Print

მეორე ნაწილი: „იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის

მეორე ნაწილი [საქართველოს სულიერი მისიის კუთხით დანახული -

„იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის]

 

ებრაელი და ქართველი ერის წილხვედრილობა

ნოეს მოდგმის მომავალი ხვედრი, ნოეს მიერ თავისი სამი ვაჟის [სემი, იაფეტი და ქამი] მიმართ გამოთქმულში ასეა ჩამოყალიბებული - „თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს! თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი! განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!“ [დაბ. 9,25-27].

 

ნოეს უფროსი ვაჟის - სემის შტოს წიაღიდან ამოზრდილი, ღვთივრჩეული „ებრაელი ერის მისია“ გახლდათ:

1. ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულება;

2. უზენაესი ძალის მიერ მათთვის გადმოცემული ღვთაებრივი ფასეულობების დაცვა და კაცობრიობისთვის მხსნელის [მესიის] მოსვლის თაობაზე არსებული ცოდნის შენახვა-გადაცემა; აგრეთვე

3.  თავის წიაღში ეშვა განკაცებული უფალი იესუ ქრისტე.

 

მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომა-ამაღლების, აგრეთვე უფლის მოწაფეებზე სულიწმიდის გარდამოსვლით - დასრულდა „ებრაელი ერის მისია“:

 

„უთხრა მათ იესუმ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს“ [მათე 21,42-43].

 

ნოეს შუათანა ვაჟის - იაფეტის შტოს წიაღიდან [ნოე - იაფეტი - იავანი - თარშიში - თარგამოსი - ქართლოსი] ამოზრდილი „ქართველი ერის მისია“, ღმერთის ნების გადმომცემი იოანე-ზოსიმეს პირით, ასე იქნა ფორმულირებული - „დამარხული არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა... და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“ [„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“].

 

ებრაელი და ქართველი ერის მისია თავისებური მსგავსება-განსხვავებით ხასიათდება. კერძოდ:

1. ებრაელებიცა და ქართველებიც - ღვთივ რჩეული, ანუ ღმერთის მიერ მათთვის დაკისრებული განსაკუთრებული მისიის მატარებელი ერია;

 

2. ებრაელებმა, ერთი ღმერთის მცნება - ძველ აღთქმაში გაანივთეს; ხოლო

 

3. განკაცებული უფლის არსის აღიარების, ანუ ძველ და ახალ აღთქმათა ერთობლივი საიდუმლო ცოდნის არსის ფლობა უკვე ქართველი ერის წილხვედრი შეიქმნა;

 

4. ებრაელთა სამკვიდრებელ მიწაზე, წინასწარ ნაუწყებ მინიშნებათა აცხადების კვალდაკვალ - ებრაელი წმიდა მეფის დავითის შთამომავლის, ყოვლადწმიდა მარიამის მიერ ხორციელად იშვა, ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ერთ არსში მატარებელი უფალი იესუ ქრისტე, რომელმაც, თავისი პირველად მოსვლისას, ადამის მოდმის სულები დაიხსნა ცოდვის ტყვეობიდან; „მსგავსად“ ამისა

 

5. მეორედ მოსვლის წინარე, ანუ ბოლო ჟამად სახელდებულ დროში, ასევე შობით მოდის უფალი, რომელიც, თავდაპირველად, მხოლოდ ადამიანური ბუნების მატარებელია. ამ არსში მყოფმა ძე კაცისამ, მაცხოვრის კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრ ქართულ მიწაზე მაცხოვრებელი ქართველი ერის წიაღში უნდა განვლოს თავისი მიწიური ცხოვრება - შობიდან, ვიდრე ძალმოსილებით აღჭურვამდე, ანუ თავისი დიდებით საყოველთაო გამოჩინებამდე; გარდა ამისა

 

6. ქართველი ერის სულიერი მისიაა - მესიის, ანუ მეორედ დიდებით მომავალი უფალ იესუ ქრისტეს გაცხადების მომლოდინე ადამის მოდგმას ამცნოს ამ დიადი მოვლენის წინარე დროის, ანუ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი იმ წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების თაობაზე, რომელთა უმრავლესობა სწორედ საქართველოში მომხდარი პროცესების მიხედვით შეიცნობა.

 

[გაგრძელება იქნება]