Print

მეხუთე ნაწილი: „იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის

მეხუთე ნაწილი [საქართველოს სულიერი მისიის კუთხით დანახული -

„იბერიის გაბრწყინების“ საკითხისათვის]

 

ბ) ერისა და ქვეყნის „გაბრწყინების“  - ფიზიკური ასპექტი

საუბარი მაცხოვრის შემდეგი შეგონებით გვინდა განვაგრძოთ - „...ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება მე, არ არის ჩემი ღირსი“ [მათე 16,38].

დიახ, თუკი, უკვე განხილული - სულისმიერი ასპექტი „ივერიის გაბრწყინებისა“, ჩვენის მხრიდან გამოხატული ნებისდა მიუხედავად მიმდინარეობს; იგივე პროცესის ფიზიკური ასპექტი, მთლიანადაა დამოკიდებული ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანზე.

 

აქვე უნდა ითქვას, რომ ინდივიდთა მიერ ქმედებაში გამოხატული თავისუფალი არჩევანის ნება - „სხვადასხვაგვარია“. კერძოდ:

1. მავანისათვის ეს არჩევანი - სულისმიერია, რასაც ე.წ. „სულის გამოღვიძების“ ის პროცესი შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც მაცხოვრის ასეთ შეგონებას ეფუძნება - „...ნუ იზრუნებთ, როგორ თქვათ, ანდა რა ვთქვათო, ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში“ [მათე 10,19-20].

ჩვენის აზრით, ღმერთის ნებით, სწორედ ასეთთა ხვედრია ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე წინასწარნაუწყები ნიშნების ასრულების დადასტურება, ანუ დაფარულ საიდუმლოთა გაცხადება.

ბუნებრივია რომ, განსახილველი თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთთა, ანუ სულისმიერი არჩევანის გზაზე მავალთა  რიცხვი, საკმაოდ მცირე უნდა იყოს...

 

2. სულისმიერი არჩევანის გზაზე მავალთა  მიერ გაცხადებულისადმი დამოკიდებულების მიხედვით, ანუ ფიზიკურ ასპექტში გამოსავლენი არჩევანის წინაშე მდგართა კატეგორია, ორ პირობით ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

- ერთი ნაწილი, მათ მიერ გაკეთებული არჩევანიდან გამომდინარე, იმ ნოყიერ ნიადაგს შეიძლება შევადაროთ, რომელიც დაცემული თესლის სათანადო გაღვივებისთვისაა საჭირო;

- მეორე ნაწილისათვის „ივერიის გაბრწყინების“ სულისმიერი ასპექტის ფარულად მიმდინარე პროცესის თაობაზე გაკეთებული განაცხადი გაუგებარი და მიუღებელი იქნება - „და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხედვით შეხედავთ და ვერ დაინახავთ. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და რათა არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი“ [მათე 13,14-15].

 

ამ ორ ჯგუფს შორის რიცხობრივი თანაფარდობის გარკვევა წინამდებარე წერილის მიზანს სცილდება. თუმცა ერთი კია:

თუკი, სულისმიერ ასპექტში უკვე მიმდინარე „ივერიის გაბრწყინების“ პროცესს, ჩვენის მხრიდან გაკეთებული ვერანაირი არჩევანი ვერ შეაჩერებს; და იგი - უფლის გაცხადებითა და განკითხვის დღით დამთავრდება...

ბუნებრივია, ამასვე ვერ ვიტყვით, ბოლო ჟამში „ივერიის გაბრწყინების“ ფიზიკური ასპექტის შესაძლო განივთებაზე, რომელიც მთლიანადაა დამოკიდებული ზემოთ ხსენებულ ჯგუფებში მოაზრებულ პირთა მიერ გაკეთებულ ფიზიკურ არჩევანზე.

 

გავიხსენოთ, რას შეგვაგონებს ბიბლია - „...აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“ [3 ეზრა 7,59].  და რადგანაც ყველა აქვს  უფლება თავისუფალი არჩევანისა, ჩვენს წინამდებარე წერილს მაცხოვრის სიტყვებით დავასრულებთ:

 

„და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.

რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს?

ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?

რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით“ [მარკ. 8,34-38].

ვისაც ყური აქვს ისმინოს - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი