Print

შეხვედრები ა/გ "თავისუფალ თაობასთან"

მასალები უახლესი ისტორიისათვის

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მომქმედ ორგანიზაციებს შორის, თავისი გამორჩეული ადგილი დაიკავა ახალგაზრდულმა გაერთიანებამ - „თავისუფალი თაობა“. მათი მთავარი მოთხოვნა - „აიკრძალოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დიახაც რომ ეხმიანება ქართველი ხალხის დამოკიდებულებას „ნაცების“ ცხრა წლიანი მმართველობისადმი.

არახალია თუ ვიტყვით, რომ ამა თუ იმ ეტაპზე გამოკვეთილი მიზნის რეალიზებისათვის, შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების ჩამოყალიბებაა საჭირო.

დღეს მომქმედი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პოლიტიკური ორგანიზაციის - „...აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება[„მუხლი 35-36].

როგორც ვხედავთ, კანონში ნათლადაა განსაზღვრული - წინასწარ დადგენილი გარემოების არსებობის შემთხვევაში ვის მიმართ უნდა იქნეს შესაბამისი მოთხოვნა წარდგენილი. 

ამდენად, ზემოთქმული მიზნის რეალიზებისათვის [„აიკრძალოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“], უპირველესად საჭიროა - მომზადდეს შესაბამისი სარჩელი, და წარედგინოს იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს; სხვადასხვა საპროტესტო აქციის ჩატარება სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ შეიძლება გახდეს  შედეგის მომტანი.

აღნიშნული პოზიციის გაზიარების მიზნით ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებული ღია მიმართვის [იხ. გაზ. №44 (940)] გადასაცემად, წინასწარი შეთანხმების შემდეგ, 2014 წ. 30 ოქტომბერს ა/გ „თავისუფალი თაობას“ ოფისში [მაჩაბელის №6] ვეწვიეთ, ჩვენი გაერთიანების წარმომადგენლები - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანი და ჯემალ ჯიქია.

ა/გ „თავისუფალი თაობის ლიდერებს - ლადო სადღობელაშვილს, ანი დარსალიას, გიგა ხელაძეს და სხვებს, შევთავაზეთ სამოქმედო გეგმის დღის წესრიგში დამდგარიყო - 2004-2012 წლებში მომქმედი რეჟიმის დანაშაულებრივად შეფასების მოთხოვნა. ორმხრივი შეთანხმების შემდეგ გადაწყდა, რომ ამ მიზნით მომზადებული საკანონმდებლო წინადადების თაობაზე საუბარი 7 ნოემბრის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე გაგვეგრძელებინა.

წინასწარი შეთანხმების მიუხედავად - ლადო სადღობელაშვილთან 9 ნოემბრის 12.00 სთ-ზე დაგეგმილი შეხვედრა, მისი ადგილზე არ ყოფნის გამო ვერ შედგა.

სატელეფონო შეთანხმების მიუხედავად, ლადო სადღობელაშვილთან შეხვედრა ვერც 10 ნოემბერს მოხერხდა. მათ ოფისში მისულმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა და ჯემალ ჯიქიამ, „თავისუფალი თაობის“ გამგეობის წევრებს გიგა ხელაძესა და ნინი ბუჩუკურს გადავეცით მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“, და შევთავაზეთ, მათ გაერთიანებას განეხილა ჩვენი შემდეგი წინადადება:

1. ერთობლივი ავტორობით მოგვემზადებინა ხსენებული საკანონმდებლო წინადადება;

2. საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში ჩაბარება მომხდარიყო, ან - მათ მიერ დაანონსებულ 14 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ტექსტის საჯარო წარდგენის; ანდა - ამ მიზნით მოწყობილი ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარების შემდეგ.

ერთსაათიანი საუბრის ბოლოს განვუცხადეთ, რომ შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბუნებრივია ჩვენ ვიტოვებდით უფლებას დამოუკიდებლად წარგვედგინა საკანონმდებლო წინადადება პარლამენტისათვის.

შეთანხმების მიუხედავად ბატონი ლადო სადღობელაშვილი არც იმ საღამოს და არც 11 ნოემბერს აღარ დაგვკავშირებია. იმავე დღეს, ბატონი ჯემალ ჯიქიას ინიციატივით გამართულ სატელეფონო საუბარში ბატონმა ლადომ განაცხადა რომ ამჟამად მისი ქალაქში არყოფნის გამო, ჩვენს შემოთავაზებასთან მიმართებაში მათი ორგანიზაციის საერთო პოზიციას 12 ნოემბერს შეგვატყობინებდა.

12 ნოემბერს, კვლავ ბატონ ჯემალ ჯიქიას ინიციატივით შემდგარ სატელეფონო საუბარში, ბატონმა ლადომ, ტელეფონში მოსაუბრე ქალბატონის პირით გვაცნობა, რომ მათი გაერთიანება, ამ ეტაპზე, ჩვენი შეთავაზების გაზიარებისაგან თავს იკავებდა.

ს/გ „უფლის სახელით...“ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების - კანონპროექტი: საქართველოში 2004 – 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“, პარლამენტის კანცელარიაში 12 ნოემბერსვე ჩავაბარეთ [ჩაბ. № 22935].