Print

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 25 ნოემბრის სხდომის ქრონიკა

 ს/გ „უფლის სახელით...“ განხორციელებული

მხილებისეული გზასავალის ქრონიკა

საქართველოს პარლამენტის ელ. გვერდზე გამოქვეყნებული ანონსი, 25 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით,  გვაუწყებდა, რომ - 16.00 სთ-ზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახში [N 534] დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში, მე-3 საკითხად შეტანილი იყო: „საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით -უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით” საქართველოს კანონის პროექტი. მომხსენებელი: მიხეილ სალუაშვილი“.

საკომიტეტო განხილვაში, ს/გ „უფლის სახელით...“ მონაწილეობდნენ - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ავთანდილ იოსელიანი და ვალერი მჭედელაძე.


საკანონმდებლო წინადადების მთავარი არსის გადმოცემისას, ს/გ „უფლის სახელით...“  გაცხადდა შემდეგი:

„ღმერთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ქვეყნის - საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონის ცენტრალური სახელმწიფოს, გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი სამშობლო ყოველთვის წარმოადგენდა მრავალი სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს.

ჩვენი წინაპრების მრავალი თაობის მუხლჩაუხრელი ბრძოლისა და პოლიტიკური განჭვრეტილობის შედეგად, მეტ-ნაკლები წარმატებით ხერხდებოდა საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისი კურსის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება.

საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ჩვენი თაობის წინაშე, მთელი სიცხადით დადგა საკითხი - ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უზენაესი პრინციპიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს სახელმწიფომ, რომ:

ერთის მხრივ - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და

მეორეს მხრივ ცალსახად თქვას უარი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა დაპირისპირების სავარაუდო პოლიგონად ქცევის ალბათობაზე.


აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში პასუხის მოძიებამდე, მცირე ისტორიული რაკურსი გვინდა შემოგთავაზოთ.

1917 წ. 19-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ - საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა [ბოლშევიკების გამოკლებით, რომლებმაც საბჭოს ბოიკოტი გამოუცხადეს] და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა კრებაზე, გამოცხადდა ე.წ. „ეროვნული საჭოს“ შექმნა, რომლის თავმჯდომარედაც სოციალ-დემოკრატი ნოე ჟორდანია იქნა არჩეული.

რუსეთის იმპერიაში 117 წლიანი ტყვეობის შემდეგ, კერძოდ 1918 წ. 26 მაისს, „ეროვნული საბჭოს“ მიერ მიღებულ იქნა - „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან „დამფუძნებელი კრების“ შეკრებამდე, საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პარლამენტად წოდებული „საქართველოს ეროვნული საბჭო“, რომელსაც კარლო ჩხეიძე თავმჯდომარეობდა.

1919 წლის 14-15 თებერვალს, საყოველთაო, ფარული, თანაბარი და პირდაპირი კენჭისყრით ჩატარებული არჩევნების საფუძველზე არჩეულმა - „დამფუძნებლმა კრებამ“, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისადმი თავისი პოზიცია ასე დააფიქსირა:

„საქართველოს დამფუძნებელი კრება, — არჩეული პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, - თავის პირველსავე სხდომაზე, 1919 წ. მარტის 12-ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიერ 1918 წ. 26-ს, ნაშუადღევის 5 ს. და 10 წ. თბილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს:  


საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი:

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს:

1. ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.

6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.

7. დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.“.


ამდენად, ჯერ - „ეროვნულმა კრებამ“, ხოლო მოგვიანებით „დამფუძნებელმა კრებამ“, საქართველოს მოსახლეობის ნება ასეთი ფორმულირებით დააფიქსირა: „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, ქართველი ხალხის ნების რეალიზება ვერ მოხერხდა. საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვლის დასაწყისიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, „საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ“ ფაქტობრივი არსებობა შეწყვიტა... 1921 წ. 25 თებერვალს „საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის“ შექმნა გამოცხადდა, რომელიც, მოგვიანებით [1922 წლის დეკემბრიდან], რუსეთის სახეცვლილ იმპერიაში - „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში“ იქნა შეყვანილი.


1990 წ. 28 ოქტომბერს „საქართველოს სსრ“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მმართველი კომუნისტური პარტიის დამარცხების გზით ქვეყნის სათავეში, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, რუსეთის საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის 70 წლისთავზე, 1991 წ. 31 მარტს საყოველთაო რეფერენდუმი ჩაატარა.

რეფერენდუმზე მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე - სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

საქართველოში დაფიქსირებული - 3. 657. 477 ამომრჩევლიდან, რეფერნდუმში მონაწილეობა მიიღო - 3. 302. 700, ანუ - 90,3%; კითხვას დადებითად უპასუხა არჩევნებში მონაწილეთა - 98,9 %-მა, რაც რეფერენდუმში მონაწილეთა - 89,3%-ს შეადგენს.

კანონიერი ხელისუფლების დროს მომქმედ - „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ [1978 წ. 15 აპრილის რედაქცია] შესავალში, კერძოდ ვკითხულობთ:

 „...1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წ. 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგი გახდა დამატებითი სამართლებრივი და ზნეობრივი საფუძველი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წ. 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისა, რითაც მთელ მსოფლიოს ეცნობა ქართველი ერისა და მთლიანად საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის ერთსულოვანი ნება“ [იხ. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 26 ნოემბერი, 1991 წ.].

ეს „ერთულოვანი ნება“ კი, როგორც ზემოთაც ითქვა, „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“ ასეა ფორმულირებული -საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

სამწუხაროდ, 1991 წ. 22 დეკემბერს დაწყებულმა, რუსეთის იმპერიული ნების განმხორციელებელი, ქვეყნის - გარე და შიდა ძალების დანაშაულებრივმა ურთიერთკოორდინირებულმა ქმედებამ, ქვეყნის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესის გამრუდება გამოიწვია.


საქართველოში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყნის სათავეში მოსულმა დამნაშავე სახელისუფლო სტრუქტურის: 1992 წ. 2 იანვარს ჩამოყალიბებული  - „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“, და 1992 წ. 10 მარტს შექმნილი, „სახელმწიფო საბჭოს“ სამართალმემკვიდრის, 1992 წ. 11 ოქტომბრის ე.წ. არჩევნებით დაკომპლექტებული „საქართველოს პარლამენტის“ მიერ, 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული „საქართველოს კონსტიტუცის“ პრეამბულაში ვკითხულობთ:

„საქართველოს მოქალაქენი... ეყრდნობიან რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და  საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას“.

კონსტიტუციის პირველივე მუხლი, კი გვამცნობს - „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“ [მუხლი 1,1].


თუ ერთგვარად შევაჯერებთ ზემოთქმულს, მთლიანობაში ასეთი სურათი იხატება:

1. ქვეყანაში დღეს მომქმედი 1995 წლის 24 აგვისტოს „საქართველოს კონსტიტუცია“, ეფუძნება: ერთის მხრივ 1918-1921 წლების „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ უმაღლეს იურიდიულ დოკუმენტს - 1921 წ. 21 თებერვალს მიღებულ კონსტიტუციას; და მეორეს მხრივ 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წ. 9 აპრილს გამოცხადებულ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“;

2. 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა - 98, 3%-მა, თანხმობა განაცხდა, რომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“ მომხდარიყო 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე;

3. 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“ საქართველოს მოსახლეობის ნება ასეა ფორმულირებული - „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.


მაშასადამე, დღეისათვის მომქმედი იურიდიული ძალის მქონე სამივე დოკუმენტი:

- 1918 წ. 26 მაისს გამოცხადებული „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“;

-1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, და 1991 წ. 9 აპრილს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის“ თაობაზე მიღებული დადგენილება; და

- 1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუცია“,

პირდაპირ თუ ირიბად იღებს ვალდებულებას, დაეყრდნოს და გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის ნება, რომ - „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.


ყოველივე ზემოთქმულ;იდან გამომდინარე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით -უფალია ჩვენი სიმართლე“, საქართველოს მოსახლეობის ნება,ზე დაყრდნობით უფლებამოსილია განაცხადოს, რომ:

- საქართველოს სახელმწიფომ პირველმა უნდა დააფიქსიროს ნეიტრალიტე-ტისაკენ მტკიცე ნაბიჯის გადადგმის სურვილი, რომელიც უდავოდ შეიტანს წვლილს, გეოპოლიტიკური დაპირისპირების - მშვიდობიანად და ყველასათვის მისაღებად მოგვარების საქმეში;

- საქართველო: აქტიური სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფო უნდა გახდეს!

 ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, საქართველოს პარლამენტის მიერ ისეთი კანონის მიღების შეთავაზებას ითვალისწინებს, რომლის მიზანია:

დააფიქსიროს საქართველოს სახელმწიფოებრივი სწრაფვა - გაითვალისწინოს კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესი, და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ძალთა შესაძლო დაპირისპირების გასანეიტრალებლად [მუხლი 1].

საკანონმდებლო წინადადების მესამე-მერვე მუხლების ფორმულირება, ძირითადად ეყრდნობა, ჯერ კიდევ - 1907 წელს მიღებულ ჰააგის კონვენციებისა და სხვა დოკუმენტების სულისკვეთებას, რომელთა მიხედვით:

- ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია ხელშეუხებელია და არ შეიძლება გადაიქცეს საომარ მოქმედებათა ცენტრად;

- მეომარ მხარეებს ეკრძალებათ მისი გავლით ჯარების, იარაღისა და სხვა სამხედრო ქონების ტრანსპორტების გადაყვანა და ა.შ.

- ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე იკრძალება მეომარი მხარეებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სამხედრო ფორმირებებისა და მოხალისეთა დასაქირავებელი დაწესებულებების შექმნა;

- ნეიტრალურ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართალი უფლებას აძლევს შეიარაღებული ძალის მეშვეობით მოიგერიოს თავდასხმები მის ნეიტრალიტეტზე.

საკანონმდებლო წინადადების მეთერთმეტე თავში - „გარდამავალი დებულებები“, დეტალურადაა გაწერილი, წინამდებარე კანონის ძალაში შესვლის შემდგომად გადასადგმელი ნაბიჯები. კერძოდ:

საქართველოს მთავრობამ [საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე], საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაეროს უშიშროების საბჭოში გადაგზავნის შემდეგ, სპეციალური წინადადებებით უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალ ხუთივე მუდმივ წევრ სახელმწიფოს, რათა თითოეულ მათგანთან [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] დაიდოს სპეციალური ხელშეკრულება, მათი მხრიდან  - საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტორად დადგომის თაობაზე.

დიახ, გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფო - აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, ცალ-ცალკე, და მთლიანობაში, მათთან გაფორმებული ორმხრივი ხელსეკრულების საფუძველზე, უნდა გახდნენ გარანტორები, საქართველოს მიერ მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებით აღებული ვალდებულებების, რომ:

- საქართველო არასოდეს გახდება რომელიმე სამხედრო ან სამხედრო-პოლიტიკური კავშირისა თუ ბლოკის წევრი;

- საქართველო არასოდეს დაუთმობს თავის ტერიტორიას, მეორე სახელმწიფოს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ბაზების განლაგებისათვის;

- საქართველო არასოდეს დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის, იარაღისა თუ სამხედრო ქონების ტრანსპორტირებას;

- საქართველო არასოდეს შეუწყობს ხელს, სამხედრო დაპირისპირებული მხარეების დახმარების მიზნით რაიმენაირი სამხედრო ფორმირების და მოხალისეთა გაერთიანებების შექმნას;

- საქართველოს შეიარაღებული ძალები არასოდეს და არანაირი ფორმით არ ჩაერთვება სამხედრო დაპირისპირებაში მყოფი რომელიმე მხარის სასარგებლოდ მიმართულ ქმედებებში;

- საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე, თავისი წვლილი შეიტანოს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მშვიდობიანად მორიგების პროცესის წარმატებით დაგვირგვინების საქმეში.

საკანონმდებლო წინადადების გარდამავალ დებულებებში მოცემულია საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეულ ვადაში აღსასრულებლად განსაზღვრული დავალება - მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ (და არაწევრ) ყველა სახელმწიფოსათვის განკუთვნილი წინადადების მომზადება, რათა თითოეულ მათგანთან - ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების დადებით, მათ მიერ მოხდეს საქართველოს მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის ცნობა და მხარდაჭერა.

დასასრულს დავსძენთ, რომ საქართველოს მიერ გამოცხადებული მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტისადმი გაეროს უშიშროების საბჭოში შემავალი ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფოს [აშშ, ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი] მხრიდან დეკლარირებული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მყარ საფუძვლად იქცევა“.


მოხსენების დამთავრების შემდეგ ოთახში მცირე ხნით ჩამოვარდნილი სიჩუმე, აშკარად მეტყველებდა, რომ კომიტეტის წევრები არ ელოდნენ ჩვენს მიერ განსახილველად შეთავაზებული საკითხის ამგვარ სიღრმისეულ ახსნას.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და სხდომის წამყვანი ალექსანდრე თამაზაშვილი, სხდომაში მონაწილე დეპუტატები - ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი გოზალიშვილი, დასმულ შეკითხვებში, შეეცადნენ უხერხული სიტუაციიდან გამოსვლას.  

შეკითხვათა შინაარსიდან მომდინარე ნათელი შეიქმნა, რომ კომიტეტის წევრები - ან სათანადოდ არ იყვნენ გაცნობილნი ჩვენი საკანონმდებლო წინადადების არსში; ანდა იმდენად იყვნენ შებოჭილნი წინასწარ ჩამოყალიბებულ თვალთახედვაში, რომ ჩვენი ხსნა მხოლოდ ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებაშია, რომ ჩვენი საკანონმდებლო წინადადების უპირატესობიდან გამომდინარე აშკარად დისკომფორტს გრძნობდნენ.


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 16 წევრიდან, საკითხის განხილვასა კენჭისყრაში მონაწილეობდა [სათათბირო ოთახში იმყოფებოდა] 8 დეპუტატი - ალექსანდრე თამაზაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გიორგი გოზალიშვილი, მალხაზ ვახტანგიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, რევაზ შავლოხაშვილი, თენგიზ ხუბულური, იოსებ ჯაჭვლიანი

ჩვენს საკითხთან მიმართებაში გამართულმა კენჭისყრისამ ასეთი შედეგი დაფიქსირდა: მომხრე - 0; წინააღმდეგი - 4. უხერხულ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე თამაზაშვილმა [სხდომის წამყვანი], თავჩაღუნულმა გამოაცხადა: „შემოთავაზებული წინადადება უარყოფილად უნდა ჩაითვალოსო“.

კომიტეტის წევრები წამოიშალნენ... იგრძნობოდა რომ თითოეული მათგანი ცდილობდა სხდომის ოთახის დატოვებით გაქცეოდა შექმნილ უხერხულობას. ჩვენთან მოსულმა იოსებ ჯაჭვლიანმა, მისთვის ჩვეული პირდაპირობით განგვიცხადა - „თქვენი წინადადება იმდენად იდეალურია, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამოსავლის ძიების გზაზე მსგავსი არაფერი მომისმენიაო...“. ჩვენც, მეტი რაღა დაგვრჩენოდა მადლობა გადავუხადეთ მას გულრწფელობისათვის და დავემშვიდობეთ.


ოთახში გამოფენილი ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრების სურათებიდან მომზირალ გენერალთა მკაცრად ჩაფიქრებული სახეები, თითქოს მდუმარე თანადგომას გვიცხადებდნენ... სამწუხაროდ, ბოლო ჟამის მდინარებაში ბრუნავი ისტორიის ჩარხის შეცვლა, ამჟამად, იქ მყოფი არცერთი ჩვენთაგანის ნებაზე აღარ იყო დამოკიდებული...

კომიტეტის ოთახიდან გამოსვლისას, მდუმარების ზართა რეკვაში შორეულ ექოსავით ისმოდა მაცხოვრის სიტყვები -  „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი