Print

23 დეკემბერი, ანუ მხილებისეული ეტაპის ქრონიკები

მასალები ს/გ „უფლის სახელით...“ განხორციელებული

მხილებისეული გზასავალის ქრონიკისათვის

22 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში, კომპიუტერით პარლამენტის ელ. გვერდზე განთავსებული მასალის გაცნობისას აღმოვაჩინეთ, რომ იურიდიული კომიტეტის 23 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგში, ჩვენი საკანონმდებლო წინადადების განხილვა ბოლო საკითხად იყო ჩანიშნული. კომიტეტის აპარატიდან ამ საკითხის თაობაზე ჩვენი არაინფორმირებულობა - ცუდად მენიშნა. სატელეფონო საბარში, კომიტეტის თანამშრომელმა - ზურაბ მაჭარაძემ დამიდასტურა ზემოთქმული და ჩვენის მხრიდან სხდომაზე დამსწრე პირთა გვარები ჩაიწერა.

იმავე საღამოს „ფეისბუქის“ მეშვეობით შემდეგი ტექსტი გავავრცელე - „ს/გ „უფლის სახელით...": მ. სააკაშვილის რეჟიმი დამნაშავედ უნდა გამოცხადდეს.

23 დეკემბერს გამოჩნდება დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის ნამდვილი სახე - გაბედავენ თუ არა ისინი თავისი სახელი დაარქვან მ. სააკაშვილის მმართველობით რეჟიმს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 2014 წლის 23 დეკემბერს, 14:00 სთ., ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართება: ს/გ ,,უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის’’ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების ,,საქართველოში 2004-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ’’ (N22935, 12.11.2014) განხილვა“.

სხდომაზე დასასწრებლად მისულები - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ავთანდილ იოსელიანი და ვალერი მჭედელაძე, სხვა დამსწრე პირებთან ერთად, თითქმის 45 წთ-ი ველოდებოდით სხდომის დაწყებას.

ელ. გვერდზე მითითებული კომიტეტის 15 წევრიდან, დარბაზში შევნიშნეთ მხოლოდ - ვ. ხმალაძე, შ. შავგულიძე, ა. მიროტაძე, თ. კორძაია, ზ. ქუცნაშვილი, გ. კახიანი... ამის მიუხედავად, ვ. ხმალაძემ გამოაცხადა - „ქვორუმი უკვე შეიკრიბაო“ და სხდომაც დაიწყო.

ჩვენი საკითხის განსახილველი დროის მოახლოებასთან ერთად, შევნიშნეთ, თუ როგორ თანდათან ცარიელდებოდა სხდომის დარბაზი კომიტეტის წევრი დეპუტატებისაგან. ჩვენს წინ განსახილველი საკითხის დასრულებისათვის, იურიდიული კომიტეტის წევრთაგან, დარბაზში მხოლოდ - ვახტანგ ხმალაძე იმყოფებოდა.

ბუნებრივად გაგვიჩნდა კითხვა - კომიტეტის წევრები, მ. სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადების საკითხის განხილვაზე დასწრებას სპეციალურად ხომ არ არიდებდნენ თავს.

აშკარად უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ვ. ხმალაძემ, აპარატის თანამშრომელს გადაულაპარაკა - „ამ საკითხის განხილვას მარტო მე ხომ არ დავიწყებო“, და დეპუტატთა შეკრების ორგანიზება დაავალა.  ერთსაათიანი იძულებითი ლოდინის შემდეგ - დარბაზში გამოჩნდნენ - შ. შავგულიძე, ა. მიროტაძე, თ. კორძაია, ზ. ქუცნაშვილი. დარბაზში შემოვიდნენ კომიტეტის არაწევრი - ბიძინა გუჯაბიძე და პაატა კიკნაველიძე.

ვ. ხმალაძემ ჩვენი საკითხის „განხილვა“, საკანონმდებლო წინადადების სამი მუხლის წაკითხვით დაიწყო, და კერძოდ განაცხადა - „რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადების თაობაზე ამ ორგანიზაციას, მცირე შესწორებით,  უკვე მესამედ შემოაქვს ერთი და იგივე წინადადება. ამიტომ, ამ საკითხის განხილვა აღარ მიმაჩნია მიზანშეწონილადო“. ამ სიცრუის გაბათილების შესაძლებლობა ვ. ხმალაძემ არ მოგვცა.

ბ. გუჯაბიძის მოკლე გამოსვლის შემდეგ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის, როგორც ამ საკითხის ინიციატორებისთვის, დღის წესრიგით გათვალისწინებული მომხსენებლის უფლებით, გამოსვლის შესაძლებლობა მოეცათ. ვ. ხმალაძე ყველანაირად შეეწინააღმდეგა ამ ჩვენს მოთხოვნას.

ისე ჩანდა, თითქოს ერთგვარი შიშის ქვეშ მყოფ დამსწრე დეპუტატებს ერთი სული ქონდათ როდის დამთავრდებოდა ვ. ხმალაძისა და ჩვენი სიტყვიერი დაპირისპირება.

იურიდიულმა კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად [მომხრე - 0, წინააღმდეგი - 4] არ დაუჭირა მხარი ჩვენი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

ჩვენი არგუმენტური მოთხოვნისაგან თავის ასარიდებლად ვ. ხმალაძემ უკანასკნელ ხერხს მიმართა და მანდატურებს დაავალა ჩვენი დარბაზიდან იძულებითი გაყვანა უზრუნველეყოთ.

ბუნებრივია დარბაზი დავტოვე... ორიოდე წუთის შემდეგ, ავთანდილ იოსელიანის შეყოვნების მიზეზის დასადგენად, კვლავ დარბაზში შებრუნებულმა, ყური მოვკარი  ავთანდილ იოსელიანთან „მოსაუბრე“ ვ. ხმალაძის სიტყვებს  - „გელა ორი წელია მაწვალებს თავისი საკანონმდებლო წინადადებებით, და სამაგიერო აი, ასე გადავუხადეო“.

ამ ე.წ. იუმორში „გართული“ ვ. ხმალაძე, ჩემი კვლავ გამოჩენისაგან შექმნილი უხერხულობისაგან თავის დაღწევას, კვლავ მანდატურების მოხმობით შეეცადა, თუმცა დარბაზში დარჩენას არც ერთი ჩვენთაგანი ისედაც აღარ ვაპირებდით...

სახლში მოსულმა გავარკვიე, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა პირდაპირი წესით გადაიცემოდა საზ. მაუწყებლის მე-2 არხით. კერძოდ ჩვენს საკითხთან დაკავშირებული ჩანაწერი შეგიძლიათ იხ. 18.13 – 18.24 სთ.

ვიდეო ჩანაწერის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტე თვალი გადამევლო პარლამენტის დანარჩენი კომიტეტების მიერ გამოქვეყნებული დღის წესრიგებისათვის. რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, 23 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგში მე-5 ნომრად ჩასმული ჩვენი საკითხი აღმოვაჩინე. ანონსი გვაუწყებდა:

„5. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N24352. 01.12.2014) - განხილვა; მომხსენებელი: გიორგი კახიანი“.

მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დამსწრე „საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის“ თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი კახიანმა იცოდა ჩვენი სხდომაზე ყოფნის შესახებ, მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩვენთვის, მის კომიტეტში აღნიშნული საკითხის მოსალოდნელ განხილვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის მთლიანობაში გააზრების შემდეგ, ვგონებთ ძნელი არ უნდა იყოს იმ დასკვნის გამოტანა, რომ - საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ერთგვარი შიშით გაურბის ჩვენთან დიალოგში შემოსვლას, და მათ მიერვე მიღებული რეგლამენტის დარღვევით ცდილობს ჩვენი მონაწილეობის გარეშე, ანუ მხოლოდ ფორმალურად მოახდინოს ს/გ „უფლის სახელით...“ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების „განხილვა“.

თხრობის ამ ნაწილს, გაზეთის წინა ნომრებში უკვე გარჩეული ბიბლიური მონაკვეთის მოყვანით დავასრულებთ „ვთქვი: რის გაკეთებას აპირებენ-მეთქი ესენი? ასე მითხრა: ესენი [აქ - კომიტეტის წევრების სახით წარმოდგენლი პარლამენტარები] რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი; ეს მჭედლები კი [ს/გ „უფლის სახელით...“ სხდომაზე] მოსულნი არიან მათ დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტავად“ [ზაქ. 1,21];

მაცხოვრის შეგონებით ნიშანდებული ბოლო ჟამის მხილებისეული მონაკვეთი თავისი სვლით მიემართება - „რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

დანართის მაგიერ

იურიდიული კომიტეტის სხდომის დამთავრების შემდეგ, ინტერნეთ სივრცეში, საინფორმაციო სააგენტომ - „ინტერპრესნიუსი“, შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა:

„მანდატურებმა გელა სალუაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს [19:01 სთ., 23/12-2014 წ.].

 მანდატურებმა გელა სალუაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა იძულებით დაატოვებინეს. სხდომის დატოვება მას კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ მოსთხოვა. თუმცა სალუაშვილის ხმამაღალი განცხადებების შემდეგ კომიტეტის სხდომის წამყვანმა მანდატურებს სთხოვა, რომ გელა სალუაშვილი სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ.

საქმე ისაა, რომ გელა სალუაშვილმა პარლამენტს კიდევ ერთხელ წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს. სალუაშვილმა მოითხოვა, რომ კომიტეტს მის ამ საკანონმდებლო წინადადებაზე ემსჯელა. ვახტანგ ხმალაძემ კი განმარტა, რომ საკითხი წარმოდგენილია საკანონმდებლო ხარვეზებით და დარღვევით და, შესაბამისად, როგორც საკანონმდებლო წინადადება, განხილული ვერ იქნებოდა. ეს კი ვახტანგ ხმალაძესა და გელა სალუაშვილს შორის ხმამაღალი საუბრის მიზეზი გახდა, საბოლოოდ კომიტეტის სხდომა სალუაშვილს მანდატურებმა დაატოვებინეს“.

იქვე მოცემულია, სხდომის პირდაპირი ტელეტრანსლიაციიდან ამოღებული 1 წთ და 54 წმ-ის ხანგრძლივობის ვიდეო ჩანაწერი.

მოგვიანებით, „ფეისბუქის“ მეშვეობით დამიკავშირდა გაზ. „ალიას“ კორესპონდენტი, ქალბატონი ჟანა ასანიძე. გთავაზობთ, ჩვენს შორის გამართული „დიალოგის“ ჩანაწერს:

„ჟ. ა.- აქ ხართ ბატონო გელა? გამარჯობათ!

გ. ს. - მოგესალმებით

ჟ. ა. - ბატონო გელა, სულ 3 კითხვა მაქვს, თქვენზე სტატიას ვწერთ ალიაში, ხომ არ გირჩევნიათ, კითხვები მოგწეროთ, თუ მოახერხებთ, რომ ნახევარი საათის მანძილზე მიპასუხოთ, რომ არ დავაგვიანოთ? თუ ტელეფონით გირჩევნიათ?

გ. ს. - თუ მოსახერხებელია ტელეფონით ჯობია, თუმცა როგორც გენებოთ...

[შემდეგ მას შევთავაზე გაცნობოდა ჩვენს ელ. გვერდზე განთავსებულ მასალას, თუმცა იუარა...]

ჟ. ა. - ასე არა ბატონო გელა, კონკრეტული კითხვები მაქვს და კონკრეტული პასუხები მინდა, რომ ცოცხალი იყოს მასალა. 3 კითხვა მაქვს სულ. როგორ მოვიქცეთ?

გ. ს. - კეთილი გისმენთ, მზად ვარ გიპასუხოთ...

ჟ. ა. - მოგწერთ ახლავე:

1. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანდატურებმა გელა სალუაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა იძულებით დაატოვებინესო. სხდომის დატოვება მას კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ მოსთხოვა. რატომ დაგატოვებინეს სხდომა?

გ. ს. - დიახ, სხდომა მართლაც დაგვატოვებინეს... ვახტანგ ხმალაძემ ასეთი ფორმით გაახმოვანა საპარლამენტო უმრავლესობის სამარცხვინო პოზიცია...

იმის მომიზეზებით, რომ თითქოსდა ჩვენ უკვე მესამედ ვითხოვდით - საქართველოში, ყოფილი რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადებას, სინამდვილეში კი არ სურდა რა ამ საკითხზე მსჯელობა გამართულიყო, საკომიტეტო სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე მოხსენების გაკეთების შესაძლებლობა არ მოგვცა...

ჟ. ა. - კონკრეტულად რა წერია თქვენს ინიციატივაში ძალიან მნიშვნელოვანი?

გ. ს. - ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ, კეთილი ინებოს და გაითვალისწინოს მათივე საარჩევნო დანაპირები - მ. სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავედ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ამ მიზნით ჩვენ შევიმუშავეთ შემდეგი  საკანონმდებლო წინადადება: „კანონპროექტი - საქართველოსკანონი: „საქართველოში 2004– 2012 წლებში მომქმედი რეჟიმის პოლიტიკური შეფასების შესახებ“.

 მუხლი 1. კანონის მიზანია ხელი შეუწყოს - ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების, საქართველოს მოქალაქეთა ნების უზენაესობისა და ერის ზნეობრივ ფასეულობებზე დაფუძნებული სამართლებრივი სივრცის დამკვიდრებას.

 მუხლი 2. ადამიანის უფლებათა და მორალურ ფასეულობათა მასიური ხელყოფისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესში შეტანილი უმძიმესი წვლილისა გამო, 2004  - 2012 წლებში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის  საქმიანობას მიეცეს - „სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის“ კვალიფიკაცია.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“...

ჟ. ა. - ვ. ხმალაძე ამბობს, ხარვეზები იყო ამ ინიციატივაშიო. რა ხარვეზები იყო და რას აპირებთ?

გ. ს. - ბატონი ვახტანგი ცრუობს, მას მიაჩნია, რომ ჩვენი წინადადება არა კანონის სახით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რასაც პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, არამედ ასეთი შინაარსი მხოლოდ „დადგენილების“ ფორმით შეიძლება გადაწყდესო... თუმცა პარლამენტის რეგლამენტით „დადგენილებით“ შეთავაზების უფლება ჩვენ არ გვაქვს...

ჟ. ა. კიდევ ხომ არ გინდათ რამის დამატება?

გ. ს. - ჩვენ მართლაც მესამეჯერ დავაყენეთ რეჟიმის შეფასების საკითხი, კერძოდ:

პირველად ვითხოვეთ მიეღოთ კანონი: „საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“...

მათ ვერ გაბედეს შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმების შეფასება, რამეთუ თავად იყვნენ შევარდნაძის დამნაშავე რეჟიმის თანამონაწილე-თანაშემოქმედნი;

მეორედ მათ შანსი მივეცით, რომ მიეღოთ კანონი:  „საქართველოში 2003– 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის  შესახებ“...

ესეც ვერ გაბედეს, იმიტომ რომ „ოცნების" რიგებში მრავლად ყავდათ დამნაშავე რეჟიმიდან წამოსული წევრები.

და აი, მესამედ ვთხოვეთ მხოლოდ „რეჟიმი" მაინც შეეფასებინათ სათანადოდ, ანუ კანონის ძალით გამოაცხადონ მ. სააკაშვილის რეჟიმი დამნაშავედ. აი რას ვწერდით მათ: „მუხლი 2. ადამიანის უფლებათა და მორალურ ფასეულობათა მასიური ხელყოფისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პროცესში შეტანილი უმძიმესი წვლილისა გამო, 2004  - 2012 წლებში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის  საქმიანობას მიეცეს - „სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის“ კვალიფიკაცია.“

მაგრამ „ქოცებს" არ აქვთ შინაგანი გამბედაობა თავისი სახელი დაარქვან დამნაშავე რეჟიმს, რამეთუ „ქოცები" და „ნაცები" ერთი ჯოხის ორ ბოლოს წარმოადგენენ...

იმედია ქართველი ხალხი გამოუტანთ მათ შესაფერის განაჩენს...

ამის დროც მალე დადგება.

ჟ. ა. -დიდი მადლობა ბატონო გელა... დავალებული ვარ...

გ. ს. - ღმერთმა ხელი მოგიმართოთ...

ჟ. ა. - ხვალ იქნება ალიაში

გ. ს. - კეთილი, მიგულეთ თქვენს პატივისმცემელთა გვერდით“.

[აღნიშნული მასალა, მცირეოდენი შემოკლებით გამოქვეყნდა 24 დეკემბრის გაზ. „ალია“-ში, გვ. 11].

 

ჩვენი ინტერვიუს დამთავრებიდან ათიოდე წუთის შემდეგ, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა შემდეგი სახის მასალა: „ვეზუვის ამოფრქვევა, მიწსძვრა აშშ–ში...  ნოსტრადამუსი 2015 წელზე [23-12-2014 წ., 20:31 სთ.]. გთავაზობთ მხოლოდ სამი წინასწარმეტყველების შემცველ ტექსტს:

„... 6. ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა ვულკან ვეზუვის უძლიერესი ამოფრქვევა, რომელიც ნავარაუდევია 2105 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისისათვის. ეს იქნება თავისი მასშტაბებით გრანდიოზული სტიქიური უბედურება, დაიღუპება უამრავი ადამიანი, ვულკანის ამოფრქვევა გამოიწვევს მრავალრიცხოვან მიწისძვრას დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და პლანეტა რამოდენიმე დღის განმავლობაში ჩაიძირება სიბნელეში.

 7. და აი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება: 2015 წლისათვის - დედამიწაზე დაიბადება ახალი მესია, რომელიც მომავალში გააერთიანებს მიწებს და ცივილიზაციას გადაარჩენს ბოროტებისა და ცოდვებისაგან, რომელშიც ნელ-ნელა იძირებიან ადამიანები.

 8. გარდა ამისა, სწორედ 2015 წლის დასაწყისს მიაწერს ნოსტრადამუსი ახალი რელიგიის დაბადებას, რომელიც 2040 წლისათვის გაბატონებული რელიგია გახდება დედამიწაზე. მის გარშემო შემოიკრიბება საზოგადოების უმეტესი ნაწილი...“.

აი, სულ ეს არის რის შესახებაც დღეს გვინდოდა საუბარი.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი