Print

შიდა ქართლის ორ ეპარქიაში გამართული შეხვედრების მოკლე ანგარიში


2012 წლის 16 თებერვალს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის წევრები - მიხეილ(გელა) სალუაშვილი (თავმჯდომარე), რეზო კობიაშვილი (საერთაშორისო მდივანი), მევლუდ მამადაშვილი (რეგიონალური მდივანი) და ლევან ჩოხელი (შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე), წინასწარი შეთანხმებისამებრ, ქარელის რაიონის სოფ. ზემო ელბაქიანთკარში მდებარე მამათა მონასტერ - სარკინეთში, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტ იობის მიერ აღვლენილ დილის წირვას დავესწარით.

სარკინეთის ეკლესია - მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი. სამიოდე წლის წინ დაწყებული კლდეში კვეთის პროცესი, 2011 წლის ოქტომბრის მიწურულს, ღვთის ნებით, ეკლესიის კურთხევით დასრულდა. თოვლით დაფარული კლდის მასივის ფონზე, ეკლესიის იქ არსებობას, მხოლოდ შველივით ყელმოღერებული გუმბათი მიგვანიშნებს.

ლოცვის დამთავრების შემდეგ გამართულ ერთსაათიან საუბარში, რომელიც 2011 წ. 24 დეკემბერს შემდგარი შეხვედრის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა, მეუფე იობს, შეძლებისდაგვარად დეტალურად  გავაცანით ჩვენს მიერ ინიცირებული - საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებული  ინფორმაცია. იქვე, მეუფეს გადავეცით ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენს მიერ მომზადებული მასალის სრული პაკეტი.  ვისაუბეთ, ამ კუთხით, მარტის თვის პირველ ნახევარში დაგეგმილ ღონისძიებათა თაობაზე.

უაღრესად გულთბილი და საქმიანი შეხვედრის დასასრულს მეუფე იობმა დაწყებული საქმის წარმატებით დაგვირგვინებაში ღმერთის შეწევნა გვისურვა და გზასავალი დაგვილოცა.

მეუფე იობისაგან მიღებული კურთხევის შემდეგ, დღის ორი საათისათვის - სამთავისისა და გორის ეპარქიაში მისულებს, მიტროპოლიტი ანდრია ადგილზე არ დაგვიხვდა. იქვე, დედაო ცეცილიასთან - საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თაობაზე გამართული ნახევარსაათიანი საუბრის ბოლოს, მას მეუფე ანდრიასათვის გადასაცემად გამზადებული მასალის სრული პაკეტი დავუტოვეთ, და, საპასუხოდ გამოთქმული ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ, თბილისისაკენ ავიღეთ გეზი.

მინაწერი:  

კოდირებული სიტყვები - „ელბაქიანთკარი და „სარკინეთი“. ლასკარისეული თვალთახედვით: „ბაქია“-სთან [ლას]კარის მიერ მოსალოდნელ შერკინებაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!