Print

2012 წ. 27 ნოემბრის შეხვედრა ვახტანგ ხმალაძესთან

შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე

ბატონ ვახტანგ ხმალაძესთან

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 24 ნოემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის სახელზე მომზადებული ღია მიმართვის დანიშნულების ადგილზე ჩასაბარებლად, ქ. ქუთაისში მდებარე პარლამენტის კანცელარიაში მისვლა აღარ დაგვჭირდა.

წინასწარი სატელეფონო შეთანხმების შემდეგ, ავადმყოფობის [მწვავე ფილტვების ანთება] გამო, უკვე ათი დღის მანძილზე თბილისში იძულებით დაბრუნებულ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს, 2012 წ. 27 ნოემბრის პირველის ნახევრისთვის, ბინაში ვესტუმრეთ:

- „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს

ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი და

ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია.

გამოჯანმრთელების კარიბჭესთან მყოფ ბატონ ვახტანგს ბოდიში მოვუხადეთ შეწუხებისათვის და, მცირე შესავლის შემდეგ, მოკლედ ავუხსენთ ჩვენი მასთან მისვლის მიზეზი.

თავიდანვე ხაზი გავუსვით, რომ მისი შეწუხება - ქვეყანაში მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის სავარაუდო გამოწვევისა, და მისი გადაჭრის მექანიზმის წარდგენის, დროში შეზღუდულობის გამო გადავწყვიტეთ.

საუბრის დაწყებისთანავე, ბატონ ვახტანგს განვუმარტეთ, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ჩვენს მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში, 2012 წლის 5 და 12 ნოემბერს ჩაბარებული იქნა ორი ღია მიმართვა:

1. „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის დროითი საკითხისათვის“

[5/11 – 2012 წ., ჩაბ. № 6595]; და

2. „მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების დროითი საკითხისათვის“

[12/11 – 2012 წ., ჩაბ. №7875].

იქვე, ბატონ ვახტანგს, ორივე ამ „ღია მიმართვის“ ასლი გადავეცით.

ამდაგვარი შესავლის შემდეგ, უკვე უშუალოდ მათდამი განკუთვნილი „ღია მიმართვისა“ და, მასში გადმოცემული შეხედულების გაზიარების შემთხვევაში, პარლამენტის მიერ უახლეს სხდომაზე მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე, დეტალური ახსნა-განმარტება გავუკეთეთ.

თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად ნაავადმყოფრობის გამო ერთგვარი სისუსტისა, ბატონი ვახტანგი, დიდის გულისყურით მოეკიდა განსახილველ საკითხს.

მისი განცხადებით იგი, მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, მთლიანად იზიარებდა - პარლამენტის მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების ჩვენეულ შემოთავაზებას, მაგრამ, მისი აზრით, ჩვენს მიერ მომზადებულ დოკუმენტს, პარლამენტის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, გადაულახავი წინააღმდეგობა ელოდა. კერძოდ, მან ასეთი რამ ბრძანა:

„... საქართველოს პრეზიდენტი, მისთვის მიუღებელი კანონპროექტის პარლამენტის მიერ საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, ამ დოკუმენტს აუცილებლად გაასაჩივრებს მის მიერვე კონტროლირებულ საკონსტიტუციო სასამართლოში; და, დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, დიდის ალბათობით - საკონსტიტუციო სასამართლო - ანტიკონსტიტუციურად ჩათვლის პარლამენტის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას, რამეთუ მასში, ჩემის აზრით, დარღვეულია პრეზიდენტის უფლებამოსილების უწყვეტობის დაცვის პრინციპი“-ო.

ბატონ ვახტანგს, განმეორებით ავუხსენით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მექანიზმის მიხედვით, ხსენებულ - პრეზიდენტის უფლებამოსილების უწყვეტობას“ - არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა, რამეთუ:

ა) კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით - „...საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“, ანუ მისი უფლებამოსილება, კონსტიტუციის თანახმად, მკაცრადაა შემოზღუდული - 5 წლით;

ბ) იქვე,  კონსტიტუცია მართალია აკანონებს სახელისუფლებო შტოების უწყვეტობას:

- „პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე“ [მუხლი 50,4]; ანდა

- „...პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [მუხლი 71,2]; მაგრამ

გ) კონსტიტუციაში იქვე გათვალისწინებულია ორი ისეთი შემთხვევის ალბათობაც, როდესაც პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება, მიზეზთა გამო, შეუძლებელი ხდება:

საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე...“ [მუხლი 76,1]. კერძოდ:

1. ერთის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში [თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგომა; იმპიჩმენტის გამოცხადება და სხვა], კონსტიტუციის თანახმად:

პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი“ [მუხლი 76,3[; და

2. მეორეს მხრივ, კონსტიტუცია წინასწარ განსაზღვრავს, ანუ უშვებს, რომ შეიძლება შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მყოფ პირს, მიზეზთა გამო, აღარ ეძლევა [აქვს] თავისი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა.

ამასთანავე, კონსტიტუცია არსად არ ითვალისწინებს [არ განსაზღვრავს, არ ჩამოთვლის...], თუ რა იგულისხმება - საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობაში“, რამეთუ, ვფიქრობთ რომ, ამის აუცილებლობა არც დგას. და აი, რატომ

ზოგადად, არსებობს ადამიანის წინაშე მდგარი ორი რეალობა:

- 1. სურვილი [მიზანი], და

-  2. ამ სურვილის [მიზნის] რეალიზების შესაძლებლობა.

განვითარების ნებისმიერ საფეხურზე, საზოგადოება მკაცრად აყალიბებს [განსაზღვრავს] ადამიანის სურვილების [მიზნების] რეალიზების კანონიერი განხორციელების შესაძლებლობებს [ამდაგვარი მაგალითების მოყვანის აუცილებლობას ვერ ვხედავთ].

ასევეა განსახილველ შემთხვევაშიც - მავანს, შეიძლება სურდეს საქართველოს პრეზიდენტად ყოფნა, მაგრამ იგი, ამისათვის, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასე მაგალითად, კონსტიტუციის თანახმად:

პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში“ [მუხლი 70,2]

ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემთხვევაში, შემდეგ უკვე საჭიროა - კონსტიტუციით განსაზღვრული პირობების დაცვით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა და მასში გამარჯვება [იხ. მუხლი 70,3-9].

ამდენად, მავანის სურვილს - გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, მხოლოდ ყველა ზემოთ მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში უწერია ახდომა.   

ეხლა მეორე მხარე განვიხილოთ, ანუ შემთხვევა, როდესაც მავანი უკვე არის საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც ითქვა, კონსტიტუციის თანახმად - „...საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით...“, ამ 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის პოსტზე მყოფ პირს [განმეორებით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვების გარეშე], უკვე აღარ აქვს უფლება ეკავოს ეს თანამდებობა, ანუ ამ ვადის ამოწურვის დღიდან საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მისი ყოფნა უკანონო იქნება, და წინააღმდეგობაში მოვა - არა მარტო ამ: 70,1 მუხლთან, არამედ 5,3 მუხლთანაც, რომელიც გამოკვეთილად ამბობს - „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“.

ამ მცირე განმარტების შემდეგ, თუ დავუბრუნდებით 76,1 მუხლის პირველ წინადადებას, ნათელი გახდება, რომ მასში განსაზღვრული - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობი...“-ს შემთხვევა:

- ითვალისწინებს არა მარტო იმას, რომ ამ თანამდებობაზე მყოფი პირი, ვთქვათ - გარდაიცვალა; ან - მძიმედ არის ავად; ანდა, მიზეზთა გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გადახვეწილი; არამედ

- მუხლი 5,3-ის პრინციპიდან გამომდინარე [„არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“], განსახილველი მუხლი 76,1-ის მითითებული მოთხოვნა, წინასწარვე უშვებს [განსაზღვრავს] იმის ალბათობასაც, რომ ამ პირს ამ თანამდებობაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი აღარ აქვს.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როგორც ვიცით:

- მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ხუთწლიანი ვადა 2013 წ. 20 იანვარს ეწურება; და, შესაბამისად, ამ დღიდან მოყოლებული, მას აღარ აქვს დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენის - კანონიერი უფლება [იხ. მუხლი 5,3 და მუხლი 70,1].

ამდენად, კონსტიტუციით განსაზღვრული - თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების უწყვეტობა, მკაცრადაა შემოფარგლული 5 წლიანი ვადით [მუხლი 70,1], და არ არის დამოკიდებული - ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღების დროზე [იხ. მუხლი 71,2], ვინაიდან, კონსტიტუციის, განსახილველი 76,1 მუხლი, სწორედაც რომ, მხოლოდ, სავარაუდო - საგანგებო მდგომარეობის დასარეგულირებელ მექანიზმს წარმოადგენს.

მისდა [და არა მარტო მისდა] სამწუხაროდ, ბატონი ვახტანგ ხმალაძის დარწმუნებისათვის, მიზეზთა გამო [მისი ავადმყოფობა, დროის სიმცირე და სხვა...], ყოველივე ზემოთქმული არ აღმოჩნდა საკმარისი.

მან, ცნობილი - „კვერცხისა და ქათმის პირველადობის განმსაზღვრელი“ თეორია მოიშველია, რითაც ხატოვნად მიგვანიშნა, რომ მასთან, ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.

ჩვენც მეტი აღარაფერი დაგვრჩენოდა გარდა იმისა, რომ მადლობა გადაგვეხადა მისთვის, და უპირველესად ღმეთისათვის, რომ, თუნდაც ამ ფორმით, ვალის მოხდის შესაძლებლობა მოგვეცა.

და ასეც მოვიქეცით:

- „ბატონო ვახტანგ! ამჯერად, ჩვენი მიზანი იყო ამ საკითხის თქვენამდე მოტანა, რამეთუ - დღეს, გადაწყვეტილების მიღების იურიდიული მექანიზმი თქვენს ხელშია. ოღონდ გახსოვდეთ - არჩევანის უფლებას, შესაბამისი პასუხისმგებლობაც ახლავს თან, და უახლოეს ხანში მოსალოდნელი მოვლენების განვითარების ალბათობიდან გამომდინარე, ეს დროც მალე დადგება“ - მეთქი.

იქვე სინანული გამოვთქვით, რომ - დროის სიმცირის გამო, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ჩვენსავით ღრმად ჩაკვირვებოდა ამ საკითხის არსს, და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიეღო.

ბოლოს დავსძინე:

- „ბატონო ვახტანგ! ჩვენც რომ დეპუტატები ვყოფილიყავით, ძალიან ადვილად შევძლებდით საზოგადოების [და მათ შორის თქვენს] დარწმუნებას, რომ მხოლოდ ამ ნაბიჯითაა შესაძლებელი, კარსმომდგარი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა“ - მეთქი.

მისი პასუხიდან - „თქვენ რა, ჩემზე ჭკვიანად მიგაჩნიათ თავი“-ო, აშკარად გამოჩნდა ბატონი ვახტანგის გაღიზიანება.

ბატონმა ჯემალ ჯიქიამ, მის დასამშვიდებლად [და სიტუაციის განსამუხტავად], საუბრის ბიბლიაზე გადატანა სცადა. შექმნილი მდგომარეობით ვისარგებლეთ და მოკლედ ავუხსენით, მკითხველისათვის კარგად ნაცნობი - „ორნი [აქ - მ. სააკაშვილი და ბ. ივანიშვილი] დასასრულამდე დარჩებიან“-ის არსი; და დავამატეთ:

- „ბატონო ვახტანგ! მართალია გული გვწყდება, მაგრამ არ გვიკვირს, რომ თქვენ, მიზეზთა გამო, ამჯერად  ვერ შეძელით ამ საკითხში სათანადოდ გარკვევა. ასეთ შემთხვევაში, ბიბლიური - „ორნი“-ს ერთ-ერთ წევრს - მ. სააკაშვილს, უფლებამოსილება ხომ  2012 წლის 20 იანვარს შეუწყდებოდა?

მაგრამ, ვინაიდან - ბიბლიური „დასასრული“-ს დროითი მიჯნის გამოცნობა მოკვდავთათვის შეუძლებელია, თქვენი ამდაგვარი უმოქმედობით, მ. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, და, შესაბამისად, ხსენებული „დასასრული“-ც, სამწუხაროდ გახანგრძლივდა.

ღმერთია მოწამე ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ის, რომ - წინასწარნაუწყების შეცვლა შეუძლებელია, ამაში - კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით“- მეთქი.

დასასრულს ბატონ ვახტანგს ისიც განვუმარტეთ, რომ დღეს, ჩვენ, ბიბლიის მიხედვით განსაზღვრულ - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსე დროში“ გვიხდება ცხოვრება, ამიტომ - „ყველაფრისათვის მზად უნდა [ვ]იყოთ“ - მეთქი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბატონ ვახტაგ ხმალაძეს ბიბლიური თემატიკის გაგება, იურიდიულ საკითხში გარკვევაზე უფრო მეტად გაუჭირდა. ჩვენც აღარ დავაყოვნეთ - სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა ვუსურვეთ, და - დავემშვიდობეთ.

ბატონი ვახტანგი შეგვპირდა, რომ მათდამი განკუთვნილ ჩვენს „ღია მიმართვას“, პარლამენტის კანცელარიაში დაარეგისტრირებდა...

მიუხედავად ზემოთქმულისა, ალბათ დიდად არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ დღეისათვის, საქართველოში, ბატონი ვახტანგ ხმალაძე: ერთ-ერთი უდიდესი „კონსტიტუციონალისტია“; მაგრამ, ქვეყნისდა სამწუხაროდ, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთათვის ეს ვერაფერი შეღავათია...

თუმცა რას ვიზამთ, ჩვენ ხომ - „ხანმოკლე და შფოთით აღსავსე სამეფოში“ გვიწევს ცხოვრება ?! ამიტომ:

- „ნეტარია ის, ვინც ამაებში გაიწაფება და, ვინც გულში ჩაიდებს მას, გაბრძენდება. თუ მათ აღასრულებს, ყოვლისშემძლებელი იქნება, რადგან უფლის ნათელია მისი გზა“ [ზირ. 50, 28-29].

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!