Print

23 დეკემბრის შეხვედრა ილია მეორესთან

„სრულ იქმნა წმიდა სახლი“,

ანუ „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითას“

არსისმიერი საკითხები

ბიბლიური სიბრძნე ადამიანთა გონებისათვის ბოლომდე ამოუწურავია. მასში შეფარულ მისტერიულ მინიშნებათა თაობაზე, პავლე მოციქულის პირით ასე გვეუწყება - „... ყველაფერი, რაც დაიწერა, ჩვენდა სამოძღვრებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს“-ო (რომ. 15,4).

მაშასადამე, ბიბლიაში გადმოცემული თხრობა, დიახაც რომ უკვე მომხდარ ამბავს ეხება, მაგრამ - „ყოველივე ეს ნიმუშად მოიწია მათზე; ხოლო დაიწერა ჩვენდა დასამოძღვრად, რომელთაც მოვაღწიეთ ჟამთა აღსასრულს“-ო (I კორ. 10,11) ბრძანებს პავლე მოციქული.

ჩვენს მიერ, ღვთის შეწევნით, დაწყებული გზასავალის პირველივე ნაბიჯი - საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან მიახლება გახლდათ. წინამდებარე წერილში ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის თაობაზე გვინდა მოგითხროთ.

 

2011 წლის 23 დეკემბერი

შეხვედრა პატრიარქთან

პოლიტიკურ ასპარეზზე სახელცვლილი ფორმით გამოსული „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისაუფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის წევრთა ერთსულოვანი სურვილი გახლდათ, ჩვენი საქმიანობის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან აგვეღო კურთხევა.

ღვთის შეწევნით, უწმიდესსა და უნეტარეს - ილია მეორეს, 2011 წლის 23 დეკემბერს, საპატრიარქოში ვესტუმრეთ - ლასკარის თავმჯდომარე: მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ლასკარის თანათავმჯდომარე (საერთაშორისო მდივანი) რევაზ კობიაშვილი.

შეხვედრის პირველივე წუთებში უწმიდესმა, საპატრიარქოს მეორე სართულზე დაბრძანებული, ახლადშექმნილი ხატის - „საქართველოს იმედი“-ს სანახავად მიგვიპატიჟა.

ოთახში შესულებს გასაოცარი გრძნობა დაგვეუფლა: კედლთან, მთელი თავისი დიდებულებით, ამაყად იდგა თითქმის უკვე დამთავრებული, მაშტაბითა და შესრულების თვალსაზრისით მართლაც რომ გამორჩეული ხატი.

ირგვლივ მოფუსფუსე ხატმწერებმა, ხატის საბოლოოდ დასრულებისათვის განკუთვნილი, უწმიდესის რამოდენიმე რჩევა დიდის მოწიწებით მოისმინეს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მორჩილებს შანდალი და კანდელი მოატანინა. თავისივე ხელით ანთებული კანდელი საშანდლეში ჩაამაგრებინა და მისი, ხატის წინ დაბრძანების წინ ბრძანა - „ხატის აქედან გადაბრძანებამდე მის წინ ჩაუქრობლად ენთოს სანთელიო“.

უწმიდესმა მორჩილს სთხოვა ხმამაღლა წაერითხა ხატისთვის განკუთვნილი ტროპარი, და რამოდენიმე რედაქციული ხასიათის შენიშვნის შემდეგ, ახლადდაწერილი ლოცვის ტექსტის მიმართ თავისი კმაყოფილება დააფიქსირა.

ოთახში ფეხზე მყოფნი გასაოცარ შინაგან მღელვარებას განვიცდიდით. კათოლიკოს-პატრიარქა ოთახში შუქი ჩააქრობინა, და როდესაც ერთ-ერთმა ხატმწერმა ხატს ფანრიდან მომდინარე სინათლის ნაკადი მიანათა - „საქართველოს იმედი“ მთელი თავისი ბრწყინვალებით აკიაფდა:

ხატზე დამაგრებული უამრავი ძვირფასი ქვიდან ასხლეტილი ათინათი, თითქოს თითოეული ჩვენთაგანის სულის სიღრმემდე აღწევდა. ოთახში გამეფებული მდუმარების ფონზე მიმდინარე ეს გასაოცარი სურათი ხუთიოდე წუთი გაგრძელდა.

შინაგან ფიქრებში ჩაფლულნი აშკარად ვგრძნობდით ჩვენ თვალწინ მიმდინარე მისტერიული პროცესის არსობრივ მხარეს: „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საქართველოს საპატრიარქოში პირველივე მისვლა, ხატის - „საქართველოს იმედი“-ს საბოლოო დასრულებისწინარე დროში თანხვედრილად მოხდა.

და აი, გონებაში დაწყვილდა - „... უფალია ჩვენი სიმართლე“ და „საქართველოს იმედი“.

ჭეშმარიტად ასეა!

დღეს, ჩვენს ქვეყანაზე თავსდამტყდარი რეალობიდან გამოსავლის მაძიებელი „საქართველოს იმედი“, მხოლოდ უფლისმიერი სამართალია, ანუ დიახაც რომ - „უფალია ჩვენი სიმართლე“.

ფიქრებიდან, კათოლიკოს-პატრიარქის კითხვამ გამოგვაფხიზლა - „ხომ დიდებულია ხატი?“, და ჩვენი უსიტყვო თანხმობის შემდეგ, დაამატა - „ჭეშმარიტად ხელთუქმნელი ხატია იგი“.

დიდებულ ხატთან მიახლების შემდეგ, ჩვენი შეხვედრა საპატრიარქოს მესამე სართულზე მდებარე მთავარ დარბაზში გაგრძელდა. საუბრის დაწყებისას,   კიდევ ერთხელ მივულოცეთ მის უწმიდესობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრების 34 წელი, რომლითაც „სამოთხისეული“ [3 და 4] ჟამის მოახლოების მისტერიულ მინიშნებაზე უნდა გვეუწყებოდეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოკლედ მოვახსენეთ: 1991-1992 წლების მიჯნაზე დაარსებული - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“-ს, და 1996-1997 წლების გასაყარზე დაფუძნებული - „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ ერთ ორგანიზმად გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული _ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სამოქმედო გეგმის ზოგადი მონახაზი.

მისი უწმიდესობის მხატვრის თვალით დანახულმა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საფირნიშე მასალისადმი დამოკიდებულებამ სულით-ხორცამდე შეგვძრა - კათოლიკოს-პატრიარქმა ფურცელზე გადატანილის მისთვის დატოვება გვთხოვა. რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდით.

ჩვეული გულისყურით მომზირალ კათოლიკოს-პატრიარქს მოვახსენეთ, რომ ქართველთა არაერთი თაობის მიერ ნაოცნებარი - „ივერიის გაბრწყინების“ ერთ-ერთ წინაპირობად, საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება გვესახებოდა.

ჩვენს მიერ ნათქვამის მთლიანობაში აღქმის შემდეგ, გასაოცრად გულწრფელი იყო მისი უწმიდესობის მიერ წარმოთქმული - „დაწერეთ ეს ყველაფერი, ქაღალდზე დაწერეთ, რათა სხვებსაც გააგებინოთ“-ო.

შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ კურთხევა მოგვცა, და, ჩვენს სავალ გზაზე, ღმერთის თანადგომა გვისურვა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და ხატ - „საქართველოს იმედთან“ მიახლებული „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს  ლასკარის წევრთა საქართველოს საპატრიარქოში სტუმრობის დღის თაობაზე, ბიბლიაში დაცული მინიშნების გაცნობამდე, ერთიც გვინდა შეგახსენოთ.

როგორც მოგეხსენებათ, 2006 წლის 15 ივლისს, საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ დაწყებული გზასავალის მე-6 წელს, ანუ 2011 წლის ნოემბრის თვეში, „განახლების დღესასწაულისმიერ“ ბიბლიურ მინიშნებათა თანხვედრილად, ჩვენი კავშირის „განახლება“ მოხდა (იხ. გაზ.  N 16(793), გვ.1-8). და კიდევ, როგორც ვიცით, ბიბლიაში, დეკემბრის თვე - „ადარის“ სახელით მოიხსენიება.

ყოველივე თქმულის შემდეგ, ვფიქრობთ ძნელი აღარ იქნება გავიაზროთ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს საქართველოს საპატრიარქოში მისვლის, ანუ - 2006 წლის 16 ივლისიდან ათვლილ მე-6 წელს: 2011 წლის   დეკემბრის (ადარი) თვის 23-ე დღეს მომხდარის, ბიბლიაში დაფიქსირებული კოდირებული ტექსტი - „და აღასრულეს ეს (აქ - საქართველოს საპატრიარქოში კურთხევისათვის მისვლა) უფლის, ისრაელის ღმერთის განგებით... სრულ იქმნა წმიდა სახლი (აქ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“) ადარის (აქ - დეკემბრის) თვის ოცდამესამე დღეს, დარიოსის მეფობის მეექვსე წელს“ (II ეზრა 7,4-5).

23 დეკემბერს, ჩვენთან საუბარში მისი უწმიდესობის მიერ წარმოთქმული - „დაწერეთ ეს ყველაფერი, ქაღალდზე დაწერეთ...“, გასაოცრად ესადაგებოდა, იმავე დღისათვის, ამ შეხვედრამდე გამოსული ჩვენი გაზეთის ფურცლებზე უკვე დაბეჭდილ ბიბლიაში დაფიქსირებულ შემდეგ ტექსტს - „აჰა, ილაპარაკე ჩემი ხალხის გასაგონად წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებსაც ჩავდებ შენს ბაგეებში, ამბობს უფალი. და დააწერინე ისინი ქაღალდზე, რადგან სარწმუნოა და ჭეშმარიტი. ნუ შეგაშინებს შეთქმულებები შენს წინააღმდეგ, ნურც ნათქვამისადმი ხალხის ურწმუნოება ნუ შეგაშფოთებს. რადგან ყოველი ურწმუნო თავისსავე ურწმუნოებაში მოკვდება“ (3 ეზრა 15,1-4) [იხ. გაზ. N 1(794), გვ.2].

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

[

იხილეთ:

2011 წლის 24 დეკემბერი შეხვედრა მეუფე იობთან]

 

დასკვნის მაგიერ


„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს 2011 წლის ნოემბერში განახლების მისტერიის აღსრულების შემდეგ [იხ. გაზ. N 16(793), გვ.1-8] ახლად დაწყებულ ისტორიაში 2011 წლის 23-24 დეკემბერი უმნიშვნელოვანეს ათვლის წერტილად გვესახება.

ჩვენ ვწერდით _ „... აქ შეფარული მინიშნების არსის გასაგებად, მაცხოვრის შემდეგი ნათქვამი უნდა გავიხსენოთ _ „... გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით“ (მათე 23,39). ბოლო ჟამის ცნობიერებიდან გამომდინარე, აქ მოცემულია ის კოდირებული დროითი მონაკვეთი, რომელიც წინ უსწრებს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებას, ანუ განკითხვის დღის დადგომას; და რომელშიც უნდა გამოჩნდეს უფლის სახელით მომავალი, ღმერთისაგან კურთხეული რაღაც ძალა“ [გაზ. N 1(794), გვ.1-8].

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქიულ საფეხურზე მყოფთა:  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-სა და ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის მიერ 2011 წლის 23-24 დეკემბერს - „...უფალია ჩვენი სიმართლე“-ს, ანუ უფლის სახელით მომავალი პოლიტიკური ძალის კურთხევით, ჩვენის აზრით, სახარებაში, მაცხოვრის მიერ მინიშნებულის აცხადების მისტერია გათამაშდა.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა) 

სალუაშვილი