Print

2013 წ. 29 აპრილისა და 8 მაისის შეხვედრები

ორი შეხვედრის მოკლე ქრონიკა

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე მთავრობის კანცელარიას შემდეგი ღია მიმართვები ჩავაბარეთ:

1. 2012 წ. 5 ნოემბერი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!;

2. 2012 წ. 12 ნოემბერი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!;

3. 2012 წ. 28 დეკემბერი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: გაფრთხილდით ჯერ კიდევ არის დრო!;

4. 2013 წ. 13 თებერვალი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: ბოლო გაფრთხილება, ანუ ვიდრემდის ჯერ კიდევ არის დრო!;

5. 2013 წ. 6 მარტი - საქართველოს  პრემიერ-მინისტრს  ბიძინა ივანიშვილს! ღია მიმართვა: 2013 წ. მაისიდან ოქტომბრამდე, ანუ წინასწარ გაცხადებული ქრონიკები.

ჩვენთვის უცნობი მიზეზებისა გამო, დღემდე, არცერთ ზემოთდასახელებულ მიმართვაზე, სამთავრობო კანცელარიიდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

ლასკარის 2013 წ. 20 აპრილის სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გაგვეგზავნა მორიგი ღია მიმართვა -   „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

22 აპრილს მთავრობის კანცელარიაში ჩაბარებულ ღია მიმართვასთან მიმართებაში, უკვე „ტრადიციად“ დამკვიდრებული დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით ერთი კვირის თავზე - 29 აპრილს, ბ-ნ ბიძინას ძმას - ალეკო ივანიშვილს შევხვდით - ლასკარის თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილი და ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია.

ბატონ ალეკოს გადავეცით ხსენებული წერილის ასლი და, ღია მიმართვაში გადმოცემული მოთხოვნის არსის შეძლებისდაგვარად დეტალურად ახსნის შემდეგ, ვთხოვეთ დახმარება, რათა ბატონი ბიძინასთვის პირადად გადაეცა ჩვენი ღია მიმართვა.

ბატონი ალეკო ყურადღებით მოეკიდა ჩვენს წინადადებას და შეგვპირდა - აღდგომის დღეებში მის ძმასთან გამართულ შეხვედრაზე აუცილებლად შეეცდებოდა ჩვენი თხოვნის ასრულებას.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდგომად, 2013 წ. 8 მაისს ბატონ ალეკოსთან იმავე შემადგენლობით მისულებმა გავარკვიეთ, რომ მიუხედავად შეპირებისა, ბატონ ალეკოს ჩვენი ღია მიმართვა პრემიერ-მინისტრისათვის არ გადაუცია, და მის თაობაზე მხოლოდ ზეპირ საუბარში ჩაუყენებია მისი ძმა საქმის კურსში... ბატონი ბიძინა შეჰპირებია მას ჩვენი წერილის მოძიებასა [რა მოძიება უნდოდა, განა არ შეეძლო საუბარშივე გადაეცა იგი მისთვის?], და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.

თავს ზევით ძალა აღარ იყო... საქმის ამდაგვარად განვითარების შემდეგ, მადლობა გადავუხადეთ ბატონ ალეკო ივანიშვილს, მის მიერ გაწეული საქმისათვის, და ორი რამ დავსძინეთ, რომ:

1. ვინაიდან ბატონი ბიძინა უკვე „გაცნობია“ ჩვენი წერილის შინაარსს, ამის შემდგომად მოვლენების ნებისმიერი განვითარება, ჩვენის მხრიდან, პირადად მისგან წამოსული დამოკიდებულების გამოვლინება იქნებოდა; და

2. 1991-1992 წლების გასაყარიდან დაწყებული უსამართლობის სამართლიან შეფასებასა და გამოსწორებას, თუკი, ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის მსგავსად, არც ბ. ივანიშვილი შეეცდებოდა, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა, მისი წინამორბედების მსგავსად, სწორედ მასზე იქნებოდა...

გარდასულ დღეთა მოკლე ქრონიკის გადმოცემის დასასრულს, მათდა გასაგონად ვისაც ყური სასმენლად აქვს დავსძენთ, რომ  - სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, რამეთუ ასეთია უფლისმიერი სიმართლე, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ გაამრუდებს.

 

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი