Print

25 ივლისიდან - 1 აგვისტომდე

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკები

2013 წლის 25 ივლისს „ლასკარში“ გვესტუმრა ტ/კ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთა ჯგუფი - თენგიზ გოგოტიშვილის, ანი გოგოსაშვილისა და ლევან თეთვაძის შემადგენლობით. ერთსაათიანი ინტერვიუდან, კვირას, 28 ივლისს, 21.00 სთ-ზე, გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტში ჩვენ მხოლოდ ორიოდე წუთი გამოგვიყვეს.

29 ივლისს, საინფორმაციო სააგენტო „რე ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს - პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, და მის მიერ ცესკოში, პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლებად დანიშნულმა - ჯემალ ჯიქიამ და წმ. სამების ტაძრის დიაკვანმა მამა ელიზბარმა [დიაკონიძე].

პრესკონფერენციაზე დაანონსდა, რომ მიმდინარე კვირაში დაიწყებოდა საპრეზიდენტო პროგრამის განხილვა. კერძოდ გაშუქდებოდა მისი პირველი ნაწილი, პირობითი სახელდებით - „საქართველოს სულიერი მისია“. აღნიშნული სიუჟეტი გადაიცა 29 ივლისს, 13.05 სთ-ზე ტ/კ „მეცხრე არხის“ საინფორმაციო გადაცემაში.

30 ივლისს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, საინფორმაციო სააგენტო „პირველი რადიო 106,4“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა ისაუბრა საპრეზიდენტო პროგრამის პირველი ნაწილის თაობაზე. 40 წუთის განმავლობაში, მოკლედ გაშუქდა საქართველოს სულიერი მისიის გამომკვეთი ის ნიშნები, რომლითაც ბოლო ჟამის დადგომა გვიდასტურდება. მიზეზთა გამო, „პირველი რადიო 106,4“-ის ეთერში, ჩატარებული ბრიფინგი, მხოლოდ საინფორმაციო გადაცემებში აისახა [გადაიცა 2 წუთიანი სიუჟეტი]...

სახელდება - „პირველი რადიო 106,4“, ერთგვარი მისტერიული დატვირთვის მატარებელია, რამეთუ  საპრეზიდენტო პროგრამის - „პირველი“ ნაწილის, - „პირველად“ წარდგენა - „პირველ“ რადიოში განხორციელდა.

კოდირებული რიცხვი - „106,4“, გვითითებს - „16“-ზე, რაც 40 ნიშნიან ქართულ ანბანში მე-16 ასო-ნიშან „ო“-ზე, ანუ ქარაგმით „უფალო“-ს არსზე გვანიშნებს [იხ. სულხან-საბა]; ხოლო ციფრი - „4“-ით, დაგეგმილი, საქართველოს მე-4 პრეზიდენტის არჩევნების არსობრივი მხარე გვიზუსტდება.

30 ივლისს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ [გელა] სალუაშვილმა რამოდენიმე შეხვედრა გამართა. კერძოდ:

1. პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატ ბატონ ავთანდილ იოსელიანთან გამართულ საუბარში, მას შევახსენე, ჩვენს შორის, ივლისის დასაწყისში შემდგარ შეხვედრაზე მისთვის ბიბლიური ნიშნებისა და ჩემს მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილების არსობრივი მხარის გაცნობის თაობაზე. მაშინ მას არ უთქვამს ჩემთვის, რომ იგი თავადაც აპირებდა საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას. ამიტომ, ამჯერად უკვე მეგობრულად ვურჩიე, ბიბლიიდან მომდინარე, მისთვის უკვე ცნობილი მიზეზებისა გამო, არ დამპირისპირებოდა. თუმცა არჩევანის გაკეთებაში, ბუნებრივია, იგი თავისუფალი გახლდათ;

2. ამავე დღეს ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ბ-ონ ნოდარ ნათაძესა და 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთან თენგიზ დიხამინჯიასთან. მათ მოკლედ გავაცანი ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის ზოგადი მონახაზი. გამოითქვა ორმხრივი სურვილი, მომავალი შეხვედრის გამართვის აუცილებლობაზე;

3. წინასწარი შეთანხმებისამებრ, თბილისის საკრებულოში შევხვდი საკრებულოს წევრს, პ/გ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერს ბ-ონ მამუკა კაციტაძეს. საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის ბიბლიურ-პოლიტიკური მიზეზების ახსნისა და საპრეზიდენტო პროგრამის მოკლედ გადმოცემის შემდეგ, ბატონ მამუკას ვთხოვე, პარტიაში განეხილათ ჩვენი წინადადება - მათთვის მე-2 არხზე გამოყოფილი საეთერო დროის ფარგლებში, ჩვენთვის გარკვეული მონაკვეთის დათმობის შესაძლებლობის თაობაზე. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე საბოლოო პოზიციის შეჯერებისათვის სექტემბერში დაგვეგეგმა შეხვედრა.

29 ივლისს ტ/კ/ „მეცხრე არხის“-ს 13.00 საათიანი საინფორმაციო ბლოკში ჩვენი ბრიფინგის გაშუქების ბოლოს, „ცხელი შუადღეს“ წამყვანმა - შალვა რამიშვილმა, გადაცემის პროდიუსერს - გვანცა გორდეზიანს სთხოვა,  უზრუნველეყო ჩემი მოწვევა ამ გადაცემაში მონაწილეობისათვის.

მართლაც, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 31 ივლისს, ტ/კ „მეცხრე არხს“, ლასკარის საზოგადოებრივ მდივან, ბატონ ჯემალ ჯიქიათან ერთად ვეწვიე. გადაცემა „ცხელი შუადღე“ -ს პირდაპირ ეთერში ჩემი და შალვა რამიშვილის დიალოგი - 13.38 წთ-დან ვიდრე 14.00 სთ-მდე გაგრძელდა. საუბრის ძირითადი ნაწილი - ბოლო ჟამის იმ თემატიკას შეეხო, რომელიც ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის პირველ პუნქტადაა ფორმირებული.

1 აგვისტოს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტო „რეი ლაით ტვ“-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, შეძლებისდაგვარად სრულად გავაშუქეთ ბოლო ჟამში საქართველოს სულიერი მისიის არსობრივი მხარე.

აქვე გამოვთქვით მოსაზრება, რომ 2013 წ. 17 სექტემბრის შემდეგ, როდესაც საბოლოოდ გამოიკვეთება პრეზიდენტობის კანდიდატთა ოდენობა, საზოგადოებრივ არხს [პირველი და მეორე არხი] უზრუნველეყო, თითოეული კანდიდატისათვის, პირდაპირი საეთერო დროის გარკვეული ლიმიტის გამოყოფა; ამდაგვარადვე, წინასწარ განსაზღვრულიყო  თანხის გარკვეული ოდენობა, რომელიც, წინასაარჩევნო პროცესის წასამართავად, თანაბრად გადაუნაწილდებოდათ პრეზიდენტობის კანდიდატებს.

ბრიფინგის ჩანაწერი სრულად გადაიცა „მე-2 არხზე“; გაშუქდა ტ/კ „იმედისა“ და „პირველი არხის“ეთერში.

მინაწერ:

როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი მ. სააკაშვილისეული მმართველობითი ეტაპი, ბიბლიის მიხედვით - ორი პირობითი მონაკვეთისაგან შედგება - „...დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ [დან. 7,26]. მაშასადამე, ჯერ უნდა მოხდეს ის, რაც შემდეგი ფრაზითაა გადმოცემული - „წაართმევს მას [აქ - ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ - მ. სააკაშვილს] ხელმწიფებას“, რაც 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე მიგვანიშნებს;

- ხოლო შემდგომად ამისა, ანუ 2012 წ. 1/25 ოქტომბრიდან, იწყება ეტაპი, რომლის კოდირებული შინაარსია: „რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“, და, ჩვენის აზრით, 2012 წლიდან აღებულ - მეორე წელს, ანუ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახდენზე მიგვანიშნებს.

2013 წლის 1 აგვისტოს გამართული ბრიფინგით, ჩვენ ამოვწურეთ საპრეზიდენტო პროგრამის - „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“-ს პირველ ნაწილზე, მიმდინარე კვირის მანძილზე, სხვადასხვა მედია საშუალებებში დაწყებული  საუბარი.

ზემოთქმულისა და ბიბლიისეული - ახალი წლის მარტის თვიდან ათვლის გათვალისწინებით, 2013 წ.  1 აგვისტო, მე-2 წლის მე-6 თვის პირველი დღე გამოდის. ბიბლიაში ამ [ერთგვარად - შემაჯამებელი] დღის თაობაზე გვეუწყება:

„დარიოს მეფის მეორე [აქ - 2013] წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს [აქ - 1 აგვისტოს] იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის მიმართ იუდას გამგებლის ზერუბაბელ შალათიელის ძის, და მღვდელმთავრის იესო იეჰოცადაკის ძის მიმართ. ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი“ [ანგია 1,1-2].

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამარტალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი