Print

საპრეზიდენტო კამპანიის ქრონიკები [9-13.09. 2013]

2013 წლის 9-13 სექტემბრის ქრონიკები

2013 წ. 9 სექტემბერს, ორშაბათს, 11.00 სთ-ზე, საინფორმაციო სააგენტოს „რეი ლაით ტვ“ -ის პრეს-კლუბში [მცხეთის ქ. №28] საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში წარმოვადგინეთ: საქართველოში - პრეზიდენტის, როგორც აღმასრულებელი სახელისუფლო ვერტიკალის ერთადერთი მეთაურის საკითხის დარეგულირების  მექანიზმი. კერძოდ, განხილული იქნა - საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების მხოლოდ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში ყოფნისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის გაუქმებასთან დაკავშირებული სისტემური ცვლილებების გატარების საკითხები.

აღნიშნული ბრიფინგის სრული ჩანაწერი, იმავე დღეს, რამოდენიმეჯერ გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის მე-2 არხზე.

9 სექტემბერს, ორშაბათს, ინტერვიუს ასაღებად, „ლასკარში“ გვეწვია გაზ. „ვერსია“-ს ჟურნალისტი ქ-ნი ნინო კომახიძე.ჩანაწერი გაზეთის ოთხშაბათის ნომერში გამოქვეყნდა [იხ. გზ. „ვერსია“, №92 (848), გვ. 7;10]. 

წინასწარი შეთანხმების შემდეგ, 10 სექტემბერს, ინტერვიუს ჩასაწერად, ლასკარში გვეწვია ჟურნალ „გზა“-ს სპეციალური რუბრიკის: „ერუდიტი“-ს წამყვანი ქ-ნი ქეთევან ყორღანაშვილი. ინტერვიუ ჟურნალის 12  სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა [იხ. ჟურნ. „გზა“, №37, გვ. 58-59].

თუ გავითვალისწინებთ სახარებაში დაფიქსირებულ მაცხოვრის სიტყვებს - „...მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ“ [იოანე 14,6], მაშინ თავისებური მისტერიული კუთხის მიმანიშნებელია ჟურნალ„გზა“-ში დაბეჭდილი ხსენებული ინტერვიუც და მისის შინაარსიც.

11 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში“ [ყოფილი „ივერია“], - არჩევნების ბიომეტრიული პირადობის მოწმობით ჩატარების მექანიზმის გაცნობის მიზნით, გაიმართა კონფერენცია. ჩვენი პოზიციის დაფიქსირების პარალელურად, აშშ -ს „დემოკრატიული ნაციონალური ინსტიტუტის“ [„ენდეაი“] მისიის ანალიტიკოსთან გასაუბრებისას, მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი ჩვენთან სპეციალური შეხვედრის გამართვის თაობაზე.

წინასწარი შეთანხმებისამებრ, 13 სექტემბერს, 12.00 სთ-ზე „ლასკარში“ გვეწვივნენ „ენდეაი“-ს წამყვანი საარჩევნო ანალიტიკოსი ქ-ნი მარია გაბიჩი, და „ენდეაი“-ს წამყვანი საარჩევნო ანალიტიკოსის ასისტენტი ბ-ნი გელა მერაბიშვილი.

საათნახევრიანი საუბრის მანძილზე სტუმრებს გავაცანით ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამის ორივე ნაწილში წარმოდგენილი 10-ივე საკითხი. მათი მხრიდან გამოჩენილი ინტერესიდან გამომდინარე შევთანხმდით, უახლოეს მომავალში შეხვედრის გამართის თაობაზე.

7 სექტემბერს „ლასკარის“ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე - 11-13 სექტემბრის ფარგლებში, ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატის სპეციალური წარმომადგენელი ცესკოში ბ-ნი ჯემალ ჯიქია აწარმოებდა მოლაპარაკებას - საბურთალოს, მთაწმინდისა და ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებთან, 29 სექტემბერს გასამართი წინასაარჩევნო თავყრილობისათვის შესაფერისი ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით. განიხილებოდა - 1. თბილისის ჭადრაკის სასახლისა და 2. ნ. დუმბაძის სახელობის თეატრის შენობები.

საბოლოოდ, მიზეზთა გამო, ჭადრაკის სასახლეში 29 სექტემბრისათვის ყრილობის გამართვაზე უარი გვითხრეს.

13 სექტემბერს გამართული წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ - ნ. დუმბაძის სახ. თეატრის ხელმძღვანელობას, ჩუღურეთის №3 საოლქო კომისიის თავმჯდომარის სახელით შემდეგი შინაარსის წერილი ჩაბარდა:

ნოდარ დუმბაძის სახელობის

სახელმწიფო საბავშვო თეატრის დირექტორს

ბატონ დიმიტრი ღვთისიაშვილს

ბატონო დიმიტრი!

მოგახსენებთ, რომ 2013 წ. 27 ოქტომბერს დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სალუაშვილმა,წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვის თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის შესაბამისად გთხოვთ 2013 წ. 29 სექტემბერს 16 სთ-დან 18 სთ-მდე უზრუნველყოთ წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვა თქვენს თეატრში.

პატივისცემით

კომისიის თავმჯდომარე

ნოდარ სუხიშვილი

13 სექტემბერი, 2013 წ.

თეატრის ხელმძღვანელობამ, აღნიშნულ საკითხზე, თავისი პოზიციის ჩამოყალიბებისათვის 16 სექტემბრამდე ითხოვა დრო.