Print

მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღის თაობაზე

22 დეკემბერი - მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღე

1991 - 1992 წლების გასაყარზე საქართველოში განხორციელებული სახლმწიფო სამხედრო გადატრიალების დაწყების დღის 22-ე წლისთავზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან თავყრილობა გაიმართა.

რამოდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ასეთი განცხადება გავავრცელეთ:

1991 წ. 22 დეკემბერს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლის დაწყებიდან 22-ე წლისთავზე: 2013 წ. 22 დეკემბერს, 13.00 სთ-ზე, თბილისში პარლამენტის წინ გამართულ შეკრებაზე, წაკითხული იქნება საქართველოს საპატრიარქოსადმი განკუთვნილი - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება: „უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-მიერ შემუშავებული ღია მიმართვის პროექტი - საყოველთაო მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ 22 დეკემბრის დაწესების თაობაზე.

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა შეკრებაში, და თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ - საყოველთაო მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ 22 დეკემბრის დაწესებასთან მიმართებაში“.

დათქმულ დროს, შეკრების ადგილზე მოსული საზოგადოების წინაშე სიტყვით მიმართვისას აღვნიშნეთ საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილი იმ საკანონმდებლო წინადადების რამოდენიმე დეტალი, რომელიც 1991 – 1992 წლების მოვლენების პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას ეხება.

საქართველოსთვის თავს დატეხილი ამ უბედურებისაგან გაჩენილი პრობლემების სამართლებრივ ჭრილში გადაწყვეტის [მძიმე სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება] პარალელურად, აუცილებელია ერთმანეთისაგან განსხვავდეს - დამნაშავე პოლიტიკური ელიტისა და მათ მიერ წამოწყებულ ავანტურაში ნებსით თუ უნებლიეთ გარეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

გარდა ამისა, გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების გამთლიანების მიზნით საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ ჩვენს მიერ ინიცირებულ მიმართვაში ვკითხულობთ:

„...ქართველი ერის სულიერი გაერთიანების მიზნით, ზემოთხსენებული ტრაგედიის დაწყების დღე - 22 დეკემბერი, დაწესებული იქნეს - მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ.

თქვენო უწმიდესობავ!

ეკლესიის წიაღიდან მომდინარე, ღვთაებრივ სწავლებაზე დაფუძნებული, მონანიებისა და ურთიერთმიტევების მოწოდება, ხელს შეუწყობს ამოავსოს, ხსენებულ ტრაგედიაში მონაწილე დაპირისპირებულ მხარეთა შორის გაჩენილი, გაუცხოების უფსკრული...

22 დეკემბერს დაწესებული მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღე, საქართველოს ყველა მაცხოვრებლისათვის უნდა იქცეს იმ დაფიქრების დღედ, როდესაც ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა - მოვინანიოთ, ქვეყნის წინაშე ჩადენილი ჩვენი წილი დანაშაული, და მივუტევოთ ერთმანეთს ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებანი, რათა ღმერთმა ჩვენც მოგვანიჭოს შენდობით გამოწვეული მადლისმიერი სიხარული“ [იხ. გაზ. №50(895), გვ. 4].

საპატრიარქოსადმი განკუთვნილი ღია მიმართვის სრული ტექსტი დამსწრე პირთა წინაშე წაიკითხა - მამა ელიზბარმა [დიაკონიძე]. მიმართვის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდნენ - ავთანდილ იოსელიანი, მამა ექვთიმე [ჯანელიძე], ბესიკ ლაცაბიძე და სხვები.

სხენებულ ტექსტზე, თანდართულ საინიციატივო ჯგუფის წევრებს, თავისი მხარდაჭერა ხელმოწერით დაუფიქსირეს - ლიანა დანელიამ, ნარგიზა ჭელიძემ, იამზე თანიაშვილმა, ნანული ნებიერიძემ, ლ. არდამაზიანმა, ნ. ყიფშიძემ, მ. ბუთრიშვილმა, მ. დეკანოიძემ, მ. გიგაურმა, გ. მილაძემ, მ. მილაძემ, ს. გუბელიძემ, ხ. ჭინჭარაულმა, ირაკლი ცაავამ, ხათუნა როსტომაშვილმა, ზ. ნასყიდაშვილმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა, რომან კარაპეტიანმა, ზურაბ ქობალიამ, ვარლამ ტაბატაძემ, ალექსანდრე ჯღარკავამ, გოჩა ხარბედიამ და სხვებმა.

ხსენებული ღია მიმართვის ტექსტი საქართველოს საპატრიარქოს 23 დეკემბერს ჩაბარდა  [ჩაბ. №1243 – 10 -9/1243].

ამის შემდგომად ჯერი - საქართველოს წმიდა სინოდზეა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საეკლესიო იერარქიის უმაღლესი კრებული...

 

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა

გაერთიანება: უფლის სახელით

უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი

მიხეილ [გელა] სალუაშვილი