Print

"ქოცების" შინაგანი ბუნება - ნიჰილიზმი ეროვნული თემატიკისადმი

 „ცისფერი მთები...“, ანუ დღევანდელი მთავრობის [კულტურის სამინისტროს] უბადრუკი სახე

ცნობილი გამონათქვამი - „თევზი თავიდან ყარს“-ო, ზუსტად მიესადაგება იმ თემატიკას,რომელიც წინამდებარე წერილში გვინდა შემოგთავაზოთ.

როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 2013 წ. 13 მაისს ღია მიმართვა მივწერეთ მაშინდელ საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სადაც კერძოდ ვწერდით - „...ვფიქრობთ, ედ. შევარდნაძისა და მ. საკაშვილის რეჟიმებისაგან განსხვავებით, ამჟამად არ დგას იმის აუცილებლობა რათა შეგახსენოთ, თუ რაოდენ დიდია მეოცე საუკუნეში მოღვაწე - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთპიროვნული ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

როგორც მოგეხსენებათ - 2013 წლის 31 დეკემბერს სრულდება ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი აღსრულებიდან გასული 20 წელი; ხოლო 2014 წ. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა.

 ბატონო ბიძინა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ წინადადებით, რათა, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შეიქმნას - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 20 და დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისია...“ [ჩაბ. №16 308].

სახელმწიფო კანცელარიიდან, სატელეფონო საუბრებში, მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ ბატონი ბიძინასადმი მიწერილმა წერილმა, კოკა ყანდიაშვილის სამსახურის გავლით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველ თამარ ჩუგოშვილამდე მიაღწია, და უპასუხოდ იმ დრომდე იდო ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა 2013 წ. 18-20 ნოემბრიდან საბოლოოდ არ დატოვა თანამდებობა.

2013 წ. 27 ნოემბერს კულტურის სამინისტროსადმი მიმართულ სპეციალურ წერილში, ზემოთქმულის აღნიშვნასთან ერთად, მინისტრ გურამ ოდიშარიას, კერძოდ ვწერდით - „...ბატონო გურამ! ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოგმართავთ წინადადებით, რათა თქვენდამი დაქვემდებარებული სამინისტროს ბაზაზე, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება - საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებაში უდიდესი წვლილის მქონე პიროვნების, „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნასთან დაკავშირებით...

ჩვენის მხრივ მზად ვართ, თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს დანიშნულ შეხვედაში მონაწილეობისათვის, რათა წარმოგიდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მემკვიდრეობის ამსახველი მასალა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ საბოლოო პოზიციაშეიმუშაოთ, აღნიშნული წინადადების მიღებისათვის საჭირო ერთ-ერთ საკითხზე...“ [ჩაბ. № 11 658].

კანცელარიიდან მიღებული ინფორმაციით [ტელ. 298-74-30] გავარკვიეთ, რომ საზღვარგარეთ მივლინებაში წასული მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ბ-ნ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის, ჩვენი წერილი განსახილველად, მინისტრის მოადგილე ქ-ნ მანანა ბერიკაშვილისთვის გადაუცია.

რამოდენიმე დღის შემდეგ ქ-ნ მანანა ბერიკაშვილის მდივანმა ქ-მა სალომემ გვაცნობა [ტელ. 298-74-35] მისი უშუალო უფროსის დანაბარები - „ეს საკითხი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მხოლოდ უშუალოდ მინისტრის გადასაწყვეტია და მის ჩამოსვლას უნდა დაველოდოთო“.

მინისტრ გურამ ოდიშარიას საქართველოში დაბრუნებიდან, ანუ 2013 წ. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ვიდრე 31 დეკემბრამდე, მიზეზთა გამო, მინისტრის თანაშემწის ქ-ნ შორენა ტალიკაშვილის მხრიდან გამოჩენილი გულისხმიერი დამოკიდებულების მიუხედავად, კულტურის მინისტრმა ვერ მოახერხა ჩვენთვის პასუხის გაცემა.

ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული აღსრულებიდან 20 წლისთავმა [2013 წ. 31 დეკემბერი], სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი სრული გულგრილობის ფონზე ჩაიარა.

კულტურის სამინისტროს ყრუ დუმილის ფონზე, იძულებული გავხდით 2014 წ. 13 იანვარს მორიგი წერილი წარგვედგინა მათთვის [ჩაბ. №327], რომელშიც არა მარტო შევახსენეთ მინისტრს - „ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიის“ შექმნის აუცილებლობა, არამედ კონკრეტული სამოქმედო გეგმაც შევთავაზეთ მას. კერძოდ ჩვენ ვწერდით:

„... წარმოგიდგენთ ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წლისთავისათვის ჩასატარებელ ღონისძიებათა მოსამზადებელი სპეციალური საიუბილეო სამთავრობო კიმისიის სამუშაო გეგმის პროექტის მოკლე მონახაზს:

- ეთხოვოს თბილისის საკრებულოს 2014 წ. იანვრის ბოლომდე განიხილოს საკითხი თბილისის აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით;

- ეთხოვოს საქართველოს თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებს, 2014 წ. იანვრის ბოლომდე განიხილონ საკითხი მათი ქალაქის სხვადასხვა ადგილებისათვის [ქუჩა, სკვერი, სკოლა, და ა.შ.] ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე;

ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამთავრობო კომისია, მთავრობისადმი წარსადგენად, შეიმუშავებს წინადადებათა პაკეტს, რათა სამთავრობო ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით:

- 2014 წ. 10 თებერვლამდე გამოცხადდეს კონკურსი ზვიად გამსახურდიას სახელობის თბილისის აეროპორტში, ამ ფაქტის დამაფიქსირებელი მინიშნების [ბარელიეფის ან ბიუსტის] განთავსებისათვის საჭირო პროექტის გამოსავლენად;

- 2014 წ. 31 მარტს მოხდეს ხსენებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის მიხედვით დამზადებული მინიშნების [ბარელიეფი ან ბიუსტი] საზეიმო გახსნა;

 2014 წ. 25 მარტამდე მოხდეს:

- ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული [მისი] ლიტერატურული და პოლიტიკური [განცხადებების, მიმართვების, გამოსვლების, ინტერვიუების] მემკვიდრეობის მოძიება-მოპოვება, მათი სისტემატიზაცია და შესაბამისი სრული კრებულების გამოცემა;

- საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქში ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად ძეგლების დადგმა;

- საიუბილეო კულტურული ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა და ა.შ.“.

დიდი მცდელობის შემდეგ, 2014 წ. 21 თებერვალს, პარასკევს, კულტურის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან 15 წთ-იანი შეხვედრა მოხერხდა, რომელსაც ჩვენს [მიხეილ (გელა) სალუაშვილი და ჯემალ ჯიქია] გარდა ესწრებოდნენ: კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი ქ-ნი იამზე გვათუა, და მინისტრის თანასემწე ქ-ნი ნინო დვალი.

ჩვენდა გასაოცრად გაირკვა, რომ კულტურის სამინისტროს [თუნდაც ჩვენის მხრიდან გაკეთებული შეხსენების მიუხედავად], თავის ბიუჯეტში - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სულისჩამდგმელის, მთაწმინდაზე დაკრძალული ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის  ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წლის საიუბილეო თარიღის გამართვასთან დაკავშირებით, არავითარი თანხა არ ჰქონია გათვალისწინებული.

საბოლოოდ შევჯერდით, რომ კულტურის მინისტრი, აღნიშნულ საკითხზე - სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის მოთხოვნის მიზნით, წერილით მიმართავდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. წერილის მომზადება ქ-ნ იამზე გვათუას დაევალა, იმ დათქმით, რომ ვინაიდან მინისტრი 25 თებერვლიდან [სამშაბათიდან] ერთკვირიან მივლინებაში აპირებდა წასვლას, წერილი ორშაბათისათვის [24 თებერვალი] ხელმოსაწერად ყოფილიყო მზად.

ქ-ნ იამზე გვათუასთან 24 თებერვალს გამართულ სატელეფონო საუბარში [ტ.: 299-03-06; მობ. 5(77) 27-00-17] გაირკვა, რომ ხელმოსაწერად გამზადებული აღნიშნული წერილი უკვე მინისტრის კაბინეტში იდო.

რაოდენ დიდი იყო ჩვენი გაოცება, როდესაც 25 თებერვალს გამართულ სატელეფონო საუბარში ქ-მა იამზემ განგვიცხადა - „ჩემს მიერ ორჯერ მომზადდა წერილი, მაგრამ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ორივე დაიწუნა, რის გამოც მინისტრი მივლინებაში ისე წავიდა მას ხელი აღარ მოაწერაო“.

ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩენოდა და ქ-ნ იამზეს ვთხოვეთ ამ ერთი კვირის მანძილზე ისე მოემზადებინათ შესაბამისი ფორმით შედგენილი წერილი, რომ მის ხელმოწერასა და დროულ გაგზავნას ხელი არ შეშლოდა.

რამოდენიმე დღის შემდეგ, კულტურის სამინისტროდან, 28 თებერვლით დათარიღებული, ჩვენი მეორე წერილის ე.წ. პასუხი მივიღეთ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი გვატყობინებდა:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარეს ბ-ნ მიხეილ-გელა სალუაშვილს.

ბატონო მიხეილ!

თქვენი წერილის [№327, 13.01.2014 წ.] პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი რიგი ღონისძიებებისა და ამასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს და ახლო მომავალში შეგატყობინებთ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

პატივისცემით

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი“.

2014 წ. 4 მარტს გამართულ სატელეფონო საუბრისას, ქ-მა იამზე გვათუამ შეგვატყობინა, რომ მინისტრისათვის წარსადგენი წერილი ჯერ კიდევ არ იყო მზად. უფრო მეტიც, მან გვთხოვა - „ბატონო გელა! ამ ეტაპზე მე რაც მევალებოდა უკვე გავაკეთე - ორი წერილი შევადგინე, რომელთაგან არც ერთი არ მოიწონა იურიდიულმა დეპარტამენტმა. ამ ერთი კვირის მანძილზე კი, თუ რაიმე წერილი მზადდება მე არ ვიცი. ამიტომ გთხოვთ ამ თემაზე მე ნუღარ მომმართავთ, რამეთუ მე მეტის გაკეტება არ შემიძლიაო“.

საუბრის დასასრულს ქ-მა იამზემ, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის ბ-ნ თემურ ჩიხრაძის ტელეფონის ნომრები მიკარნახა [ტ. 214-68-53; მობ.: 5(77) 27-00-99], და მირჩია - ამის შემდეგ მასთან გამერკვია საკითხი. დამატებით მირჩია მინისტრის აპარატის უფროსს ბ-ნ ლევან ხარატიშვილსაც დავკავშირებოდი [ტ. 293-24-08; მობ. 5(77) 99-29-32]..

იმავე დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში ბ-ნ თემურ ჩიხრაძეს შეძლებისდაგვარად გასაგებად ავუხსენი, რომ მინისტრის დავალებით მათ ევალებოდათ შეედგინათ სულ რამოდენიმე სიტყვიანი წერილი, რომელშიც კულტურის სამინისტრო პრემიერ-მინისტრს შესთავაზებდა წინადადებას - ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული სამთავრობო კომისიის შექმნას, და რომ, ამის დაწერას არანაირი იურიდიული წიაღსვლები არ სჭირდებოდა. ბ-ნი თემური ბოლოს დამეთანხმა და მეორე დღისათვის საკითხში გარკვევას დამპირდა.

5 მარტმა ისე ჩაიარა ვერავითარი პასუხი ვერ მივიღე. 6 მარტს, მინისტრის თანაშემწესთან ქ-ნ შორენა ტალიკაშვილთან შემდგარ სატელეფონო საუბარში გაირკვა, რომ თურმე მინისტრი, ბ-ნი გურამი ამ დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, ხოლო 7 მარტს, პარასკევს მთელი დღე არ იქნებოდა სამინისტროში. საკითხის გარკვევა ორშაბათისათვის გადაიდო.

6 მარტსვე მობილურზე დავუკავშირდი მინისტრის აპარატის უფროს. ბ-მა ლევანმა განმიცხადა რომ იგი ტელეფონით შეეცდებოდა ბ-ნ გურამთან დაკავშირებას. 6 და 7 მარტს შემდგარი საუბრის შემდეგ გაიკვა, რომ ბ-მა ლევანმა თურმე ვერასგზით ვერ მოახერხა მინისტრთან დაკავშირება და ორშაბათამდე მოცდა მირჩია.

კულტურის სამინისტროს მთელი კოლექტივი, ზემოთ აღწერილი ქმედებებით, თანდათან ემსგავსებოდა ცნობილი ქართული ფილმის „ცისფერი მთების“ გმირებს - ყველა საქმიან იერს იღებდა, მგრამ ერთი კონკრეტული წერილის შემდგენი თანამშრომელი არ ჩანდა.

10 მარტს, ორშაბათს, ბ-მა თემურ ჩიხრაძემ ბრძანა - „ხვალ 11 მარტს მინისტრს უნდა შევხვდე, და პასუხისათვის 16.00 სთ-ის შემდეგ დამიკავშირდითო“. მიუხედავად ამისა მომდევნო ორი დღის მანძილზე ბ-ნი თემური ჩემს სატელეფონო ზარს აღარ პასუხობდა. მისი თანამშრომლები კი საქმიანი ტონით მპასუხობდნენ, რომ მათ უფროსს სხვადასხვა თათბირზე ყოფნის გამო ჩემთან საუბრისათვის არ ეცალა.

12 მარტს, მინისტრის თანაშემწეს ქ-ნ შორენას ვთხოვე - „ამდენი გადამისამართების შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება: ან ეს კაცი, თავისი სრული არაკომპეტენტურობის გამო არ არის მინისტრობის ღირსი, ანდა სწორედ მისი პოზიციის გამო იქცევა მთელი სამინისტრო ასე უპასუხისმგებლოდ. ამიტომ გთხოვთ პარასკევის ე.წ. მიღების დღეს, მასთან შეხვედრა დამიგეგმეთ, მინდა თვალებში ჩავხედო და ისე მოვისმინო რას მეტყვის-მეთქი“.

ქ-მა შორენამ შეხვედრის ორგანიზებაზე უარი განმიცხადა - „ძალიან ბევრია შეხვედრის მსურველი უკვე და ერთ დღეში მეტი ვეღარ მოესწრებაო“, თუმცა დამპირდა, რომ თავად დაუკავშირდებოდა ბ-ნ თემურ ჩიხრაძეს და მის პასუხს შემატყობინებდა.

13 მარტს, იურიდიულ დეპარტამენტში მითხრეს, რომ მათი უფროსი კვლავ სადღაც მიმდინარე თათბირზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვცადე მასთან მობილურით დაკავშირება. ორდღიანი „გაუჩინარების“ შემდეგ ბ-მა თემურმა ტელეფონის ზარზე მიპასუხა, მაგრამ ყოვლად მოულოდნელი პასუხი მაცნობა - „ბატონო გელა! მინისტრი დღეიდან შვებულებაში გავიდა. რაც შეეხება ხსენებული წერილი მომზადებას იგი მე არ მევალება და გთხოვთ ამის შემდეგ მე ნუღარ დამიკავშირდებითო“. საუბრის ბოლოს მირჩია საკითხის გარკვევა მინისტრის მოადგილე ქ-ნ მანანა ბერიკაშვილთან მეცადა.

ანალოგიური პასუხი გამცა მინისტრის აპარატის უფროსმა ბ-მა ლევან ხარატიშვილმაც.

ქ-ნი მანანა ბერიკაშვილის მდივანმა ქ-მა სალომემ სატელეფონო საუბარში განმიცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული საქმის მსვლელობის თაობაზე არაფერი არ იცოდნენ.

მინისტრის თანაშემწემ ქ-მა შორენამ დამიდასტურა მინისტრის მოულოდნელი შვებულებაში გასვლა და მითხრა - „უკვე აღარ ვიცი, ამ საკითხზე მე როგორღა დაგეხმაროთო“.

წარმოდგენილი მასალიდან ნათლად ჩანს, რომ: ერთის მხრივ - 2013 წ. 13 მაისიდან, და მეორეს მხრივ 2013 წ. 27 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, მ. სააკაშვილის „ნაცების“ დანაშაულებრივი რეჟიმის „შემცვლელმა“ ე.წ. „ქოცების“ ხელისუფლებამ, ვერაფრით გაარკვია რა ფორმით აპირებს [თუ საერთოთ ფიქრობს] აღნიშნოს ზვიად გამსახურდიას 75 წლისთავი.

31 მარტამდე დარჩენილი დრო, მ/ფ „ცისფერი მთების“ მსგავსად, ნათლად დაგვანახებს „ქოცების“ სახელისუფლო შენობაზე გაჩენილი ბზარების სიდიდეს.

ბოლო ჟამად სახელდებული დრო კი თავისი დინებით მიემართება. ყველაფერი, ღმერთის მიერ წინასწარ განჭვრეტილის  მიხედვით დასრულდება. მოახლოებული განკითხვის დღე ყველას თავისას მიაგებს, რამეთუ - „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება...“ [3 ეზრა 7,43-45].

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი