Print

"ქოცების" ჭეშმარიტი სახე

ეტაპი მხილების, ანუ

ბოლო ჟამის დღეთა ქრონიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენელმა ზურაბ მაჭარაძემ 19 მარტს გვაუწყა, რომ 20 მარტს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვაზე, ჩვენგან, ანუ ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებებიდან, შემდეგი ხუთის განხილვა იგეგმებოდა:

1. საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“;

2. „საქართველოში 1992 – 2012 წლებში მომქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის   შესახებ“;

3. „1992-2012 წლებში საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი პოლიტიკური რეჟიმის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესახებ“;

4. „1995 წ. 24 აგვისტოს რედაქციის „საქართველოს კონსტიტუციის“ 2004 წ. 6 თებერვლამდე მდგომარეობით აღდგენასთან დაკავშირებით“;

5. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ“.

ჩვენგან დასმული რიტორიკული შეკითხვა ასე ჟღერდა: „ბ-ნო ზურაბ! ერთ სხდომაზე ერთდროულად ხუთი საკითხის განხილვის ჩანიშვნა მაფიქრებინებს, რომ თქვენ უკვე გაქვთ ჩამოყალიბებული უარყოფითი პოზიცია მათთან დაკავშირებით, ანუ არ აპირებთ ამ საკითხების გაზიარებას, და გინდათ მათი დროის მცირე მონაკვეთში ე.წ. „განხილვით“, ფორმალობად აქციოთ საკომიტეტო სხდომაზე ჩვენი დასწრება-მეთქი“.

საპასუხო განაცხადი დაახლოებით ასე ჟღერდა - „ბ-ნო გელა ამ თემაზე ეხლა ვერ გიპასუხებთ... რომ ჩამობრძანდებით თავად გაერკვევით საკითხის არსშიო“.

20 მარტის სხდომაზე შესულებმა [მიხეილ (გელა) სალუაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ჯემალ ჯიქია, ნიკოლოზ წიკლაური], დღის წესრიგის გაცნობის შემდეგ გავარკვიეთ, რომ მე-5 საკითხად შემოთავაზებულ ჩვენს კანონპროექტზე, რომელიც საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებას ეხებოდა, კომიტეტს უარყოფითი დასკვნა ჰქონია მომზადებული. ჩვენთვის დათმობილ 5 წუთში, შევეცადეთ აგვეხსნა, რომ დღეს მოქმედი ნორმის მაგივრად, გაეთვალისწინებინათ ჩვენი შემოთავაზება და, არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩათვლილიყო ჩატარებულად, თუკი მასში ამომრჩეველთა 50% + 1 მიიღებდა მონაწილეობას. სამწუხაროდ, კომიტეტის წევრთაგან, არც ერთმა არ დაუჭირა მხარი, რომ ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ [50% + 1] უნდა იყოს არჩეული.

მომდევნო საკითხის [„საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასების შესახებ“] თაობაზე განხილვის ჩატარებაზე ვახტანგ ხმალაძემ საერთოდ უარი განაცხადა. მიზეზად, მის თაობაზე თითქოსდა უკვე შემდგარი განხილვა დაასახელა.

როგორც გავარკვიეთ, კომიტეტს 2013 წ. 27 დეკემბერს, ჩვენს გარეშე „უმსჯელია“ ამ თემაზე. ვ. ხმალაძემ ასევე განგვიცხადა - „პარლამენტის მიერ 2005 წ. 11 მარტის დადგენილება, სწორედ განსახილველ მოვლენებს ეხება და რაღა საჭიროა კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიღებაო“.

ჩვენ, დაჟინებით მოვთხოვეთ კომიტეტს, ჩვენი მონაწილეობით გამართულიყო განხილვა. მიუხედავად ამ მოთხოვნის კანონიერებისა, ვ. ხმალაძე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვეთანხმა მოსაზრების გამოთქმის საშუალება მოეცა ჩვენთვის, თუკი დარჩენილ ოთხივე კანონპოექტის თაობაზე, ჩვენთვის დათმობილ ხუთიოდე წუთის ფარგლებში, ერთდროულად ვისაუბრებდით.

მიუხედავად ასეთი ცინიზმისა [5 წუთში როგორ უნდა მოგვეხერხებინა 4 კანონპროექტის არსობრივი მხარის გადმოცემა-დაცვა, იმ დეპუტატებისათვის, რომელთაც, ამ თემებისადმი,  წინასწარვე ჰქონდათ ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება], სხვა გზა აღარ გვქონდა და - შევეცადეთ აგვეხსნა მათთვის, რომ:

1991 – 1992 წლების გასაყარზე მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ, უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების სწორად აღებულ გეზს, და ქვეყანა დანაშაულებრივი გზით ქვეყნის სათავეში მოსული კრიმინალური ბანდის ხელში აღმოჩნდა.

2005 წ. 11 მარტის დადგენილებაში საუბარია დამხობილი კანონიერი ხელისუფლების ლეგიტიმურობასა და მათ მომხრეთა მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოსაჩენ ლმობიერი დამოკიდებულების აუცილებლობაზე; და მართალია მითითებაა რომ მოხდა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება, მაგრამ, ჩვენი კანონპროექტისაგან განსხვავებით, არაფერია ნათქვამი ამ დანაშაულის ჩამდენთა პასუხისმგებლობის თაობაზე;

გაყინული სახეებით მსხდომ დეპუტატებს [როგორც შემდგომ გაირკვა], უშედეგოდ ვუხსნიდით:

 - ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის მმართველობითი რეჟიმის დანაშაულებრივ არსს;

- ამ დამნაშავე რეჟიმების მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადების აუცილებლობას, რომლებიც 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმისა და ი/წ 9 აპრილს მიღებულ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება;

- მ. სააკაშვილის დამნაშავე გუნდის მიერ საკონსტიტუციო სივრცეში დამკვიდრებული სამართლებრივი გარემოს შეცვლის კონკრეტულ მექანიზმს... და ა.შ.

საკომიტეტო განხილვაზე, „ქოცების“ უმრავლესობით დაკომპლექტებულმა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, მისი თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის პირით  განგვიცხადა, რომ თურმე მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური ნება ხსენებული საკითხების დადებითად გადაჭრისათვის.

ვ. ხმალაძემ თავისი უარგუმენტო გამოსვლისას ასეთი „სიბრძნეც“ გაგვიზიარა: „მართალია კანონი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლებას აძლევს საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს პარლამენტს, მაგრამ, პირადად მე არავითარი სურვილი და დრო არ მაქვს განვიხილო 4,5 მილიონი მოქალაქის შემოთავაზებებიო“, და დასძინა - „ბატონო გელა! ტყუილად ცდილობთ მაიძულოთ მოგისმინოთ, მე თქვენი კარნახი, თუ რა უნდა გავაკეთო არ მჭირდება - ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა მართლაც ცუდია, მაგრამ ჩვენ, ამ საკითხზე, პოზიციის დაფიქსირებას არ ვაპირებთ და არსებულ რეალობას უნდა შეეგუოთ, რამეთუ დღეს სწორედ ასეთია ჩვენი, ანუ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაო“...

ამგვარი პოლიტიკური სიბრიყვის მოსმენით გაოგნებულებს საპასუხო სიტყვის თქმის ნებაც კი აღარ მოგვცა, ისე გადავიდა ამ საკითხების კენჭისყრაზე.

კენჭისყრის შედეგებით საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ „ქოცების“ უმრავლესობით დაკომპლექტებულმა კომიტეტმა, არა მარტო დეკემბერ-იანვრის მოვლენების სათანადო შეფასებაზე თქვა უარი, არამედ მ. სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის დანაშაულებრივად გამოცხადებაც არ ისურვა.

დიახ, თურმე თვალებში ნაცრის შეყრა ყოფილა „ქოცების“ პოლიტიკური „ქოთქოთი“ - ბოლო ცხრა წლის მანძილზე სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილიო, რომ გაიძახიან. იურიდიულმა კომიტეტმა ამდაგვარი პოზიციის იურიდიულად გაფორმებაზე ისე ერთსულოვნად თქვა უარი, რომ, თამარ კორძაიას გვერდით მოკალათებულ, და მასთან ტკბილად მობაასე, სხდომაზე დამსწრე „ნაცების“ ერთადერთ წარმომადგენელს - ლევან ბეჟაშვილს, მიღებული სიამოვნებისაგან, სულ „კრუტუნი“ დააწყებია.

აი, ასე „დამარცხებულებმა“ დავტოვეთ კომიტეტის სხდომის ოთახი - „ქოცებმა“ თავისი შინაგანი ბუნების ლუსტრაცია ისე ურცხვად განახორციელეს, რომ გულწრფელად შეგვეცოდა, ორპირობის ქურქში გახვეული თითოეული მათგანი...

მოახლოებული განკითხვის დღეს - ყველა თავისი სიტყვებითა და ქმედებებით აგებს პასუხს... ამ დიადი დღის დადგომამდე კი, ჯერ - მხილების ეტაპია გასავლელი.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი და ყველას მოგვეცი მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი...

მინაწერი:

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბ-ნ გოჩა ჯიქიასა და ლაშა ჩიხორიას ჩვენი ქუთაისში ყოფნის დროს, ჩვენდამი გამოჩენილი თანადგომისა და ყურადღებისათვის.

მიხეილ [გელა] სალუაშვილი