Print

განვერიდოთ უზნეობას...

უზნეობასთან თანაზიარობა არ შეიძლება,

ანუ რატომ დავტოვე აკდემიის რიგები

„ფაზისის საერო აკადემიის“ სხდომები - ყოველი თვის ბოლო პარასკევ დღეს იმართება.

25 აპრილის სხდომაზე, აკადემიის პრეზიდენტმა ნუგზარ ნადარაიამ, სხდომის წევრებს აცნობა, რომ უკვე მიღწეული შეთანხმების თანახმად, მაისის თვეში გაიმართებოდა შეხვედრა ქ. თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატთან - დავით ნარმანიასთან.

ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ბატონი ნუგზარის ნებართვით, სიტყვით მივმართე დამსწრე საზოგადოებას, და მოკლედ მოვახსენე მათ იმ საშიშროების თაობაზე, რომ მოსალოდნელი იყო „ქოცებისა“ და „ნაცების“ დანაშაულებრივი ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ერთხმად მიეღო, ეკლესიისა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის მიუღებელი ზნეობის მატარებელი პირებისათვის მათი უზნეობის ღიად ქადაგების უფლების მიმცემი ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“.

იქვე აღვნიშნე, რომ თუკი ეს კანონი მიღებული იქნებოდა, მაშინ ყველა ის პიროვნება, რომელიც „ქოცებისა“ და „ნაცების“ მიერ იქნებოდნენ წარდგენილნი 15 ივნისის არჩევნებზე, ისევე როგორც მათი მხარდამჭერები, თანაბრად ხდებოდნენ სოდომური კანონის მიღების თანაზიარნი.

აკადემიის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად გაიზიარა ზემოთქმული. ბატონმა ნუგზარმა, ამ საკითხზე მსჯელობის დასასრულს, იმედი გამოთქვა, რომ: „...პატრიარქის დიდი ავტორიტეტიდან გამომდინარე პარლამენტი არ მიიღებს ასეთ უზნეო კანონსო“.

30 მაისს, პარასკევ დღეს, 25 აპრილს გამართული შეკრების აბსოლუტური უმრავლესობის მონაწილეობით შემდგარი, „ფაზისის საერო აკადემიის“ სხდომა - დავით ნარმანიასთან გამართული შეხვედრით დაიწყო.

აკადემიის პრეზიდენტმა ნუგზარ ნადარაიამ განსახილველად გამოიტანა მისივე წინადადება - დავით ნარმანიას „ფაზისის საერო აკადემიის“ ნამდვილ წევრად არჩევის შესახებ. მიხეილ [გელა] სალუაშვილისა და ჯემალ ჯიქიას მიერ, ამ საკითხის წინააღმდეგ მიცემული ხმა, მთლიანად ჩაიკარგა დარბაზში ამტყდარ ერთსულოვან ტაშის გრიალში.

დავით ნარმანიას ე.წ. საპროგრამო სიტყვის მოსმენის შემდეგ, აკადემიის სახელით, წინასწარვე [მავანის მიერ] შედგენილი სიის მიხედვით გამომსვლელები - ნუგზარ ნადარაია, ბაკურ გულუა, ნოდარ ჭითანავა, რეზო მიშველაძე, რეზო ჩხეიძე, თემურ გუგუშვილი, იგორ კვესელავა - ისეთი გასაოცარი ერთსულოვნებით წარმოთქვამდნენ მერობის კანდიდატის ქება-დიდებას, რომ არც ერთ მათგანს არ გახსენებია არც ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ და არც ამ უზნეობის მიმღები სახელისუფლო ძალები.

თემურ გუგუშვილმა ერთ-ერთი ოპერიდან არია მიუძღვნა სტუმარს, რომლის ბოლო მისამღერი ასე მთავრდებოდა - „შენი გულისთვის ჯოჯოხეთშიაც შევალო!“.

სხდომაზე - ამაზრზენი სურათი გათამაშდა: თითოეული მათგანი, ყველანაირად ცდილობდა თბილისის მომავალ მერთან წინასწარ დაეჯავშნა მისასვლელი გზა. ერთსაათიანი სხდომის მიმდინარეობისას, ნუგზარ ნადარაია ხშირად ახსენებდა ე.წ. გოგოლის „რევიზორის“ წინაშე გამომსვლელთ, რომ ბატონ დავითს სხვა შეხვედრაზე ეჩქარება და მოკლე გამოსვლებით შემოვიფარგლოთო. ბუნებრივია, ამ ფონზე ჩემი სიტყვით გამოსვლა ვერ მოხერხდა.


დავით ნარმანიას წასვლის შემდეგ, ბატონ ნუგზარს ერთი შეკითხვის დასმის უფლება ვთხოვე. ნახევარსაათიანი დაყოვნების შემდეგ, მიკროფონთან მისვლის შესაძლებლობა მომეცა. ჩემი მოკლე შეკითხვა ასეთი შინაარსისა გახლდათ:

„პატივცემულო აკადემიის წევრებო!

ყოველი აკადემია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უმაღლესი ფასეულობების დამცველი უნდა იყოს.

და, მე, როგორც ამ აკადემიის ნამდვილი წევრი, ვეკითხები ჯერ ჩემს თავს, შემდეგ აკადემიის წევრებსა და მის პრეზიდიუმს - რომელი სულიერი ფასეულობაა ჩვენთვის მთავარი?

როგორ შეიძლება იმ სახელისუფლო გუნდის მიერ დასახელებული კანდიდატის მხარდაჭერა, რომელმა გუნდმაც ერთხმად მიიღო საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის ზნეობრიობის შემლახავი ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“?

ნუთუ სულის გადარჩენაზე არცერთი თქვენთაგანი არ ფიქრობთ? და თუ ფიქრობთ, როგორღა გამოხატავთ უზნეობის მქადაგებელი კანონის მიმღები სახელისუფლო ძალისადმი თქვენს მხარდაჭერას?...

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მინდა რა განვერიდო უზნეობასა და მისადმი აშკარად გამოხატულ თანადგომის გამომხატველ საზოგადოებას, პროტესტის ნიშნად - უარს ვამბობ აკადემიის ნამდვილ წევრობაზე და ვტოვებ მის რიგებს...“


დარბაზის გასასვლელისაკენ მიმავალი, ნუგზარ ნადარაიას სიტყვამ შემაჩერა:

„ბატონო გელა! თუ შეიძლება ჩემი პასუხიც მოისმინეთ:

პირველი - თქვენ თუ დატოვებთ ჩვენს რიგებს, მერე უკან ვეღარ დაბრუნდებით;

მეორე - დიახ ჩვენ ერთსულოვან მხარდაჭერას ვუცხადებთ დავით ნარმანიას, რამეთუ იგი მეურნე კაცია და ამასთანავე, რაც მთავარია - კოლხია...

და მესამეც - ის კანონი მან კი არ მიიღო, არამედ პარლამენტმა, ასე რომ თავად ბატონი დავითი არაფერ შუაშიაო...“.


მისი სიტყვის წარმოთქმისას მიკროფონთან მიბრუნებულმა განვუცხადე:

„ბატომო ნუგზარ!

უზნეობასთან უკან დაბრუნებას არც ვაპირებ. და კიდევ - ნურც თავს და ნურც საზოგადოებას ნუ მოატყუებთ - ეს კანონი მთავრობამ შეიმუშავა [ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს], და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო იგი პარლამენტმა... ამიტომ, ამ უზნეო კანონის მიმღებიცა და მათი მხარდამჭერებიც თანაბრად პასუხისმგებელნი ხდებიან სოდომური ცოდვის დაკანონებაზე....“

ჩემი გამოსვლით შეშფოთებულმა ბატონმა ნუგზარმა სიტყვის გაგრძელების უფლება აღარ მომცა და თანაც დამემუქრა - „... ეხლავე შეწყვიტეთ სიტყვით გამოსვლა, თორემ დარბაზს დაცვის თანხლებით დაგატოვებინებთო...“.

ეშმაკის მძლავრობის სურათის შემყურეს მეტი რაღა დამრჩენოდა - მწარედ გამეღიმა, დამსწრეთ - სწორი და მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი ვუსურვე და დავტოვე სხდომის დარბაზი...

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

მეცნიერებათა დოქტორი,

„ფაზისის საერო აკადემიის“

ყოფილი ნამდვილი წევრი,

№7 საარჩევნო გაერთიანების

 „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე-

თავმჯდომარე