Print

2 ნაწილი: აფხაზეთის საკითხის სამართლებრივი დარეგულირების მექანიზმი

 

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის


ნაწილი მეორე


გ) 1990 -1991 წ.წ.

1988-1989 წლიდან მოყოლებული, კრემლის აშკარა წაქეზებითა და ხელშეწყობით, აფხაზი სეპარატისტების მიერ, გამუდმებით ხდებოდა მდგომარეობის დაძაბვა, საქართველოს განუყოფელი ნაწილის -  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

პარალელურად ამისა, ქართველი ერის მიერ წარმართული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ ბრძოლა, მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ახალ ფაზაში შევიდა.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძალისხმევას პირველი შედეგიც მალე მოჰყვა. საქართველოში 1921 წლიდან უკანონოდ მომქმედი კომუნისტური რუსეთის იმპერიის მარიონეტული სახელისუფლო სტრუქტურის სამართალმემკვიდრე საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის 9 მარტს მიღებულ დადგენილებაში ჩაიწერა:

- „...საქართველოს უზენაესი საბჭო... აღიარებს, რომ 1921 წლის თებერვალში, საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას, არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - ფაქტობრივ ანექსიას;

გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებას და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღებული საქართველოს უფლებების აღდგენას“.

ამ დადგენილებას, ავტომატურად მოჰყვა 1990 წ. 25 მარტს დანიშნული საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების გაუქმება.

მოგვიანებით - საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო, 1990 წლის 20 ივნისის დადგენილებით:

- „აღნიშნავს, რა რომ ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად საქართველოში დამყარებული ხელისუფლება (რევოლუციური კომიტეტი), ხოლო შემდგომ შეზღუდული, ვიწრო კლასობრივ საწყისებზე აგებული საბჭოები - არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ თავისუფალ ნება-სურვილს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო:

აცხადებს უკანონოდ და ბათილად ყველა აქტს, რომელიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სხვა სამართლებრივი დაწესებულებებით (ე.წ. საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 და 26 თებერვლის, 24 მარტის გადაწყვეტილებით და სხვა)“.

ამდენად, საქართველოში 1921 წლიდან უკანონოდ მომქმედი კომუნისტური რუსეთის იმპერიის მარიონეტული სახელისუფლო სტრუქტურის სამართალმემკვიდრე საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წ. 9 მარტსა და 20 ივნისს მიღებული ხსენებული დადგენილებებით უკანონოდ და ბათილად გამოცხადებულად ჩაითვალა, ძალადობრივ პრინციპზე აგებული საბჭოთა რეჟიმის მიერ, საქართველოში მაცხოვრებელთა ჭეშმარიტი ნების გამოხატვის გარეშე მიღებული, როგორც სრულიად საქართველოსთან, ასევე აფხაზეთის ავტონომიურ წარმონაქმნთან დაკავშირებული  ყველა გადაწყვეტილება (1921 წლის 4 მარტისა და 16 დეკემბრის, 1922 წ. 13 დეკემბრის, 1925 წ. 1 აპრილის, 1931 წ. თებერვლის და სხვა გადაწყვეტილებები; ასევე  1937 და 1978 წ.წ. კონსტიტუცია და სხვა).

და აი, ასეთ სამართლებრივ ფონზე მიღებული ახალი საარჩევნო კანონის ბაზაზე, 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად, სამართლიანობის ყველა ნორმის დაცვით, საქართველოს (მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაცხოვრებელი) მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გათვალისწინებით, მოხდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევა.

ქვეყნის სათავეში მოსული ეროვნული ხელისუფლება, ყველანაირად ცდილობდა მშვიდობიანი გზით გამკლავებოდა კრემლის იმპერიული ძალების მიერ აფხაზეთში შეიარაღებულ დაპირისპირების გაჩაღების მცდელობას.

დღის წესრიგში უპირველესი ადგილი - აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების სამართლებრივი რეგულაციის ამსხველმა თემატიკამ დაიკავა.

აი რას ვკითხულობთ 1991 წლის 25 თებერვალს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი  საბჭოს მიერ მიღებულ  დადგენილებაში - აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ:

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ფაქტობრივად დამთავრდა 1990 წლის 25 თებერვალს... მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს არ გაუგრძელებია ვადა, არ მიუღია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი და შესაბამისად არც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები დაუნიშნავს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს:

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს არა უგვიანეს 1991 წლის 1 ოქტომბრისა;

აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 75- მუხლის შესაბამისად გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების ვადა . . 15 მარტამდე.

2. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით ავტონომიურ რესპუბლიკათა სახელმწიფო ორგანოების ვადა განსაზღვრულია ხუთი წლით, ხოლო აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ექვს წელზე მეტია მოქმედებს. ამ  დადგენილების პირველი მუხლის შესრულება გამოიწვევს აფხაზეთის ასსრ რეპუბლიკის უზენაესი საბჭოს ახლანდელი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას.

დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში საკითხის მოუგვარებლობის გამო, აი რას წერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია 1991 წლის 29 მარტს, აფხაზეთის არ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ვლადისლავ არძინბას:

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შეწყდა საბჭოების უფლებამოსილება; ხოლო 1991 წლის 29 იანვარს საერთოდ გაუქმდა ადგილობრივი საბჭოების სისტემა. საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ვალდებული იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია, რაც შეუწყნარებლად ჭიანურდება და მრავალი უხერხულობის მიზეზად შეიძლება იქცეს...

...თქვენ პირადად, ბატონო ვლადისლავ და მთლიანად აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, სისტემატურად უგულებელყოფთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას და სხვადასხვა თანამდებობის პირებს აფხაზეთში უმზადებთ ნიადაგს სახელმწიფო დანაშაულის ჩასადენად.

თქვენი ასეთი საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ეროვნულ შუღლს, იწვევთ ყოვლად გაუმართლებელ დაპირისპირებას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის, უხეშად არღვევთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას...

... ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და, რაც მთავარია, შეუსაბამეთ თქვენი პოლიტიკა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომლის იურისდიქციის ქვეშაც ბრძანდებით.

1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით, საქართველოს (მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაცხოვრებელი) მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპულიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

14 აპრილს, „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, შემოღებულ იქნა „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის“ პოსტი. 1991 წ. 26 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის პოსტი ზვიად გამსახურდიამ დაიკავა.

აფხაზეთში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების მოგვარების თაობაზე ინტენსიური მუშაობის შედეგად, მიუხედავად კრემლის იმპერიული ძალების წინააღმდეგობისა, ქართული და აფხაზური მხარის ორმხრივი კონსენსუსის საფუძველზე მაინც მოხერხდა მდგომარეობის ნორმალიზება...

„აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს“ მიერ 1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული ქვოტების პრინციპს ითვალისწინებდა. კერძოდ:

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სულ იქნებოდა 65 დეპუტატი; მათ შორის: 28 - აფხაზი; 26 - ქართველი და 11 - სხვა დანარჩენი ეროვნების მქონე დეპუტატი;

- მიღწეული შეთანხმების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზური დეპუტაციის, ხოლო მისი პირველი მოადგილე - ქართული დეპუტაციის წარმომადგენელი იქნებოდა;

- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იქნებოდა ქართველი, ხოლო მისი პირველი მოადგილე - აფხაზი;

- აფხაზეთის ასს რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (გარდა საპროცედუროსი) უნდა მიღებულიყო ხმების 2/3-ით (44 ხმა), რომლის მოსაგროვებლად აუცილებელი ხდებოდა ქართული და აფხაზური მხარის დეპუტატთა ურთიერთკომპრომისი

საბჭოთა იმპერიული ძალების წაქეზებით მომქმედი სამხედრო-კრიმინალური ძალების მიერ ღია გამოსვლების (1991 წლის 19-21 აგვისტო, 2 და 22-23 სექტემბერი და სხვა) მიუხედავად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1991 წლის 29 სექტემბერს მაინც ჩატარდა აფხაზეთის კანონიერი სახელისუფლო სტრუქტურის - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნები.


[გაგრძელება იქნება]

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი