Print

ბოლო ჟამის მოვლენათა ე.წ. - ჯაჭვის რგოლი - ზ. გამსახურდია

3. ურწმუნო თომას არსში მყოფთათვის, ანუ

ფიზიკურში შესაცნობი ნიშნების ზოგადი მონახაზი

„...ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს“

 [იოანე 20,27]

ესა თუ ის მოვლენა, თავისი კონკრეტული დროითი მახასიათებლის შემცველია, ანუ გააჩნია თავისი - დასაწყისი, ხანგრძლივობა და დასასრული; დიახ, ამ კუთხით:

- „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლ. 3,1).

ჩვენი წინამდებარე თხრობა, ბოლო ჟამის მიმდინარე მოვლენების ერთგვარი დროითი ჯაჭვის სახით გვინდა გადმოვცეთ. ამიტომ, ჯაჭვის ბოლო რგოლის, ანუ ჩვენი დღევანდელობის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, ჯერ, მისი წინარე მოვლენების დროითი ნიშანსვეტი გვინდა გამოვკვეთოთ.

ამჯერად, სათქმელის შეჯერების მიზნით, მხოლოდ ჩვენი სიტყვებით გადმოცემული მცირე კომენტარითა და ბიბლიურ წყაროთა მითითებით შემოვიფარგლებით.

 

ა) „ცხებული მეფის“ - ზვიად გამსახურდიას  გამოჩენა-მოკვეთა,

ანუ რგოლი პირველი: 1921-1992 წ.წ.

ზემოთქმული ჯაჭვის პირველი პირობითი რგოლი - ორი დროითი მონაკვეთის თანხვედრია. კერძოდ:

1. ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების ასაცხადებელი ქვეყანა [საქართველო]  70 წელიწადი [1921 -1991 წ.წ.] უნდა იყოს ჩრდილოელი მეზობლის [რუსეთის იმპერიის] ტყვე [იხ. იერ. 19,4; იერ. 25,8-11; იერ. 29,10]:

სამოცდაათწლიანი მონაკვეთი, ანუ 1921-1991 წ.წ.

- „... ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები (ვერ შევინარჩუნეთ 1918-1921 წ.წ. დამოუკიდებლობა), აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის (აქ - რუსეთის) ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე (საქართველოზე), მის მაცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე (მთლიანად კავკასია). გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავ და სამარცხვინო სანახავს გავხდი (ქრისტეს კვართის დაფვლის ტერიტორია და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - ათეისტური სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მოექცა)...“ (იერ. 25,8-9);

„გაოხრდება და გაუკაცურდება (ათეისტური სახელმწიფოს დამყარება) მთელი ეს ქვეყანა (საქართველო), ბაბილონის (რუსეთის იმპერიის კოდირებული სახელი) მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს (1921-1992 წ.წ.) ეს ხალხები. შესრულდება სამოცდაათი წელი (1921-1991) და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს (სსრკ-ს დაშლა)“ (იერ. 25,11-12)

 

2. 70-წლიანი დროის მიწურულს, ამ ქვეყანაში, მოდის „ცხებული მეფე“ [ზვიად გამსახურდია], რომლისთვისაც „შვიდი შვიდეული“ [1990 წ. 10.09 – 1990 წ. 28.10] და „სამოცდაორი შვიდეულია“ [1990 წ. 28.10 -1992 წ. 6.01] გამოყოფილი. ამის შემდეგ იგი განიდევნება სამშობლოდან [„გატიალების სიბილწის“ პირველი ეტაპის დასაწყისი], და ორწლიანი დევნის ბოლოს [1993 წ. 31.12] მოკვდინებულ იქნება [იხ. დან 8,21; დან. 9,25-26; ეს. 63,18; იერ. 28,3; დან. 11,21-22];

 

„სამოცდაორი შვიდეული“, ანუ 28/10-1990 წ. – 6/01-1992 წ.

პირველი პირობითი რგოლის მეორე მონაკვეთი, ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ყოფნის დროით საზღვრებს შეეხება:

„სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (61x7=434 დღე, დრო 28/10-1990 წ-დან, ვიდრე 6/01-1992 წ-მდე) მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება (1991-1992 წ.წ. მიჯნაზე საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში ზვიად გამსახურდიას უდანაშაულობაზე მითითება). ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (საქართველოს) დაანგრევს მომავალი (ანუ ჯერ კიდევ ღია ასპარეზზე არ გამოსული) მთავრის (შევარდნაძის) ხალხი (დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული ამბოხის უშუალო ჩამდენნი)“ (დან. 9,26).

ორი წლის შემდგომი დაბრუნება და სიკვდილი

- ზვიად გამსახურდია, თანახმად დაწერილისა, მხოლოდ ორწლიანი (1992-1993 წ.წ.) დევნილობის შემდეგ ბრუნდება საქართველოში:

- „ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელს ჭურჭელს, რომელიც წაღებული მაქვს ამ ადგილიდან...“ [იერ. 28,3];

ამ დროის მიწურულს, ედ. შევარდნაძის რეჟიმთან ბრძოლაში ზვიად გამსახურდია მოწამეობრივად ამთავრებს სიცოცხლეს:

- „...შეიმუსრება. ასევე აღთქმის მეუფეც“ (დან. 11,22)“;

 

 

ბ) ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების

ედ. შევარდნაძის საქმიანობის დროითი საზღვარი,

ანუ რგოლი მეორე: 1992-2003 წ.წ.

 

ედ. შევარდნაძის, ჩვენს თვალწინ წარმართული, საქმიანობა, ბიბლიურ სცენართან მიმართებაში ასეთი სახისაა: