Print

მე-6 თვის 24-ე დღე

2013 წლის 24-25 ივნისი

2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით, ლასკარის საზოგადოებრივი მდივნის ბატონ ჯემალ ჯიქიას ინიციატივით, 2013 წლის 24 ივნისს გამართული შეხვედრისას, საზოგადოებრივი ტელევიზიის მე-2 არხის ხელმძღვანელი ქალბატონი დოდო შონავა, 25 ივნისის 11.30 სთ-სთვის, ლასკარში გასამართი ბრიფინგის გასაშუქებლად,  გადამღები ჯგუფის გამოგზავნას შეგვპირდა.

2013 წლის 24 ივნისს, ბრიფინგის ჩატარებისათვის ოთახის მოწყობის მიზნით, ლასკარში თავი მოიყარეს, ლასკარის წევრებმა - მიხეილ [გელა] სალუაშვილმა, ეთერ ჩხეტიამ, ჯემალ ჯიქიამ, რეზო კობიაშვილმა და მევლუდ მამადაშვილმა. შემუშავდა ბრიფინგის ჩატარების ზოგადი მონახაზი.

2012 წელს გამართული არჩევნებიდან მეორე, ანუ - 2013 წლის, კალენდარული - მეექვსე თვის 24-ე დღის თაობაზე,  ბიბლიური სიბრძნე ასე იუწყება - „... მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის მათი ღმერთის სახლში, მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს“ [ანგია 1,14-15].

წინასწარი შეთანხმებისამებრ, 25 ივნისის დათქმულ დროს დაწყებულ ბრიფინგს ესწრებოდნენ - ლასკარის თავმჯდომარემიხეილ [გელა] სალუაშვილი, ლასკარის თავმჯდომარის მოადგილეები - რეზო კობიაშვილი და მევლუდ მამადაშვილი,ლასკარის საზოგადოებრივი მდივანი ჯემალ ჯიქია და პარტიის წევრი - საბა სალუაშვილი.

ლასკარის თავმჯდომარემ მიხეილ [გელა] სალუაშვილმა მოკლედ ილაპარაკა პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე; რომლის შემდეგაც, ლასკარის საზოგადოებრივმა მდივანმა ჯემალ ჯიქიამ განავრცო სათქმელი და დასასრულს, პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებული, მიხეილ [გელა] სალუაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები გააჟღერა.


გთავაზობთ

საპრეზიდენტო კანდიდატის [მიხეილ (გელა) სალუაშვილის] მიერ წარმოთქმულ სიტყვას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამენ! ჩვენთან არს ღმერთი.

ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების 20 წელზე მეტი ხნის ისტორია, ორი პირობითი მონაკვეთისაგან შედგება.

1990 წლის 28 ოქტომბერს, ქართველი ხალხის ნებით ქვეყნის სათავეში მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საძირკვლის ჩაყრა დაიწყო, რომელიც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ჩატარებით გაგრძელდა, და 1991 წლის 9 აპრილს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით დასრულდა.

1991 – 1992 წლების გასაყარზე მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ქვეყნის ნორმალური განვითარების ვექტორის შეცვლამ, დღევანდელ რეალობამდე მოგვიყვანა.

დღეს, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება 21-22 წლის წინ მომხდარი უბედურების შეფასებაში - ეს იყო, სამართლიანობის დარღვევის სახელმწიფოებრივ დონეზე მომხდარი დანაშაული.

1992 წლის 10 იანვარს დაარსებული ჩვენი პარტიის სახელდებაც შესაბამისად განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“. პარტიის რეგისტრაცია 1992 წლის 2 აპრილს განხორციელდა. პარტიის თავმჯდომარედ - მე ამირჩიეს.

ამ დღიდან მოყოლებული, სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მომქმედმა ჩვენმა ერთობამ - 1992 და 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში მივირეთ მონაწილეობა. ჩვენთვის დათმობილი საეთერო დროის ფარგლებში, შევეცადეთ გვემხილებინა უკანონო რეჟიმი და გამოსავალის გზებიც გავაცანით მსმენელს.

სამწუხაროდ, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად, ჩვენ ვერ შევძელით საპარალამენტო ტრიბუნის მოპოვება.

1993 და 1996 წლებიდან, ჩვენი კავშირის წევრთა ძალისხმევით, დავიწყეთ გაზეთების - „არჩევანი“ და „ზვიადის გზა“-ს გამოცემა.

ჩვენი პარტიის სამოქმედო გზის მეორე ეტაპი 1996 – 1997 წლების გასაყარიდან იწყება. ღმერთის ნებით - 1996 წლის მიწურულს, ჩვენი კავშირის ბაზაზე ჩამოვაყალიბეთ - „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტი“, რომლის მთავარი საქმიანობა, იოანე-ზოსიმეს „ქებაი...“-ში გადმოცემული მესიანისტური შეგნებით განისაზღვრა - „დამარხულ არს ენაი ქართული, დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა...“.

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისწინა დროში, ქართველი ერისა და ენის უდიდესი მისია, თავად ამ - ბოლო ჟამად სახელდებული დროის დადგომის მაუწყებული ნიშნების მოძიება - გაცხადებაში მდგომარეობს.

1997 წლის 4 იანვრიდან დავიწყეთ, ზემოთქმული ნიშნების აცხადებისეული თემატიკის გადმომცემი, გაზ. „დედანი ენის სასწაული“-ს გამოცემა.

1997 წლის აპრილის თვეში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს გავაცანით ჩვენი საქმიანობის დეტალები და შემდგომი საქმიანობის ზოგადი მონახაზი. ამ დღიდან მოყოლებული, საქართველოს საპატრიარქოს ეტაპობრივად ეგზავნებოდა ჩვენს მიერ მოძიებული ის მასალები, რომლებშიც საქართველოს სულიერი მისიის ამსახველი ფაქტები გახლდათ თავმოყრილი.

1998 – 1999 წლებიდან მოყოლებული, ჩვენი პარტიის საქმიანობა ახალ ხარისხში გადავიდა -  საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში მომქმედ პოლიტიკურ სპექტრს, ეტაპობრივად ვუზიარებდით ბიბლიური კუთხით გადასაჭრელი პრობლემების მოგვარების სამოქმედო გეგმას.

საქართველოს ბიბლიური ისტორიის შესწავლისას, მთელი ამ დროის მანძილზე, ჩვენ თავს ვიკავებდით აქტიური პოლიტიკური საქმიანობისაგან.

და აი, 2011 – 2012 წლების გასაყარიდან, ბიბლიაში დაცულ მინიშნებებზე დაყრდნობით გვეუწყა, რომ დადგა ჩვენი ღია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის დრო.

თანამოაზრეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით პარტიის სახელდებაში ცვლილებები შევიდა, და საბოლოოდ იგი ასე განისაზღვრა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

2011 წლის 23 დეკემბერს, კათოლიკოს პატრიარქთან ჩვენი საქმიანობის შეჯერების მიზნით გამართული მორიგი შეხვედრის დღეს, იუსტიციის სამინისტრომ ჩვენი პარტიის სახელდების ცვლილება დაარეგისტრირა.

სწორედ ბიბლიურ ნიშნებზე დაყრდნობით, ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს - 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, და ჩემს კანდიდატურასთან ერთად, ერთხმად  დაამტკიცა - საპრეზიდენტო პროგრამა: „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“.

ეროვნულ - სარწმუნოებრივ ნიადაგზე დაფუძნებული ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა, ორი პირობითი ნაწილისაგანაა შემდგარი. ესაა - 1. ეროვნულ რელიგიური, და 2. ეროვნულ პოლიტიკური - ნაწილები; რომლებიც, მთლიანობაში, ქვეყნის წინაშე მდგარი 10 უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარების მექანიზმს შეიცავს.

უფლის სახელით საქართველოს გაბრწყინების ამსახველ საპრეზიდენტო პროგრამაში, ჩვენ დეტალურად გვაქვს გაწერილი - ქვეყნის სულიერი და პოლიტიკური სფეროების მოწესრიგებისათვის გადასადგმელი ყველა ნაბიჯი.

საარჩევნო მარათონის მანძილზე, ღმერთის ნებით დაშვებული შესაძლებლობის ფარგლებში, შევეცდებით - ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მოსახლეობის ყურამდე მიტანას.

ზვიად გამსახურდია ბრძანებდა - „ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისაო“.

ყველას გასაგონად, ბიბლიურ ნიშნებზე დაყრდნობით, ანუ უფლის სახელით გვინდა განვაცხადოთ - 2013 წლის სულთმოფენობის დღიდან, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო.

ჩვენი - ღია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა, სწორედ ამ ეტაპის დაწყებამ განაპირობა, რამეთუ - ჯვარცმისეული გზა უკვე მთავრდება;

ღმერთის ნებით, მალე უნდა დაიწყოს ე.წ. აღდგომისეული გზა, რომელიც - საუკუნეების სიღრმიდან ნასაზრდოები საქართველოს გაბრწყინებითა, და - უფალ იესუ ქრისტსე მეორედ დიდებით გაცხადებით დასრულდება.

ღია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლასთან გაიგივებული ჩვენი არჩევანის ღიად გაცხადების შემდეგ, ჯერი - ქართველ ხალხზეა.

მოდით, შევთხოვოთ ღმერთს, ყველას მოგვცეს სწორი არჩევანის გაკეთების უნარი. თითოეული ჩვენთაგანი ხომ, სწორედ ჩვენივე სიტყვებითა და საქმეებით ვაგებთ პასუხს - მოახლოებულ განკითხვის დღეს.

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!