2013 წ. 22 დეკემბრის მიმართვა - საპატრიარქოს
პროექტი
საქართველოს ეკლესიისწმიდა სინოდს,
სინოდის თავმჯდომარეს:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,
უწმიდესსა და უნეტარეს
ილია II-ს
თქვენო უწმიდესობავ!
მცირე გამონაკლისის გარდა, დღეს თითქმის აღარ გვეგულება არც ერთი პიროვნება, რომელიც არ აცნობიერებდეს, რომ 1991-1992 წლების მიჯნაზე, გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, საქართველოში სამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობამ სათავე დაუდო ჩვენს ქვეყანაში არნახულ უკანონობასა და მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების გადაგვარებას. შექმნილმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისულმა მდგომარეობამ საქართველოში მაცხოვრებელთა ცხოვრების დონის უკიდურესი გაუარესება გამოიწვია.
არაკანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური ძალისა და მისი სამართალმემკვიდრე პოლიტიკური ელიტის უკანონო, ამბიციურმა და გაუთვლელმა მოქმედებამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის სფეროგან გასვლა განაპირობა, რასაც შედეგად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა მოჰყვა. შექმნილი მდგომარეობის გამო ასეულ ათასობით ადამიანი საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით იქნა განდევნილი.
გვჯერა რა, რომ 1991 – 1992 წლების დეკემბერ - იანვარის მოვლენების გამო გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი - ჩადენილი შეცდომის ძირეულ გააზრებასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმაშია საძიებელი; აგრეთვე
ვითვალისწინებთ რა, რომ აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს დამნაშავე კრიმინალური ნაწილისა და მათ ქმედებებს ნებსით, თუ უნებლიედ აყოლილი მოსახლეობის ნაწილის პასუხისმგებლობა; და
მიგვაჩნია რა, რომ ისტორიული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის მიზნით:
ა) საქართველოს პროკურატურაში უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს; ამასთანავე
ბ) საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, უნდა განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან;
მოგმართავთ წინადადებით, რათა:
ქართველი ერის სულიერი გაერთიანების მიზნით, ზემოთხსენებული ტრაგედიის დაწყების დღე - 22 დეკემბერი, დაწესებული იქნეს - მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ.
თქვენო უწმიდესობავ!
ეკლესიის წიაღიდან მომდინარე, ღვთაებრივ სწავლებაზე დაფუძნებული, მონანიებისა და ურთიერთმიტევების მოწოდება, ხელს შეუწყობს ამოავსოს, ხსენებულ ტრაგედიაში მონაწილე დაპირისპირებულ მხარეთა შორის გაჩენილი, გაუცხოების უფსკრული.
ყველამ კარგად უნდა გავიცნობიეროთ, რომ განკითხვის დღეს აღსრულებული ღვთაებრივი სამსჯავრო, თითოეულ ჩვენთაგანს მიუკერძოებელ უფლისმიერ განაჩენს გამოუტანს, რამეთუ გვაფრთხილებს მაცხოვარი - „... მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები~ (მათე 12,36-37).
22 დეკემბერს დაწესებული მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღე, საქართველოს ყველა მაცხოვრებლისათვის უნდა იქცეს იმ დაფიქრების დღედ, როდესაც ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა - მოვინანიოთ, ქვეყნის წინაშე ჩადენილი ჩვენი წილი დანაშაული, და მივუტევოთ ერთმანეთს ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებანი, რათა ღმერთმა ჩვენც მოგვანიჭოს შენდობით გამოწვეული მადლისმიერი სიხარული.
საქართველოში - 22 დეკემბრის, მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ დაწესების ინიციატორი
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
სახელით,
საინიციატივო ჯგუფი:
ანდღულაძე მიხეილი, ბაიაშვილი თინათინი, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე ანგი [კაკო], დიაკონიძე ელიზბარი, ერქვანიძე ნანული, ვეშაგური ლიდა, თანიაშვილი მანანა, თანიაშვილი მარგალიტა,
ინჯგია ლეილა, იოსელიანი ავთანდილი, კობიაშვილი რევაზი, კობახიძე ლეილა, ლომიძე თამარი, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე ნათელა, მეფარიძე ლეილა, მჭედელაძე ვალერი,
ოდიშვილი მანანა, რაზმაძე შაზი, სალუაშვილი მიხეილი [გელა], საჯაია სერგი, სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ქამხაძე ლია, შათირიშვილი დავითი, შერგელაშვილი ბეჟანი, ცაგარეიშვილი ელეონორა,
ცაგარეიშვილი მედეა, ჩოხელი ლევანი, ჩხეტია ეთერი, ჭკადუა მზია, ჯანელიძე ექვთიმე, ჯიქია დინა, ჯიქია თენგიზი, ჯიქია ჯემალი, ხრიკული ეკატერინე.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.
პატივისცემით:
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
სპიკერი
მიხეილ [გელა]
სალუაშვილი