Print

საქართველოს გაბრწყინებისათვის გადასადგმელი ნაბიჯები

საარჩევნო გაერთიანება:

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

საარჩევნო პროგრამის

მეორე ნაწილი:

„საქართველოს გაბრწყინებისათვის

გადასადგმელი ნაბიჯები“

 

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადების, ანუ განკითხვის დღის დადგომამდე დარჩენილ დროში, საქართველოს გაბრწყინების მომლოდინე ქართველმა ერმა, ჩვენი ქვეყნის დღემდე მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრებიდან რადიკალურად განსხვავებული გზასავალი აუნდა აირჩიოს.

1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარი სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდგომად ანტიკონსტიტუციური გზით ქვეყნის სათავეში მოსულმა, ერთის მხრივ: იოსელიანი-კიტოვანი-სიგუას, ხოლო მეორეს მხრივ, მათი სამართალმემკვიდრე, ჯერ - ედ. შევარდნაძის, ხოლო შემდგომად - მ. სააკაშვილის მიერ დამყარებულმა, დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა რეჟიმმა, უმძიმესი შედეგი მოიტანა...

ბიბლიური სწავლების თანახმად - არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ყოველი ჩვენთაგანი, მიზეზთა გამო, გარკვეულ ცხოვრებისეულ შეცდომებს ვუშვებთ. თითოეული ასეთი შეცდომა, მისი -  გამოუსწორებლობის, ანუ - მოუნანიებლობის შემთხვევაში, თითქმის გადაულახავ ბარიერად გვექცევა ხოლმე. და პირიქით - ყოველი ჩადენილი შეცდომის მართებულად გააზრებისა და მონანიების შემთხვევა, ჩვენი ცხოვრების კვლავ  ნორმალურ მდინარებაში დაბრუნების შესაძლებლობას გვაძლევს.

ანალოგიური მდგომარეობაა ინდივიდთა ერთობისაგან შემდგარ ერსა და სახელმწიფოსთან მიმართებაშიც:

ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ, მიზეზთა გამო, ჩადენილი შეცდომა-დანაშაული ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ნორმალურ რიტმს, დანაშაულის ხარისხისდა მიხედვით, აფერხებს - ქვეყანა გაჭირვებასა და სიდუხჭირეში ვარდება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი - ჩადენილი შეცდომის ძირეულ გააზრებასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმაშია საძიებელი.

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით არჩევნებში მონაწილე ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ვიცით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს იმისათვის, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზი ნორმალურ კალაპოტში გადავიდეს.

წინამდებარე საარჩევნო პროგრამაში თეზისურად წარმოგიდგენთ ზოგიერთი იმ ნაბიჯის ჩამონათვალს, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების დარეგულირებისათვისაა გამიზნული.

 

თავი 1.

დგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებიდან - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე

მთელი საქართველოს მასშტაბით, გასაგებ მიზეზთა გამო, 2014 წ. ადგილობრივი ორგანოების ბიუჯეტი, დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის წარმომადგენელი „ნაცებისა“ და მათთან მოთანამშრომლე „ქოცების“ ე.წ. კოაბიტირებული შედეგია.

2014 წ. 15 ივნისის არჩევნების შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში მოსული პოლიტიკური გუნდი, იძულებული გახდება რა იმოქმედოს ამ ორგანოების წინა მოწვევის დეპუტაციის მიერ უკვე მიღებული საბიუჯეტო რეგულაციით განსაზღვრულ ჩარჩოებში, უძლური იქნება დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის წინაშე მდგარი კონკრეტული ამოცანების განხორციელებაში.

ქვეყნის საკანონმდებლო სფეროს ძირითადი განმსაზღვრელი: 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტი, მასში წარმოდგენილი ისეთი პოლიტიკური ძალების ერთობაა, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას არ გამოხატავენ.

ჩვენის აზრით, საქართველოს მოსახლეობამ 2014 წ. 15 ივნისის არჩევნებში მხარი ისეთ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუჭიროს, რომელიც სახელისუფლო ბერკეტების მოპოვების შემდეგ, უახლოეს პერიოდში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომხრე პოზიციის გამხმოვანებელი იქნება.

„უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს სახელით არჩევნებში მონაწილე ჩვენი პოლიტიკური გუნდი, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში მომქმედი ის ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც არამარტო მომხრე ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა, არამედ გაგვაჩნია ასეთი არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო კონკრეტული იურიდიული მექანიზმი.

წინამდებარე საარჩევნო პროგრამაში გადმოცემული მექანიზმის განხორციელება დიდწილადაა დამოკიდებული, საქართველოს მომავალ ბედზე ეროვნული სულისკვეთებით მაფიქრალი მოსახლეობის მხარდაჭერაზე.

ამიტომ, თუ თქვენც იზიარებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების წარმოდგენილ მექანიზმს - შემოგვიერთდით, და - ერთად შევქმნათ საქართველოს გაბრწყინებისათვის საჭირო საფუძველი.

საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემატურ კითხვებზე ჩვენეული პასუხები ასეთია.