Print

საარჩევნო პროგრამის მეორე ნაწილი

1.1 თუკი თქვენც ჩვენსავით თვლით, რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა

1991-1992 წლების მოვლენების შედეგად

დარღვეული ეროვნული ცნობიერების აღდგენა,

მაგრამ არ იცით როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი,

მხარი დაუჭირეთ

„უფლის სახელით...“ მომავალი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამას,

და არჩევნებში გამოხატული მხარდაჭერით

მოგვეცით მისი განხორციელების შესაძლებლობა

 

ჩვენის აზრით საჭიროა მოხდეს  საქართველოში 1991 -1992 წლების დეკემბერ - იანვრის მოვლენების პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასება, კერძოდ:

ვითვალისწინებთ რა, რომ  საქართველოში 1991-1992 წლების მიჯნაზე გარე იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და მონაწილეობითსამხედრო შეიარაღებული გამოსვლის გზით, კანონიერი ხელისუფლების დამხობით გამოწვეულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისულმა მდგომარეობამ, ჩვენს ქვეყანაში,  სათავე დაუდო - არნახულ უკანონობას, მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების გადაგვარებასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რამაც, მთლიანობაში, საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების დონის უკიდურესი გაუარესება გამოიწვია;

ვითვალისწინებთ რა, რომ 1992 წლის 13 მარტს, . გროზნოში გამართულ სესიაზე, დევნილობაში მყოფი, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ  მიღებულ [„1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“] და 2005 წლის 11 მარტს, 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ  მიღებულ [„1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“] დადგენილებებს, აუცილებელია 

1. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები;

ა) კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება; და

ბ) შეფასდეს, როგორც -  საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. დაევალოს საქართველოს პროკურატურას - აღძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირისა თუ პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, ვინც ორგანიზება გაუწია ან იარაღით ხელში უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს ქვეყანაში 1991-1992 წლების გასაყარზე განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

3. საქართველოში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული მოვლენების ყველა ის მონაწილე, რომელიც იარაღის ძალით არ იბრძოდა და არ არის გარეული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულში, განთავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

1991 წ. 22 დეკემბრიდან დაწყებული ქართული ცნობიერების დარღვევის პერმანენტული პროცესის შესაჩერებლად, აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება რათა:

ქართველი ერის სულიერი გაერთიანების მიზნით, ზემოთხსენებული ტრაგედიის დაწყების დღე - 22 დეკემბერი, დაწესებული იქნეს - მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღედ.

ეკლესიის წიაღიდან მომდინარე, ღვთაებრივ სწავლებაზე დაფუძნებული, მონანიებისა და ურთიერთმიტევების მოწოდება, ხელს შეუწყობს ამოავსოს, ხსენებულ ტრაგედიაში მონაწილე დაპირისპირებულ მხარეთა შორის გაჩენილი, გაუცხოების უფსკრული.

ყველამ კარგად უნდა გავიცნობიეროთ, რომ განკითხვის დღეს აღსრულებული ღვთაებრივი სამსჯავრო, თითოეულ ჩვენთაგანს მიუკერძოებელ უფლისმიერ განაჩენს გამოუტანს, რამეთუ გვაფრთხილებს მაცხოვარი - „... მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები“-ო (მათე 12,36-37). 

22 დეკემბერს დაწესებული მონანიებისა და ურთიერთმიტევების დღე, საქართველოს ყველა მაცხოვრებლისათვის უნდა იქცეს იმ დაფიქრების დღედ, როდესაც ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა - მოვინანიოთ, ქვეყნის წინაშე ჩადენილი ჩვენი წილი დანაშაული, და მივუტევოთ ერთმანეთს ნებსითი თუ უნებლიე შეცოდებანი, რათა ღმერთმა ჩვენც მოგვანიჭოს შენდობით გამოწვეული მადლისმიერი სიხარული.