Print

აფხაზეთის პრობლემატიკა

3.6  თუ თქვენ ჩვენსავით ფიქრობთ, რომ შესაცვლელია აფხაზეთიდან დევნილი სახელისუფლო შტოებისა და მოსახლეობის ურთიერთ თანამშრომლობის საკითხები

და არ იცით, როგორ შეიძლება გადაიჭრას შექმნილი პრობლემა,

მხარი დაუჭირეთ

„უფლის სახელით...“ მომავალი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამას,

და არჩევნებში გამოხატული მხარდაჭერით

მოგვეცით მისი განხორციელების შესაძლებლობა

 

ა) წინარე ისტორია, ანუ ეროვნული ხელისუფლების ძალისხმევა

1988-1989 წლიდან მოყოლებული, კრემლის აშკარა წაქეზებითა და ხელშეწყობით, აფხაზი სეპარატისტების მიერ, გამუდმებით ხდებოდა მდგომარეობის დაძაბვა, საქართველოს განუყოფელი ნაწილის -  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ძალების გამარჯვებით დასრულდა. ქვეყნის სათავეში მოსული ეროვნული ხელისუფლება, ყველანაირად ცდილობდა მშვიდობიანი გზით გამკლავებოდა კრემლის იმპერიული ძალების მიერ აფხაზეთში შეიარაღებულ დაპირისპირების გაჩაღების მცდელობას.

მიუხედავად კრემლის იმპერიული ძალების წინააღმდეგობისა, ქართული და აფხაზური მხარის ორმხრივი კონსენსუსის საფუძველზე მაინც მოხერხდა მდგომარეობის ნორმალიზება... 1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული ქვოტების პრინციპს ითვალისწინებდა. კერძოდ:

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იქნებოდა 65 დეპუტატი; მათ შორის: 28 - აფხაზი ეროვნების; 26 - ქართველი და 11 - სხვა დანარჩენი ეროვნების მქონე დეპუტატი;

- მიღწეული შეთანხმების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზური დეპუტაციის, ხოლო მისი პირველი მოადგილე - ქართული დეპუტაციის წარმომადგენელი იქნებოდა;

- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იქნებოდა ქართველი, ხოლო მისი პირველი მოადგილე - აფხაზი;

- აფხაზეთის ასს რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (გარდა საპროცედუროსი) უნდა მიღებულიყო ხმების 2/3-ით (44 ხმა), რომლის მოსაგროვებლად აუცილებელი ხდებოდა ქართული და აფხაზური მხარის დეპუტატთა ურთიერთკომპრომისი.

 

ბ) 1991-1993 წლები

1991 წლის 29 დეკემბერსა და 1992 წლის 6 იანვარს, ახლადარჩეული აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესიაზე დაწყებული საქმიანობის ნორმალური რიტმი, საქართველოში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ საბოლოოდ შეცვალა.

ქართული დეპუტაცია კრემლის მიერ წაქეზებული აფხაზეთის დეპუტატთა მიერ დაგებულ მახეში გაება. კერძოდ: 1992 წლის 3 აპრილიდან აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ქართულმა დეპუტაციამ, დატოვა რა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ფაქტობრივად უარი განაცხადა საპარლამენტო გზით პრობლემის ერთობლივად მოგვარებისათვის ბრძოლაზე და ქვეყნის ბედი მთლიანად სეპარატისტული ძალების ამარა დატოვა.

აფხაზეთის უმაღლესი აჩევითი სახელისუფლებო რგოლის - უმაღლესი საბჭოს ორი პარალელური სტრუქტურის დაფიქსირებამ, სავალალო შედეგების მიღებას დაუდო სათავე.

დღეისათვის არსებული პრობლემის მოგვარების ჩვენეული მექანიზმი ასეთია:

მხედველობაში ვიღებთ, რომ 1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ 5 წლით არჩეულ - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოში, გარე და შიდა ანტისახელმწიფოებრივი ძალების ზემოქმედებისა გამო - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორად გაყოფის დაფიქსი-რებიდან, ანუ - 1992 წლის 3 აპრილის შემდგომად, ცალ-ცალკე გუნდად მოქმედი არც ერთი საპარლამენტო დეპუტაცია აღარ გახლდათ 1991 წლის 9 ივლისს მიღებული საარჩევნო კანონით განსაზღვრული კანონიერი სახელისუფლო შტოს ლეგიტიმაციის მატარებელი; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ 1991 წლის 3 აპრილს, აფხაზეთის უმაღლესი აჩევითი სახელისუფლებო რგოლის - უმაღლესი საბჭოს ორი პარალელური სტრუქტურის დაფიქსირებამ, სავალალო შედეგების მიღებას დაუდო სათავე. მართვის სათავეებთან მარტოდ დარჩენილი აფხაზეთის ასსრ სეპარატისტული ხელმძღვანელობა, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქვორუმის ხელოვნურად შეცვლის ხარჯზე, კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით, თანამიმდევრულად იღებდა ანტიკონსტიტუციურ სამართლებრივ აქტებს (აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონდარღვევით მიღებული დადგენილება აფხაზეთის ტერიტორიაზე - საქართველოს კანონების იურიდიული ძალის არმქონედ და გაუქმებულად გამოცხადება; 1992 წ. 23 ივლისს მიღებული აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება - აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისა  და აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცის ამოქმედების თაობაზე და სხვა); აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ „სახელმწიფო საბჭოს“ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი კანონიერი ხელისულების მომხრეთა საპროტესტო აქციების ასალაგმავად, საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება პროვოკაციულად იქნა გამოყენებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში მყოფი აფხაზი სეპარატისტების კონტროლირებადი სახელისუფლო შტოს მიერ საომარი მოქმედების წამოწყებისათვის, რითაც საქართველო ჩართულ იქნა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ საომარ მოქმედებაში; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ საქართველოს განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს არ მიეცა სათანადო კვალიფიკაცია და არ იქნა გატარებული მისი სალიკვიდაციო სრულფასოვანი ღონისძიება, რითაც თანმიმდევრულად დაკარგულ იქნა მთელი აფხაზეთის ტერიტორია; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ 1993 წლის 27 ივლისს სოჭში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა ე.წ. კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარის გაყვანას (სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა), შემზადდა ნიადაგი 1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედების განახლებისა და 1993 წლის 27-30 სექტემბერს ქ. სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთად წოდებული საქართველოს ძირძველი კუთხის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიისათვის; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ 1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩატარებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ე.წ. „ქართველთა ქვოტით“ არჩეულმა ქართულმა დეპუტაციამ თავისი საქმიანობა დევნილობაში განაგრძო, და 1993 წლის ოქტომბრიდან, დროებით, თბილისში დამკვიდრდა; აგრეთვე

მხედველობაში ვიღებთ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი სახელისუფლებო შტოს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ (1992 წ. 13 მარტს და სხვა), ერთის მხრივ და მეორეს მხრივ 2003-2004 წ.წ. მოწვევის საქართველოს დე-ფაქტოდ მოქმედი პარლამენტის მიერ (2005 წ. 11 მარტი) მიღებული დადგენილებების თანახმად, 1991-1992 წლებში მომხდარი ხელსუფლების სამხედრო-კრიმინალური მოქმედების გზით შეცვლის შემდეგ მიღებული ყველა ანტიკონსტიტუციური გზით მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში) ითვლება - უკანონოდ და იურიდიული ძალის არმქონედ

უფლებამოსილინი ვართ განვაცხადოთ შემდეგი:

1. 1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ 5 წლით არჩეული - აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, გარე და შიდა ანტისახელმწიფოებრივი ძალების ზემოქმედებისა გამო - ორად გაყოფის დაფიქსირებიდან, ანუ - 1992 წლის 3 აპრილის შემდგომად, აღარ გახლდათ 1991 წლის 9 ივლისს მიღებული საარჩევნო კანონით განსაზღვრული კანონიერი სახელისუფლო შტოს ლეგიტიმაციის მატარებელი; რამეთუ არცერთი მათგანი აღარ იყო (არის) აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის ერთიანი ჭეშმარიტი ნების გამომხატველი;

2. 1992 წლის 3 აპრილიდან მოყოლებული, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შიგნით წარმოქმნილი ორივე (როგორც ქართული ასევე აფხაზური) სადეპუტატო შტო, თავისი არალეგიტიმურობის ხასიათიდან გამომდინარე, არის - უკანონო სახელისუფლებო წარმონაქმნი;

3. 1992 წლის 3 აპრილიდან ათვლით - 1991 წლის დეკემბერში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობის მიერ არჩეული - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორად გაყოფილი - ქართული და აფხაზური (სეპარატისტული) სახელისუფლებო წარმონაქმნისა თუ მათ სამართალმემკვიდრეთა მიერ - აფხაზეთის უმაღლესი არჩევითი ორგანოს სახელით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის უკანონო და  იურიდიული ძალის არმქონე.

 

გ) მისაღები გადაწყვეტილებების ჩამონათვალი

1991-1992 წლების მოვლენების შედეგად წარმოქმნილი ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური სივრცის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და სახელისუფლო სტრუქტურების საქმიანობის მეტ-ნაკლებად მოწესრიგების მიზნით აუცილებელია:

1. რეორგანიზაცია გაუკეთდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს; კერძოდ: სახელდება - „აფხაზეთის უმაღლესი საბჭო“ შეიცვალოს, და ეწოდოს  - „აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საბჭო“;

2. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ს შემადგენლობა განისაზღვროს:

ა) სათათბირო ხმის უფლების მქონე - 1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის  მკვიდრი მოსახლეობის მიერ არჩეული დეპუტატებისაგან;

ბ) სათათბირო ხმის უფლების მქონე - 1992 წლის 11 ოქტომბრის უკანონო საპარლამენტო არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეული დეპუტატებისაგან;

გ) 1992-1993 წლებში საქართველოს განუყოფელ ნაწილში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებისა და, შემდგომში, ქართული ტერიტორიის ანექსიისა და ოკუპაციისას განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მიერ გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე - მაჟორიტარული პრინციპით არჩეული დეპუტატებისაგან.

3.  აფხაზეთის ავტონომიიდან დევნილი მოსახლეობის მიერ „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ში, გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე მაჟორიტარების არჩევის წესი უნდა დაეფუძნოს, აფხაზეთის ავტონომიის - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის რაიონებში ჩაწერის მქონე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიერ არჩევნების გზით გამოხატულ თავისუფალ ნებას;

4. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ში შემავალი გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე მაჟორიტარული პრინციპით არჩეული დეპუტაცია, სათათბირო ხმის უფლების მქონე დეპუტაციის აზრის გათვალისწინებით, აყალიბებს - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობას“.

5. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობის“ თავმჯდომარის ორ კან-დიდატურას, „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ში შემავალი გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე მაჟორიტარული პრინციპით არჩეული დეპუტაციიდან, ასახელებს საქართველოს პრეზიდენტი. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ს თავმჯდომარე.

6. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“ შეიმუშავებს თავის სამუშაო რეგლამენტს და „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობის“ სტრუქტურას; 

7.  „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობის“ მთლიან გუნდს აყალიბებს, მთავრობის თავმჯდომარე და დასამტკიცებლად წარუდგენს „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ს. მთავრობის გუნდის დამტკიცება ხდება გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დეპუტატთა უბრალო უმრავლესობით.