Print

2014 წ. 13 ივნისის მიმართვა ამომრჩეველს

„...ვინაიდან მ-7 ვარ და გულით მდაბალი,

და მოიპოვებთ სულის სიმ-7-ვიდეს“ [მათე 11,29]

 

ღია მიმართვა

ეროვნული სულისკვეთებით მაფიქრალ

საქართველოს მოქალაქეებს

მოგმართავთ - საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომელნიც - 1991-1992 წლების გასაყარზე საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებიდან მოყოლებული დღემდე მყარად დგეხართ - სამართლიანობისა და კანონიერების სადარაჯოზე:

 

ეროვნული სულისკვეთებით მაფიქრალო თანამოქალაქენო!

კაცობრიობის პროგესული ნაწილის მიერ აღიარებულ სამართალზე დაყრდნობით ნათელია, რომ საქართველოში ბოლო ოცი წლის მანძილზე ხელისუფლებაში მოსული ყველა ძალა - 1992 წ. 2 იანვარს ჩამოყალიბებული ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“ სამართალმემკვიდრეა, და შესაბამისად - უკანონო სახელისუფლო სტრუქტურას წარმოადგენს.

 

აღნიშნულ განცხადებას იურიდიულ-სამართლებრივ საფუძვლად უდევს, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი სახელისუფლო სტრუქტურის - დევნილობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ - 1992 წლის 13 მარტს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართულ სესიაზე მიღებული დადგენილება - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს: 

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ა.შ.) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“.

(იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

მეორე ნაწილი, გვ. 471-472, თბ. 1996 წ.).

 

მეორეს მხრივ, 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე,  ეროვნული სულისკვეთებით აღვსილი, საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, უკანონო ხელისუფალის გასახარად, არ იღებს მონაწილეობას - სელისუფლების არჩევითი ორგანოების ფორმირებაში.

 

ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის მიერ შემოღებული, და დღეისათვის მომქმედი, საქართველოს ორგანული კანონი - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, არ ითვალისწინებს - არჩევნების ჩატარებულად გამოცხა-დებისათვის საჭირო არანაირ მინიმალურ საარჩევნო ბარიერს.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რა რაოდენობა მივა არჩევნებზე - იგი მაინც ჩატარებულად ჩაითვლება.

 

ასე მაგალითად - 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, საარჩევნო ხმის უფლების მქონეთა - 100% პროცენტიდან, არჩევნებზე - 10% ამომრჩევლის მისვლის შემთხვევაშიც კი, არჩევნები ჩაითვლება ჩატარებულად და გამარჯვებულად გამოცხადდება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ 10%-ის უმრავლესობას, ანუ ნახევარზე მეტ ხმას მიიღებს, ე.ი. საარჩევნო ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა - 6%-ით მხარდაჭერილი გუნდი.

 

ბოლო 22 წლის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა ყველას ნათლად დაგვანახა, რომ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი, შემდეგი ორი სამოქმედო გეგმის ურთიერთშეჯერებაშია საძიებელი:

1. კანონიერი სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობითი ხაზის აღდგენამდე,  1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს იურიდიული სამართალმემკვიდრეობის მატარებელმა სტრუქტურამ,  საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული 1992 წლის 13 მარტის დადგენილების საფუძველზე, კანონიერად არ უნდა სცნოს საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ დანიშნული არც ერთი უკანონო არჩევნები.

 

2. შესაბამისი ლეგიტიმაციის მატარებელი ძალის მიერ, უკანონო არჩევნებისათვის იურიდიული ბოიკოტის გამოცხადების პარალელურად, სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრების გზაზე, საჭიროა გამოყენებულ იქნას - არჩევნებში მონაწილეობაც.

 

ანტიკონსტიტუციური გზით დანიშნული - 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, კანონიერებისა და სამართლიანობის ცნობიერების მატარებელი საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მონაწილეობის გარეშე „არჩეული“ ხელისუფალის ნამოქმედარმა - დღევანდელ რეალობამდე მოგვიყვანა.

ასეთი ეროვნული  ცნობიერების მატარებელმა საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა, არჩევნებში მონაწილეობის გზით მხარი უნდა დაუჭირონ ისეთ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იბრძოლებს, რათა შეიქმნას იურიდიული საფუძვლები ქვეყანაში დარღვეული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა-დამკვიდრებისათვის; ანუ:

შეამზადოს პირობები - კანონიერი და დემოკრატიული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა-ჩატარებისათვის;

აღნიშნული სამოქმედო გეგმის პრაქტიკული განხორციელებისათვის, საჭიროა რომ სამართლებრივად უკანონო რეჟიმის მიერ დანიშნულ არჩევნებში არანაირი მონაწილეობა არ უნდა მიიღოს კანონიერი ორგანოს, საქართველოს რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭოს არც ერთმა დეპუტატმა, პიროვნულად;

ხოლო ორგანიზაციულად - საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა „მრგვალ მაგიდაში“ შემავალმა არც ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელსაც დევნილი კანონიერი ხელისუფლების სამართალ-მემკვიდრეობაზე აქვს პრეტენზია;

 

გარდა ამისა, ყოველმა პიროვნებამ ან პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელიც გარეულია 1991-1992 წლების მიჯნაზე განვითარებულ მოვლენებში, უნდა გაისიგრძეგანოს მათ მიერ, რბილად რომ ვთქვათ, დაშვებული შეცდომები, უნდა ჩამოცილდეს პოლიტიკურ ასპარეზს და სხვა სფეროში მოღვაწეობით შეეცადოს მის მიერ ქვეყნისათვის მიყენებული ჭრილობების მოშუშებას, არც ერთ მათგანს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია - არჩევნებში მონაწილეობისა.

 

ეროვნული საქმე შეიძლება აკეთონ მხოლოდ სუფთა ხელებისა და მაღალი ზნეობის მქონე, თავისი საქმის პროფესიონალმა ადამიანებმა.

დღეს, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია შიდა წინააღმდეგობების დაძლევის გზების ძიება... ყოველივე ეს კი უნდა მოხდეს მხოლოდ კანონიერების საფუძველზე.

საქართველოს წინაშე ხელოვნურად შექმნილი უკანონობის ლაბირინთიდან, მხოლოდ უფლისმიერი სიმართლით განსაზღვრულ გზაზე სიარულით შეიძლება თავის დაღწევა...

 

დიდი ქართველი მოაზროვნე დიმიტრი უზნაძე ბრძანებდა:

- „უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო..."

 

აღნიშნულის პერიფრაზს თუ გამოვიყენებთ, მაშინ ცხადია, რომ:

ეროვნული სულისკვეთებით მაფიქრალი ძალები - გულგატეხილები და აქტიური პოლიტიკური პროცესებისაგან გარიყულები იმიტომ კი არ ვართ, რომ - 1992 წლიდან დღემდე უკანონო ხელისუფლება გვმართავს;

არამედ - 1992 წლიდან დღემდე უკანონო ხელისუფლება იმიტომ გვყავს, რომ ეროვნული სულისკვეთებით მაფიქრალი ძალები - გულგატეხილები და აქტიური პოლიტიკური პროცესებისაგან გარიყულები ვართ...

და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე - სამართლებრივად უფლებამოსილი სტრუქტურის მიერ უკანონო არჩევნებისათვის იურიდიული ბოიკოტის გამოცხადების პარალელურად, არჩევნებში მონაწილეობის გზით, ჩვენ თვითონ არ ჩავერთვებით - ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისათვის მიმდინარე ბრძოლაში.

 

არჩევანის თავისუფლებას, რომელიც ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლია, შესაფერი გააზრება-გათავისება სჭირია...

უნდა გვახსოვდეს მაცხოვრისეული შეგონება, რამეთუ დიახაც რომ - ყველა, საკუთარი სიტყვებითა და საქმიანობით აგებს პასუხს, მოახლოებულ იმ დიდ სამსჯავროზე, განკითხვა რომ ჰქვია.

 

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს:

აირჩიეთ სიცოცხლე [ღმერთის გზაზე სიარული], რათა იცოცხლოთ [დარჩეთ ღმერთში].

ღმერთმა ყველას მოგვცეს - მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი

 

დე, ღმერთი იყოს ერის ხმით გამოხატული ნების განსახორციელებლად სამართლიანობის აღდგენის გზაზე უფლისმიერი სიმართლით მომქმედთა შემწე. ამენ!