Print

2012 წ. და "მაიას კალენდარი" - მეორე ნაწილი

მაიას ტომის კალენდარი,

ანუ 2012 წლის არსობრივი მხარის საკითხისათვის

(მეორე ნაწილი)

 

მაიას ტომისეული მინიშნება და იოანე-ზოსიმეს „ქებაის“ –

„ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

წინამდებარე მონაკვეთში გვინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, თუ როგორ ეხმიანება იოანე-ზოსიმეს „ქებაჲ..., მაიას ტომის კალენდრის მიერ გამოკვეთილ - 2012 წელს.

ბოლო ჟამის შესაცნობი ნიშნების მატარებელი, მეათე საუკუნის ქართული ძეგლი - „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, არაერთი კუთხითაა მნიშვნელოვანი. ამჟამად, მხოლოდ რამოდენიმე მათგანზე გვინდა მკითხველის ყურადღების შეჩერება.

ეზოთერული კუთხით, გამორჩეული მისტერიული შინაარსის მატარებლად ითვლება ე.წ. - გამმიჯნავი წლები, ანუ როდესაც ორივე მხრიდან წაკითხვისას წლის ერთი და იგივე მაჩვენებელი ფიქსირდება.

1918 წლის 26 მაისს მოპოვებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, არასრული სამი წელი გაგრძელდა. გავიდა წლები, და საბჭოთა იმპერიაში შემავალმა საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენა სწორედ ე.წ. გამმიჯნავ - 1991 წელს (9 აპრილი) შეძლო.

დამოუკიდებლობა აღდგენილი საქართველოს ისტორიაში პირველი საყოველთაო აღწერა, ასევე გამმიჯნავ - 2002 წელს(17-24 იანვარი) ჩატარდა.

1991 წელმა, თავის მხრივ, ბიბლიაში დაფიქსირებულ - „გაპარტახების სიბილწეს“ დაუდო სათავე (იხ. მათე 24,15; დან. 9,27; იერ. 25,8-12 და სხვა).

2002 წელი, პირველი აღწერის გარდა, იმითაც იქნა გამორჩეული, რომ მან სათავე დაუდო ბიბლიური „მეოთხე მხეცის“ (იხ. დან 7,7-8; 19-20; დან. 8,22) დამმარცხებელი - „ერთ-ერთი მისი მთავართაგანის“ (იხ. დან. 8;25;  11,5), იგივე - „ცრუწინასწარმეტყველის“ (იხ. გამოცხ. 19,20) არსის მატარებელი პირის - მ. სააკაშვილის „არენაზე“ ღიად გამოსვლას.

2002 წლის 24 და 31 იანვარს დაბეჭდილ ჩვენი გაზეთის ორ ნომერში - №4(77) და №5(78), გამოვაქვეყნეთ - მიხეილ სააკაშვილისადმი, როგორც ბიბლიური ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი პირისადმი, განკუთვნილი ღია წერილი.

ბოლო ჟამის ნიშნებში გარკვეულმა მკითხველმა იცის რომ, თავის მხრივ, ბიბლიური - „მეოთხე მხეცი“, იგივე „მეოთხე მეფე“ და იგივე „მომცრო რქა“, ანტიქრისტეს არსის მატარებელი - ედ. შევარდნაძის შესაცნობი კოდირებული სახელებია (იხ. დან. 7,17;  8,9).

წმიდა მამათა წერილების მიხედვით გვეუწყება, რომ - „... ცრუწინასწარმეტყველი (აქ - მ. სააკაშვილი), როგორც მისი ხელშემწყობი, ანტიქრისტეს (აქ - ედ. შევარდნაძის) სულისკვეთებითა და მიმართულებით იმოქმედებს“-ო (იხ. ჟურნ. „ლაზარეს აღდგინება“, თბ. 1991 წ., №15, გვ.112).

მისტერიული კუთხით 2002 წელი ერთგვარი „ნათლისღების წელიც გახლავთ, რამეთუ „მეოთხე მხეცის“ (ედ. შევარდნაძის) საქმენი საგმირონი, თავის გაგრძელებას, „ცრუწინასწარმეტყველის“ (მ. სააკაშვილი) ხელით იწყებდა.

2002 წლის იანვარში მომხდარი ანტიქრისტესმიერი „სულიერი ნათლისღებით“ დაწყებული ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის გზასავალი, იმავე წლის სექტემბერში მის მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საქმიანობის დაწყებით გაგრძელდა. ამ და სხვა მოვლენათა თაობაზე, ჩვენს მიერ უკვე (წლების განმავლიბაში) დაწერილის შეხსენებას, ამჟამად, აღარ შევუდგებით, და წარმოდგენილი მცირე შესავლის შემდეგ, მოდით იოანე-ზოსიმეს ტექსტისმიერ კარნახს გავეცნოთ. ჩვენთვის საინტერესო ფრაგმენტი ასეთია:

„... სახარებასა შინა ქართულსა, თავსა ხოლო მათჱსსა, წერილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა, და ესე არს ოთხი დღჱ;

და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მის თანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაჲთა,

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული, სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა.

და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე,

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ - ესე წილი ანბანისაჲ“.

წარმოდგენილ ნაწყვეტში, ამჟამად საინტერესო კოდირებული მინიშნებებია - „მათჱსსა“, „ოთხ ათასსა მარაგსა”, „ნათლისღებისა“, „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“.

მეგრული კოდის მიხედვით, სიტყვა - „მათე“, ნიშნავს - „მოამთავრე“, ანუ ზოგადად - რაღაცის დამთავრებასა თუ გასრულებაზე გვითითებს.

დანარჩენი სამი კოდირებული ნიშანი, თქმული - „მოამთავრეს“ [მათე] კონტექსტში, ერთმანეთთან დაკავშირებით, ბოლო ჟამის კონკრეტულ დროით მიჯნას გვიფიქსირებს. და აი, როგორ.

ხსენებული - „ნათლისღება“, მითითებული - „ოთხი ათასის“ ათვლის წერტილია, რომელიც საძიებელ - „ოთხმეოც და ათოთხმეტ წელს“ გამოგვიკვეთავს.

21-ე საუკუნის პირველივე გამმიჯნავი წლის ნათლისღებიდან, ანუ 2002 წ. 19 იანვრიდან აღებული (19, 20 ... 25, 26), ხსენებული „ოთხ ათასსა მარაგსა”-თი გამოკვეთილი დროითი მონაკვეთი - 2012 წლის 26 მაისზე მოდის.

მეორეს მხრივ, რუსეთის იმპერიიდან თავდახსნილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ანუ 1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, „ქებაჲ...“-ში მინიშნებული - „ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, 2011 წლის 26 მაისიდან - 2012 წლის 26 მაისამდელ დროით მონაკვეთს მოიცავს. ჩვენის აზრით, სწორედ ამ წელზე უნდა გვანიშნებდეს იოანე-ზოსიმესეული ტექსტის - „ესე ენაჲ შემკული და კურთხეული, სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა. და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“-ო.

ამდენად, ბოლო ჟამის გასრულების, ანუ მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული „სასწაულის“ არსის მატარებელი„ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, თურმე რაღაცის დასასრულზე („მათე“) რომ მიგვანიშნებს, „ნათლისღებისა“ და „ოთხ ათასსა მარაგსა“-თი, ოცდამეერთე საუკუნის პირველივე გამმიჯნავი წლის - 2002 წ. 19 იანვრიდან ათვლით, იმ მე-4000-ე დღეს გამოყოფს, რომელიც 1918 წლის 26 მაისიდან ათვლით 94-ე წელზე - 2012 წ. 26 მაისზე მოდის.

და კიდევ. კოდირებული - „და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი“, რუსთაველის გამზირზე დატრიალებული 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ტრაგედიითა, და შემდგომად იქვე ჩატარებული სამხედრო აღლუმით დაიწყო.

დასასრულს დავსძენთ, რომ 2011 წლის 31 დეკემბერს - „... უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის მიერ მიღებული ჩვენი „პოლიტიკური პრიორიტეტების“ ნუსხით გათვალისწინებულ საკითხთა განხილვა-მიღების პროცესი სწორედ 2012 წლის 26 მაისს დასრულდა.  „წინასაარჩევნო განაცხადის“ დამტევი კრებულის სახელდება - „უფლის სახელით“, ჩვენის აზრით „ქებაჲ...“-ში მითითებული: „სახელითა უფლისაჲთა“-ს მისტერიული ანარეკლი უნდა იყოს.

 

ისევ კოდირებული „ოთხმეოც და ათოთხმეტი“-ს არსის თაობაზე, ანუ

მე-13 „ბაქტუნი“ და „ბოლონ იოქტე“

მაიას ტომის კალენდრისეულ მინიშნებასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინათ - „გერმანელმა მკვლევარმა სვენ გრონომეიერმა 2012 წლის 21 დეკემბრის კატაკლიზმებთან დაკავშირებით თავისი მრავალწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა... იგი დარწმუნებულია, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს დასრულდება მაიას კალენდრის მე-13 „ბაქტუნი“... მაიას ტომს სწამდა, რომ მე-13 ბაქტუნის დღეს ღმერთი ბოლონ იოქტე ჩამოვიდოდა ზეციდან. ევროპელებმა რიცხვი 13 ჩათვალეს უბედურების მომტან ნიშნად, მაგრამ ინდიელებთან, პირიქით - 13 რიცხვი ასოცირდება ყოველივე კარგთან და მას ცუდთან არაფერი აკავშირებს“ (იხ. „ფენომენი“, №3, 2012 წ., გვ.27).

მოდით ვნახოთ, თუ რა კოდირებული არსის მატარებელი შეიძლება იყოს აქ ნახსენები - „ბაქტუნი“, და - „ბოლონ იოქტე“,იმ კუთხით, რასაც „ლაზარეს“, ანუ ქართული [„ლასკარისეული“] ცნობიერება ჰქვია.

ქართული ანბანის ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების გათვალისწინებით, კოდი: „ბ[2] + ა[1] + ქ[24] + ტ[21] + უ[22] + ნ[14] + ი[10]“, ჯამში 94-ის ტოლია, და ზემოთ უკვე განხილული „ოთხმეოცდა ათოთხმეტი წელი“-ს არსობრივი მხარის გააზრებით , ზოგადად - 2012 წელზე უნდა გვანიშნებდეს.

უაღრესად საინტერესო მინიშნების მატარებელია ის ინფორმაციაც, რომ თურმე - „...მაიას ტომს სწამდა, რომ მე-13 ბაქტუნის დღეს ღმერთი ბოლონ იოქტე ჩამოვიდოდა ზეციდან“.

როგორც ვიცით - „ქარაგმა ასონაკლებობის ნიშანი“-ა (საბა, ტ. 2, გვ.212), ანუ როდესაც, მიზეზთა გამო, ესა თუ ის სიტყვა მხოლოდ პირველი და ბოლო ასოთა წყობით იწერება. ასე მაგალითად - „წმიდა“, ქარაგმით იწერება: „წ~ა“ [წ(მიდ)], ანდა სიტყვა - „ქრისტესა“, როგორც: „ქ~ა“ [ქ(რისტეს)] და სხვა.

ამდაგვარადვე, სიტყვა: „იესო“, ქარაგმით ასე იწერება: „ი~ო“ [ი(ეს)]; ხოლო სიტყვა: „ქრისტე“, ქარაგმით, უმეტეს შემთხვევაში იწერება როგორც: „ქ~ე“ [ქ(რისტ)] (საბა, ტ. 2, გვ.219), თუმცა, ამ სიტყვის დასატანი წარწერისათვის შედარებით მეტი ადგილის არსებობის შემთხვევაში, „ქრისტე“, ქარაგმით ასეც იწერება: „ქ~ტე“ [ქ(რის)ტე].

სიტყვათა წყობა: „იესო ქრისტე“, მისი ქარაგმით გადმოცემის (დაწერის) სურვილის შემთხვევაში, ასე ჩაიწერება: „ი~ო ქ~ტე“.

სულხან-საბა თავის „ლექსიკონი ქართული“-ს ხელნაწერში, რომელიმე სიტყვასთან სხვა სიტყვის კავშირში აღსაქმელად (ანდა მისათითებლად), სიტყვა: „ნახე“-ს მაგიერ, მხოლოდ მის პირველ ასო-ნიშანს წერს: „ნ“. ასე მაგალითად - „ბოლო (+19,15 ესაია) საქმის დასასრული ნ. ოხჭანი, საბოლოო“ (იხ. ტ. 1, გვ.109).

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბოლო ჟამში „ლასკარისეული“ (იგივე „ლაზარესეული“) ცნობიერების აღქმის კუთხით, სიტყვათა წყობა: „ბოლონ იოქტე“, იგივე - „ბოლო [„საქმის დასასრული“] ნ [„ნ(ახე)] იო [ი(ეს)ო] ქტე [„ქ[რის)ტე]“, ასე გვეარაკება: „ბოლო“-ს, ანუ „საქმის (იგივე - ამ წუთისოფლის, ანუ ბოლო ჟამის) დასასრულს“ „ნ(ახავთ) იესო ქრისტეს“-ო.

კოდირებული სიტყვა - „ცამეტი“, „ცა-მეტი“-ას, ანუ ზეციდან მომავალი, რომ „მეტი“-ა, იმას „იძახის“. განკაცებული მაცხოვარი ბრძანებს - „...მეორედ შობისას (აქ - ბოლო ჟამში), როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე, ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად“-ო (მათე 19,28). აქ, როგორც ვხედავთ, სულ 13 პირია გამოყოფილი, რომელთაგან თორმეტი - მოციქულია, ხოლო მე-13-ტე (ანუ ზეციდან მომავალი და სხვებზე აღმატებული: „ცა-მეტი“, იგივე - პირველი) იესო ქრისტე [ქარაგმით: „იოქტე“].

დასკვნის სახით, ყოველივე ზემოთქმული, ანუ ის, რომ - მაიას ტომის რწმენით - „მე-13 ბაქტუნის დღეს ღმერთი ბოლონ იოქტე ჩამოვიდოდა ზეციდან“, ბოლო ჟამის, ანუ „ლასკარისეული“ ცნობიერებით, ასეთ მინიშნებას იძლევა:

„კოდირებული „94“-ე  წლის, იგივე „მე-13 ბაქტუნის“ დღეს, ანუ „2012 წლის 21 დეკემბრის“ ბოლოს ნახავთ „იესო ქრისტეს“.

სახარებაში ვკითხულობთ - „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა... და სიტყვა (აქ - ძე) ხორცად იქცა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი (სიტყვის, იგივე - ძის, ანუ - იესო ქრისტესი), დიდება როგორც მხოლოდშობილისა მამის მიერ“ (იოანე 1,1; 14).

ჩვენის აზრით აქ, ბოლო ჟამის ორი (ერთმანეთის მომდევნო) ეტაპია მინიშნებული. კერძოდ, მითითებული - სიტყვა, თურმე ჯერ:  „ხორცად იქცა“, და [მხოლოდ] „შემდგომ ამისა“:  „დაემკვიდრა ჩვენს შორის“;

ხოლო ის, თუ, ამათგან, რომელი ეტაპის დადგომის მიმანიშნებელია ზემოთ გამოკვეთილი დროითი მიჯნა, ამას, თუ ღმერთი ინებებს, თავადვე შევესწრებით.

და კიდევ. როგორც ცნობილია, თურმე - თითოეული „ბაქტუნი“ შედგება 144 000 დღისაგან, რაც დაახლოებით 394 წლიანპერიოდს მოიცავს [144 000 : 365 = 394,52... აქ დაფიქსირებული - „394“, რამოდენიმე იგავურ მინიშნებას იძლევა. კერძოდ:

1. „394“, ანუ იგივე: „3-94“, გვითითებს: 3 [აქ - სამებაზე] და 94 [დროითი ნიშანი];

2. „394“, ანუ იგივე: „39-4“, გვითითებს: 39 [აქ - „ზღვა“ = 39] და 4 [მე-4-ე];

3. „394“, ანუ იგივე: „3 + 9 + 4“ = 16, რაც ასო-ნიშან „ო“-ზე, ანუ ქარაგმით „უფალო“-ზე გვანიშნებს;

4. „394“, ანუ იგივე: „3[9]4“, სადაც: „3[ ]4“, სამი და ოთხი, ანუ „სამოთხე“-ზე გვანიშნებს; ხოლო „[ ] 9 [ ]“, უმაღლესი ციფრია და უზენაეს ძალის არსს შეიცავს [„ღ(25) + მ(13) + ე(5) + რ(19) + თ(9) + ი(10)“ = 81 = 1 + 8 = 9].

ვისაც ყური აქვს ისმინოს. ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

დასკვნის მაგიერ, ანუ - ის ციდან ჩამოვა"

წინამდებარე თხრობის დასასრულს - მაიას ტომის კალენდართან მიმართებაში ჩვენეული კომენტარის შემოთავაზებამდე, წარმოგიდგენთ კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას, სათაურით - 2012 წელი და მაიას მეორე კალენდარი“:

„... ექსპერტების უმეტესობა 2012 წელთან დაკავშირებით იმოწმებს ჩვენამდე მოღწეულ მხოლოდ ერთ კალენდარს, ქვის ფილას, რომელზეც მაიას კალენდარია გამოსახული და რომელიც იპოვეს ტორტუგიეროში (შტატი ტაბასკო). მაგრამ, ანთროპოლოგიისა და ისტორიის ნაციონალური ინსტიტუტი აცხადებს, რომ ამ თარიღზე აშკარად მეტყველებს კიდევ ერთი წყარო, რომელიც კომალკალკოს ნანგრევებთან მდებარეობს. წარწერა ჩამოსხმულია და ამოტვიფრულია აგურზე. კომალკალკო მაიას სხვა ტაძრებისგან იმით გამოირჩევა, რომ ის აგურით არის აშენებული.

ინსტიტუტის პრეს-მდივანი არტურო მენდესი ამბობს, რომ წარწერის ფრაგმენტი აღმოაჩინეს რამდენიმე წლის წინათ, და იმ დროიდან გაცხოველებული შესწავლის ობიექტია. აღმოჩენის შესახებ არ გაცხადებულა, და ის ინახებოდა ინსტიტუტის საცავებში.

მაიას ეპიგრაფიკის სპეციალისტი ტეხასის შტატის უნივერსიტეტიდან, დევიდ სტიუარტი ამბობს, რომ - „ეს არის მრგვალი კალენდარი", დღეებისა და კვირეების პოზიციათა კომბინაცია, რომელიც მეორდება ყოველ 52 წელიწადში".

აგურზე გამოსახული თარიღი ნამდვილად ემთხვევა მე-13 ბაქტუნს; ბაქტუნები წარმოადგენდნენ დაახლოებით 394 წლოვან პერიოდებს [იხილე ზემოთქმული], ხოლო რიცხვი 13 წმიდად მიიჩნეოდა მაიას ტომისთვის. მაიას კალენდარი იწყება ჩვ. .-მდე 3114 წელს, ხოლო მე-13 ბაქტუნი მთავრდება დაახლ. 2012 წლის 21 დეკემბერს.

 თუმცა, აგურზე გამოსახული თარიღი შესაძლოა შეესაბამებოდეს ანალოგიურ თარიღს წარსულში, ამბობს სტიუარტი - არ გვაქვს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ეს არ შეიძლება იყოს რაიმე ძველი დროის თარიღი, რომელიც კლასიკური პერიოდის ზოგიერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას აღწერს. საერთოდ, მესამე გლიფი აგურზე შეიძლება ასე წავიკითხოთ: ის მოდის"...

ორივე წარწერა - ტორტუგიეროს ფილა და კომაკალკოს აგური დაახლ. 1300 წლის წინათ არის შექმნილი და ჯერჯერობით არც ერთი ბოლომდე არ არის გაშიფრული.

ტორტუგიეროს წარწერა აღწერს რაღაც იმგვარს, რაც უნდა მოხდეს 2012 წელს, და რაშიც მონაწილეობას მიიღებს მაიას იდუმალი ღმერთი" - ბოლონ იოქტე, რომელიც ასოცირდება ომთან და აღმშენებლობასთან. სამწუხაროდ, ქვაზე გაჩენილმა ეროზიამ და ნაპრალებმა შეუძლებელი გახადა წარწერის ბოლომდე ამოკითხვა, თუმცა ზოგიერთები მის დაბოლოებას ასე კითხულობენ: ის ციდან ჩამოვა".

კომალკალკოს აგური უცნაურია იმითაც, რომ მასზე ამოტვიფრული გამოსახულებები კედელში მიბრუნებული იყო ტაძრის შიგნით, ანუ დაფარული იყო სპეციალური ფენით, რაც გვაფიქრებინებს, რომ გამოსახულება არავის უნდა ენახა...“ [იხილეთ ინტერნეტ გვერდი].


 (მეორე ნაწილის დასასრული)

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი