აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების

დარეგულირების ზოგადი პრინციპები

წინათქმა

აფხაზეთის ავტონომია — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ. კმ.

ჩრდილოეთი საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა აკრავს. ჩრდილოეთის საზღვარი მდ. ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთით _ სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდ. ენგურზე (ქვემო დინება). ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ. იმართება მარიონეტული დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ.

ჩრდილოეთით ესაზღვრება კრასნოდარის მხარე და ყარაჩაი-ჩერქეზეთი; აღმოსავლეთით _ მესტიისა და წალენჯიხის რაიონები; სამხრეთით _ ზუგდიდის რაიონი; აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი.

აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. დედაქალაქი – სოხუმი.

დღევანდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცავს - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის რაიონების ტერიტორიას.

 

შესავალი

აფხაზეთის თემატიკაზე საუბარი, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების დროიდან გვინდა დავიწყოთ.

ქართლ-კახეთის, იმერეთისა და სამეგრელოს სამთავროს რუსეთის ქვეშევრდომობაში „შესვლის“ შემდეგ ჯერი აფხაზეთზე მიდგა. 1809 წელს აფხაზეთის სამთავროს ტახტის მემკვიდრე გიორგიმ (საფარბეი) ხელი მოაწერა ე. წ. „სათხოვრის პუნქტებს“, სადაც გამოთქვამდა რუსეთის მეფის ქვეშევრდომობისა და სამსახურის სურვილს. 1810 წლის 17 თებერვალს ალექსანდრე I-მა დაამტკიცა „სათხოვარი პუნქტები“ და გიორგი შარვაშიძე აფხაზეთის მემკვიდრეობით მთავრად დანიშნა.

1864 წლის აპრილში ალექსანდრე II-მ მოიწონა კავკასიის მეფისნაცვლის მიერ წარმოდგენილი წინადადებები, აფხაზეთის სამთავროს გაუქმებასთან დაკავშირებით. 24 ივნისს მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა მიხეილ შერვაშიძეს იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი განთავისუფლებისა და აფხაზეთში პირდაპირი რუსული მმართველობის შემოღების შესახებ. იმავე წლის 12 ივლისს გაუქმებული აფხაზეთის სამთავროს მაგივრად ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის დაქვემდებარებაში შემავალი სოხუმის სამხედრო განყოფილება შეიქმნა (რომელმაც1883 წლამდე იარსება).

ახლადწარმოქმნილი ერთეული შედგებოდა - ბზიფის, სოხუმის, აბჟუის ოლქებისაგან. მასში შევიდა წებელდის საბოქაულოც. სოხუმის სამხედრო განყოფილების (ე. ი. აფხაზეთის) უფროსად დაინიშნა აფხაზეთის ჯარების უფროსი, (ვინმე, გენერალი პ. შატილოვი).

1866 წელს ცარიზმის ჩინოვნიკური აპარატის უხეშმა ჩარევამ აფხაზთა ცხოვრების წესში, აფხაზეთის მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყება დაიწყო 1866 წლის 26 ივლისს სოფ. ლიხნში და მალე თითქმის მთელი აფხაზეთი მოიცვა. აჯანყებულმა აფხაზებმა 20 წლის გიორგი შერვაშიძე მთავრად გამოაცხადეს. მაგრამ, იმავე წლის აგვისტოში რუსეთმა აფხაზეთში სასწრაფოდ გადაისროლა ჯარის ნაწილები ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით, რომელმაც აჯანყება სასტიკად ჩაახშო. ამ მოვლენებს აფხაზთა მასობრივი გადასახლება მოჰყვა თურქეთში, რომელიც ისტორიოგრაფიაში „მუჰაჯირობის" სახელითაა ცნობილი.

1866 წლის 11 აგვისტოს ალექსანდრე II-ს მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად, სოხუმის სამხედრო განყოფილებაში გაუქმდა წებელდის საბოქაულო და ჩამოყალიბდა ოთხი ახალი ოლქი – ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის ოლქები. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქ. სოხუმი. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს სამხედრო გუბერნატორის წოდება მიენიჭა, რომელიც, ნომინალურად, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა.

1867 წელს აფხაზთა მუჰაჯირობის გამო დაცარიელებული მიწა-წყლის დასახლებისა და სოხუმის სამხედრო განყოფილების მმართველობის შემდგომი ცენტრალიზაციის აუცილებლობამ, დღის წესრიგში დააყენა ახალი ადმინისტრაციული რეფორმის გატარება, რომელიც 1868 წლის 27 მაისს განხორციელდა. გამსხვილდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. შეიქმნა ორი ოლქი – ბიჭვინთის ოლქი, რომელიც შედგებოდა გუდაუთისა (გაგრიდან ფსირცხამდე) და გუმისთის (ფსირცხიდან მდ. კოდორამდე) უბნებისაგან, და ოჩამჩირის ოლქი, რომელიც შედგებოდა კოდორისა (მდ. კოდორიდან მდ. ღალიძგამდე) და სამურზაყანოს (მდ. ენგურამდე) უბნებისაგან.

ასეთმა ადმინისტრაციულმა დაყოფამ 1883 წლამდე იარსება, როდესაც, გაუქმებული სოხუმის სამხედრო განყოფილების ნაცვლად ქუთაისის გუბერნიის საზღვრებში, შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული ერთეული – სოხუმის ოლქი.

 

1918-1921 წლები

1917 წლის 25 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. 1918-21 წლებში, ყოფილი სოხუმის ოლქი (აფხაზეთი) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით შედიოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე თავის 107–ე მუხლში ნათქვამია:

„თავი 11. ავტონომიური მმართველობა

მუხლი 107. საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი), ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.

მუხლი 108. წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმრთველობათა დებულებანი შემუშავებული იქნება ცალკე კანონით“.

მიზეზთა გამო, განსაზღვრული საქმის პრაქტიკულად განხორციელება ვეღარ მოხერხდა.

 

1921-1991 წლები

1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია მოახდინა. იმავე წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა; 1921 წლის 16 დეკემბერს უკანონო კომუნისტურმა რეჟიმის მიერ თბილისში დაიდო „საქართველოს სსრ და აფხაზეთის სსრ-ს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც აფხაზეთი შევიდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში.

1922 წ. 13 დეკემბერს, საქართველოს სსრ, თავისი შემადგენელ ნაწილთან აფხაზეთის სსრ-სთან ერთად გაერთიანდა - ამიერკავკასიის სფსრ-ში.

1925 წლის 1 აპრილს აფხაზეთის საბჭოების III ყრილობამ მიიღო აფხაზეთის პირველი კონსტიტუცია.

1931 წლის თებერვალში აფხაზეთის საბჭოების  VI ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთი შევიდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში ავტონომიურ რესპუბლიკად. ამის საფუძველზე, 1931 წლის 19 თებერვალს საქართველოს საბჭოების VI ყრილობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

აფხაზეთის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი მდგომარეობა ფიქსირებული იქნა სსრ კავშირის 1936 წლის, საქართველოს სსრ 1937 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1937 წლის კონსტიტუციებში, შემდეგ კი სსრ კავშირის 1977 წლის, საქართველოს სსრ 1978 წლისა და აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციებში.

 

1991 წელი, ანუ ეროვნული ხელისუფლების ძალისხმევა

1988-1989 წლიდან მოყოლებული, კრემლის აშკარა წაქეზებითა და ხელშეწყობით, აფხაზი სეპარატისტების მიერ, გამუდმებით ხდებოდა მდგომარეობის დაძაბვა, საქართველოს განუყოფელი ნაწილის -  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ძალების გამარჯვებით დასრულდა. ქვეყნის სათავეში მოსული ეროვნული ხელისუფლება, ყველანაირად ცდილობდა მშვიდობიანი გზით გამკლავებოდა კრემლის იმპერიული ძალების მიერ აფხაზეთში შეიარაღებულ დაპირისპირების გაჩაღების მცდელობას. 1991 წლის 25 თებერვალს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი  საბჭოს მიერ მიღებულ  დადგენილებაში - „აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ, ვკითხულობთ:

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ფაქტობრივად დამთავრდა 1990 წლის 25 თებერვალს... მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არ გაუგრძელებია ვადა, არ მიუღია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი და შესაბამისად არც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები დაუნიშნავს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს:

აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს არა უგვიანეს 1991 წლის 1 ოქტომბრისა;

აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 75- მუხლის შესაბამისად გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების ვადა . . 15 მარტამდე.

2. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით ავტონომიურ რესპუბლიკათა სახელმწიფო ორგანოების ვადა განსაზღვრულია ხუთი წლით, ხოლო აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ექვს წელზე მეტია მოქმედებს. ამ  დადგენილების პირველი მუხლის შესრულება გამოიწვევს აფხაზეთის ასსრ რეპუბლიკის უზენაესი საბჭოს ახლანდელი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას.

არსებული დაძაბული მდგომარეობის განმუხტვას ისახავდა მიზნად ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 12 მარტს გაკეთებული სპეციალური - „მიმართვა აფხაზი ხალხისადმი, რომელშიც ვკითხულობთ:

ძვირფასო თანამემამულენო!

აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება... ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ურთიერთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით... ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით. ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ შეარყიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებმა, ვერც თურქებმა და ვერც სხვებმა.

მაგრამ აი, მე- 19-20 საუკუნეში, ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი - რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს... მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერ განახორციელებდა  მხოლოდ რეპრესიებითა და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი - გათიშე და იბატონე, და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად...

დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, საუბედუროდ, მიაღწია ამას, თავისი აგენტური ქსელის მეშვეობით, რაც, მისი გეგმით, დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის მოდერნიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიცია და ჰეგემონია კავკასიაში.

... მოგიწოდებთ: ნუ აყვებით პროვოკატორებს... ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებსა და პროვოკატორებს. ბოიკოტი გამოუცხადეთ 17 მარტის საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანი არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტი თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში.

გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობას და დამოუკიდებლობას!

გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!

სამწუხაროდ კრემლის მიერ წაქეზებული სეპარატისტული ძალები აფხაზეთში აგრძელებდნენ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. აი, რას წერდა ბატონი ზვიად გამსახურდია 1991 წლის 29 მარტს ბატონ ვლადისლავ არძინბას:

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შეწყდა საბჭოების უფლებამოსილება; ხოლო 1991 წლის 29 იანვარს საერთოდ გაუქმდა ადგილობრივი საბჭოების სისტემა. საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ვალდებული იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია, რაც შეუწყნარებლად ჭიანურდება და მრავალი უხერხულობის მიზეზად შეიძლება იქცეს...

...თქვენ პირადად, ბატონო ვლადისლავ და მთლიანად აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, სისტემატურად უგულებელყოფთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას და სხვადასხვა თანამდებობის პირებს აფხაზეთში უმზადებთ ნიადაგს სახელმწიფო დანაშაულის ჩასადენად.

თქვენი ასეთი საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ეროვნულ შუღლს, იწვევთ ყოვლად გაუმართლებელ დაპირისპირებას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის, უხეშად არღვევთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას...

... ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და, რაც მთავარია, შეუსაბამეთ თქვენი პოლიტიკა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომლის იურისდიქციის ქვეშაც ბრძანდებით.

მიუხედავად კრემლის იმპერიული ძალების წინააღმდეგობისა, ქართული და აფხაზური მხარის ორმხრივი კონსენსუსის საფუძველზე მაინც მოხერხდა მდგომარეობის ნორმალიზება... 1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი საარჩევნო კანონი, რომელიც გარკვეული ქვოტების პრინციპს ითვალისწინებდა. კერძოდ:

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იქნებოდა 65 დეპუტატი; მათ შორის: 28 - აფხაზი ეროვნების; 26 - ქართველი და 11 - სხვა დანარჩენი ეროვნების მქონე დეპუტატი;

- მიღწეული შეთანხმების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზური დეპუტაციის, ხოლო მისი პირველი მოადგილე - ქართული დეპუტაციის წარმომადგენელი იქნებოდა;

- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იქნებოდა ქართველი, ხოლო მისი პირველი მოადგილე - აფხაზი;

- აფხაზეთის ასს რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (გარდა საპროცედუროსი) უნდა მიღებულიყო ხმების 2/3-ით (44 ხმა), რომლის მოსაგროვებლად აუცილებელი ხდებოდა ქართული და აფხაზური მხარის დეპუტატთა ურთიერთკომპრომისი.

 

1991-1993 წლები

1991 წლის 29 დეკემბერსა და 1992 წლის 6 იანვარს, ახლადარჩეული აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს სესიაზე დაწყებული საქმიანობის ნორმალური რიტმი, საქართველოში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ საბოლოოდ შეცვალა.

ქართული დეპუტაცია კრემლის მიერ წაქეზებული აფხაზეთის დეპუტატთა მიერ დაგებულ მახეში გაება. კერძოდ: 1992 წლის 3 აპრილიდან აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ქართულმა დეპუტაციამ, დატოვა რა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ფაქტობრივად უარი განაცხადა საპარლამენტო გზით პრობლემის ერთობლივად მოგვარებისათვის ბრძოლაზე და ქვეყნის ბედი მთლიანად სეპარატისტული ძალების ამარა დატოვა.

აფხაზეთის უმაღლესი აჩევითი სახელისუფლებო რგოლის - უმაღლესი საბჭოს ორი პარალელური სტრუქტურის დაფიქსირებამ, სავალალო შედეგების მიღებას დაუდო სათავე.

მართვის სათავეებთან მარტოდ დარჩენილი აფხაზეთის ასსრ სეპარატისტული ხელმძღვანელობა, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქვორუმის ხელოვნურად შეცვლის ხარჯზე, თანამიმდევრულად იღებდა ანტიკონსტიტუციურ სამართლებრივ აქტებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონდარღვევით მიღებული დადგენილება, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე - იურიდიული ძალის არმქონედ და გაუქმებულად გამოცხადდა საქართველოს კანონები.

საქართველოში კანონიერი ხელისუფლების არყოფნის პირობებში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სეპარატისტულმა (არაქართულმა) ძალებმა ისარგებლეს რა 1992 წლის 2 იანვარს შექმნილი უკანონო „სამხედრო საბჭოსა“ და ე.წ. „დროებითი მთავრობის“ მიერ „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ გაუქმებით, 1992 წლის 23 ივლისს მიღებული აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად შეწყვეტილად გამოაცხადეს აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედება და აღადგინეს აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია.

1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოში მომქმედი უკანონო სახელისუფლებო შტოს - „სახელმწიფო საბჭოს“ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი კანონიერი ხელისულების მომხრეთა საპროტესტო აქციების ასალაგმავად, საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება პროვოკაციულად იქნა გამოყენებული აფხაზი სეპარატისტების მიერ საომარი მოქმედების წამოწყებისათვის, რითაც საქართველო ჩართულ იქნა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ საომარ მოქმედებაში.

საქართველოს უკანონო ხელისუფლების მიერ 1993 წლის 27 ივლისს სოჭში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა ე.წ. კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარის გაყვანას (სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა), შემზადდა ნიადაგი 1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედების განახლებისა და 1993 წლის 27-30 სექტემბერს ქ. სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთად წოდებული საქართველოს ძირძველი კუთხის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიისათვის. განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად საკუთარი საცხოვრებლებიდან იძულებით განიდევნა 300 000-ზე მეტი აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა.

1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩატარებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ე.წ. „ქართველთა ქვოტით“ არჩეულმა ქართულმა დეპუტაციამ თავისი საქმიანობა დევნილობაში განაგრძო, და 1993 წლის ოქტომბრიდან, დროებით, თბილისში დამკვიდრდა.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე

აცხადებს:

მხედველობაში ვიღებთ, რომ 

საქართველოში 1921 წლიდან უკანონოდ მომქმედი კომუნისტური რუსეთის იმპერიის მარიონეტული სახელისუფლო სტრუქტურის სამართალმემკვიდრე საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის 9 მარტს მიღებული დადგენილებით:

- „...საქართველოს უზენაესი საბჭო... აღიარებს, რომ 1921 წლის თებერვალში, საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას, არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - ფაქტობრივ ანექსიას;

გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებას და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღებული საქართველოს უფლებების აღდგენას“; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ 

იგივე, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო, 1990 წლის 20 ივნისის დადგენილებით:

- „აღნიშნავს, რა რომ ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად საქართველოში დამყარებული ხელისუფლება (რევოლუციური კომიტეტი), ხოლო შემდგომ შეზღუდული, ვიწრო კლასობრივ საწყისებზე აგებული საბჭოები - არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ თავისუფალ ნება-სურვილს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო:

აცხადებს უკანონოდ და ბათილად ყველა აქტს, რომელიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სხვა ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სხვა სამართლებრივი დაწესებულებებით (ე.წ. საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 და 26 თებერვლის, 24 მარტის გადაწყვეტილებით და სხვა)“; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ 

საქართველოში 1921 წლიდან უკანონოდ მომქმედი კომუნისტური რუსეთის იმპერიის მარიონეტული სახელისუფლო სტრუქტურის სამართალმემკვიდრე საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წ. 9 მარტსა და 20 ივნისს მიღებული ხსენებული დადგენილებებით უკანონოდ და ბათილად გამოცხადებულად ითვლება ძალადობრივ პრინციპზე აგებული საბჭოთა რეჟიმის მიერ, საქართველოში მაცხოვრებელთა ჭეშმარიტი ნების გამოხატვის გარეშე მიღებული, აფხაზეთთან დაკავშირებული  ყველა გადაწყვეტილება (1921 წლის 4 მარტისა და 16 დეკემბრის, 1922 წ. 13 დეკემბრის, 1925 წ. 1 აპრილის, 1931 წ. თებერვლის და სხვა გადაწყვეტილებები; ასევე  1937 და 1978 წ.წ. კონსტიტუცია და სხვა); აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ 

1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად, სამართლიანობის ყველა ნორმის დაცვით, საქართველოს (მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაცხოვრებელი) მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გათვალისწინებით, მოხდა საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევა; აგრეთვე  


მხედველობაში ვიღებთ, რომ

1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით, საქართველოს (მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაცხოვრებელი) მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს რესპულიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

მიუხედავად კრემლის იმპერიული ძალების წინააღმდეგობისა, ქართული და აფხაზური მხარის ორმხრივი კონსენსუსის საფუძველზე მაინც მოხერხდა მდგომარეობის ნორმალიზება და 1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი საარჩევნო კანონი; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

საბჭოთა იმპერიული ძალების წაქეზებით მომქმედი სამხედრო-კრიმინალური ძალების მიერ ღია გამოსვლების (1991 წლის 19-21 აგვისტო, 2 და 22-23 სექტემბერი და სხვა) მიუხედავად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1991 წლის დეკემბერში მაინც ჩატარდა აფხაზეთის კანონიერი სახელისუფლო სტრუქტურის - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გამომხატველი კანონიერი ხელისუფლების მიერ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება-შენარჩუნების სულისკვეთებიდან გამომდინარე მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკამ ღიად თქვა უარი 1991 წლის 21 დეკემბერს ჩამოყალიბებულ რუსეთის ახალ იმპერიაში - „დსთ“-ში გაერთიანებაზე, რასაც, საპასუხოდ, 1991 წლის 22 დეკემბერს, საქართველოში სამხედრო გადატრიალების დაწყება მოჰყვა; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული კანონიერი ხელისუფლების დამხობის ფონზე - 1991 წლის 29 დეკემბერსა და 1992 წლის 6 იანვარს მაინც მოხერხდა აფხაზეთის კანონიერი სახელისუფლებო შტოების (უმაღლესი საბჭო და მთავრობა) ფორმირებისათვის საჭირო საქმიანობის დაწყება; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოში დამკვიდრებული უკანონო (დანაშაულებრივი) სამხედრო-კრიმინალური რეჟიმის პირობებში მომქმედი - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართული დეპუტაცია, კრემლის მიერ წაქეზებულ აფხაზეთის დეპუტატთა მიერ დაგებულ მახეში გაება და 1992 წლის 3 აპრილიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დატოვა, რითაც ფაქტობრივად უარი განაცხადა რა საპარლამენტო გზით პრობლემის ერთობლივად მოგვარებისათვის ბრძოლაზე, ქვეყნის ბედი მთლიანად სეპარატისტული ძალების ამარა დატოვა; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ 5 წლით არჩეულ - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოში, გარე და შიდა ანტისახელმწიფოებრივი ძალების ზემოქმედებისა გამო - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორად გაყოფის დაფიქსირებიდან, ანუ - 1992 წლის 3 აპრილის შემდგომად, ცალ-ცალკე გუნდად მოქმედი არც ერთი საპარლამენტო დეპუტაცია აღარ გახლდათ 1991 წლის 9 ივლისს მიღებული საარჩევნო კანონით განსაზღვრული კანონიერი სახელისუფლო შტოს ლეგიტიმაციის მატარებელი; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

1991 წლის 3 აპრილს, აფხაზეთის უმაღლესი აჩევითი სახელისუფლებო რგოლის - უმაღლესი საბჭოს ორი პარალელური სტრუქტურის დაფიქსირებამ, სავალალო შედეგების მიღებას დაუდო სათავე. მართვის სათავეებთან მარტოდ დარჩენილი აფხაზეთის ასსრ სეპარატისტული ხელმძღვანელობა, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქვორუმის ხელოვნურად შეცვლის ხარჯზე, კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით, თანამიმდევრულად იღებდა ანტიკონსტიტუციურ სამართლებრივ აქტებს (აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონდარღვევით მიღებული დადგენილება აფხაზეთის ტერიტორიაზე - საქართველოს კანონების იურიდიული ძალის არმქონედ და გაუქმებულად გამოცხადება; 1992 წ. 23 ივლისს მიღებული აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება - აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისა  და აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცის ამოქმედების თაობაზე და სხვა); აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

„სახელმწიფო საბჭოს“ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ, სარკინიგზო მაგისტრალების დაცვის საბაბით, სინამდვილეში კი კანონიერი ხელისულების მომხრეთა საპროტესტო აქციების ასალაგმავად, საქართველოს განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება პროვოკაციულად იქნა გამოყენებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში მყოფი აფხაზი სეპარატისტების კონტროლირებადი სახელისუფლო შტოს მიერ საომარი მოქმედების წამოწყებისათვის, რითაც საქართველო ჩართულ იქნა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ საომარ მოქმედებაში; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოს განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს არ მიეცა სათანადო კვალიფიკაცია და არ იქნა გატარებული მისი სალიკვიდაციო სრულფასოვანი ღონისძიება, რითაც თანმიმდევრულად დაკარგულ იქნა მთელი აფხაზეთის ტერიტორია; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

1993 წლის 27 ივლისს სოჭში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ითვალისწინებდა ე.წ. კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარის გაყვანას (სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა), შემზადდა ნიადაგი 1993 წლის 16 სექტემბერს საომარი მოქმედების განახლებისა და 1993 წლის 27-30 სექტემბერს ქ. სოხუმისა და მთლიანად აფხაზეთად წოდებული საქართველოს ძირძველი კუთხის ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიისათვის; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩატარებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ე.წ. „ქართველთა ქვოტით“ არჩეულმა ქართულმა დეპუტაციამ თავისი საქმიანობა დევნილობაში განაგრძო, და 1993 წლის ოქტომბრიდან, დროებით, თბილისში დამკვიდრდა; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოდან იძულებით წასულმა საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დევნილობაში, 1992 წლის 13 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართულ სესიაზე, მიიღო დადგენილება, რომლის ძალითაც:

„...1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ა.შ.) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“; აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

საქართველოში 1991-1992 წ.წ. შემდგომად დამკვიდრებული უკანონო რეჟიმის სამართალმემკვიდრე 2003-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 მარტს მიღებული დადგენილების - „1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ - თანახმად:

„... საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“ (№1104–Iს); აგრეთვე


მხედველობაში ვიღებთ, რომ

1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი სახელისუფლებო შტოს - საქრთველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ (1992 წ. 13 მარტს და სხვა), ერთის მხრივ და მეორეს მხრივ 2003-2004 წ.წ. მოწვევის საქართველოს დე-ფაქტოდ მოქმედი პარლამენტის მიერ (2005 წ. 11 მარტი) მიღებული ზემოთაღნიშნული დადგენილებების თანახმად, 1991-1992 წლებში მომხდარი ხელსუფლების სამხედრო-კრიმინალური მოქმედების გზით შეცვლის შემდეგ მიღებული ყველა ანტიკონსტიტუციური გზით მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში) ითვლება - უკანონოდ და იურიდიული ძალის არმქონედ

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე

უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი:

1. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოში მომხდარი მოვლენები, რომლებიც ადგილობრივ შეიარაღებულ კრიმინალურ ფორმირებებზე დაყრდნობით რუსეთის იმპერიული ძალების ხელშეწყობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, და მიზნად ისახავდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას, უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად;

2. საქართველოში 1991-1992 .. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად ჩამოყალიბებული, როგორც აშკარად უკანონო ხელისუფლება (სამხედრო საბჭო, სახელმწიფო საბჭო), ასევე მათ მიერ შექმნილი, უკანონო სამართლებრივ ბაზაზე დამყარებული - 1992, 1995, 1999, 2000, 2003, 2004, 2008 წლებში ჩატარებული უკანონო და გაყალბებული არჩევნების ბაზაზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო ორგანოები - არ გამოხატავენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ თავისუფალ ნება-სურვილს;

3. 1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ 5 წლით არჩეული - აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, გარე და შიდა ანტისახელმწიფოებრივი ძალების ზემოქმედებისა გამო - ორად გაყოფის დაფიქსირებიდან, ანუ - 1992 წლის 3 აპრილის შემდგომად, აღარ გახლდათ 1991 წლის 9 ივლისს მიღებული საარჩევნო კანონით განსაზღვრული კანონიერი სახელისუფლო შტოს ლეგიტიმაციის მატარებელი; რამეთუ არცერთი მათგანი აღარ იყო (არის) აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის ერთიანი ჭეშმარიტი ნების გამომხატველი;

4. 1992 წლის 3 აპრილიდან მოყოლებული, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შიგნით წარმოქმნილი ორივე (როგორც ქართული ასევე აფხაზური) სადეპუტატო შტო, თავისი არალეგიტიმურობის ხასიათიდან გამომდინარე, არის - უკანონო სახელისუფლებო წარმონაქმნი;

5. 1992 წლის 3 აპრილიდან ათვლით - 1991 წლის დეკემბერში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობის მიერ არჩეული - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორად გაყოფილი - ქართული და აფხაზური (სეპარატისტული) სახელისუფლებო წარმონაქმნისა თუ მათ სამართალმემკვიდრეთა მიერ - აფხაზეთის უმაღლესი არჩევითი ორგანოს სახელით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის უკანონო და  იურიდიული ძალის არმქონე;

6. 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად წარმოქმნილი ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური სივრცის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მიზნითა და ჩვენს მიერ მომზადებული საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

- ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეხუთე პრიმა თავის -  „მხარეები და რეგიონები (რაიონები)“ თანახმად:

მუხლი 912. საქართველო დაყოფილია - მხარეებად და რეგიონებად (რაიონებად).

მუხლი 913. საქართველო დაყოფილია შემდეგ მხარეებად: აფხაზეთის ავტონომია, აჭარის ავტონომია, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და ცხივალის ოლქი.

ქ. თბილისი წარმოადგენს ცალკე ერთეულს.

მუხლი 914. საქართველოს მხარეების რეგიონებად (რაიონებად) დაყოფის სტრუქტურა განისაზღვრება ცალკე კანონით.

მუხლი 915. თანახმად კონსტიტუციაში დადგენილი პრინციპებისა,  მხარეები წარმოადგენენ საკუთარი უფლებებისა და ფუნქციების მქონე ავტონომიურ ერთეულებს“,

საჭიროა ავტონომიური და საოლქო სტატუსის მქონე საქართველოს მხარეების საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან;

- ავტონომიური და საოლქო სტატუსის მქონე საქართველოს მხარეების უმაღლესი არჩევითი ორგანო: „მხარის საკრებულო“ შედგება - საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრებისაგან, რომელთა არჩევის წესი და პრინციპები განისაზღვრება „საარჩევნო კოდექსით“.

 

გარდამავალი დებულებანი

1991-1992 წლების მოვლენების შედეგად წარმოქმნილი ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური სივრცის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და სახელისუფლო სტრუქტურების საქმიანობის მეტ-ნაკლებად მოწესრიგების მიზნით აუცილებელია:

1. რეორგანიზაცია გაუკეთდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს; კერძოდ: სახელდება - „აფხაზეთის უმაღლესი საბჭო“ შეიცვალოს, და ეწოდოს  - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“;

2. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ს შემადგენლობა განისაზღვროს:

ა) სათათბირო ხმის უფლების მქონე - 1991 წლის დეკემბერში აფხაზეთის  მკვიდრი მოსახლეობის მიერ არჩეული დეპუტატებისაგან;

ბ) სათათბირო ხმის უფლების მქონე - 1992 წლის 11 ოქტომბრის უკანონო საპარლამენტო არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეული დეპუტატებისაგან;

გ) 1992-1993 წლებში საქართველოს განუყოფელ ნაწილში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებისა და, შემდგომში, ქართული ტერიტორიის ანექსიისა და ოკუპაციისას განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მიერ გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე - მაჟორიტარული პრინციპით არჩეული დეპუტატებისაგან.

3.  აფხაზეთის ავტონომიიდან დევნილი მოსახლეობის მიერ „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ში, გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე მაჟორიტარების არჩევის წესი უნდა დაეფუძნოს, აფხაზეთის ავტონომიის - გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის რაიონებში ჩაწერის მქონე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიერ არჩევნების გზით გამოხატულ თავისუფალ ნებას;

4. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ში შემავალი გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე მაჟორიტარული პრინციპით არჩეული დეპუტაცია, სათათბირო ხმის უფლების მქონე დეპუტაციის აზრის გათვალისწინებით, აყალიბებს - „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობას“.

5. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობის“ თავმჯდომარის ორ კანდიდატურას, „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ში შემავალი გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე მაჟორიტარული პრინციპით არჩეული დეპუტაციიდან, ასახელებს საქართველოს პრეზიდენტი. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ს თავმჯდომარე.

6. „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“ შეიმუშავებს თავის სამუშაო რეგლამენტს და „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობის“ სტრუქტურას;

7.  „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მთავრობის“ მთლიან გუნდს აყალიბებს, მთავრობის თავმჯდომარე და დასამტკიცებლად წარუდგენს „აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის საბჭო“-ს. მთავრობის გუნდის დამტკიცება ხდება გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დეპუტატთა უბრალო უმრავლესობით.