საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ არჩილ თალაკვაძეს!

 

პ/გ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა

უფალია ჩვენი სიმართლეს

ღ ი ა     მ ი მ ა რ თ ვ ა

საქართველოს პარლამენტში დეპუტატთა პროპორციული სისტემით არჩევისა და ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღებისათვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილების საკითხისათვის

 

ბატონო არჩილ!

ვითვალისწინებთ რა, რომ - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარება, და ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის საკანონმდებლო სფეროში დამკვიდრება, კონკრეტულ დროში გაწერილი გარკვეული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. კერძოდ:

უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილების წინადადების სამართლებრივი ფორმულირება - 2020 წ. საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევის თაობაზე;

ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღებისათვის უნდა დადგინდეს კონკრეტული მექანიზმი; და

უნდა შეიცვალოს ე.წ. კვალიფიციური პარტიების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წესი.

 

ვხელმძღვანელობთ რა - მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით გაჟღერებული წინადადების დროული რეალიზების სულისკვეთებით, წარმოგიდგენთ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ჩვენს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს.

 

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ 2016 წ. მოწვევის საქართველოს პარლამენტს, საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების ფარგლებში, ჯერ კიდევ - 2017 წ. 16 მაისს მივმართეთ წინადადებით, [წერილის ჩაბ. N10107, 16.05.2017 წ.], სადაც, სხვადასხვა საკითხების პარალელურად, გთავაზობდით, რომ:

1. საქართველოს პარლამენტი დაკომპლექტებულიყო მხოლოდ პროპორციული წესით არჩეული დეპუტატებისაგან;

2. პოლიტიკური სპექტრის საქართველოს პარლამენტში მაქსიმალურად ასახვის მიზნით, კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული 5%-იანი საარჩევნო ბარიერის ნაცვლად, დაწესებულიყო ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

 

ჩვენი შემოთავაზებით, ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობის განმსაზღვრელი იქნება - პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის პროცენტული რიცხვითი მაჩვენებლის მთელი ნაწილი. კერძოდ:

[0 – 0,99] %-ი ხმების მოპოვების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია ვერცერთ მანდატს ვერ მიიღებს;

[1 – 1,99] %-ი ხმების მოპოვების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია მიიღებს - 1 მანდატს;

[2 – 2,99] %-ი ხმების მოპოვების შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია მიიღებს - 2 მანდატს, და ა.შ.,

 

ამასთან, გთავაზობთ, რომ - სხვადასხვა პარტიის მიერ მიღებული, ამომრჩეველთა ხმების პროცენტების მთელი რიცხვითი ნაწილის ზემოთ არსებული მაჩვენებლის ჯამური სიდიდის გათვალისწინებით დაგროვებული გაუნაწილებელი მანდატები, [რომელთა ოდენობა საარჩევნო პრაქტიკიდან გამომდინარე 1 ან 2 მანდატს არ აღემატება] გადაეცეს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში, მიღებული ხმების რაოდენობის ყველაზე მეტ პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით გთავაზობთ, რომ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა ტოლია - პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის პროცენტული რიცხვითი მაჩვენებლის მთელი ნაწილისა. პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული, ამომრჩეველთა ხმების პროცენტების მთელი რიცხვითი ნაწილის ზემოთ არსებული მაჩვენებლის ჯამური სიდიდის გათვალისწინებით დაგროვებულ გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკურ პარტია, რომელმაც, ყველაზე მეტი ხმა მიიღო.“.

 

ბატონო არჩილ!

აქვე გვინდა შევეხოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ე.წ. კვალიფიციური სტატუსის მქონე პარტიების დაფინანსების საკითხს.

თუკი მიზეზთა გამო 2016 წლის საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ე.წ. კვალიფიციური სტატუსის მქონე პარტიების დაფინანსების საკითხს, მაშინ ჩვენი თქვენდამი შემოსათავაზებელი წინადადება ასეთი სახის იქნება:

ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში - მიღებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობის მიუხედავად, ე.წ. „კვალიფიციური პარტიის“ სტატუსი მიენიჭოს და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება განესაზღვროს მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც - მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტ ხმათა რაოდენობას.

 

პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენის აზრით საუკეთესო გადაწყვეტა იქნება, თუკი საერთოდ შეწყდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მავნე პრაქტიკა.

აღნიშნული წინადადება, ჩვენი პოლიტიკურმა გუნდის მიერ, ჯერ კიდევ 2017 წ. 9 ნოემბერს მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში იყო წარმოდგენილი [ჩაბ. №21580; 09.11.2017 წ.].

აღნიშნული წინადადების გაზიარების შემთხვევაში, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების პრინციპზე უარიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ცნება - კვალიფიციური პარტია“. პარტიათა ერთგვარი კლასიფიკაციის თვალსაზრისით შემოთავაზებულია ცნება - საპარლამენტო პარტია“, რომლის ქვეშაც მოიაზრება პარტია რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

 

 

დანართი

 

ბატონო არჩილ!

დასასრულს გვინდა შევეხოთ იმ თვალსაზრიზს, რომლის თანახმადაც, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღებით თითქოსდა მოხდება:

ერთის მხრივ პარტიათა დანაწევრება [ფრაგმენტაცია], ხოლო

მეორეს მხრივ, პარლამენტში შედარებით მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრის ასახვა გამოიწვევს კანონშემოქმედებითი პროცესის შეფერხებას.

როგორც მოგეხსენებათ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში [16 სააჩევნო სუბიექტიდან] პროპორციული სისტემით ასარჩევი მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა გუნდმა მოიპოვა [კოალიცია ქართულმა ოცნებამ აიღო 44, ხოლო „ნაც.მოძრაობამ“ – 33 მანდატი].

როგორც ითქვა, ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემთხვევაში, ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი სქემის მიხედვით - საპარლამენტო მანდატების რაოდენობის განმსაზღვრელი იქნება - პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის პროცენტული რიცხვითი მაჩვენებლის მთელი ნაწილი.

ამ პრინციპზე დაყრდნობით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე დანარჩენი 14 საარჩევნო სუბიექტიდან, 1%-ზე მეტი ამომრჩეველთა ხმები მიიღო მხოლოდ ორმა სუბიექტმა:

„გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება”-მ აიღო - 2,04%, ანუ იგი მიიღებდა - 2 მანდატს; ხოლო

„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია”-ამ მოიპოვა - 1,24%, ანუ იგი მიიღებდა მხოლოდ - 1 მანდატს.

დანარჩენმა 12 პარტიამ ჯამში აიღო - 1,41%, შესაბამისად ეს - 1 მანდატი დაემატებოდა კოალიცია „ქართულ ოცნებას“.

მაშასადამე, როგორც ვხედავთ ჯამში ლაპარაკია - 4 სადეპუტატო მანდატზე, და პარლამენტში დამატებით გასულ - 2 პოლიტიკურ გუნდზე.

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ამ მხრივ, ასეთი სურათია:

არჩევნებში მონაწილეობდა - 25 პოლიტიკური გაერთიანება;

სპარლამენტო მანდატები მოიპოვა - სამმა გაერთიანებამ:

პ/გ „ქართულმა ოცნებამ“ – 44 მანდატი;

„ნაც. მოძრაობამ“ - 27 მანდატი;

პატრიოტთა ალიანსმა - 6 მანდატი.

წარმოდგენილი ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოთავაზებული სქემის მიხედვით, საპარლამენტო მანდატს მოიპოვებდა კიდევ 5 პოლიტიკური გაერთიანება. კერძოდ:

ირაკლი ალასანია - თავისუფალმა დემოკრატებმა" აიღეს - 4,63%, ანუ ეს გაერთიანება მიიღებდა - 4 მანდატს;

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“-მ აიღო - 3,53%, ანუ მიიღებდა - 3 მანდატს;

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" აიღო - 3,45%, ანუ მიიღებდა - 3 მანდატს;

„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტულმა პარტია”-მ აიღო - 3,14%, ანუ მიიღებდა - 3 მანდატს;

„უსუფაშვილი რესპუბლიკელებ“-მა აიღეს - 1,55%, ანუ მიიღებდნენ - 1 მანდატს;

დანარჩენი პარტიების მიერ ჯამში მოპოვებულ იქნა - 2,9%, ანუ გამარჯვებული პარტია მიიღებდა დამატებით - 2 მანდატს.

ამდენად ამ შემთხვევაში 2016 წლის მოწვევის პარლამენტში, დამატებით წარმოდგენილი იქნებოდა - 5 პოლიტიკური ძალა, რომელთა ჯამური სადეპუტატო მანდატების ოდენობა იქნებოდა - 14 მანდატი.

აღნიშნული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღების მოწინააღმდეგეთა მხრიდან, გაკეთებული ზემოთ წარმოდგენილი განცხადებები - ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

 

ბატონო არჩილ!

ვიზიარებთ რა მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ გაჟღერებულ წინადადებას - საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისა და ამ საქმეში - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების ფართო სპექტრის ჩართვის აუცილებლობის თაობაზე - გამოვთქვამთ მზაობას მონაწილეობა მოვიღოთ აღნიშნული კომისიის მუშაობაში.

 

არჩევანი - თქვენზეა.

ღმერთმა მოგცეთ მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პატივისცემით

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი

თბილისი, 2019 წლის 28 ივნისი

[წერ. ჩაბ. N 12540/19; 28. 06. 2019 წ.]