2016 წ. 1[14] სექტემბერი
მართლმადიდებელი ეკლესია 1 [14] სექტემბერს - ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმიდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა"
ქრისტიანულ საქართველოში მიღებული იყო წელთაღრიცხვის სამი სისტემა ანუ სამი ერა:
წელთაღრიცხვა - ქრისტეთი,
წელთაღრიცხვა - დასაბამითგან,
წელთაღრიცხვა - ქორონიკონით.
წელთაღრიცხვა - ქრისტეთი
მაცხოვრის განკაცებიდან გასული დროის ათვლიდან გამომდინარე გამოიყენება ორი ტერმინი:
ქრისტემდე, ანუ ე.წ. ძველი წელთაღრიცხვა და
ქრისტეს აქეთ, ანუ ახალი წელთაღრიცხვა.
საერო კალენდრით - 2016 წ. 1 [14] სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტე დაბადებიდან 2016-ე ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს.
წელთაღრიცხვა დასაბამითგან
ეს ერა ანგარიშობს დროს ქვეყნის გაჩენიდან, ანუ „ადამთაგან“, ქრისტეს შობამდე.
ერა „დასაბამთაგან ქრიტეს დაბადებამდე“ სხვადასხვა სახისაა, რაკი ამ ერას სხვადასხვა დროის პერიოდით განსაზღვრავენ, ძირითადად ცნობილია „დასაბამითგან“-ის შემდეგი ვარიაციები:
1) 5198 წელი---ევსევი კესარიელისა:
2) 5492 წელი---პანოდორე ალექსანდრიელისა;
3) 5500 წელი---ანიანე ალექსანდრიელისა;
4) 5508 წელი---ბიზანტიელებისა (ბიზანტიური ერა)
ქართველებს კი საკუთარი „დასაბამითგანი“, ანუ ყველასაგან განსხვავებული ერა გვაქვს.
ქართული „დასაბამითგანი“ ქვეყნის გაჩენიდან ქრისტემდე 5604 წელს ანგარიშობს.
შესაბამისად, 2016 წ. 1 [14] სექტემბრიდან, ათვლა დაიწყო: 5604 + 2016 = 7620-ე წელმა.
წელთაღრიცხვა - ქორონიკონით
წელთაღრიცხვა „ქორონიკონით“ 532 წლიანი ციკლით ხდებოდა.
532-წლიანი მოქცევა არის მზის 28-წლიანი ციკლისა და მთვარის 19-წლიანი ციკლის ნამრავლი: 28 x 19 = 532.
532 წლიანი მოქცევა ცნობილია ასევე სახელით „ალფა“. ეს იმიტომ რომ ამ სიტყვის ასო-ნიშნების ჯამი როგორც ბერძნულად ისე ქართულად შეადგენს:
ა [1] + ლ [30] + ფ [500] + ა [1] = 532.
ქართული ეკლესიის მამების ანგარიშით, ქრისტეს ხორციელ შობამდე ქვეყნის შექმნიდან გასულიიყო 5604 წელი. ეს რიცხვი ინდიქტიონით მოიცავდა
ათ სრულ ინდიქტიონს: 532 Х 10 = 5320
და
კიდევ 284 წელს: 5320 + 284 = 5604, სადაც ეს უკანასკნელი წარმოადგენდა, მიმდინარე XI ინდიქტიონის ანუ მოქცევის 284-ე ქორინიკონს.
ასე რომ, ქრისტეს დაბადებამდე გასული 284 წელი XI ინდიქტიონისა, დასრულდა ქრისტეს შობის შემდეგ 248 წელს. XII ინდიქტიონი დასრულდა 780 წელს, XIII — 1312 წელს, XIV — 1844 წელს, ხოლო XV დასრულდება 2376 წელს.
საქართველოში ქორონიკონი შემოიღეს ხმარებაში VIII საუკუნის 90-იან წლების დასაწყისიდან აშოტ I დიდის დროს. მისი XIII მოქცევის საწყისი თარიღი 781 წელია.
ამდენად, ქართული ქორონიკონით. ამჟამად მიმდინარე - 2016 წელი, მე-14 ქორონიკონის დასრულებიდან, ანუ -1844 წლიდან, არის 172-ე წელი.
მაშასადაე, 2016 წლის 1[14] სექტემბრიდან, ათვლა დაიწყო: მე-15 ქორონიკონის 172 წელმა.
დასკვნის მაგიერ
ყოველივე ზემოთქმულს თუ შევაჯერებთ, მიმდინარე 2016 წ. 1 [14] სექტემბერთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ეს დრე არის:
1. ქრისტეს დაბადებიდან - 2016-ე წლის დასაწყისი;
2. ქვეყნის გაჩენიდან, ანუ „ადამითგან“ – 7620-ე წლის დასაწყისი;
3. ქართული ქორონიკონით: მე-15 ქორონიკონის 172-ე წლის დასაწყისი
და კიდევ:
ქრისტიანული ეკლესიის სწავლებით, მთავარი მიზეზი სექტემბრის პირველი რიცხვის საეკლესიო ინდიქტიონად განწესებისა ის უფროა, რომ ამ დროს მეუფე ჩვენი იესო ქრისტე ნაზარეთში იუდეველთა შესაკრებელში შევიდა, წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი:
„ვითარმედ წელიწადი უფლისა შეწყნარებული“,
და
იქ მყოფთ საკუთარი თავი, ვითარცა მესია, წარმოუჩინა:
„სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე“ (ლუკ. 4:18-19).
ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს
მიხეილ [გელა]
სალუაშვილი