აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის საკითხისათვის


ნაწილი მესამე

 

დ) 1991 წ. 29 სექტემბრიდან - 1992 წ. 3 აპრილამდე

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების გამომხატველი კანონიერი ხელისუფლების მიერ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება-შენარჩუნების სულისკვეთებიდან გამომდინარე მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკამ ღიად თქვა უარი 1991 წლის 21 დეკემბერს ჩამოყალიბებულ რუსეთის ახალ იმპერიაში - „დსთ“-ში გაერთიანებაზე, რასაც, საპასუხოდ, 1991 წლის 22 დეკემბერს, საქართველოში სამხედრო გადატრიალების დაწყება მოჰყვა.

1991 წლის 9 ივლისს მიღებული ახალი საარჩევნო კანონის ბაზაზე, 1991 წლის 29 სექტემბერს ჩატარებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგად არჩეულ დეპუტატთა პირველი შეკრება - 1991 წ. 29 დეკემბერს გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ - ვლადისლავ არძინბა, ხოლო მის პირველ მოადგილედ - თამაზ ნადარეიშვილი იქნა არჩეული.

სესიის ჩატარების მომდევნო თარიღად 1992 წ. 6 იანვარი განისაზღვრა.

1992 წ. 2 იანვარს, ანტიკონსტიტუციური ქმედების შედეგის პრაქტიკული რეალიზების მიზნით, კრიმინალური „სამხედრო საბჭო“ და „საქართველოს დროებითი მთავრობა“ ჩამოყალიბდა.

1992 წ. 6 იანვრის გამთენიას, რუსეთისა და საქართველოს კრიმინალური შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მოქმედების მე-16 დღეს, საქართველოში დაწყებული სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კანონიერი ხელისუფლება იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყნის ფარგლები.

ასეთ ფონზე, 1992 წ. 6 იანვარს ჩატარებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე, აფხაზი სეპარატისტების ძალისხმევით, ვეღარ მოხერხდა აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით წინასწარ მიღწეული შეშანხმების რეალიზება.

1992 წ. 10 მარტს ე.წ. „სამხედრო საბჭოს“ ბაზაზე, ახალი უკანონო სტრუქტურის „სახელმწიფო საბჭოს“ შექმნა გამოცხადდა.

ამის შემდგომად განვითარებული მოვლენების სამართლებრივ ასპექტებში გასარკვევად, მოდით გავიხსენოთ ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „სახელმწიფო საბჭოების“ სამართალმემკვიდრე საქართველოს პარლამენტის მიერ  2000 წ. 20 აპრილსა და 2005 წ. 11 მარტს მიღებული ორი დადგენილება:

1. საქართველოს პარლამენტის დადგენილება: „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ“ - „… 1991 წელს საქართველოში დაიწყო დაპირსპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი....“ [2000 წ. 20 აპრილი, №262–IIს];

2. 2005 წ. 11 მარტს მიღებულ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“, ვკითხულობთ: ... საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება...“ [2005 წლის 11 მარტი, №1104–Iს].

მაშასადამე, აღნიშნული დადგენილება, თავის მხრივ:

- აღიარებს 1991-1992 წლების დეკემბერ იანვარში ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლას; და

- ადასტურებს: „...1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში“, რომელი ვადებიც: 1990 – 1995 წლებს მოიცავს.

2005 წ. 11 მარტის დადგენილებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ თავის იურიდიულ ძალას ინარჩუნებს, ლეგიტიმური სახელისუფლო ორგანოს მიერ, აღნიშნულ [1990 – 1995 წ.წ.] ვადებში კანონიერად მიღებული ყოველი გადაწყვეტილება.

1991 - 1992 წ.წ. გასაყარზე განვითარებული მოვლენების შედეგად, 1992 წ. 6 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი სახელისუფლო შტოები - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი, იძულებული შეიქნენ რა დაეტოვებინათ საქართველო, თავისი მოვალეობის შესრულებას დევნილობაში  - ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიაში [ქ. გროზნო] შეუდგა.  

 „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის“ 108-ე და 113,1 მუხლზე დაყრდნობით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1992 წ. 9 მარტის დადგენილებით, 1992 წ, 12-13 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის მე-2 სესიის მორიგი სხდომა - ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში გაიმართა [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 457-458].

დევნილობაში მყოფმა კანონიერმა სახელისუფლო შტომ, 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოში შეიარაღებული გზით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგებიდან გამომდინარე, არაერთი აუცილებელი გადაწყვეტილება თუ განცხადება მიიღო.

საქართველოს სახელისუფლო ვერტიკალის ლეგიტიმურობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება  - „1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ უთქვამს ხელისუფლებაზე უარი, ხოლო პარლამენტს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება თვითდაშლაზე და არც ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას რესპუბლიკაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს

1) 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნას, როგორც სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება;

2) არაკანონიერი ხელისუფლების („სამხედრო საბჭო“, „დროებითი მთავრობა“, „სახელმწიფო საბჭო“ და ..) შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს როგორც ხელისუფლების უზურპაცია;

3) ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიულ ძალის არმქონედ;

4) სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნას როგორც სამშობლოს ღალატი...“

[იხ. მ. სალუაშვილი,

„საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“,

ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 472].

იმავე დღეს, ანუ 1992 წ. 13 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში - „აქტების თაობაზე, რომლებიც მიიღო ეგრეთ წოდებულმა სამხედრო საბჭომ, დროებითმა მთავრობამ და სახელმწიფო საბჭომ“, კერძოდ ვკითხულობთ:

„..  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

...საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს - საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს რესპუბლიკის კანონები და სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის კანონიერი ორგანოს ის აქტები, რომლებიც დემოკრატიული წესითაა მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების მოთხოვნების შესაბამისად”  [იხ. მ. სალუაშვილი, „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“, ტ. 2, თბ. 1995 წ., გვ. 479-480].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა რომ - 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი სახელისუფლებო შტოს - საქრთველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ (1992 წ. 13 მარტს), ერთის მხრივ და მეორეს მხრივ 2003-2004 წ.წ. მოწვევის საქართველოს დე-ფაქტოდ მოქმედი პარლამენტის მიერ (2005 წ. 11 მარტი) მიღებული ზემოთაღნიშნული დადგენილებების თანახმად, 1991-1992 წლებში მომხდარი ხელსუფლების სამხედრო-კრიმინალური მოქმედების გზით შეცვლის შემდეგ მიღებული ყველა ანტიკონსტიტუციური გზით მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში) ითვლება - უკანონოდ და იურიდიული ძალის არმქონედ.

1991 წლის 9 ივლისს მიღებული ახალი საარჩევნო კანონის ბაზაზე, 1991 წლის 29 სექტემბერს არჩეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1991 წლის 29 დეკემბერსა და 1992 წლის 6 იანვარს გამართულ სესიაზე დაწყებული საქმიანობის ნორმალური რიტმი, საქართველოში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ საბოლოოდ შეცვალა.

ქართული დეპუტაცია კრემლის მიერ წაქეზებული აფხაზეთის დეპუტატთა მიერ დაგებულ მახეში გაება. 1992 წ. 3 აპრილს, მიზეზთა გამო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ორად გაიყო.  

დეპუტატებმა, უარი განაცხადეს საპარლამენტო გზით პრობლემის ერთობლივად მოგვარებისათვის ბრძოლაზე. ვლ. არძინბასა და თ. ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით მომქმედმა დეპუტატებმა შეკრებათა ცალ-ცალკე გამართვა დაიწყეს. 

[გაგრძელება იქნება]

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე;

საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება:

„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“-

სპიკერი

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი