3.4 თუ თქვენ ჩვენსავით ფიქრობთ, რომ საქართველოს მოქალაქის ე.წ. „ჩიპიანი“პირადობის მოწმობის არსებობა ლახავს თქვენს რელიგიურ შეხედულებებს
და არ იცით, როგორ შეიძლება გადაიჭრას შექმნილი პრობლემა,
მხარი დაუჭირეთ
„უფლის სახელით...“ მომავალი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო პროგრამას,
და არჩევნებში გამოხატული მხარდაჭერით
მოგვეცით მისი განხორციელების შესაძლებლობა
საქართველოში 2002 წლის აღწერის მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობამ - 4. 601. 534 შეადგინა. ამათგან, აღმსარებლობის მიხედვით, ზოგადი მონაცემი ასეთია:
მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმდევარია, მოსახლეობის - 3.880.000, ანუ მოსახლეობის - 84,32%
კათოლიკური აღმსარებლობისაა - 95.000, ანუ მოსახლეობის - 2%
მუსულმანური აღმსარებლობისაა - 400.000, ანუ მოსახლეობის - 8,7%
გრიგორიანული აღმსარებლობისაა - 200.000, ანუ მოსახლეობის - 4,35%
იუდაური აღმსარებლობისაა - 4.202, ანუ მოსახლეობის - 0,1%
ათეისტური პოზიციის მატარებელია - 22.332, ანუ მოსახლეობის - 0,5%
როგორც ვხედავთ, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა რელიგიური [ქრისტიანული, მუსულმანური, იუდაური და სხვა] აღმსარებლობის მიმდევარია, და მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც არ სწამს ღმერთის, ანუ ათეიზმს აღიარებს.
როგორც ცნობილია, ხელისუფლების გადაწყვეტილებით - 2011 წლის 1 აგვისტოდან გაიცემა მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მხოლოდ ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათები“.
ამასთანავე უნდა მოგახსენოთ, რომ მორწმუნე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ. ჩიპიან ID ბარათში თავისუფლების შეზრუდვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის საფრთხეს ხედავს. იმ ფონზე, როდესაც:
- მოქმედი კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუ ვინ არის უფლებამოსილი, ფლობდეს ID ბარათზე დატანილ ინფორმაციას, ამასთან
- ცნობილი არაა იმ უწყებათა ჩამონათვალი, ვისაც აქვს უფლება ამ ინფორმაციით სარგებლობისა, ხოლო
- კონფინდენციალობის დარღვევის შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ფორმები,
ჩნდება დიდი ეჭვი და საშიშროება იმისა, რომ დაირღვეს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საყოველთაოდ აღიარებული კონსტიტუციური უფლება.
გარდა ზემოთქმულისა, საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებების არ არსებობა, გარკვეულ წინააღმდეგობას უქმნის ამომრჩეველს, სხვადასხვა ტიპის არჩევნებში მონაწილეობისათვის.
როგორც ცნობილია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, ID ბარათთან დაკავშირებით 2012 წ. 5 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში ასე განსაზღვრა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი:
„სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.“
ზემოთქმულს თუ დავუმატებთ საქართველოს მაცხოვრებელთა აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელთათვისაც მიუღებელია საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ე.წ. ჩიპიანი „აიდი ბარათის“ აღება, მაშინ აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება - „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე“, და დაადგინოს - დღეს მოქმედი საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის ჩიპიანი ID ბარათის პარალელურად, დაწესებული იქნეს ალტერნატიული - უჩიპო, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.