ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

სალუაშვილი საბა

 

ქართული წარმართული პანთეონის

ქრონოლოგიის საკითხისათვის

(ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით)

 

ნაშრომი შესრულებულია

ისტორიის ბაკალავრის

აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

 

ანოტაცია

დღეისათვის, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ამსახველ წერილობით წყაროთაგან, მიზეზთა გამო, ჩვენამდე მხოლოდ ნაწილმა მოაღწია, რომლებშიც მეტ-ნაკლები სიზუსტითაა აღწერილი ქართველი ერის გაქრისტიანებამდელი პერიოდი. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია „მოქცევაჲ ქართლისაჲსა“ და „ქართლის ცხოვრებას“.

თავის მხრივ, უძველესი პერიოდის ისტორიის შეს-წავლისათვის, ფასდაუდებელი ინფორმაციის შემცველია წიგნთა-წიგნი: ბიბლია. მასში არსებულ ცნობათა სა-თანადო ანალიზი, მრავალი ისტორიული მოვლენის ზუსტი სურათის აღდგენის საშუალებას იძლევა. ამის ნათელი დასტურია ბოლო დროინდელი არქეოლოგიური აღმო-ჩენები, რომლის შედეგებმაც არაერთხელ დაადასტურეს ბიბლიაში აღწერილ მოვლენათა უტყუარობა.

 წინამდებარე კვლევის მიზანს შეადგენს ბიბლიასა და ქართულ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით სიღრმისეულად შევისწავლოთ - ჩვენი ქვეყნის წარმართული სარწმუნოების ისტორიის ზოგიერთი საკითხი.

ჩატარებული კვლევის შედეგად მოხდა, როგორც განსახილველი პერიოდის მონაკვეთებად დაყოფა (თარგამოსის მოდგმის კავკასიაში დამკვიდრება, ანუ ჭეშმარიტი ღმერთისადმი თაყვანისცემა; ციურ მნათობთა თაყვანისცემა; მიწიურ კერპთა თაყვანისცემა), ასევე,  თითოეული ამ მონაკვეთის სავარაუდო დროითი მიჯნის, ანუ   ქრონოლოგიური ჩარჩოების განსაზღვრა.

 

 

ქართული წარმართული პანთეონის

ქრონოლოგიის საკითხისათვის

(ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით)

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი

ქრისტიანობამ წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში. ის გახდა საფუძველი მრავალი ისტორიული მოვლენისა და ფაქტისა. ამ რელიგიამ, და მისგან წამოსულმა იდეოლოგიამ, მრავალი ქვეყნისა და ხალხის მომავალი, თუ მათი პოლიტიკური ცხოვრების წესი განსაზღვრა; მათ შორის არის - საქართველო და ქართველი ხალხი.

ქრისტიანობამდე - სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენები განსაზღვრავდა ამა თუ იმ ქვეყნის იდეოლოგიასა და მრწამსს. ასე იყო საქართველოშიც. ქართული წყაროები, მეტ-ნაკლები სრულყოფილებით აღგვიწერენ - საქართველოში, გაქრისტიანებამდე არსებულ სარწმუნოებრივ მდგომარეობას.

სამყარო, ბიბლიური სწავლების თანახმად, ერთი ღმერთის მიერაა შექმნილი. ღმერთისა, რომლისადმი რწმენაც კაცობრიობას რაღაც დრომდე გააჩნდა, რომლის შემდეგაც, მიზეზთა გამო, დავიწყებული იქნა სამყაროს შემოქმედი ღმერთი, და -  ადამიანმა, სათაყვანებლად, მრავალი კერპი გაიჩინა. ამის მიუხედავად, ადამიანის გონებაში, მაინც იყო ჩარჩენილი მოგონება - ერთი ჭეშმარიტი ღმერთისადმი. და ამიტომ, ადამიანთა მოდგმა ღმერთთან მისაახლოებელი გზების მუდმივ ძიებაში იყო.

 ჩვენი წინამდებარე თემაც, სწორედ - გაქრისტიანებამდელ დროის მონაკვეთში, საქართველოში არსებული წარმართული სარწმუნოების ისტორიის ზოგიერთ საკითხს შეეხება; რომელთა მიმართებაშიც, შეძლებისდაგვარად დავადგენთ, თუ - დროის რომელ კონკრეტულ მომენტში ხდებოდა აღმსარებლობითი ცვალებადობა; შევეცდებით დავინახოთ და შეძლებისდაგვარად გავერკვეთ, იმ სიმბოლოებში, რომლებიც ჭეშმარიტი ღმერთისადმი ძიების პერიოდში დაგროვდა.

 

 

I .  ერთი ღმერთიდან ვიდრე ერთ ღმერთამდე

„ღმერთს, ერთსა და ბრძენს, იესო ქრისტეს მიერ,

დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ [რომ. 16,27]

ბიბლიური თხრობა, მარადიული და ყველგან მყოფი ღმერთის მიერ, სამყაროს შექმნის აღწერით იწყება. წინამდებარე თემის განსახილველი მონაკვეთი, თავის თავში, ერთი ღმერთიდან, ვიდრე ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე დროის მონაკვეთს მოიცავს.

ბიბლიის შემადგენელი ნაწილი - ძველი აღთქმა მთლიანად ეყრდნობა - ერთი ღმერთის მცნებას, რომლის ჭეშმარიტი არსიც, მხოლოდ, უფალი იესო ქრისტეს განკაცების შემდეგ განიმარტა. მაცხოვარმა აგვიხსნა ძველი აღთქმისეული ერთი ღმერთის მცნება, და - იგი, სამ თვისობრიობაში - ერთარსება და განუყოფელი - მამა, ძე და სულიწმიდის სახით წარმოგვიდგინა. მათეს სახარებაში დაცული უფალი იესო ქრისტეს ამაღლებისას ნათქვამი სიტყვები, ამის ნათელი დასტურია - „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულიწმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც მე გიბრძანეთ; და აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ“  [მათე 28,19-20].

როგორც ცნობილია - „...ძველი ქართული ქრისტიანობის ხანის მწერლობაში ღვთაების ერთადერთ სახელად იყო და არის ეხლაც სიტყვა „ღმერთი“, რომელიც მეგრულში გამოითქმის „ღორონთი“, ჭანურში „ღორმოთი“ და „ორმოთი“, სვანურში კიდევ  - „ღმერთ“ და „ღერბეთ“-ად...“  [ივ. ჯავახიშვილი 1979: 120]. თავად ტერმინი ღმერთი - „ღმ-ერთი“, დიახაც რომ ერთი უხილავი არსის მცნებას გადმოგვცემს. ჩვენი შემდგომი თხრობაც, სწორედ ამ - ერთი ღმერთიდან მოყოლებული, ვიდრე - ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე არსებულ რწმენა-წარმოდგენებს შეეხება.

 

 

I. 1. სამყაროს შექმნიდან ვიდრე წარღვნამდე

ბიბლიური სწავლების თანახმად, ღმერთმა სამყარო - 7 დღეში შექმნა - „გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა“ [დაბ. 2,2]. შვიდდღიანი შესაქმის შემდეგ კი, ვკითხულობთ - „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არებად. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა“ [დაბ.2,7-8].

აი, სწორედ აქ გვეუწყება, ადამსა და უფალ ღმერთს შორის გამართული - პირველი საუბრის შესახებ - „აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში, მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ [დაბ. 2,15-17].

უფალ ღმერთსა და მის მიერ შექმნილ ადამსა და ევას შორის მორიგი საუბარი, უკვე ამ უკანასკნელთა სამოთხიდან გამოძევების წინ შედგა - „მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?... უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს... დედაკაცს უთხრა... ადამს უთხრა... თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს. გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ. 3,8-9; 13,16; 17,22-24].

მაშასადამე, აქედან ჩანს, რომ ადამსა და ევას არა მარტო - ესმით ღმერთის ხმა, არამედ - ჭვრეტენ კიდეც ყოვლის შემოქმედს - „მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა...“ [დაბ. 3,8].

სამოთხიდან გამოძევების შემდეგ, ვიდრე წარღვნამდე, ბიბლია - ღმერთსა და ადამის მოდგმას შორის გამართულ კიდევ ორ საუბარზე გვითითებს. პირველი, უფალ ღმერთსა და კაენს შორის გამარულ საუბარს აღგვიწერს - „უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?.. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი“ [დაბ. 4,6;13]; ხოლო მეორე კი, უფალ ღმერთსა და ნოეს შორის გამართულ საუბარს შეეხება - „უთხრა ღმერთმა ნოეს: მოიწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ. გაიკეთე კიდობანი... უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში... ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა“ [დაბ. 6,13; 7,1; 5].

მაშასადამე, ბიბლიაში, სამყაროს შექმნიდან ვიდრე წარღვნამდე, მიგვეთითება: ერთის მხრივ - უფალ ღმერთსა, და მეორეს მხრივ - ადამსა და მის მოდგმას შორის შემდგარ ოთხ საუბარზე. რომელთაგან ორი უშუალოდ ადამისა და ევას სამოთხეში ყოფნის დროსაა მომხდარი, ხოლო მომდევნო ორი კი, სამოთხიდან გამოძევებიდან მოყოლებული უშუალოდ წარღვნის დაწყებამდეა შემდგარი.

 

 

I. 2. წარღვნიდან

ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე

ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ წარღვნა დედამიწაზე - წელიწადი და 10 დღე გრძელდებოდა. ბიბლიაში, წარღვნის დროს, ღმერთის მიერ ნოესთან საუბარზე არაფერია ნათქვამი. წარღვნის შემდეგ, უფალ ღმერთსა და ნოეს შორის პირველი საუბარი კიდობნიდან ნოეს გამოსვლას უკავშირდება - „ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები“ [დაბ. 8,15-16].

ამის შემდეგ, ბიბლიაში, კიდევ სამჯერაა ღმერთსა და ნოეს შორის შემდგარ საუბარზე მინიშნება - „აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა... უთხრა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს მასთან ერთად: აჰა, გიდებთ აღთქმას თქვენ და თქვენს შთამომავლობას... უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს იყოს ნიშანი ჩემი აღთქმისა, რომელიც დაგიდევით თქვენ და ყოველ ხორციელს, რაც კი არის ამ ქვეყნად“ [დაბ. 9,1; 8-9; 17].

ბიბლიაში ღმერთის ის სიტყვებიცაა დაფიქსირებული, რომელიც, წარღვნას გადარჩენილი კაცობრიობის მიერ, ბაბილონის გოდოლის აშენების გამოა ნათქვამი - „ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. თქვა უფალმა: აჰა ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას: რაკი ეს საქმე წამოუწყიათ ამიერიდან დაუბრკოლებრივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. აჰა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს“ [დაბ. 11,5-7].

ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ, ადამის მოდგმა სხვადასხვა მხარეს გაიფანტა. სწორედ ამ ეტაპზე მთავრდება კაცობრიობის - ერთპირობისა და ერთ ენაზე მეტყველების პერიოდი. აქედან მოყოლებული კი, ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეში გაფანტული ხალხი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აგრძელებს ცხოვრებასა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთისადმი თავისებურ თაყვანისცემას.

 

 

I. 3. კავკასიაში დამკვიდრებული

თარგამოსის მოდგმა

ბიბლიური ცნობების თანახმად ვგებულობთ, რომ წარღვნის დასრულებისას - ნოეს კიდობანი არარატის მთებთან გარიყულა. გარკვეული ხნის შემდეგ, გამრავლებული ნოეს მოდგმა ტოვებს თავის ახალ საცხოვრებელ ადგილს და - „... დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ“ [დაბ. 11,2]. და აი, სწორედ ამ შინყარის ველზე აშენებული ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ, როგორც ვიცით, ნოეს მოდგმა დედამიწის სხვადასხვა მხარეში იფანტება - „გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენება. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე“ [დაბ. 11,8-9].

ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი უძველესი ძეგლი - „ქართლის ცხოვრება“, სწორედ ამ მონაკვეთიდან იწყებს თავის თხრობას.

ლეონტი მროველი გადმოგვცემს - კავკასიაში, თარგამოსისა და მისი მოდგმის დამკვიდრების შემდეგ ისტორიას - „... ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონის გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკGდრა ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატსა და მასისსა... ხოლო ქუეყანა იგი, რომელი წილით ხდომოდა, ესე არს საზღვარი ქუეყანისა მისისა: აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა და სამხრით ზღუა ორეთისა, და ჩრდილოეთ მთა კავკასია. ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნენ გმირნი...“  [ს. ყაუხჩიშვილი 1955:  3-4].

ამდენად, ლეონტი მროველის მიხედვით - წარღვნას გადარჩენილ ნოეს მოდგმის განთავსების თავდაპირველ ადგილს, ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ, მხოლოდ თარგამოსი და მისი მოდგმა უბრუნდება, რომელთაც თან - ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა მოაქვთ. მოდით ვნახოთ, თარგამოსის მოდგმის რამდენი თაობა სცემს თაყვანს სამყაროს შემოქმედ ღმერთს.

თავდაპირველად გავიხსენოთ, თუ რა ტერმინებით მოიხსენიებს ლეონტი მროველი - ჭეშმარიტ ღმერთს.

„ქართლის ცხოვრების“ შემდგენელი, ჭეშმარიტი ღმერთის მცნებას - პირველად, თარგამოსის უფროსი ვაჟის - ჰაოსის მიერ, ძმებისთვის მიმართულ სიტყვებში აფიქსირებს - „...შემდგომად ამისა მცირედთა წელიწადთა მოუწოდა ჰაოს შGდთა მათ გმირთა, შემოკრიბნა და რქუა მათ: “მოგუცა ღმერთმან მაღალმან ძალი და სიმრავლე ნათესავისა ჩუენისა. აწ შეწევნითა დამბადებლისათა ვიყვნეთ არა ვისა მონა, და არავის ვემსახუროთ თGნიერ ღმრთისა დამბადებელისა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 6].

ამის შემდეგ, სამყაროს შემოქმედი ღმერთი, უკვე ნახსენებია ნებროთთან პირველი ომის მოგების დროს - „...ხოლო შGდნი ესე გმირნი თარგამოსიანნი - ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ჰეროს, ლეკან, კავკას, ეგროს - ესენი დარჩეს ცოცხლები თGნიერ წყლულებისა, და ძლევაშემოსილნი ჰმადლობდეს ღმერთსა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 7].

მომდევნო ადგილი, სადაც - ერთ ღმერთზეა მითითება, დაფიქსი-რებულია თარგამოსის შვილის - ქართლოსის შვილიშვილის უფლოსის დროს - „...და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა...“  [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 11].

მაშასადამე, ციურ მნათობთა თაყვანისცემის დაწყებამდე, ლეონტი მროველის მიერ -ერთი ღმერთის არსი, შემდეგი ტერმინებითაა გადმოცემული - „ღმერთმან მაღალმან“ „შეწევნითა დამბადებლისათა“, „ღმერთისა დამბადებლისა“, „ჰმადლობდეს ღმერთსა“ და „ღმერთი, დამბადებელი მათი“.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ მოდით გავერკვეთ -  თარგამოსის მოდგმის რამდენი თაობა სცემს თაყვანს ჭეშმარიტ ღმერთს.

ლეონტი მროველის მიხედვით - თარგამოსიდან, ვიდრე მის შვილიშვილამდე - მცხეთოსამდე, კავკასიაში დამკვიდრებულთა შორის, ჰარმონია და ურთიერთსიყვარული ყოფილა გამეფებული. ქართლოსის უფროს ვაჟთან მცხეთოსთან მიმართებაში გვეუწყება - „...ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა... და ესე იყო განმგე და უფალ მათ ოთხთავე ძმათა ზედა. და ესე ოთხნივე იყვნეს მორჩილ მისა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 9].

თარგამოსის მოდგმას შორის დაპირისპირება, მცხეთოსის სიკვდილის შემდეგ დაწყებულა - „...ხოლო ვითარცა მოკუდა მცხეთოს, ძე ქართლოსისა, შთავარდა შური შორის შვილთა ქართლოსისათა: იწყეს ბრძოლად და ?დომად ურთიერთას... და განაგრძელეს მათ შორის ბრძოლა, რომელ ჟამსამე აღდგიან ამათგანნი ორნი ნათესავნი ერთსა ზედა, და სხუანი შეეწიოდიან რომელნიმე მას; და რომელნიმე კუალად სხუანი აღდგეს ერთმანეთსა ზედა და სხუანი შეეწეოდიან. რომელსამე ჟამსა იქმნის მშGდობა მათ შორის, და კუალად შეიშალნიან და ებრძოლიან...“                  [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 10].

და აი, აქვეა მოცემული ერთი მნიშვნელოვანი მინიშნება, რომლის მიხედვითაც ვგებულობთ, თუ რა მოჰყოლია ამ ურთიერთდაპირისპირებას - „...და გაგრძელდა მათ შორის ესევითარი საქმე... და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 11].

მაშასადამე, ლეონტი მროველის მიხედვით, ერთი ღმერთისადმი თაყვანისცემა იგივდება - ჰარმონიასა და ურთიერთსიყვარულთან. ამ ერთიანობის დარღვევას კი გამოუწვევია ერთი ღმერთისადმი რწმენის დაკარგვა და მრავალღმერთიანობაზე გადასვლა, რაც ციურ სხეულთა თაყვანისცემაში აისახა - „...და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 11].

 

I. 4. წარმართობიდან - ქრისტიანობამდე

როგორც ზემოთაღნიშნულიდან დავინახეთ, ქართლში - წარმართული ხანა, თარგამოსის შვილიშვილის - მცხეთოსის სიკვდილის შემდეგ იწყება. წარმართობის გამომწვევ მიზეზად - ერთის მხრივ, შეიძლება ჩაითვალოს თარგამოსიანთა მოდგმის ერთობის დარღვევა, რომელსაც გამოუწვევია ერთი ჭეშმარიტი ღმერთის დავიწყება, ხოლო მეორეს მხრივ კი - ერთი ღმერთის დავიწყება, რომელსაც შემდგომში ურთიერთდაპირისპირება მოჰყოლია.

სანამ აღნიშნული თემის განხილვას დავიწყებთ, მოდით თავად ტერმინ „წარმართობაში“ გავერკვეთ - „წარმართობა რელიგიაა, რომელიც დაფუძნებულია ბევრი ღმერთის თაყვანისცემაზე“  [არნ. ჩიქობავა 1986: 556].

სულხან-საბა აღნიშნულთან მიმართებაში გვაუწყებს - „...წარმართი ეწოდების ყოველთა უშჯულოვებით მავალსა...“ [სულხან-საბა ორბელიანი 1993: 366]. მეორეს მხრივ, იქვე გვეუწყება, რომ უშჯულოება ცოდვასთან არის გაიგივებული - „ცოდვილი ცოდვის მოქმედი. ცოდვილი ეწოდების ქრისტიანესა შემცოდესა, ხოლო უშჯულო წარმართთა და ქრისტეს ურწმუნოთა, რომელთა არა იციან ცოდვა, თუ რაი არს...“ [სულხან-საბა ორბელიანი 1993: 340].

დასასრულს ერთიც გავიხსენოთ - „წარმართობა, კერპთმსახურება... ამ ტერმინით ქართულში აღინიშნებოდა არაქრისტიანობა საერთოდ, კერძოდ კი ის სარწმუნოებანი, რომლებთანაც მოუხდა ბრძოლა ქრისტიანობას. წარმართობა ზოგადად აღნიშნავს, როგორც ქრისტიანობის წინარე, ისე მის თანადროულ, მაგრამ არაქრისტიანულ სარწმუნოებებს... ამიტომ ეს ტერმინი თავის თავში აერთიანებს ერთმანეთისაგან განსხვავებულ, არაქრისტიანულ სარწმუნოებებს, რომლებიც დაშორებულნი არიან როგორც დროით, ისე მსოფლმხედველობის პრინციპებით. მაგალითად, ქართველთა წინაქრის-ტიანული ანუ წარმართული შეხედულებები არსებობდა და სახეს იცვლიდა მთელი ისტორიის მანძილზე, მოიცავდა რელიგიის უძველეს ფორმებს...“ [ი. სურგულაძე 1987: 291], მათ შორის იყო - ციურ სხეულთა და სხვადასხვა კერპებისადმი თაყანისცემაც. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი, რომლის პირობითი თანამიმდევრობაც, ძირითადად, „ქართლის ცხოვრებაზე“ იქნება დამყარებული.

  

I. 4. ა. ციურ მნათობთა თაყვანისცემა

ბიბლიური ცნობების თანახმად, ღმერთმა სამყარო შვიდდღიანი შესაქმის დროს შექმნა. მოგვიანებით კი წარღვნასგადარჩენილი ნოე და მისი მოდგმა, ნოეს შვილთაშვილის - ნებროთის მეთაურობით, იწყებს ბაბილონის გოდოლის შენებას, რათა  სამყაროს შემოქმედ ღმერთთან შეძლონ მიახლოვება - „თქვეს: აბა, ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივაწვდინოთ მისი თხემი...“ [დაბ.11,4].

აღნიშნულის თაობაზე „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ, რომ ადამიანთა მოდგმამ ბაბილონის გოდოლი - „...აღმართა სამისა დღისა სავალსა, რომელი ექმნა აღსავალად ხარისხად ზღუდეთა ზედა. და ენება, რათა აღვიდეს ცად და იხილნეს მყოფნი ცისანი...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955:  161-162].

როგორც აღვნიშნეთ, კავკასიაში დამკვიდრებული თარგამოსის მოდგმა, მცხეთოსის სიკვდილამდე ინარჩუნებს ერთი ღმერთის თაყვანისცემას. თარგამოსიანთა მოდგმაში მცხეთოსის სიკვდილის შემდეგ ჩამოვარდნილმა უთანხმოებამ, გამოიწვია ის, რომ მათ - „...დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 11].

აღნიშნული ინფორმაციიდან, გასარკვევია, თუ - რატომ დაიწყეს მათ ერთი ღმერთის „შემცვლელის“ ძებნა არა - მიწაზე, არამედ - ცაში, ანუ რას შეიძლება გამოეწვია თარგამოსიანთა მოდგმაში ციურ მნათობთა თაყვანისცემა. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება, ერთგვარად, დაკავშირებული იყოს ბაბილონის გოდოლთან, რადგანაც თარგამოსიანთა მოდგმას ახსოვს - ბაბილონის გოდოლი, რომელიც - ცაში მყოფ ღმერთთან მისასვლელად იყო აღმართული. და ვინაიდან, ჭეშმარიტი ღმერთის დავიწყების შემდეგ, თარგამოსის მოდგმის გონებაში დარჩენილია მოგონება ცაში მყოფ ღმერთზე, ამიტომ ზეცისკენ მომზირლებმა - ცაში მყოფი ღმერთი, ციურ მნათობთა სახით წარმოიდგინეს - „...პატივს სცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა. რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისა, რომელმანცა ასწავა და ამხილა...“  [ს. ყაუხჩიშვილი 1955:  18-19]. ზემოთქმულიდან გვეუწყება, რომ მათთვის - მზემ, მთვარემ და 5 ვარსკვლავმა, ჭეშმარიტი ღმერთისადმი თაყვანისცემა ჩაანაცვლა.

„ქართლის ცხოვრებაში“, მზისა და მთვარისგან განსხვავებით, არაფერია ნათქვამი, კერპებად ქცეული ხუთი ვარსკვლავის სახელდებათა თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, პასუხი რამდენიმე კუთხით შეიძლება მოვიძიოთ:

1) თანამედროვე ასტრონომია ერთმანეთისაგან განასხვავებს პლანეტებსა და ვარსკვლავებს კერძოდ - „...ბუნებით, პლანეტები მკვეთრად განსხვავდება მზისა და ვარსკვლავებისაგან: მზე და ვარსკლავები გავარვარებული გაზური სხეულებია, რომლებიც თვითონ ასხივებენ; პლანეტები კი თავისთავად ცივი სხეულებია, რომლებიც მზის სხივებს აირეკლავენ და ამის გამო წარმოგვიდგებიან როგორც მნათობები. გარეგნულად კი ვარსკლავებსა და პლანეტებს შორის დიდი განსხვავება როდია...

ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანმა შენიშნა, რომ ვარსკვლავებს შორის გამოირჩევა ხუთი მნათობი, რომლებიც ვარსკვლავებისაგან განსხვავდებიან, ჯერ ერთი, უფრო „მშვიდი“, ნაკლებად მოციმციმე ნათებით, და მეორეც, თუმცა მონაწილეობენ ვარსკვლავებიანი ცის საერთო დღეღამურ ბრუნვაში, ამავე დროს ნელა, თანდათანობით საკუთრივადაც მოძრაობენ. უწესრიგო მოძრაობის გამო, უწოდეს პლანეტები (ბერძნული - „პლანეტეს“, რაც ნიშნავს მოხეტიალეს) ანუ ცთომილნი, ე.ი. ვარსკვლავების საერთო გზას ამცდარნი.... განსაკუთრებული დიდი სიკაშკაშის გამო, უხსოვარი დროიდანვე ცნობილი იყო ხუთი ცთომილი: მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი...“ [ე.ხარაძე 1987: 103-104].

გარდა ამისა, დღეისათვის - „...მზიდან დაშორების მიხედვით, პლანეტების თანამიმდევრობა შემდეგია: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი...“ [ე. ხარაძე 1987: 102].

ზემოთაღნიშნული 5 პლანეტის გარდა, დანარჩენი 3 პლანეტის აღმოჩენა მხოლოდ მე-17-ე საუკუნის შემდეგ მოხერხდა. კერძოდ - ურანი აღმოაჩინეს 1781 წელს [იხ. ქ.ს.ე. 1986: 167]; ნეპტუნი - 1846 წელს [იხ.ე. ხარაძე 1987: 390]; ხოლო პლუტონი - 1930 წელს [იხ. ქ.ს.ე. 1985: 112].

აღნიშნული ცნობებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  XI ს-ში მცხოვრები ლეონტი მროველის მიერ “ქართლის ცხოვრებაში” - მოხსენიებული ხუთი ვარსკვლავი, სწორედაც, რომ პლანეტები - მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნია.

2)  საძიებელი კუთხით საინტერესო ინფორმაციას იძლევა - „ვეფხისტყაოსანი“, სადაც შოთა რუსთაველი ავთანდილის პირით გვაწვდის - მზის, მთვარისა და იმ 5 ვარსკვლავის სახელებს, რომლებიც შეიძლება „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული 5 ვარსკვლავის სახელიც იყოს.

ავთანდილი უმღერის - მზეს, მთვარესა და 5 ვარსკვლავს, რომელთა ჩამოთვლის თანამიმდევრობა ასეთია - „აჰა მზეო... მო ზუალო, ჰე მუშთარო..., მოდი მარეხო..., მოდი ასპიროზ... ოტარიდო, შენგან კიდე..., მო მთვარეო... აჰა, მოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარეხი მოვლენ და მოწმად მყვებიან “ [შ. რუსთაველი 1992: 213-214].

მაშასადამე, XII-XIII  ს-ში მცხოვრები შოთა რუსთაველი, საძიებელი ხუთი ვარსკვლავის თაობაზე, შემდეგ სახელდებებს გვაუწყებს: ზუალ (ანუ სატურნი), მუშთარი (იუპიტერი), მარეხი (მარსი), ასპიროზი (ვენერა) და ოტარიდი (მერკური).

3) ახლა მოდით ვნახოთ, თუ რა ინფორმაციას გვაწვდის XVII-XVIII  ს-ში მცხოვრები სულხან-საბა ორბელიანი. სულხან-საბა, არა მარტო კერპად ქცეულ 7 ვარსკვლავის სახელს იუწყება, არამედ თითოეული მათგანის ზოგად სახესაც გვიხასიათებს:

- „ცთომილნი შვიდნი იგი ვარსკვლავნი უკვე ითქმიან ცთომილად, რომელნი შვიდთა მათ ცათა შინა თვითოეულნი არიან, რომელთა სახელები მათი ესე არს ქართულად და არაბულად: მთოვარე: ყამარ; ერმი: ოტარიდ; აფროდიტი: ასპიროზ; მზე: შამს; არია: მარიხი; დია: მუშთარი; კრონოსი: ზუალ...“ [სულხან-საბა ორბელიანი 1993: 335].

აღნიშნულის შემდეგ, წარმოდგენილი თანამიმდევრობის დაცვით გავიხსენოთ, თუ რა დამატებით ინფომარციას გვაწვდის სულხან-საბა თითოეული მათგანის შესახებ - „მთვარე... ესე არს უქვემოესთა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების ჭირანო... მთვარისა სახესა ქალისასა  იტყვიან, ხელთა აქვს ისარიო...“ [სულხან-საბა ორბელიანი 1991: 475-476]; „ერმი ოტარიდი, ესე არს მეორესა ცასა ზედა, რომელსაც ეწოდების ცირანო... ამისა სახეობასა იტყვიან უწვერულისა ჭაბუკისასა, შეჭურვილისა, ?ელთა   ქონებად ძლევისასა...“ [სულხან-საბა ორბელიანი 1991: 241]; „აფროდიტი ასპიროზ. მესამესა ცასა ზედა არს, რომელსა ეწოდების მელტარო. ამისას იტყვიან სახე აქვს ქალწულისა, ხელთა აქვს პურიო...“ [სულხან-საბა ორბელიანი 1991: 73]; „მზე. ესე არს მეოთხესა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების კოჭიმელი... ხოლო სახესა მისსა იტყვიან მეფისასა გვირგვინოსანსა, ხელთა აქვს ჟინჟღილიო, რომელ - არს ამზა...“ [სულხან-საბა ორბელიანი 1991: 472]; „არეა მარიხი. არს მეხუთესა ცასა ზედა, რომელსა ჭიმჭიმელი ეწოდების... ფილასოფოსთა უთქვამთ იგავად: არიას სახე ჭაბუკისა მსგავსი არს შეჭურვილი და Pელთა აქვს Pრმალიო...“ [სულხან-საბა ორბელიანი 1991: 62]; „დია მუშთარი, ესე დია არს მეექვსესა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების კიმკიმელი... ამისი უთქვამთ სახე, ბერის კაცისა. გვირგვინოსანი, მარცხენასა Pელთა ქონებად არგნისა და მარჯვენათა Pელთა ცეცხლისასა...“ [სულხან-საბა ორბელიანი 1991: 218]; „კრონოსი ესე ვარსკლავი არს მეშვიდესა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების ალბასტრო... ხოლო სახე კრონოსისა ბერისა კაცისა არს, მარჯვენასა Pელსა აქვს ცეცხლი და მარცხენასა გველი მობორკლილი...“ [სულხან-საბა ორბელიანი 1991: 390].

4) ჩვენ მიერ საძიებელ თემაზე პასუხის მისაღებად, გავიხსენოთ - კვირის დღეთა ძველ-ქართული სახელწოდებანი. ამასთან დაკავშირებით, მოდით ისევ სულხან-საბას მივმართოთ, რომლის მიხედვითაც - „ორშაბათს“ ძველ ქართულად ეწოდებოდა „მთოვარისი“, „სამშაბათს“ – „არიასი“, „ოთხშაბათს“ – „ერმისა“, „ხუთშაბათს“ – „აფროდიტისა“, „პარასკევს“ – „დიოსისა“, „შაბათს“ – „კრონოსისა“, ხოლო კვირას - „მზისა“ [იხ. სულხან-საბა ორბელიანი 1993: 651].

აღნიშნულთან მიმართებაში ივ. ჯავახიშვილი ასე ბრძანებს - „...მართალია, მწერლობასა და საუბარშიც საზოგადო ქართულში ებრაულ-ქრისტიანული, შაბათზე დამყარებული, დღეების აღნიშვნის სისტემა გაბატონდა, მაგრამ XVIII ს-ის დამდეგსაც კი, როგორც ეს საბა ორბელიანის ნაშრომითგან ჩანს, იცოდნენ, რომელი დღე ვისთვის იყო განკუთვნილი და ეს ცნობა მთლად წარმართობის-დროინდელ დღის სახელებზეა დამყარებულ... ყურადღება მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ს. ორბელიანი დღის ჩვეულებრივ სახელებს - კვირა, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი, - უპირისპირებს თავის მიერ მოყვანილ სახელებს, რომელთაც ის ქართულად სთვლის. მაშასადამე, შაბათის აღრიცხვაზე დამყარებული დღის სახელები მას ქართულად არ მიაჩნდა, თუმცა მის დროს და დიდი ხანია მასზე უწინარესად  ეს სახელები იყო ქართულად: სხვა თითქმის არც არსებობდა... ცხადი ხდება, რომ ქართველებს შვიდეულის დღეების შაბათის სისტემის სახელები ქრისტიანობის შეთვისებასთან ერთად IV ს-ში უნდა შეეძინათ და ეს სახელები შეენარჩუნებინათ შემდეგაც. მაშასადამე, ს. ორბელიანის მიერ მოყვანილი შვიდეულის „ქართული“ სახელები წარმართობის დროინდელი უნდა იყოს...“ [ივ. ჯავახიშვილი 1979: 157-158].

მაშასადამე, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ:

-  კავკასიაში დამკვიდრებულმა თარგამოსიანთა მოდგმამ, მიზეზთა გამო, დაივიწყა ერთი ღმერთი, და კერპად - მზე, მთვარე და 5 ვარსკვლავი გაიხადა; თუმცა „ქართლის ცხოვრებაში“ ამ ხუთი ვარსკვლავის სახელების თაობაზე არაფერია ნათქვამი;

- სხვადასხვა წყაროების განხილვის შედეგად შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ამ ვარსკვლავთა სახელებია - ზუალი, იგივე კრონოსი (სატურნი), მუშთარი, იგივე დიოსისა (იუპიტერი), მარეხი, იგივე არეა (მარსი), ასპიროზ, იგივე აფროდიტი (ვენერა) და ოტარიდი, იგივე ერმისა (მერკური);

- გარდა ამისა, კერპად გახდილი ციური მნათობების სახელები, აღიბეჭდა ძველ ქართულ, ანუ წარმართობის დროინდელ კვირის დღეთა სახელდებებში: „ორშაბათი“ – „მთოვარისა“, „სამშაბათი“ – „არიასი“, „ოთხშაბათი“ – „ერმისა“, „ხუთშაბათი“ – „აფროდიტისა“, „პარასკევი“ – „დიოსისა“, „შაბათი“ – „კრონოსისა“ და „კვირა“ – „მზისა“ [იხ.სულხან-საბა ორბელიანი 1991: 651].

 

I. 4. ბ. მიწიურ კერპთა თაყვანისცემა

კავკასიაში დამკვიდრებული თარგამოსის მოდგმის მიერ, ერთი ღმერთის თაყვანისცემის დავიწყების შედეგად დამკვიდრებული ციურ მნათობთა თაყვანისცემა, დროთა განმავლობაში, შეიცვალა - მიწიური კერპებისადმი თაყვანისცემით. „ქართლის ცხოვრება“ ვრცლად მოგვითხრობს, ქართლში, კერპთაყვანისმცემლობის ამ ფორმის დამკვიდრების ისტორიას.

ქართლის სამეფოში, უცხო რჯულის პირველი შემოსვლა უკავშირდება სპარსეთის მეფის - ქაიხოსროს მიერ, ადარბადაგანში სპარსული სალოცავის აშენებას - „...აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა, და წარვიდა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 15].

მომდევნო ამგვარი ცნობა შეეხება ქართლში უცხო ეროვნების ხალხთა ჩამოსახლებისას მომხდარს. კერძოდ - „...ხოლო მასვე ჟამსა მოვიდეს თურქნი, ოტებულნი მისვე ქაიხოსროსაგან... მას ჟამსა შინა სადათაც ვინ მოვიდის ძGრის-მოქმედთაგან საბერძნეთით, გინა ასურით ოტებული, გინა ხაზარეთით, ყოველივე დაიმეგობრიან ქართველთა შემწეობისთGს სპარსთა ზედა. და გამოPდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალიმი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქGან ზანავი და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქGან ხერკ ხარკისა მისთGს...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 15-16].

ზემოთაღნიშნულმა - თურქებმა, ბერძნებმა, ასურელებმა, ხაზარებმა, ებრაელებმა, ქართლის სამეფოში გადმოსახლებისას, თავ-თავისი რჯულიც ჩამოიტანეს.

მაშასადამე, ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ქართლის სამეფოში სხვადასხვა ეროვნების ხალხთა ჩამოსახლებამ და სპარსელების მიერ ადარბადაგანში აშენებულმა სალოცავმა, გავლენა მოახდინეს ქართლის სამეფოში არსებულ ღვთაებებისადმი - მზის, მთვარისა და 5 ვარსკვლავისადმი - თაყვანისცემაზე (მათ ზეგავლენაზე), და მათი ადგილი - მიწიერმა კერპებმა დაიკავეს; რის შემდეგაც, ქართლში შექნილი საერთო სარწმუნოებრივი მდგომარეობა, ლეონტი მროველის მიერ ასეა აღწერილი - „... და იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთა, რამეთუ ცოლ-ქმრობისათGს არა უჩნდათ ნათესაობა; და ყოველსა სულიერსა ჭამდეს; საფლავი არა იყო, მკუდარსა შესჭამდეს...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 16].

ქართლში შემოსული ალექსანდრე გააკვირვა აქ არსებულმა სარწმუნოებრივმა მდგომარეობამ - „... და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა... და იხილა რა ესე ნათესავნი სასტიკნი წარმართნი... მსხდომარენი მდინარესა მას მტკურისასა მიხვევით დაუკ?რდა ესე ალექანდრეს... დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი, და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლის მყოფნი და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 17-18].

„ქართლის ცხოვრებიდან“ იმასაც ვგებულობთ, თუ რა გადაწყვეტილებას ღებულობს ალექსანდრე. იგი, ქართლში დატოვებულ მმართველს - აზოს უბრძანებს - „...რათა პატივს ცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოველისასა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 18].

„ქართლის ცხოვრება“, „მოქცევა? ქართლისა?ში“ დასახელებული - 6 კერპის ნაცვლად, ასახელებს - 7 მიწიურ კერპს, რომელთა დამკვიდრების მოკლე ისტორია ასეთია - „... ალექსანდრე მაკედონელის მიერ, ქართლის მმართველად დადგენილმა აზომ, დაუტევა არსებული რჯული და - „...იწყო კერპთმსახურებად, და შექმნა ორნი კერპნი ვერცხლისანი გაცი და გაიმ...” ... ლეონტი მროველის ცნობით, აზოს დამარცხების შემდეგ, ფარნავაზმა - „... შექმნა კერპნი დიდი სახელისა ზედა თ?სს. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა...“ ... ფარნავაზის შვილმა საურმაგმა - „...შექმნა ორნი კერპნი, აინინა და დანანა...“ ... ლეონტი მროველის ცნობით, კერპ ზადენის შექმნა, „მოქცევა? ქართლისა?ში“ მითითებულის მსგავსად, მეფე ფარნაჯომს მიეწერება - „...ამან აღაშენა ციხე ზადენი და შექმნა კერპი სახელით ზადენ...“ ... მეშვიდე კერპის თაობაზე კი “ქართლის ცხოვრებაში” ვკითხულობთ - „...ამან რევ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ასული ლოღოთეთისა, სახელით სეფელია. და ამან სეფელია მოიტანა თანა კერპი, სახელით აფროდიტოს და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა...“ [ს. სალუაშვილი 2009: 36].

„ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ინფორმაციის თანახმად, გადაჭრით იმის თქმა - აღნიშნული კერპები, მზის, მთვარისა და 5 ვარსკვლავის კულტის პარალელურად არსებობენ, თუ მთლიანად ჩაენაცვლნენ მათ - შეუძლებელია, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ ქართლში შვიდი მიწიური კერპი დამკვიდრებულა -  გაცი, გაიმი, არმაზი, აინინა, დანანა, ზადენი და აფროდიტოს.

 

I. 4. გ. ცეცხლთაყვანისმცემლობა

როგორც დავინახეთ, თარგამოსიანთა მოდგმის მიერ, ერთი ღმერთის დავიწყებას, ციურ მნათობთა თაყვანისცემა მოჰყვა. დროთა განმავლობაში, მიზეზთა გამო, ქართლის სამეფოში თანდათანობით გავრცელება დაიწყო კერპთაყვანისცემლობის სხვადასხვა ფორმებმა, მათ შორის იყო - ცეცხლთაყვანისმცემლობაც.

ქართულ წყაროებში დაცული პირველი ცნობა, რომელიც კავკასიაში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელებას ეხება, როგორც უკვე აღინიშნა, ლეონტი მროველის მიერ ასეა მინიშნებული - „...წარმოემართა ესე ძე შიოშისი, სახელით ქაიხოსრო. ვერ წინააღუდგეს მას სომეხნი და ქართველნი, რამეთუ დიდი იყო ძალი მისი. მოვლო ყოველი სომხითი და ქართლნი, მოტყუენა ყოველივე, იავარ-ყვნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და დაუტევნა ერისთავნი, და ააშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა და წარვიდა..“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 15].

ზოგადად ცეცხლთაყვანისმცემლობის შესახებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ - „... ზორასტრიზმი, ძველად და ადრინდელ შუა საუკუნეებში ირანში, შუა აზიაში, ავღანეთში, აზერბაიჯანსა და ახლო და შუა აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში გავრცელებული რელიგია(ა). ამჟამად ინდოეთში ფარსების რელიგიაა, ირანში - გაბრებისა. სახელი ეწოდა წინასწარმეტყველი ზოროასტრის მიხედვით. ზოროასტრიზმის წმინდა კანონია ავესტა: ამ რელიგიის მიხედვით, უზენაესი ღვთაებაა, აჰურამაზდა, რომლის გამო ზოროასტრიზმს მაზდეანობასაც უწოდებენ: ზოროასტრიზმი დუალისტური რელიგიაა, ერთმანეთს უპირისპირებს ორ საწყისს - სიკეთესა და ბოროტებას, რომელთა მუდმივი ჭიდილი გამარჯვებისთვის მსოფლიო განვითარების პროცესის შინაარსს განსაზღვრავს... ზოროასტრიზმის წმინდა გამოვლინებაა ცეცხლი - განსახიერება ღვთაებრივი სამართლიანობისა... ზოროასტრიზმი, როგორც სახელმწიფო რელიგია, საბოლოოდ ჩამოყალიბდა სასანიდების დროს...“ [ი. გაგოშიძე 1979: 537].

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართლის სამეფოში ცეცხლთაყვანის-მცემლობა სახელმწიფო რელიგიად თითქმის არასდროს ყოფილა გამოც-ხადებული, ერთი გამონაკლისის გარდა, როცა ქართლის მეოთხე მეფემ ფარნაჯომმა - „... შექმნა კერპი სახელით ზადენ... ამისა შემდგომად შეიყუარა სჯული სპარსთა, ცეცხლის მსახურება, მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლის-მსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას, ადგილსა მას რომელსა აწ ჰქGან მოგუთა, და იწყო ცხადად გმობად კერპთა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 29].

ზოგადად, ცეცხლთაყვანისმცემლობის საქართველოში გავრცელების შესახებ, შეიძლება ითქვას შემდეგი - „... ზოროასტრიზმისა და ზოროასტრული კულტების ისტორია საქართველოში 3 პერიოდად შეიძლება დაიყოს: 1. აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ.წ. VI - ახ. წ. III ს.ს.), როდესაც ზოროასტრიზმი საქართველოში ვრცელდება უპირატესად ირანთან მშვიდობიანი ურთიერთობის გზით... ზოროასტრიზმი განსაკუთრებით ფეხმოკიდებული ჩანს ქართლის სამეფოს მმართველ ზედაფენაში, რისი მაჩვენებელიცაა მათ შორის გავრცელებული ირანულ-ზოროასტრული თეოსოფიური სახელები...  2. ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის ხანა (III-VII ს.ს.), როცა ირანი ძალით ცდილობდა აღმ. საქართველოში ირანის სახელმწიფო რელიგიის დამკვიდრებას... და  3. სასანიანთა იმპერიის დაცემის შემდგომი ხანა, როცა ზორიასტრიზმი თვით ირანშიც დევნილ რელიგიად იქცა...“ [ი. გაგოშიძე 1979: 537-538].

მოდით ეხლა გავიხსენოთ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, ცეცხლთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ის ცნობა, რომელიც მირიან მეფეს უკავშირდება.

ლეონტი მროველის ცნობით, ქართლის ოცდამესამე მეფის - ასფაგურის სიკვდილის შემდეგ, ქართლის ტახტი უძეოდ დარჩენილა, რადგანაც მეფე ასფაგურს ვაჟი არ ჰყოლია. ამიტომ დიდებულებმა მოითათბირეს და სპარსთა მეფეს სთხოვეს მისი ვაჟი მეფედ, ოღონდ თან რამდენიმე პირობა წაუყენეს - „... ვითხოვოთ მისგან ძე მისი მეფედ ჩუენდა, და ვევედრნეთ, რათა შერთოს ცოლად ძესა მისსა ასული მეფისა ჩუენისა ასფაგურისი... და ვითხოვოთ მისგან დამჭირვა სჯულისა ზედა მამათა ჩუენთასა, და ვითხოვოთ ჩუენ თანა არა აღრევა სპარსთა და წარჩინებულად პყრობა ჩუენი...“  [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 63].

სპარსეთის მეფეს, ქართლის დიდებულების ეს თხოვნა შეუსრულებელია - „... მაშინ მოიყვანეს ასული ასფაგურ მეფის სამშGლდით, რომელსა ერქუა აბეშურა, და შერთო იგი სპარსთა მეფემან ძესა თGსსა, რომელი მუნ თანა ჰყვა შGდისა წლისა ნაშობი მPევლისა, რომელსა ერქუა სპარსულად მიჰრან, ხოლო ქართულად მირიან...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 64]. 

ლეონტი მროველი აქვე გადმოგვცემს სპარსეთის მეფის სიტყვებს - „... იყოს შვილი ჩემი ორსავე სჯულისა ზედა მამათა ჩუენთა ცეცხლის-მსახურებასა და თქუენთა კერპთასა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 65]. 

რაც შეეხება მირიან მეფის დამოკიდებულებას ქართლის სამეფოში გამეფებულ კერპთაყვანისმცემლობასთან, ამის შესახებ „ქართლის ცხოვრებაში“ ასეთი ცნობაა დაცული - „... და აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შGდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა. ხოლო შეიყუარნა ქართველნი, და დაივიწყა ენა სპარსული და ისწავლა ენა ქართული. და ჰმატა შემკობა კერპთა და ბომონთა, კეთილად იპყრნა ქურუმნი, კერპთანი, და ყოველთა მეფეთა ქართლისათა უმეტეს აღასრულებდა მსახურებასა მას კერპთასა, და შეამკო საფლავი ფარნავაზისი. ხოლო ესე ყოველი ქართველთა სათნოებისათGს ქმნა, და კეთილად იპყრნა ქართველნი ნიჭითა და ყოველით დიდებითა. და შეიყუარეს იგი ყოველთა ქართველთა უმეტეს ყოველთა მეფეთასა. და მეფობდა ესრეთ მცხეთით გაღმართ ქართლს, სომხითს, რანს, ჰერეთს, მოვაკანს და ეგრს...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 65].

 

II. ისტორიული ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხი

ჩვენს მიერ განხილული საკითხი, - „ერთი ღმერთიდან ვიდრე ერთ ღმერთამდე“ - , როგორც ვნახეთ, რამდენიმე სარწმუნოებრივი საფეხურისგან შედგება. თავის მხრივ, თითოეული ეს საფეხური - დროის გარკვეულ მონაკვეთს მოიცავს. წინამდებარე თავში, შეძლებისდაგვარად, სწორედ ამ დროითი მიჯნების ისტორიული ქრონოლოგიის დადგენას შევეცდებით.

 

II. 1. ერთღმერთიანობიდან ვიდრე

ციურ მნათობთა თაყვანისცემამდე გასული დრო

წინამდებარე საკითხის განხილვისას ჩვენ, მთლიანად ბიბლიასა და „ქართლის ცხოვრებაში“ დაცულ ინფორმაციებს დავეყრდნობით. აღნიშნული საფეხურეობრივი მიჯნების - ისტორიული ქრონოლოგიის განხილვა, პირობითი თანამიმდევრობის დაცვით გვინდა დავიწყოთ.

 

II. 1. ა. სამყაროს შექმნიდან

წარღვნამდე გასული დრო

ბიბლიის მიხედვით, კაცობრიობის - ზოგადი „დროითი ათვლა“, ღმერთის მიერ სამყაროს 7 დღიანი შესაქმისა და ადამის სამოთხიდან გამოძევებიდან იწყება. უშუალოდ მიწიური დროითი ათვლა კი, ადამის დედამიწაზე დამკვიდრებიდან იღებს სათავეს.

ბიბლიური მონაცემების მიხედვით, ადამის მიწიური ცხოვრების ხანგრძლივობა - 930 წელს შეადგენს [იხ. დაბ. 5,5]. ამის პარალელურად, ბიბლია საუბარს იწყებს - შეთისა და კაენის შტოებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეთის შტოსაგან განსხვავებით, კაენის შტოში შემავალ პირთა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ბიბლია არაფერს იუწყება. რაც შეეხება ადამი-შეთის შტოს მასზე, ბიბლიაში დაწვრილებითი ინფორმაციებია დაცული, რომელთა მიხედვითაც ვგებულობთ - „ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი... იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში... იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი... იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალეელი... იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი... იცოცხლა იარედმა ას სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი... იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდახუთი წელი და შვა ლამექი... იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ძე. უწოდა მას სახელად ნოე...“ [დაბ. 4,3; 6 9; 12; 15; 18; 21; 25; 28-29].

ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ - „...ნოე დაბადებულა, ადამიდან 1054 წელს. ბიბლიის მიხედვით - „ექვსასი წლის იყო ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყანაზე“ [დაბ. 7,6]. ბიბლიაში ზუსტადაა მოცემული წარღვნის, როგორც - დაწყების, ასევე მისი - დამთავრების დროც - „ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდა დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები“ [დაბ. 7,11]. მაშასადამე, წარღვნა დაწყებულა, ადამიდან: 1054 წ. + 600 წ. = 1654 წელს.

წარღვნის დამთავრების შესახებ ვკითხულობთ - „ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის დამდეგს დაშრა წყალი ქვეყნად; ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა, გამშრალა მიწის პირი. მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები“ [დაბ. 8,13-16]. მაშასადამე, წარღვნა დამთავრებულა - ადამიდან 1655 წელს, ანუ იგი ფაქტობრივად გრძელდებოდა - 1 წელი და 10 დღე...“ [მ. სალუაშვილი 2008: 18].

ამდენად, ნოესა და მისი მოდგმის, არარატის მიდამოებში დამკვიდრების დროითი ათვლა, ადამიდან - 1655 წლიდან იწყება.

ჩვენ მიერ, ბიბლიის მიხედვით მითითებულ ათვლას - „ადამიდან“, ქრისტიანულ სამყაროში, მეორენაირად - „დასაბამითგანი“ ეწოდება.

ამასთანავე ცნობილია ისიც, რომ საერთოდ - „ქრისტიანულ ქვეყნებში მიღებული იყო წელთაღრიცხვის სამი სისტემა: „ქრისტესით“, „დასაბამიდან“ და „ქორონიკონით...“ [რ. პატარიძე 1980: 73]. თითოეული მათგანის თაობაზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

- „... წელთაღრიცხვა „ქრისტესით“ ყველა ქრისტიანული ხალხისათვის საყოველთაო და ერთნაირი იყო. ეს წელთაღრიცხვა ახლაც კარგად ცნობილია. წელთაღრიცხვა „ქორონიკონით“ 532-წლიანი ციკლით ხდებოდა. 532-წლიანი მოქცევა ცნობილია აგრეთვე სახელით „ალფა“, ეს იმიტომ, რომ ამ სიტყვის ასო ნიშნების რიცხვითი მნიშვნელობის ჯამი, როგორც - ბერძნულად, აგრეთვე - ქართულად 532-ს შეადგენს (1 + 30 + 500 + 1 = 532); 532-წლიანი მოქცევა არის მზის 28 წლიანი ციკლისა და მთვარის 19 წლიანი ციკლის ნამრავლი: 28 X 19 = 532.

- ქორონიკონული წელთაღრიცხვა ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში მიღებული არ იყო, მაგრამ 532 წლიანი ციკლი, ე.წ. „დიდი ინდიქტიონი“, ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში მიღებული იყო, როგორც ე.წ. „პასქალური“ სისტემა... როგორც ცნობილია, ახ. წ.-ის 780 წელს დასრულდა მე-12 მოქცევა, ხოლო 1312 წელს მე-13 მოქცევა: (780 + 532 = 1312).

შესაბამისად, მე-11 მოქცევა უნდა ყოფილიყო 780-532=248 წ. ახ.წ.-ით, ხოლო მე-10 მოქცევა: 248-532=284 წ. ძვ.წ-ით; უნდა დავასკვნათ: 284 წელს ძვ. წ.-ით დასრულდა ათი 532 წლიანი მოქცევა და დაიწყო მე-11-ე  532 წლიანი ციკლი ე.ი. ქართული ქორონიკონული წელთაღრიცხვის გამოსავალი თარიღი ყოფილა 284 წელი ძველი წელთაღრიცხვისა...

- ახალი წელთაღრიცხვის მესამე სისტემის ე.წ. „დასაბამითგანის“ შესახებ - ეს წელთაღრიცხვა აგრეთვე ქრისტიანულია. ეს ერა ანგარიშობს დროს ქვეყნის გაჩენიდან, ანუ „ადამითგან“, ქრისტეს შობამდე. ერა - დასაბამითგან ქრისტეს დაბადებამდე - სხვადასხვა სახისაა; რაკი ამ ერას სხვადასხვა დროის პერიოდით განსაზღვრავენ, ძირითადად ცნობილია „დასაბამითგანის“ შემდეგი ვარიაციები: 1. 5198 წელი - ევსევი კესარიელისა; 2. 5492 წელი - პანოდორე ალექსანდრიელისა; 3. 5500 წელი - ანიანე ალექსანდრიელისა;  4. 5508 წელი - ბიზანტიელებისა (ბიზანტიული ერა).

ქართველებს კი საკუთარი „დასაბამითგანი“, ყველასაგან განსხვავებული ერა აქვთ. ქართული „დაბასამითგანი“ ქვეყნის გაჩენიდან ქრისტემდე 5604 წელს ანგარიშობს. რა არის ამის მიზეზი? ზემოთ უკვე ითქვა, რომ 284 წელს ქრისტეს დაბადებამდე დასრულდა ათი 532 წლიანი ციკლი. შესაბამისად, ქვეყნის გაჩენიდან ქრისტეს შობამდე გასულა დრო: 10 X 532 = 5320 წელი და კიდევ 284 წელი 5320 + 284 = 5604 წელი...“ [რ. პატარიძე 1980: 74-75]. 

საუბრის გაგრძელებამდე ქორონიკონთან დაკავშირებული კიდევ ერთი ცნობაც გავიხსენოთ - „ქორონიკონი, VI ს-ში ქრისტიანულ სამყაროში შემოღებული წელთსათვალავი(ა)... საქართველოში პირველად VIII ს-ის 80-იანი წლების დასაწყისიდან გამოიყენება...“ [გ. გიორგობიანი 1986: 550]. მაშასადამე, სამყაროს შექმნიდან, ჩვენთვის საძიებელი წარღვნის დაწყება-დამთავრების წლები, ქრისტიანულ სამყაროში მიღებული 3 წელთაღრიცხვის მიხედვით,ასეთია:

1. ბიბლიური, ანუ „ადამითგან“, იგივე „დასაბამითგანი“ : 1654-1655 წლები;

2. წელთაღრიცხვით: „ქრისტესით“, ანუ ქრისტეს დაბადებამდე: 5604 წ. - 1654(1655) წ. = 3950(3949 წ.);

3. ქართული „ქორონიკონით“, ანუ იგივე - „დიდი ინდიქტიონით“: 1654 წ. = 3 X 532 (1596 წ.) + 58 წელი, ანუ მე-4 ქორონიკონის 58-ე წელი.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ:

წარღვნას გადარჩენილი ნოეს მოდგმის მიერ არარატის მიდამოებში დამკვიდრების ათვლის წელია:  1. „ადამითგან“, ანუ „დასაბამიდან“ - 1655 წელი; 2. „ქრისტესით“, ანუ ქრისტეს შობამდე - 3949 წ.; და - 3. ქორონიკონით, ანუ „დიდი ინდიქტიონით“:  მე-4 ქორონიკონის 58-ე წელი.

 

II. 1. ბ. წარღვნის დამთავრებიდან -

ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე გასული დრო

ბიბლიიდან გვეუწყება, რომ წარღვნას გადარჩენილი ნოეს მოდგმა - ჯერ არარატის მიდამოებში, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ - შინყარის ველზე მკვიდრდება, სადაც ბაბილონის გოდოლის აშენებას იწყებენ. ჩვენთვის საინტერესო კითხვაზე, თუ - როდის დაინგრა ბაბილონის გოდოლი, პასუხის გასაგებად, საჭიროა დავადგინოთ - რამდენ ხანს მკვიდრობს ნოეს მოდგმა არარატის მიდამოებსა და შინყარის ველზე.

ბიბლიაში იმ ადგილის სახელი, სადაც სამოთხიდან გამოძევებული ადამი და ევა მკვიდრდება, ღიად მითითებული არ არის. სამაგიეროდ, ბიბლიაში მოცემულ ირიბ მინიშნებათა მიხედვით, როგორც ზემოთ ვნახეთ, ადამის მოდგმა თავის თავდაპირველ განთავსების ადგილას - „ადამითგან”, ვიდრე - 1654 წლამდე ცხოვრობს.

წარღვნის დამთავრების შემდეგ, ანუ „ადამითგან“: 1655 წლიდან - „... წარღვნას გადარჩენილი ნოე მართალია არარატის მიდამოებში მკვიდრდება - „დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი” [დაბ. 9,20], მაგრამ მისთვის, ეს ადგილი, მაინც არ არის „მშობლიური“.

დიდის ალბათობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ ამ „მშობლიური“ ადგილისკენ სწრაფვა გახდა ნოეს მოდგმის მიერ არარატის მიდამოების დატოვების მიზეზი - როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან (ანუ - არარატის მიდამოებიდან) ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ“ [დაბ.11,2]...

აღნიშნულის პარალელურად, ბიბლიაში მოცემულია არარატის მიდამოებში, ნოეს მოდგმის ყოფნისეული დროის ირიბი მინიშნებაც; და აი, როგორ...

ბიბლიაში ვკითხულობთ - „შეეძინა შვილები სემსაც ყებერის ძეთა მამას, იაფეთის უფროს ძმას. სემის ძენი: ელაში, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი“ [დაბ. 10,21-22].

და აი, სემის ხუთი ძიდან მხოლოდ ერთის - არფაქშადის შობისეული წლის მინიშნებაა ბიბლიაში. სემმა -„...შვა არფაქშადი, წარღვნის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ“-ო [დაბ. 11,1].

ბიბლიის მიხედვით წარღვნა დაიწყო - „ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს...“ [დაბ. 7,11]; ხოლო დამთავრდა - „ექვსასმეერთე წელს - მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს...“ [დაბ. 8,13-14].

ძველებრაულიდან თარგმნილი ქართული ბიბლიის მიხედვით, ეს მომხდარა ადამიდან: 17/02-1654 წლიდან, 27/02 - 1655 წლამდე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე არფაქშადის დაბადება მომხდარა - ადამიდან 1657 წელს, ანუ 1655 წელს დამთავრებული - „წარღვნიდან ორი წლის შემდეგ“.

თავის მხრივ, ბიბლიაში, სემის, მხოლოდ ორი ვაჟის შთამომავალთა სახელებია მოცემული - „არამის ძენი: ყუცი, ხული და მაში. არფაქშაღმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი. ყებერს შეეძინა ორი ძე; ერთს ერქვა ფალეგი; რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა...“-ო [დაბ. 10,23-25].

მაშასადამე, ბაბილონის გოდოლის დანგრევა, ანუ „ქვეყნის გაყოფა“ - ფალეგის დროს მომხდარა, რომელიც ძველებრაულიდან თარგმნილი ქართული ბიბლიის მიხედვით, ადამიდან: 1756-1995 წლებში ცოცხლობს...

ამდენად, სემის შტოს მე-5 პატრიარქის - ფალეგის დაბადების თარიღი - 1756 წელი, არის კიდეც ის ზედა მიჯნა, რომელი დროის მანძილზეც - ნოეს მოდგმა ცხოვრობს არარატის მიდამოებში.

საუბრის გაგრძელებამდე ერთიც უნდა ითქვას, თუ დავუშვებთ, რომ - ფალეგი, ნოეს მოდგმის არარატის მიდამოებში ყოფნის დროს დაიბადა, და შემდეგ გადავიდნენ ისინი შინყარის ქვეყანაში, და რომ მისივე სიცოცხლეში ხდება ბაბილონის გოდოლის დანგრევა, მაშინ ნოეს მოდგმის არარატის მიდამოებში მკვიდრობის დროის მიქსიმალური ზღვარი ვერ გადასცილდება ფალეგის გარდაცვალების თარიღს, ადამიდან - 1995 წელს.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წარღვნის დამთავრების შემდეგ, ნოეს მოდგმის არარატის მიდამოებში მკვიდრობის დროის მინიმალური ზღვარია, ადამითგან: 1655 წლიდან  -  1756 წლამდე, ანუ - 101 წელი.

საძიებელი დროის მაქსიმალური ზღვარი კი გადის, ადამიდან - 1655 წლიდან, ვიდრე ფალეგის გარდაცვალებამდე, ანუ - 1995 წლამდე, ე.ი. - 340 წელი...“ [მ. სალუაშვილი 2008: 23-24].

არარატის მიდამოებიდან ნოეს მოდგმის აყრის თაობაზე, ბიბლიაში ვკითხულობთ - „როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრნენ“ [დაბ. 11,2]. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ -  „... ბიბლიიდან არ გვეუწყება, თუ - „შინყარის ველზე“ მისვლიდან რამდენი ხნის მერე იწყება (და გრძელდება) ქალაქისა და გოდოლის მშენებლობა. თუმცა, როგორც ვნახეთ იგი - ნებროთის მეფობისას, ანუ მისი მეთაურობით ხორციელდება - „თქვეს: აბა, ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე“-ო [დაბ. 11,4].

აქაც, ერთადერთი ორიენტირი - ისევ და ისევ ფალეგის სიცოცხლის დროითი მონაკვეთია. ბაბილონის გოდოლი, ფალეგის სიცოცხლეშივე დაუნგრევია ღმერთს, ანუ ეს უნდა მომხდარიყო, არა უმეტეს, ადამიდან - 1995 წლამდე.

ყოველივე თქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „შინყარის ველზე“, ნოეს მოდგმის მკვიდრობის მაქსიმალური დროითი ზღვრებია, ადამიდან - 1756 წლიდან, ვიდრე ფალეგის გარდაცვალებამდე - 1995 წლამდე, ე.ი. - 239 წელი...“ [მ. სალუაშვილი 2008: 25].

ბიბლიაში, ბაბილონის გოდოლის აშენება-დანგრევის თაობაზე, ღია მინიშნება, ასევე არაა მოცემული. ამიტომ - „...აქაც, ისევ და ისევ ფალეგის სიცოცხლის წლებია ჩვენი ორიენტირი. მაშასადამე, ბაბილონის გოდოლი დანგრეულა, ფალეგის დაბადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს მის გარდაცვალებამდე, რაც „ადამიდან“ 1756-1995 წ.წ. დროის მონაკვეთს მოიცავს. ბიბლია დეტალურად ჩამოთვლის - ნოეს სამივე ვაჟის იმ მოდგმის სახელებს, რომლებიც ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ განიფანტნენ ქვეყანაზე...

...ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე, ბიბლიაში მოცემულია ნოეს მოდგმის 15 + 30 + 26 = 71 პატრიარქის სახელი - „ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავის მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში, მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ“-ო [დაბ.1,32].

სემის მოდგმის პატრიარქთა სახელდებული რიცხვითი ოდენობა, კიდევ ერთი, სავარაუდო, დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

წარმოდგენილ ჩამონათვალში, როგორც ვხედავთ - ყებერის ორი ძიდან, მხოლოდ - იაკტანის შვილების სახელდებებია მოცემული.

ფალეგთან დაკავშირებით კი, რომლის დროსაც - „გაიყო ქვეყანა“ [დაბ. 10,25], არც ერთი შვილის სახელი არაა ნახსენები. სამაგიეროდ, აბრაამის გენეალოგიური ხაზის დადგენის მიზნით, სემის შტოთა მამამთავრების ჩამონათვალი, კონკრეტულ წლებთან ერთად, გვამცნობს - ფალეგის მოდგმის თითო პატრიარქის სახელსაც.

კერძოდ, ადამიდან - 1756 წელს დაბადებულ ფალეგთან მიმართებაში ვკითხულობთ - „ოცდაათი წლისა იყო ფალეგი, როცა შვა რეღუ. იცოცხლა ფალეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორას ცხრა წელი და შვა ძენი და ასულნი“-ო [დაბ.11,18-19].

ვინაიდან, ფალეგის ვაჟის - რეღუს სახელი, არაა მოცემული, უკვე განხილულ სემის იმ მოდგმათა შორის, რომელთა გაფანტვაც ხდება - „...თავ-თავისი ტომი მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში“ [დაბ. 10,31], მაშინ, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ - ბაბილონის გოდოლის დანგრევისას, ანუ ქვეყნის გაფანტვის დროს, ფალეგის ვაჟი - რეღუ ჯერ კიდევ არაა დაბადებული.

აქედან გამომდინარე შესაძლებელი ხდება ბაბილონის გოდოლის დანგრევის სავარაუდო თარიღის დადგენა. ეს მომხდარა - ფალეგის დროს, ვიდრე მისი ვაჟის - რეღუს დაბადებამდე, ანუ ადამიდან 1756 წლიდან, ე.ი. ფალეგის დაბადებიდან, ვიდრე 1786 წლამდე, ე.ი. რეღუს დაბადებამდე...“           [მ. სალუაშვილი 2008: 26].

ამდენად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ -  ქრისტიანულ სამყაროში მიღებული 3 წელთაღრიცხვითი სისტემის მიხედვით, ბაბილონის გოდოლი დანგრეულა: 1. „ადამითგან“: 1756-1786 წლებში; 2. ქრისტეს შობამდე: 3848-3818 წ.წ.  3. ქორონიკონით: მე-4 ქორონიკონის 160-190 წლებს შორის.

 

II. 1. გ. ბაბილონის გოდოლის დანგრევიდან

მცხეთოსის სიკვდილამდე გასული დრო

ბიბლიისგან განსხვავებით - „ქართლის ცხოვრება“ ქართველთა მამამთავრების წლოვანებასთან დაკავშირებით, თითქმის არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის. გამონაკლის წარმოადგენს, მხოლოდ - თარგამოსი.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით თარგამოსის შვილიშვილის - მცხეთოსის სიკვდილის შემდეგ, მთავრდება ქართლში ერთღმერთიანობა და იწყება კერპთაყვანისმცემლობა. და რადგანაც ჩვენი მიზანია გავერკვეთ, თუ სავარაუდოდ, რომელ წელს დაიწყო ქართლში ციურ მნათობთა თაყვანისცემა, ამისთვის უნდა გავერკვეთ - მცხეთოსის გარდაცვალების სავარაუდო თარიღში.

წმინდა წერილებში დაცული ინფორმაციების თანახმად, ძველი აღთქმის პირველი ხუთი წიგნის - „... შედგენას მიაწერენ მოსეს - ებრაელი ხალხის წინამძღოლსა და რჯულმდებელს. ვარაუდობენ, რომ პირველად მან შეკრიბა და ჩაწერა თავის ხალხში დარჩენილი ზეპირი გადმოცემები სამყაროს შექმნისა, პირველ ადამიანთა ცოდვით დაცემისა და წარღვნის, ისრაელის წარმოშობისა და მისი ისტორიის დასაწყისის შესახებ...“ [ბიბლიის მეგზური 1995: 9].

მეორეს მხრივ ცნობილია, რომ ებრაელთა წინაპრად მიჩნეულია სემი - „... რომელიც დიდი წარღვნის შემდეგ გახდა სემიტური ხალხების მამამთავარი. მათ რიცხვს ეკუთვნიან ებრაელებიც...“ [ბიბლიის ენციკლობედია 1998: 211].

თავის მხრივ, ბიბლიაში, ტერმინი - „ებრაელი“, პირველად ჩნდება აბრაამთან მიმართებაში - „მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს. მაშინ იგი მუხრანში ცხოვრობდა...“ [დაბ. 14,13].

ბიბლიიდან ჩანს, რომ აბრაამი, ნოეს უფროსი ვაჟის, სემიდან მოყოლებულ შტოში მე-10 თაობის წარმომადგენელია. ამიტომ, მოსე აღწერს რა ებრაელთა ისტორიას, დაწვრილებით გადმოგვცემს, მხოლოდ სემის შტოსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს; კერძოდ, სემიდან მომდინარე შტოში - თითოეული მამამთავრის დაბადება-გარდაცვალების წლებს.

რუისის ეპისკოპოსი, ლეონტი მროველი, მოსეს მსგავსად, თავის თხზულებაში, ყურადღებას ამახვილებს თარგამოსისა და მისი მეორე ვაჟის - ქართლოსისგან მომდინარე შტოზე.

ბიბლიაში, მოსეს მიერ აღწერილ - სემის შტოსა, და „ქართლის ცხოვრებაში“ ლეონტი მროველის მიერ - თარგამოსის შტოს შორის არსებული პირველი მსგავსება - სემისა და თარგამოსის წლოვანებასთან დაკავშირებით ფიქსირდება. კერძოდ, ბიბლიის მიხედვით გვეუწყება - „ეს არის სემის მოდგმა: ასი წლის იყო სემი, როცა შვა არფაქშადი, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ. იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადებიდან ხუთასი წელი და შვა ძენი და ასულნი“ [დაბ. 11,10-11]. „ქართლის ცხოვრებაში“ კი ვკითხულობთ - „...წარვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შიდა კაცშეუვალთა, არარატსა და მასისსა. და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხG, რამეთუ ესხნეს ცოლმრავალი ძენი და ასულნი... რამეთუ ცხოვნდა იგი ექუსას წელი...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 3-4].

როგორც დავინახეთ, ბიბლიის მიხედვით, ებრაელთა მამამთავარ - სემის სიცოცხლის ხანგრძლივობაა 600 წელი. ლეონტი მროველი ცდილობს, რა აღწეროს ქართველთა წარმოშობის ისტორია, ქართველური ტომების მამამთავრის თარგამოსის სიცოცხლის ხაგრძლივობასაც, ბიბლიური სემის მსგავსად, 600 წლით განსაზღვრავს.

ზემოთქმული ღია მინიშნების გარდა, ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრებაში“, ბიბლიასთან მიმართებაში, ასეთ ფარულ მინიშნებაზეც საუბრობს.

როგორც ცნობილია, ბიბლიის მიხედვით, ბაბილონის გოდოლი დანგრეულა ფალეგის დროს - „ყებერს შეეძინა ორი ძე: ერთს ერქვა ფალეგი; რადგან მის დროს განიყო ქვეყანა...“ [დაბ. 10,25].

„ქართლის ცხოვრებაში“, კავკასიაში მცხოვრებთა საერთო წინაპრის თარგამოსის და მისი რვა შვილის კავკასიაში დამკვიდრება მომხდარა ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ - „...და შემდგომად განყოფისა ენათასა, ოდეს აღაშენეს ბაბილონის გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი და განიბნინეს მუნით ყოველსა ქუეყანასა. და წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკGდრა ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატსა და მასისსა. ...ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი... რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართ-ლოს...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 3].

მოდით გავერკვეთ იმაში, თუ ნოეს მოდგმის მერამდენე წარმომადგენელია, ნახსენები - ფალეგი, და ქართველთა წინაპარი - ქართლოსი.

ბიბლიის მიხედვით, ნოეს უფროსი ვაჟის - სემიდან მომდინარე ებრაელთა შტოში მითითებულია იმ მამამთავართა სახელები, რომელთა დაბადება-გარდაცვალების წლებიცაა აღნიშნული, ასეთია: „ადამითგან“ მომდინარე წელთაღრიცხვით -  1) ნოეს დაბადება-გარდაცვალების წლებია: 1054-2004 წ.წ., ხოლო სიცოცხლის სრული ხანგრძლივობა კი 950 წელი. შესაბამისად - 2) სემი: 1144-1744 წ.წ. (600 წელი); 3) არფაქშადი: 1657-2005 წ.წ. (448 წ.); 4) შალახი: 1692-2125 (433 წ.); 5) ყებერი: 1722-2186 წ.წ. (464 წ.); 6) ფალეგი: 1756-1995 წ.წ. (239 წ.) [იხ. მ. სალუაშვილი 2008: 16-17].

„ქართლის ცხოვრებაში“ ლეონტი მროველის მიერ გადმოცემული ქართველთა გენეალოგიური შტო ასეთია - 1) ნოე, 2) იაფეთი, 3) იავანი, 4) თარშიში, 5) თარგამოსი, 6) ქართლოსი [იხ. ს. სალუაშვილი 2009: 50].

ბიბლიაში მითითებულია - „ყებერს შეეძინა ორი ძე; ერთს ერქვა ფელეგი; რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მის ძმას ერქვა იაკტანი“ [დაბ. 10,25], თუმცა, ამათგან, როგორც ვნახეთ, სემის შტოში - მხოლოდ ფალეგის სახელია გამოკვეთილი.

ამდაგვარადვე, ლეონტი მროველი, „ქართლის ცხოვრებაში“, თარგამოსის შტოს ჩამონათვალს, მხოლოდ მისი ერთ-ერთი ვაჟის - ქართლოსის შთამომავალთა გადმოცემით აგრძელებს.

ამასთანავე, ნოე-სემის შტოს მე-5 პატრიარქის - ყებერის - ორი შვილიდან, შემდგომ თაობად, ანუ მე-6 პატრიარქად მისი ერთ-ერთი ვაჟი ფალეგია დასახელებული.

ასევეა „ქართლის ცხოვრებაშიც“: ნოე-იაფეტის შტოს მე-5 პატრიარქის - თარგამოსის - შვილებიდან, გენეალოგიური ხაზი მხოლოდ მისი ერთ-ერთი ვაჟის - ქართლოსის გამოკვეთით გრძელდება.

მაშასადამე, ბიბლიაში, ნოე-სემიდან მომდინარე ებრაელთა შტოში, ფალეგი ის მე-6 პატრიარქია, რომლის დროსაც დაინგრა ბაბილონის გოდოლი და „განიყო ქვეყანა“.

„ქართლის ცხოვრებაში“ მითითებული ნოე-იაფეტიდან მომდინარე ქართველთა შტოში - ქართლოსი ასევე მე-6 პატრიარქია, რაც თაობათა ჩამონათვლის ანალოგიით გვაძლევს შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ - ბაბილონის გოდოლის დანგრევა და ქვეყნის გაყოფა, ფალეგის მსგავსად, ქართლოსის დროს მომხდარა.

როგორც აღვნიშნეთ - „... ვინაიდან, ფალეგის ვაჟის - რეღუს სახელი, არაა მოცემული, უკვე განხილულ სემის იმ მოდგმათა შორის, რომელთა გაფანტვაც ხდება - „...თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში...“ [დაბ. 10,31], მაშინ შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ - ბაბილონის გოდოლის დანგრევისას, ანუ ქვეყნის გაფანტვის დროს, ფალეგის ვაჟი - რეღუ ჯერ კიდე არაა დაბადებული...“ [მ. სალუაშვილი 2008: 26]. ანუ, რეღუ დაბადებულია - ბაბილონის გოდოლის დანგრევისა და ებრაელთა გენეალოგიური ხაზის წარმომადგენელთა ახალ საცხოვრებელ ადგილზე დამკვიდრების შემდეგ.

ანალოგიურად, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, რადგანაც - ქართლოსის დროსაა დანგრეული ბაბილონის გოდილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართლოსის უფროსი შვილი - მცხეთოსი, რეღუს მსგავსად, ბაბილონის გოდოლის დანგრევისა და ქართველთა გენეალოგიური ხაზის წარმომადგენელთა ახალ საცხოვრებელ ადგილზე დამკვიდრების შემდეგაა დაბადებული.

„ქართლის ცხოვრება“, ბიბლიისაგან განსხვავებით, თარგამოსის წლოვანების გარდა, არცერთი სხვა ქართველი მამამთავრის წლოვანებას არ გვითითებს. ამიტომ, მათი წლოვანების დასადგენად ბიბლიური ანალოგია შეიძლება გამოვიყენოთ.

როგორც ითქვა, ბაბილონის გოდოლის დანგრევამდე დაბადებული - ფალეგი და ქართლოსი, თავ-თავიანთი გენეალოგიური ხაზის, მე-6 პატრიარქები არიან. ამიტომ, თუ თაობათა თანხვედრას გავითვალისწინებთ, დიდის ალბათობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართლოსის ცხოვრების წლები, მეტ-ნაკლები სიზუსტით, ემთხვევა ფალეგის ცხოვრების წლებს.

მაშასადამე, ქართლოსი, ფალეგის მსგავსად, „ადამითგან“: 1756-1995 წლებს შორის უნდა ცოცხლობდეს.

ზემოთქმულის მსგავსად, რადგანაც ბაბილონის გოდოლის დანგრევისა და ხალხების გაფანტვის შემდეგ დაბადებული ფალეგის ვაჟი - რეღუ, და ქართლოსის ვაჟი - მცხეთოსი, თავ-თავიანთი გენეალოგიური ხაზის ერთი და იგივე: მე-7 პატრიარქები არიან, ამიტომ, სავარაუდოდ - მცხეთოსის ცხოვრების წლები, მეტ-ნაკლები სიზუსტით შეიძლება ემთხვეოდეს - რეღუს ცხოვრების წლებს.

ამდენად, ჩვენთვის საძიებელი - მცხეთოსი, რეღუს მსგავსად, „ადამითგან“: 1786-2025 წლებს შორის უნდა ცოცხლობდეს.

„ქართლის ცხოვრებაში“ ერთი ღმერთისადმი თაყვანისცემის დროის მონაკვეთში, მხოლოდ ქართველთა ორი პატრიარქის - ქართლოსისა და მცხეთოსის სიკვდილის შესახებ გვეუწყება. კერძოდ - „...მოკუდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა... მოკუდა მცხეთოს, ძე ქართლოსისი...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 8-10].

ზემოთქმულიდან გამომდინარე  კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ - ებრაელთა მე-6 პატრიარქის ფალეგის მსგავსად, ქართველთა მე-6 პატრიარქი ქართლოსი - „ადამითგან“ 1995 წლის სიახლოვეს უნდა იყოს გარდაცვლილი; ხოლო ებრაელთა მე-7 პატრიარქის რეღუს მსგავსად, ქართველთა მე-7 პატრიარქი მცხეთოსი - „ადამითგან“ 2025 წლის სიახლოვეს მომკვდარა.

„ქართლის ცხოვრებაში“ ქართველთა მე-7 პატრიარქის - მცხეთოსის სიკვდილის თაობაზე ასე გვეუწყება - „... ხოლო ვითარცა მოკუდა მცხეთოს, ძე ქართლოსისი, შთავარდა შური შორის შვილთა ქართლოსისთა... და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 10-11].

ამდენად, ქართველთა მე-7 პატრიარქი მცხეთოსი, ქრისტიანულ სამყაროში მიღებული 3 წელთაღრიცხვის მიხედვით, გარდაცვლილა: 1. „ადამითგან“ - 2025 წლის სიახლოვეს; 2. ქრისტეს შობამდე - 3579 წლის სიახლოვეს; 3. ქორონიკონით - მე-4 ქორონიკონის 429 წლის სიახლოვეს.

ჩვენი საძიებელი თემის დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ ბაბილონის გოდოლის დანგრევიდან - 1756-1786 წლებიდან, ვიდრე მცხეთოსის სიკვდილამდე - 2025 წლამდე, გასულია: 239-269 წელი.

 

II. 2. ციურ მნათობთა  თაყვანისცემიდან მოყოლებული

მიწიური კერპების გამოჩენამდე გასული დრო

„ქართლის ცხოვრებიდან“ ჩანს, რომ მცხეთოსის სიკვდილისა და ციურ მნათობთა თაყვანისცემის დაწყებიდან, გარკვეული დროის შემდეგ - ქართლის სამეფოში ჩამოსახლებულან სხვადასხვა რჯულის ხალხები - თურქები, ბერძნები, ხაზარები, ასურელები და ებრაელები, რასაც მოჰყოლია კერპთაყვანისმცემლობის სხვადასხვა ფორმების გამოვლენა.

ჩვენთვის საძიებელი - ციურ მნათობთა თაყვანისცემის დაწყებიდან, მიწიური კერპების გამოჩენამდე გასული დროის დასადგენად „ქართლის ცხოვრებაში“ ორი ღია ორიენტირია მოცემული - ებრაელთა ქართლში ჩამოსახლება და ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებული თემა.

როგორც აღვნიშნეთ, მცხეთოსის გარდაცვალების შემდეგ, ქართლში, ციურ მნათობთა თაყვანისცემა, დაწყებულა: „ადამითგან“ - 2025 წლის სიახლოვეს, რასაც - ქრისტეს შობამდე 3579 წელი შეესაბამება (5604 - 2025 = 3579 წელი).

სამწუხაროდ, „ქართლის ცხოვრებაში“, ზემოთაღნიშნული - სხვადასხვა რჯულის ხალხთა, ქართლის სამეფოში, ჩამოსახლების ზუსტი დრო არ გვიკონკრეტდება.

დროითი თვალსაზრისით, ერთგვარ ორიენტირად შეიძლება გამოდგეს - ებრაელთა ქართლში ჩამოსახლების საკითხი. ჩვენი საკვლევი თემატიკიდან გამომდინარე, ამჟამად, აქ, არ განვიხილავთ ებრაელთა ჩამოსახლებასთან დაკავშირებით „მოქცევაO ქართლისაOსა“ და „ქართლის ცხოვრებაში“ არსებულ განსხვავებულ ინფორმაციებს [იხ. ს. სალუაშვილი 2009: 36-37].

„ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ - „...მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუვნა იერუსალიმი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს...“          [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 15].

ისტორიოგრაფიიდან ცნობილია, რომ - „...ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ებრაელების მოსვლის პირველ ტალღას ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირებს (ძვ.წ. VI ს)...“ [ქ.ს.ე. 1978: 667].

და მართლაც, ნაბექოდონოსორ II-მ - „... ძვ.წ. 597 წელს აიღო იერუსალიმი, ძვ.წ. 586 წელს ხანგრძლივი ალყის შემდეგ ხელმეორედ დაიმორჩილა და დაანგრია იგი. იერუსალიმის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაბილონში გადაასახლა...“ [ჯ. შარაშენიძე 1985: 282].

„ქართლის ცხოვრება“ ამის შემდეგ აღარაფერს გვეუბნება, ქართლში, უცხო ხალხთა ჩამოსახლების შესახებ, და მხოლოდ სპარსეთის სამეფოს მძლავრობის რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. მაშასადამე, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვადასხვა რჯულის ხალხთა აღრევა - ძვ.წ. VI ს-ში ქართლში ებრაელთა ჩამოსვლით დამთავრებულა.

დროითი თვალსაზრისით, მომდევნო ორიენტირად შეიძლება გამოდგება - ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებული საკითხიც.

„ქართლის ცხოვრებიდან“ გვეუწყება, რომ ალექსანდრეს ქართლი დაუპყრია, და - „... პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა...“                      [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 27], რის შემდეგაც ქართლის მმართველად დატოვებულ აზონს - „... უბრძანა ალექსანდრე აზონს რათა პატივს ცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 18].

„...როგორც ცნობილია „ძვ.წ. - 332-331 წ.წ. მისმა არმიამ უბრძოლველად დაიკავა ეგვიპტე... ნილოსის დელტაში ქ. ალექსანდრიის დაარსების შემდეგ ალექსანდრე მაკედონელი მესოპოტამიაში გადავიდა...“.

ლეონტი მროველის მიხედვით, კი ეს ყველაფერი ქართლიდან მისი წასვლის შემდეგ ხდება - „და ვითარ წარვიდა ალექსანდრე ეგGპტედ, აღაშენა ქალაქი ალექსანდრია“-ო. მაშასადამე, ძვ. წ. 332 წ. უნდა იყოს - მცხეთელი სამარასა და მისი ძმის, ანუ ფარნავაზის მამის მოკვდინების - ზედა მიჯნა.

ლეონტი მროველის მიხედვით, იმის შემდეგ, რაც ალექსანდრე - „... დადგა მცხეთას... სხუანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრნა ექუს თუე... ხოლო სარკინელთა შესჭირდა, რამეთუ ჰბრძოდა თერთმეტ თუე“-ო.

მაშასადამე, თუ ალექსანდრეს ქართლიდან „წასვლის ზედა“ თარიღი - ძვ. წ. 332 წელია, მაშინ მის მიერ მცხეთის აღების, ანუ სამარასა და მისი ძმის მოკვდინების სავარაუდო დრო, კიდევ - „ექუს თუე“-ს დამატებული „თერთმეტ თუე“, ანუ - 17 თვით გადაიწევს და ძვ. წ. 333-332 წლებს შუა მოექცევა...” [მ. სალუაშვილი 2008: 25].

სხვადასხვა ისტორიული წყაროებისა და „ქართლის ცხოვრებაში“, ლეონტი მროველის მიერ მოცემულ მინიშნებათა საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ - ალექსანდრე მაკედონელის ქართლში შემოსვლა და ციურ მნათობთა თაყვანისცემის აღდგენა სავარაუდოდ ძვ. წ. 333-332 წლებში მომხდარა.

„ქართლის ცხოვრებაში“ მოცემულია ჩვენთვის საინტერესო სამი მინიშნება - „...და მოკუდა ალექსანდრე, ხოლო ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთმსახურებად და შექმნა ორნი კერპნი ვერცხლისანი: გაცი და გაიმ... ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლული იყო ალექსანდრესგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა და შელტოლვილ იყო კავკასიად... ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა და სამეოცდახუთ წელი მეფობდა ნებიერ...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 20-25].

ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აზონმა კერპები შემოიღო - ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილიდან ვიდრე ფარნავაზის გამეფებამდე.

ისტორიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელის დაბადება-გარდაცვალების წლებია - „... ძვ.წ. 356 წ. 21/VII ქ. პელა - ძვ. წ. 323 წ. 13/VII ბაბილონი...” [ქ.ს.ე. 1975: 294].

როგორც ზემოთაც ითქვა, ალექსანდრე მაკედონელის ქართლში შემოსვლის - „... დროისთვის ფარნავაზი „სამისა წლისა ყრმა“ იყო, მაშინ ფარნავაზი დაბადებულა არა უგვიანეს ძვ. წ. 336-335 წლებში. რაც სავარაუდოთ ალექანდრე მაკედონელის გამეფების წლებზე მოდის...

ზემოთქმული, რამდენიმე საინტერესო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა:

- ფარნავაზი დაბადებულა ძვ. წ. 336-335 წლებში;

- მცხეთელი მამასახლისი სამარა და მისი ძმა, ანუ ფარნავაზის მამა, მოუკლავთ: ძვ. წ. 333-332 წლებში, როცა „ფარნავაზ სამისა წლისა ყრმა“ იყო;

- ფარნავაზი: „ოცდაშვიდისა წლის მეფე იქმნაო“, ე.ი. იგი გამეფებულა: ძვ.წ. 309-308 წლებში...“ [მ. სალუაშვილი 2008: 25].

მაშასადამე, აზოს მიერ მიწიური კერპების შემოღების სავარაუდო თარიღი - ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილიდან - ფარნავაზის გამეფებამდე, ანუ ძვ.წ. 323 წლიდან, ვიდრე ძვ.წ. 309-308 წლამდე დროის მონაკვეთშია მოთავსებული.

როგორც უკვე ითქვა, ქართლში ციურ მნათობთა თაყვანისცემა დაწყებულა, მცხეთოსის სიკვდილის შემდეგ ე.ი. ძვ.წ. 3579 წელს.

გარკვეული დროის შემდეგ, ქართლში, სხვადასხვა რჯულის ხალხთა ჩამოსახლების პარალელურად, გავრცელებას იწყებს კერპთაყვანისმცემლობის სხვადასხვა ფორმა და მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელის შემოსვლის დროისთვის, ანუ - ძვ. წ. 333-332 წლებში კვლავ აღდგენილა ციურ მნათობთა თაყვანისცემა.

ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილიდან (ძვ. წ. 323 წ.) ვიდრე ფარნავაზის გამეფებამდე (ძვ.წ. 308 წ.), ქართლის მმართველის აზონის მიერ ხდება - მიწიერი კერპების თაყვანისცემის შემოღება.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ - ციურ მნათობთა თაყვანისცემიდან ძვ.წ. 3579 წლიდან, ვიდრე მიწიური კერპების გამოჩენამდე - ძვ.წ. 308 წლამდე, გასულია 3271 წელი.

 

II.3. მიწიური კერპების შემოღებიდან

გაქრისტიანებამდე გასული დრო

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართლში მიწიური კერპების შემოღება უკავშირდება აზონს - „... ხოლო ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთმსახურებად, და შექმნა ორნი კერპნი ვერცხლისანი: გაცი და გაიმ...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 20]. მაშასადამე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აზონს კერპები ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილიდან ვიდრე ფარნავაზის გამეფებამდე აღუმართავს, რასაც - ძვ.წ. 323 - 309/308 წლები შეესაბამება.

ქართულ ისტორიოგრაფიაში მომდევნო კერპის - არმაზის აღმართვა ფარნავაზ მეფეს მიეწერება. „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ - „... ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თGსსა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა...“  [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 25].

ფარნავაზის შესახებ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ქართლის ცხოვრება“ სამ დროით მინიშნებას იძლევა: 1) ფარნავაზი სამი წლისა ყოფილა, როცა ალექსანდრეს ქართლის სამეფო დაუპყრია; 2) ფარნავაზი ტახტზე ასულა 27 წლისა და 3) უმეფია 65 წელი. ამ, და სხვა მინიშნებათა გათვალისწინებით ვასკვნით, რომ:

- ფარნავაზი: დაბადებულა ძვ.წ. 336-335 წლებს შორის;  - ტახტზე ასულა ძვ.წ. 309-308 წელს და უმეფია ძვ.წ. 244/243 წლამდე. შესაბამისად, ქართლში კერპ არმაზის აღმართვაც: ძვ.წ. 309/308 - 244/243 წლებს შორის უნდა მომხდარიყო.

მომდევნო კერპების აინინას და დანინას შექმნას „ქართლის ცხოვრება“ მეფე საურმაგს მიაწერეს - „... დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ... და მან შექმნა ორნი კერპნი, აინინა და დანანა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 27]; თუმცა, „მოქცევაO ქართლისაOში“ – „...კერპ - „აინინას“ აღმართვა მეფე - საურმაგს მიეწერება; კერპი - „დანინა“ - მეფე მირვანს...“ [ი. აბულაძე 1963: 82].

როგორც ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი - „საურმაგი ქართლის (იბერის) მეფე(ა) ძვ.წ. III ს-ში... მირვანი ქართლის (იბერიის) მეფე(ა) ძვ.წ. II ს-ში...“ [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი 2000: 16]. შესაბამისად, ქართლში კერპების - აინინას და დაინინას აღმართვა ძვ. წ. III-II ს-თა მიჯნაზე მომხდარა.

ქართული წყაროების მიხედვით, ზადენის კერპი ქართლის მეოთხე მეფეს - ფარნაჯომს აღუმართავს - „... ამან ფარნაჯომ მეფემან... შექმნა კერპი სახელით ზადენ...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 29].  თავის მხრივ, ფარნაჯომი - „ქართლის (იბერიის) მეფე(ა) ძვ.წ. II ს-ის I ნახ-ში“ [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი 2000: 17]; და შესაბამისად, ზადენის კერპის აღმართვაც - ძვ.წ. II ს-ის I ნახევარში მომხდარა.

ბოლო კერპი, რომელზედაც „ქართლის ცხოვრება“ იუწყება, არის - აფროდიტოსი, რომლის აღმართვას, ლეონტი მროველი მიაწერს მე-19 მეფე რევს - „... ამან რევ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ასული ლოღოთეთისა, სახელით სეფელია. და ამან სეფელია მოიტანა თანა კერპი, სახელით აფროდიტოს, და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 58]. ისტორიოგრაფიაში კი ცნობილია, რომ რევი - „ქართლის (იბერიის) მეფე(ა) ახ. წ. III ს-ის II ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით რევი მფარველობდა ქრისტიანობას. მან აკრძალა ზოგიერთი წარმართული ჩვეულება, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ადამიანთა მსხვერპლშეწირვას გულისხმობდა. ამის გამო მას - „რევ მართალი“ უწოდეს...“ [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი 2000: 29]. შესაბამისად, კერპ აფროდიტეს აღმართვა ახ. წ. III ს-ის II-ნახევარში მომხდარა.

ქართლში შვიდი კერპის არსებობის თაობაზე, მირიანის მეფობის აღწერაშიც გვეუწყება. ლეონტი მროველი აღნიშნავს, რომ - „... აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შGდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 65].

მაშასადამე, ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე 7 კერპის - გაცი, გაიმი, არმაზი, აინინა, დანანა, ზადენისა და აფროდიტოსის მსახურება ყოფილა გავრცელებული; აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ - მიწიური კერპების შემოღებიდან, ანუ -  ძვ.წ. 323-309/308 წლებიდან მოყოლებული, ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება  - 7 საუკუნის თავზე, ანუ ახ.წ. IV ს-ის 20-იან წლებში მოხდა.

 

დასკვნა

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შეგვიძლია შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ:

 ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ, თარგამოსი და მისი მოდგმა კავკასიაში მკვიდრდება, რომლებმაც თან მოიტანეს - სამყაროს შემოქმედი ერთი ღმერთისადმი თაყვანისცემა. ერთი ჭეშმარიტი ღმერთისადმი რწმენა, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, თარგამოსის შვილიშვილის - მცხეთოსის სიკვდილამდე გრძელდებოდა;

მცხეთოსის სიკვდილის შემდეგ, თარგამოსის მოდგმას შორის დაწყებულმა დაპირისპირებამ გამოიწვია ერთი ღმერთისადმი რწმენის დაკარგა, რასაც შედეგად ციურ მნათობთა თაყვანისცემის დამკვიდრება მოჰყვა - „... და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 11];

დროთა განმავლობაში, მიზეზთა გამო, ქართლის სამეფოში, სხვადასხვა რჯულის ხალხთა ჩამოსახლებას, ციურ მნათობთა თაყვანისცემის პარალელურად, კერპთაყვანისმცემლობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება მოჰყოლია;

სპარსთა სამეფოს დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენში - ცეცხლთაყვანის-მცემლობამ, მცირე გამონაკლისის გარდა, სახელმწიფო დონეზე, ფეხი ვერ მოიკიდა, სამაგიეროდ, ძვ. წ. III ს-დან მოყოლებული - „ქართლის სამეფოში“, თანდათანობით, 7 მიწიური კერპის კულტი დამკვიდრდა;

IV ს-ის 20-იან წლებში, ქართლში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წინარე დროში, სახელმწიფო დონეზე აყვანილი სარწმუნოების თაობაზე, „ქართლის ცხოვრება“ ასე იუწყება - „... და აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შGდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა...“ [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 65].

თარგამოსის მოდგმისათვის - ერთი ღმერთის თაყვანისცემით დაწყებული გზა, კერპთაყვნისმცემლობისეული დროითი მონაკვეთის გავლის შემდეგ, უფალ იესუ ქრისტეს მიერ გაკვალულ გზასავალს მიეახლა - IV ს-ის 20-იან წლებში ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა - თითოეული გამოკვეთილი სარწმუნოებრივი საფეხურის ისტორიული ქრონოლოგია; კერძოდ - ქრისტიანულ სამყაროში მიღებული სამი წელთაღრიცხვის მიხედვით:

- წარღვნას გადარჩენილი ნოეს მოდგმის მიერ არარატის მიდამოებში დამკვიდრების ათვლის წელია: 1. ბიბლიური, ანუ „ადამითგან“, იგივე „დასაბამითგანით“: 1654-1655 წლები; 2. წელთაღრიცხვით: „ქრისტესით“, ანუ ქრისტეს დაბადებამდე: 5604 წ. - 1654 (1655) წ. = 3950 (3949 წ.); 3. ქართული „ქორონიკონით“, ანუ იგივე - „დიდი ინდიქტიონით“: 1654 წ. = 3 X 532 (1596 წ.) + 58 წელი, ანუ მე-4 ქორონიკონის 58-ე წელი;

- ბაბილონის გოდოლი დანგრეულა: 1. „ადამითგან“: 1756-1786 წლებში; 2. ქრისტეს შობამდე: 3848-3818 წ.წ.  3. ქორონიკონით: მე-4 ქორონიკონის 160-190 წლებს შორის;

- ქართველთა მე-7 პატრიარქი მცხეთოსი გარდაცვლილა: 1. „ადამითგან“ - 2025 წლის სიახლოვეს; 2. ქრისტეს შობამდე - 3579 წლის სიახლოვეს; 3. ქორონიკონით - მე-4 ქორონიკონის 429 წლის სიახლოვეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბაბილონის გოდოლის დანგრევიდან: 1756-1786 წლებიდან, ვიდრე მცხეთოსის სიკვდილამდე - 2025 წლამდე, გასულია: 239-269 წელი;

- ქართველთა მოდგმისათვის ერთი ღმერთისადმი თაყვანისცემა დამთავრებულა: 1. „ადამითგან“ - 2025 წელს; 2. ქრისტეს შობამდე - 3579 წელს; 3. ქორონიკონით - მე-4 ქორონიკონის 429 წელს;

- აზოს მიერ მიწიური კერპების: გაცისა და გაიმის შემოღების სავარაუდო თარიღი ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილიდან - ფარნავაზის გამეფებამდე, ანუ ძვ.წ. 323 წლიდან, ვიდრე ძვ.წ. 309-308 წლამდე დროის მონაკვეთშია მოთავსებული. ამდენად ციურ მნათობთა თაყვანისცემიდან, ანუ - ძვ.წ. 3579 წლიდან, ვიდრე პირველი მიწიური კერპების გამოჩენამდე, ანუ -  ძვ.წ. 308 წლამდე, გასულია - 3271 წელი;

- ქართული წერილობითი წყაროების თანახმად, ქართლის სამეფოში დამკვიდრებული შვიდი მიწიური კერპის: გაცი, გაიმი, არმაზი, აინინა, დანანა, ზადენისა და აფროდიტოსის აღმართვა, შესაბამისად - აზოს, ფარნავაზს, საურმაგს, მირვანს, ფარნაჯომსა და რევ მართლის მეუღლეს სეფელიას მიეწერება. დროითი თვალსაზრისით, ეს ყოველივე: ძვ.წ.  323-309/308 წლებიდან, ვიდრე - ახ.წ. III ს-ის II ნახევარში უნდა იყოს მომხდარი;

- და ბოლოს: პირველი მიწიური კერპების შემოღებიდან, ანუ -  ძვ.წ. 323-309/308 წლებიდან მოყოლებული, ვიდრე - ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე, ანუ ახ.წ. IV ს-ის 20-იან წლებამდე, თითქმის შვიდსაუკუნოვანი დროითი მონაკვეთია მოთავსებული.

 

გამოყენებული ლიტერატურა

- ბიბლია, საპატრიარქოს გამოშვება, თბ. 1989 წ. გვ. 1216;

1. აბულაძე ი.,  „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“,  წიგნი I,  თბ. 1963 წ., გვ. 81-163;

2. „ალექსანდრე მაკედონელი“, ქ.ს.ე. ტ. I, თბ. 1975 წ., 294-ე გვ.;

3. „ბიბლიის ენციკლოპედია“, ერთტომეული, თბ. 1998 წ., გვ. 352; 

4. „ბიბლიის მეგზური“, თბ. 1995 წ., გვ. 197;

5. გაგოშიძე ი., „ზოროასტრიზმი“, ქ.ს.ე. ტ. 4, თბ. 1979 წ., 537-ე გვ.;

6. „ებრაელები“, ქ.ს.ე. ტ.3, თბ. 1978 წ., 666-667-ე გვ.;

7. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., „საქართველოს მეფეები“,  თბ. 2000 წ., გვ. 282;

8. პატარიძე რ., „ქართული ასომთავრული“, თბ. 1980 წ., გვ. 602;

9. „პლუტონი“, ქ.ს.ე. ტ. 8, თბ. 1985 წ., 112-ე გვ.; 

10. რუსთაველი შ., „ვეფხისტყაოსანი“, თბ. 1992 წ., გვ. 413; 

11. სალუაშვილი  მ., „ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“ ანუ (გ)ახსნილი საიდუმლო“, ნაწილი I, თბ. 2008 წ., გვ. 52;

12. სალუაშვილი მ., „ბიბლია და „ქართლის ცხოვრება“, ანუ (გ)ახსნილი საიდუმლო“, ნაწილი III , თბ. 2008 წ., გვ. 52;

13. სალუაშვილი ს., „ქრისტიანობის ისტორიის საკითხები“, თბ. 2009 წ., გვ. 50;

14. სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, ტ. I, თბ. 1991 წ., გვ. 637;

15. სულხან- საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, ტ. II, თბ. 1993 წ., გვ. 655;

16. სურგულაძე ი., „წარმართობა“, ქ.ს.ე. ტ. 11, თბ. 1987 წ. 291-ე გვ.; 

17. „ურანი“, ქ.ს.ე. ტ. 10, თბ. 1986 წ. 167-ე გვ.;

18. „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, თბ. 1986 წ., გვ. 592;

19. ყაუხჩიშვილი ს.,  „ქართლის ცხოვრება“, ტ. I, თბ. 1955 წ., გვ. 464;

20. შარაშენიძე ჯ., „ნაბუქოდონოსორი“,  ქ.ს.ე. ტ. 7, თბ. 1985 წ., 282-ე გვ.; 

21. ხარაძე ევ., ასტრონომია, მე-10 კლასი, თბ. 1987 წ., გვ. 211;

22. ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი, ტ. I, თბ. 1979 წ., გვ. 459.