ქართლის მოქცევის თარიღზე მიმანიშნებელი
მე-16 საუკუნის სამი უნიკალური დოკუმენტი
ქართლის სამეფოს გაქრისტიანებასთან დაკავშირებულ, არც თუ მრავალრიცხოვან წერილობით წყაროთა შორის, ჩვენის აზრით, თავისი კუთვნილი ადგილი უნდა მიეჩინოს მე-16 საუკუნეში კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის მიერ დოკუმენტურად დაფიქსირებულ პოზიციას.
საქმე ეხება ს. ბელოკუროვის მიერ თავმოყრილ დოკუმენტურ მასალათა კრებულს - „რუსეთის ურთიერთობა კავკასიასთან“ (1889 წ.), რომელშიც - ქართველთა გაქრისტიანების თარიღზე მიმანიშნებელი უნიკალური ინფორმაციაა დაცული.
XVI ს. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი რთული მო-ნაკვეთია. ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხე-საათაბაგოდ დაყოფილი საქართველოს დასაპყრობად და კავკა-სიაში საბოლოო გაბატონებისათვის ერთმანეთს ეცილება ორი - ოსმალეთისა და სეფიანთა ირანის - უძლიერესი იმპერია.
ირან-ოსმალეთის პირველი ომი (1514-1555 წ.წ.), 1555 წლის 29 მაისს, ქ. ამასიაში (მცირე აზია) დადებული ე.წ. ამასიის ზავით დასრულდა, რომლის ძალითაც - „...დამპყრობლებმა ამიერკავკასია გაინაწილეს. თურქეთს „ერგო“ იმერეთის სამეფო სამეგრელო-გურიის სამთავროებით და სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი - ტაო, შავშეთი, კლარჯეთი (ჭოროხის აუზი), ირანს - ქართლისა და კახეთის სამეფოები და სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთი (უდიდესი) ნაწილი (მტკვრის აუზი)...“ [საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 113].
XVI ს-ის II ნახევრიდან კავკასიაში თავისი ინტერესების განხორციელებისათვის ბრძოლას იწყებს რუსეთი, კერძოდ - „... 1552 წელს ივანე IV-ემ ყაზანის, ხოლო 1556 წელს ასტრახანის სახანოები დაიპყრო. ამრიგად რუსეთი ვოლგისპირეთს დაეუფლა... 1557 წელს ყაბარდო რუსეთს `შეუერთდა~...“ [საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 120-121].
რუსეთის კავკასიაში გამოჩენას, ლოგიკურად მოჰყვა ქართული სამეფოების რუსეთთან დაახლოების ტენდენცია, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო იმ იმედით, რომ ერთმორწმუნე რუსეთის დახმარებით მოხერხდებოდა ქართულ სამეფოთა განთავისუფლება ოსმალეთისა და ირანის ბატონობისაგან. ამის ნათელი დასტურია - 1563 წელს, დახმარების თხოვნით, კახეთის მეფე ლევანის მხრიდან ელჩების გაგზავნა მოსკოვში, რასაც რუსების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც მოჰყოლია -
„... ქართველ ელჩებს რუსეთის მთავრობა დახმარებას შეჰპირდა და მართლაც მალე გამოგზავნეს რუსთა რაზმი, რომელიც ლევანმა კახეთის ციხე-სიმაგრეებში ჩააყენა. 1567 წ. კავკასიაში თავისი პოზიციების განმტკიცების მიზნით ივანე IV-ემ მდ. სუნჯის თერგთან შესართავის ახლოს ციხე-სიმაგრე ააგებინა...~ [საქარ-თველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 121]. ამას პროტესტით შეხვდა ოსმალეთ-ყირიმი. ამ უკანასკნელთა აქტიური ღონისძიებების შედეგად, რუსეთი იძულებული შეიქმნა დროებით უარი ეთქვა კავკასიაში თავისი ინტერესების პრაქტიკულ განხორციელებაზე, რის შედეგადაც - „...შექმნილ რთულ ვითარებაში კახეთის მეფე იძულებული გახდა დაეთხოვა რუსთა რაზმი. მალე ამის შემდეგ რუსეთმა თერგის ციხე-სიმაგრეც დაანგრია. ამრიგად, კახეთ-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც XVI საუკუნის 50-60-იან წლებში განახლდა, ისევ შეწყდა...“ [საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 121]. აღნიშნული ციხის დანგრევის ფაქტი 1571 წლით თარიღდება [იხ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 121; ნ. ბერძენიშვილი 1967: 27; ს. ბელოკუროვი 1889: LXXV].
რუსეთსა და კახეთის სა-მეფოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა XVI ს-ის 80-იანი წლებიდან კვლავ განახლდა და ალექსანდრე II (1574-1605 წ.წ.) კახთა მეფის დროს უფრო აქტიური სახე მიიღო. წინამდებარე ნაშრომშიც, ჩვენი ყურადღების საგანს, სწორედაც რომ აღნიშნული პერიოდის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა წარმოადგენს.
აქვე უნდა ითქვას, რომ XVI ს-ის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხს არა ერთი მკვლევარი შეხებია, მათ შორის: ს. ბელოკუროვი, ზ. ავალიშვილი, მ. ბროსე, ზ. ედელი, მ. პოლიექტოვი, ივ. ჯავახიშვი-ლი, ნ. ნიკოლაძე, ი. ცინცაძე, ვ. მაჭარაძე, ო. ჟუჟუნაძე, ლ. ალექსიძე, თ. ტივაძე, გ. ჟუჟუნაშვილი, გ. პაიჭაძე, გ. საითიძე და სხვა [იხ. ნ. ბერძენიშვილი 1967: 8; გ. ჟუჟუნაშვილი 2006: 25]
როგორც ცნობილია ივ. ჯავახიშვილმა, XVI ს-ის საქართველოს ისტორიის საფუძვლიანი შესწავლა, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ დაასრულა, თუმცა - „...ზოგიერთი საკითხი „ქართველი ერის ისტორიის“ ამ ნაწილში ისეთივე სისრულით არის განხილული ავტორის მიერ, როგორც ეს მას სჩვევია სხვა წიგნებშიც...“ [ივ. ჯავახიშვილი 1948: VII].
სრულად გამოკვლეულ საკითხთა შორისაა, „კახეთისა და რუსეთის ურთიერთობის“ ამსახველი [იხ. ივ. ჯავახიშვილი 1948: 299-332], ჩვენთვის საინტერესო: 1586-1590 წლებს შორის არსებულ დროით მონაკვეთში მომხდარი მოვლენები, რომლებიც, თავის მხრივ, ს. ბელოკუროვის „სნოშენიე როსიი ს კავკაზომ“ გამოცემაშია წარმოდგენილი.
თხრობის გაგრძელებამდე ორიოდე სიტყვით გავიხსენოთ თავად ს. ბელოკუროვთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია - „ბელოკუროვი სერგეი ალექსის ძე [1 (13). IX. 1862 - 3. XII. 1918], რუსი ისტორიკოსი და არქეოგრაფი(ა). მეცნ. აკად. წევრ-კორესპონდენტი (1903 წ.). 1886-1918 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკ. მთავარ არქივში, იყო რუს. ისტორიისა და სიძველეთა მოსკ. საზოგადოების აქტიური წევრი. იკვლევდა XVI-XVII ს.ს. რუს. საზ. და კულტ. ცხოვრების ისტორიას. ს. ბელოკუროვს ეკუთვნის სპეციალური შრომები და საარქივო მასალების პირველი პუბლიკაციები XVI-XVII ს.ს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან. ეს ნაშრომები დღესაც ინარჩუნებს მეცნიერულ ღირებულებას, მისი პუბლიკაციები ქართველოლოგიის მნიშვნელოვანი წყაროა...“ [ვ. მაჭარაძე 1977: 289].
თავის მხრივ ს. ბელოკუროვი, 1584-1613 წლების მოვლენების მიმოხილვისას, 170-ე შენიშვნაში აღნიშნავს - „... 1584-1613 წ.წ. დროის მიმოხილვა შემოკლებითაა გაკეთებული, რამეთუ ამ დროის ურთიერთობათა შესახებ თავად დოკუმენტები შესა-ნიშნავად მეტყველებენ...“ -ო [ს. ბელოკუროვი 1889: ჩXXVIII].
ს. ბელოკუროვის მიერ შედგენილ რუსეთ-კავკასიის ურთი-ერთობათა ამსახველ დოკუმენტთა კრებულში, ჩვენთვის საინტერესო 1586-1590 წლების მომცველი მასალები: 10-238 გვერდებზეა გადმოცემული.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, რუსეთსა და კახეთის სამეფოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა XVI ს-ის 80-იან წლებში განახლებულა. არსებობს მოსაზრება, რომ ალექ-სანდრე მეფის მიერ 1583 წელს, რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილზე საპასუხო ელჩობა 1585 წელს შემდგარა - „... 1585 წელს რუსეთის მთავრობის დავალებით ასტრახანის მეთოფეთა ასისთავმა დანილოვმა საშამხლოში, შირვანსა და კახეთში იმოგზაურა. დანილოვის მოგზაურობის მიზანი იყო კავკასიის ხალხებთან ასტრახანის მეშვეობით სავაჭრო ურთიერთობის გაბმა. რუსეთის მთავრობა მას ავალებდა აგრეთვე შეესწავლა საქართველო და მისკენ მიმავალი გზები. დანილოვმა ალექსანდრე კახეთის მეფეს რუსეთის მეფის თევდორე ივანეს ძის სიგელი ჩამოუტანა, რომლითაც რუსეთის მეფე მას მფარველობას და პოლიტიკურ კავშირს სთავაზობდა..." [საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 144].
ამ ფაქტს კახეთის მეფე სიხარულით შეხვდა, რადგანაც გაჩნდა იმედი, რომ რუსეთის მფარველობით შესაძლებელი იქნებოდა, ერთის მხრივ - ოსმალეთის, ყირიმისა და შამხლის, და მეორეს მხრივ - სეფიანთა ირანის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ზეგავლენის შესუსტება-განთავიუფლება - „... ამ იმედით გამხნევებულმა კახეთის მეფემ დანილოვს თავისი ელჩები: ოაკიმე მღვდელი, კირილე ბერი და ჩერქეზი ხურშიტა გააყოლა თევდორე მეფესთან...“ [საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 144].
კახეთის მეფის ელჩები 1586 წ. 9 ოქტომბერს წარუდგნენ თევდორე მეფეს - „... კახთა მეფის „აჯა“ მოახსენეს. კახთა მეფე „თავს უდებდა“ მოსკოვის ხელმწიფეს და მისგან „მფარვე-ლობას“ ითხოვდა. ეს მფარველობა შემდეგში უნდა გამოხა-ტულიყო: კახეთი რუსეთს ყველა მტრისაგან უნდა დაეცვა; ამჯერად კი რუსეთის მეფეს თერგზე უნდა ციხე აეგო, აქ დიდი ჯარი მოეთავსებინა და გზა თერგიდან კახეთამდის, საშამხლოზე რომ გადიოდა, საკუთრად დაეჭირა...“ [ნ. ბერძენიშვილი 1967: 18].
„...1587 წლის აპრილში ქარ-თველმა ელჩებმა დადებითი პასუხი მიიღეს რუსეთის მთავრობისაგან და რუსი ელჩების - ბირკინის, პივოვისა და პოლუხანოვის თანხლებით ისინი სამშობლოში გაბრუნდნენ. თავისი მთავრობისაგან რუს ელჩებს დავალებული ჰქონდათ კახეთის მთავრობასთან მფარველობითი კავშირის პირობებზე შეთანხმებულიყვნენ და ალექსანდრე მეფისათვის ფიცი მიეღებინებინათ. ელჩებს თან ჰქონდათ მოსკოვში შედგენილი ფიცის წიგნი, რომელიც უნდა მიეღო კახეთის მეფეს...“ [საქარ-თველოს ისტორიის ნარკვე-ვები 1973: 145].
1587 წლის აპრილში კახეთში წამოსული რუსეთის ელჩები 1587 წლის 16 აგვისტოსათვის უკვე კახეთში ყოფილან [იხ. ივ. ჯავა-ხიშვილი 1948: 292], ხოლო 29 აგვისტოს მომხდარა კიდეც რუსი ელჩების პირველი აუდიენცია ალექსანდრე მეფესთან. 1587 წლის 28 სექტემბერს კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა რუსეთის ხელმწიფის მიერ გამოგზავნილ ფიცის წიგნს [იხ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 145; ნ. ბერძე-ნიშვილი 1967: 151-153; გ. ჟუ-ჟუნაშვილი 2006: 10].
საპასუხო ელჩობა რუსეთში, ალექსანდრე II-ის მიერ, 1588 წელს ყოფილა გაგზავნილი. ელჩობას თავადი ყაფლან ვაჩნაძე მეთაურობდა [იხ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 145; ივ. ჯავახიშვილი 1948: 293], რომელსაც, უკვე ხელმოწერილი 8 მუხლიანი ფიცის წიგნის გარდა [იხ. ნ. ბერძენიშვილი 1967: 151-153], თან ჰქონია ალექსანდრე მეფის მიერ რუსთა მეფისადმი მიწერილი ეპისტოლეც. ქართველი ელჩები 1588 წ. ოქტომბერში მოსკოვში ჩასულან. ელჩებს რუსეთის მეფისათვის ალექსანდრეს მიერ ხელმო-წერილი ფიცის წიგნი და პირადი ეპისტოლე გადაუციათ [იხ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1973: 145; ივ. ჯავახიშვილი 1948: 301-302].
ყოველივე ზემოთქმულის გახსენება დაგვჭირდა იმისათვის, რათა გამოგვეკვეთა ალექსანდრე II-ის მიერ რუსეთის მეფისათვის მიწერილი - ეპისტოლეს შედგენის თარიღი.
არსებულ წყაროების ბა-ზაზე ირკვევა, რომ - „... 1588 წ. ოქტომბერში საქართველოთგან კახთა მეფის დესპანები კიდევ ჩამოვიდნენ, რუსთა მეფე თევდორე იოანეს ძე წინანდელზე გაცილებით უფრო მეტი პატივისცემით დაუხვდა. მათი მოსკოვში შემოსვლის დღეს, 17 ოქტომბერს, რუსთ ხელმწიფემ თავისი წარმომადგენლები წინ დაახვედრა...“ [ივ. ჯავახი-შვილი 1948: 310].
ს. ბელოკუროვის მიერ თავმოყრილი (გამოცემული) დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ელჩები მგზავრობას საშუალოდ 3-დან 4-თვემდე უნდებოდნენ. აქედან გამომდინარე - 1588 წლის ოქტომბერში მოს-კოვში ჩასული ელჩები კახე-თიდან, სავარაუდოდ, ამავე წლის - ივლისის თვეში უნდა წამოსულიყვნენ. სწორედ ამავე დროს უნდა იყოს შედგენილი, ჩვენთვის საინტერესო, ალექსანდრე II-ის მიერ დაწერილი ეპისტოლე.
ალექსანდრე II-ის მიერ რუსეთის მთავრობისადმი მიწერილ ეპისტოლეში [იხ. ს. ბელაკუროვი 1889: 56], იქ, სადაც ის რუსეთის მეფეს შამხალზე გალაშქრებასა და საშამხლოს დაკავებას სთხოვს, ჩვენთვის საინტერესო - ქართლის სამეფოს გაქრისტიანებასთან დაკავშირებული ერთი ასეთი მინიშნებაც ფიქსირდება.
ივ. ჯავახიშვილი აღნიშნული მონაკვეთის კომენტარებისას ბრძანებს - „... ათასი (ორას სამოცი) წელიწადიაო, ამბობს ალექსანდრე მეფე თავის ზემოაღნიშნულს წერილში, რაც ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, ამ ქვეყანას ვმფლობელობთ და ვმეფობთ და ყოველთვის შამხალი ჩვენ გვემორჩილებოდა და ხელთ ქვეშე იყო“-ო. ქვეყანაც მშვიდობიანად და მყუდროდ ცხოვრობდა. მხოლოდ მას შემდეგ, როცა ოსმალეთის სულტანი ქრისტიანთა მიწაწყლის განადგურებას შეუდგა, მაშინ შამხალიც გადაგვიდგა და მტრობა დაგვიწყოო...“ [ივ. ჯავახიშვილი 1948: 302]. [იხ. აგრეთვე ს. ბელოკუროვი 1889: 56].
მაშასადამე, როგორც ითქვა, ეს ეპისტოლე არაუგვიანეს 1588 წლის ივლისის თვეში უნდა იყოს დაწერილი. აღნიშნული დროიდან - 1260 წლის უკუათვლით, ალექსანდრე II-ის მინიშნებით, ქართლის სამეფოს გაქრისტიანება: 1588 - 1260 = 328 წელს მომხდარი ფაქტია.
ეპისტოლეს ხასიათიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ იქ არსად ფიქსირდება, თუ რას ეყრდნობა ალექსანდრე II ქართველთა გაქრისტიანების თარიღის მითითებისას. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ დროისათვის ამ თარიღის უტყუარობა კახეთის სამეფო კარისათვის ნათელი იყო, რაც უდაოდ გარკვეული დოკუმენ-ტური წყაროებიდან გამომდინარე იქნებოდა გამყარებული.
სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, დღეისათვის შემორჩენილ არც სხვა მასალებიდან ირკვევა, თუ უშუალოდ, რომელ ისტორიულ წყაროებს ეყრდნობოდა ალექსანდრე II თავისი პოზიციის დაფიქსირებისას.
დღევანდელი გადმოსახე-დიდან ძნელია ცალსახად იმის თქმა, თუ დღეს ცნობილი ისტორიული წყაროების გარდა დამატებით რა საბუთები შეიძლება ჰქონოდათ იმ დროისათვის, მაგრამ ფაქტია, რომ - ეპისტოლის დაწერის დროისათვის ალექსანდრე II-ის მიერ ქართველთა გაქრისტიანებიდან 1260 წლიანი დროითი მონაკვეთის მითითებით, ცალსახად იკვეთება, რომ ეს ყველაფერი - 328 წელს მომხდარა.
ყოველივე ზემოთქმულის პარალელურად, თუ გავით-ვალისწინებთ, რომ - ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად მირიან მეფის მიერ ქრისტეს რჯულის აღიარება 328 წლის 20 ივლისს უკავშირდება [იხ. ს. სალუაშვილი 2010: 98], მაშინ, აღნიშნული მომენტიდან ათვლით, ალექსანდრე II-ის მიერ 1260 წლიანი დროითი მონაკვეთი, სწორედაც რომ - 1588 წლის ივლისის თვეზე, ანუ განსახილველი ეპისტოლეს სავარაუდო შედგენის დროზე მოდის.
1588 წლის ოქტომბერში მოსკოვში ჩასული ქართველი ელჩებისათვის, ალექსანდრე II-ის მიერ ხელმოწერილ ფიცის წიგნის თაობაზე, რუსეთის მეფე თევდორეს თავისი თანხმობა - 1589 წლის 25 თებერვალს მიუცია. ს. ბელოკუროვის კრებულში ვკითხულობთ - „... თებერვლის 25-ე დღეს მთელი რუსეთის ხელმწიფემ, მეფემ და დიდმა თავადმა თევდორე ივანეს ძემ ბრძანა: ივერიის ელჩი ყაფლანი თანმხლებ პირებთან ერთად ყოფილიყვნენ სამეფო კარზე... რათა ეცნობებიათ მათთვის გადაწყვეტილება, რომ მთელი რუსეთის ხელმწიფე, მეფე და დიდი თავადი თევდორე ივანეს ძე თავის სამეფო მფარველობის ქვეშ იღებს და აგზავნის ალექსანდრე მეფესთან მათთან ერთად თავიანთ ელჩებს...“ [ს. ბელოკუროვი 1889: 56].
გარკვეული ხნის შემდეგ, მოსკოვიდან წამოსული ელჩები, 1589 წლის ოქტომბერში კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს გადასცემენ 12 პუნქტისაგან შემდგარ „თევდორე მეფის წყალობის წიგნს“ (ტექსტშია - „გრამოტუ ჟალოვალნუიუ ზ ზოლოტოიუ პეჩატიუ“, ე.ი. „წყალობის წიგნი ოქრო ბეჭდით“, ანდა - „სიგელი შეწყალებისა ოქრობეჭდოვანი“) [იხ. ს. ბელოკუროვი 1889: 15; 87-89; ნ. ბერძენიშვილი 1967: 20; 155-157; გ. ჟუჟუნაშვილი 2006: 18, 76].
ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის საინტერესო მეორე მინიშნება ფიქსირდება ალექსანდრე მეფის მიერ რუსეთის ელ-ჩობასთან გამართული საუბრის ჩანაწერებში [იხ. ს. ბელოკუროვი 1889: 125].
საუბრის გაგრძელებამდე უნდა აღინიშნოს, რომ ს. ბელაკუროვის ნაშრომი „რუსეთის ურთიერთობა კავკასიასთან“ სხვადასხვა ხასიათის უზუსტობებს შეიცავს. ნ. ბერძენიშვილი, აღნიშნულთან მიმართებაში, ბრძანებს - „... დიდი ჩხრეკა არაა საჭირო, რომ… ბელოკუროვის გამოცემის ნაკლი შეამჩნიოს მკვლევარმა... ამ ნაშრომის წყაროების ენა უმთავრესად ძველი რუსულია. საკუთარი სახელები (პირთა თუ გეოგრაფიული) არარუსული სინამდვილიდან იქ მეტისმეტად გადასხვავებულად არის წარ-მოდგენილი...“ [ნ. ბერძე-ნიშვილი 1967: 9].
ს. ბელოკუროვის ნაშრომში გაპარული ერთ-ერთი შეცდომა შეეხება 1588 წელს ალექსანდრე II-ის მიერ შედგენილ ეპისტოლეში დაფიქსირებულსაც. კერძოდ: ს. ბელოკუროვის ნაშრომში ვკითხულობთ - „... ათასი წელიწადია, რაც ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, ამ მიწას ვფლობთ და ვმეფობთ...“ [ს. ბელოკუროვი 1889: 56].
ივ. ჯავახიშვილის მართებული შენიშვნით ირკვევა, რომ აქ გადამწერის (ან გამომცემლის, ან კორექტურულ) შეცდომასთან უნდა გვქონდეს საქმე. შემდგომი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ აქ მოცემული თარიღი - „ათასი წელიწადია“ შეცდომითაა მითითებული. სავარაუდოდ, ბეჭდვისას დაშვე-ბული კორექტურის გამო, გამოცემაში წარმოდგენილ ტექსტში - „ორას სამოცი“ ამოვარდნილია, და დედანში არსებული - „... ტისიაჩა დვესტე შეზდესიატ ლეტ...“-ის ნაცვლად, ს. ბელოკუროვის გამოცემაში მხოლოდ - „... ტისიაჩა ლეტ...“ - არის დაბეჭდილი. ყოველივე თქმულის გათვალისწინებით, ივ. ჯავახიშვილი ბრძანებს - „... ათასი (ორას სამოცი) წელი-წადია...“ ... ასე სწორედ არის აღრიცხული ალექსანდრეს მიერ... აქ გადამწერის შეცდომით უნდა ეწეროს 1000 წ. ...“ [ივ. ჯავახიშვილი 1948: 302].
ივ. ჯავახიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრების მართებულობა მტკიცდება ს. ბელოკუროვის მიერ თავმოყრილ დოკუმენტთა იმ მონაკვეთში, სადაც კახეთის მეფე ალექსანდრე II-ესა და რუსეთის ელჩებს შორის 1589 წელს გამართული საუბრის შინაარსია გადმოცემული.
ალექსანდრე მეფე, ადასტურებს რა 1588 წელს რუსეთის მეფის თევდორისადმი მიწერილ ეპისტოლეში გადმოცემულს, რუსთა ელჩებს - ს. ზვენიგოროდსკსა და ტ. ანტონოვს, განუცხადებს - „... ათას ორას სამოცი წელიწადია („... ტისიაჩა დვესტე შეზდესიატ ლეტ...“), რაც ჩვენი სახელმწიფო გაქრისტიანდა და მას შემდეგ უსჯულოთა აოხრების წყალობით ბევრი მონასტერი და ეკლესია დაიქცა; ეხლა ჩემს სიცოცხლეშივე ყველა ამის განახლება მწადია, მინდა იმნაირადვე მოვაწყო, როგორც წინათ იყო...“ [ს. ბელაკუროვი 1889: 125]. [იხ. აგრეთვე ივ. ჯავახიშვილი 1948: 307].
ამდენად, ქართველთა გაქრისტიანების თარიღის მიმანიშნებელი, კახთა მეფე ალექსანდრესა და რუსეთის ელჩებს შორის გამართული საუბრის აღმწერი ისტორიული წყარო კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველთა 328 წლისათვის მოქცევის თარიღს.
1589 წლის ოქტომბერში კახეთში ჩამოსულ რუსთა ელჩებს, რომლებმაც ალექსანდრეს რუსეთის მეფის წყალობის სიგელი („წყალობის წიგნი ოქრო ბეჭდით“) მიართვეს, თან რუსი სასულიერო პირებიც ხლებიათ.
რუსი სამღვდელო პირთა საქციელი, როგორც ეს დოკუმენტებიდან ირკვევა, ყველგან უკმაყოფილების მიზეზი გამხდარა - „...ქართველები, სადაც-კი რუსი მოძღვრები მივიდოდნენ, სიხარულით უხვდებოდნენ ვითარცა თანამორწმუნეებს, რომელთაც მათი დახმარება სურთ „უსჯულოთა“ წინააღმდეგ ბრძოლაში, თავიანთ ტაძრებში შეჰყავდათ და სთხოვდნენ რომ ეწირათ. მაგრამ რუსი სამღვდელო პირები, როგორც კარგი გამომძიებელნი და მეძებარნი, იმ წამსვე ეკლესიების ჩხრეკას შეუდგებოდნენ ხოლმე ( ს.ზვენიგოროდსკისა და ტ. ანტონოვის მიერ თევდორე მეფისადმი წარდგენილ მოხსენებაში დაფიქსირებულია - „ისპრავლენიე... ვერი კრესტიანსკიე“ [იხ. ს. ბელოკუროვი 1889: 123] - ს.ს.). და წირვაზე უარს ამბობდნენ, საკურთხეველს სხვანაირი სამოსელი უნდა ჰქონდესო, სახარების ყდას და ბარძიმს ესა და ეს სახე აკლია და გამოყვანილი არ არის, უნდა ეკლესიები ხელახლად ვაკურთხოთო. იმ დროს კახეთში ერთი ბერძენი ბერი ყოფილა ათონის ქართველთა პორტაიტის მონასტრითგან, არქიმანდრიტი ათანასე, და იმას თავმობ-ეზრებულს თურმე რუს მოძღვრებისათვის განუცხადებია: ამაზე მეტი საეკლესიო სამკაული არც ჩვენ ვიცით წმიდა ათონის მთაზეო. თქვენ-კი როგორც გენებოთ, გინდ სწირეთ წირვა, გინდ ნუო, - მეფე ალექსანდრე კი ეკლესიის ხელახლად კურთხევის ნებას არ მოგცემთო...“ [ივ. ჯავახიშვილი 1948: 325].[იხ. აგრეთვე ს. ბელოკუროვი 1889: 123-124].
მას შემდეგ, რაც ალექსანდრე II-თვის ნათელი გახდა, რომ - „...ჩქარი დახმარების იმედი რუსეთითგან ტყუილი იყო, გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი, საშინელ განსაცდელის წინაშე მდგომი, თურმე უკმაყოფილებისაგან ბრაზით თავს ვეღარ იკავებდა და საყვედურებით ავსებდა რუს დესპანებს ყველა იმ დამცირებისა, თუ შეუ-რაცხყოფისათვის, რომელიც მის დესპანებს მოსკოვში მიაყენეს...“ [ივ. ჯავახიშვილი 1948: 329].[იხ. აგრეთვე ს. ბელოკუროვი 1889: 123-124].
ამას დამატებია რუს სამ-ღვდელოთა შეუფერებელი საქციელი. ყოველივე ეს ასახვას ჰპოვებს ალექსანდრე II-ის მიერ 1590 წ. მოსკოვში მორიგი ელჩობის გაგზავნისას, ქართველი ელჩების - თავადი სოლომონისა და ხურშიტასთვის [იხ. ივ. ჯავახიშვილი 1948: 330; ს. ბელაკუროვი 1889: 233] გატანებულ - რუსეთის მეფისა და რუსეთის პატრიარქისადმი მიწერილ ეპისტოლეებში.
ალექსანდრე II-ის მიერ რუსეთის პატრიარქ იობისადმი [იხ. გ. ჟუჟუნაშვილი 2006: 30] მიწერილ ეპისტოლეში [იხ. ს. ბელოკუროვი 1889: 232-233], კახთა მეფე ღიად საუბრობს იმ უკმაყოფილებაზე, რაც რუს სამღვდელო პირთა საქციელს მოჰყოლია - „... ჩვენ ისინი ანგელოზებივით მივიღეთ და ყოველნაირად პატივი ვეცით. მაგრამ მათ ჩვენს ეკლესიებში წირვის წირვა არ მოისურვეს...“ [ივ. ჯავახიშვილი 1948: 330]. [იხ. აგრეთვე ს. ბელოკუ-როვი 1889: 233].
და აი, სწორედ - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ იობისადმი მიძღვნილ ეპის-ტოლეში [იხ. ს. ბელოკუროვი 1889: 232-233], გვიფიქსირდება, ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებული, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, რიგით მესამე მინიშნება. ალექსანდრე II-ის ეპისტოლეში ვკითხულობთ - „... ჩვენ ესენი, ღმერთის ანგელოზებივით მივიღეთ და ყოველნაირად პატივი ვეცით. მაგრამ მათ ჩვენს ეკლესიებში რატომღაც წირვის წირვაც არ მოისურვეს. ჩვენ კი ქრისტეზე ვართ მინდობილი, რომ რაც ქრისტიანად მოვნათლულვართ, [ანუ] ბერძენთაგან რწმენა და რჯული მიგვიღია 1262-ე წელი [სრულდება] ( „ვ ლეტე 1262-მ გოდუ...“). აქ ჩვენთან პატრიარქებიცა და მიტროპო-ლიტებიც ყოფილან მთაწმინდელნიც, სინელნიც და იერუსალიმელნიც. ყველას ჩვენთან წირვაც უწირიათ და როგორც ერთმორწმუნეთ შეეფერებათ ჩვენთან ისე ეჭირათ თავი...“ [ს. ბელოკუროვი 1889: 233].
დოკუმენტებში მითითებული, ჩვენთვის საძიებელ-დამოწმებული თარიღების ორგანული ურთიერთკავშირი აშკარაა: ალექსანდრე II-ე, 1588 წელს მიწერილ ეპისტოლეში - 1260 წლიანი დროითი მიჯნის დაფიქსირების პარალელურად, ორი წლის შემდეგ, ანუ - 1590 წელს, მოსკოვის პატრიარქ იობისადმი მიწერილ ეპისტოლეში, ითვალისწინებს რა პირველი ეპისტოლის დაწერიდან გასულ - ორ წელს, ქართველთა ქრისტიანად ყოფნის დროს, უკვე - 1262 წლით განსაზღვრავს - „... ჩვენ კი ქრისტეზე ვართ მინდობილი, რომ რაც ქრისტიანად მოვნათლულვართ, [ანუ] ბერძენთაგან რწმენა და რჯული მიგვიღია 1262-ე წელი [სრულდება]...“[ს. ბელოკუროვი 1889: 233].
1590 წლის 30 ნოემბერს მოსკოვში ჩასული ქართველი ელჩები კახეთიდან, სავარაუდოდ, 3-4 თვით ადრე, ანუ - 1590 წლის ივლისს-აგვისტოს თვეში წასულან. აღნიშნული დროიდან 1262 წლის უკუათვლა: 1590 – 1262, ისევ და ისევ, ზემოთ უკვე ნახსენებ, მირიან მეფის მიერ, ქრისტეს რჯულის აღიარების თარიღს - 328 წელს გან-საზღვრავს.
1590 წელს შედგენილ ეპისტოლეში 1262 წლიანი მონაკვეთის დაფიქსირებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ივ. ჯავახიშვილის მიერ გაკეთებულ შენიშვნის მართებულობაში, რომელიც ბელოკუროვის შრომაში დაფიქსირებულ უზუსტობასთან დაკავშირებითაა გამოთქმული (იხილე ზემოთქმული).
დასკვნა
ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოკვეთილი და განხილულ იქნა ქართლის მოქცევის თარიღზე მიმა-ნიშნებელი, მე-16 საუკუნის - სამი უნიკალური დოკუმენტი, რომელიც დაცულია ს. ბელოკუროვის მიერ გამოცემულ შრომაში - „რუსეთის ურთიერ-თობა კავკასიასთან“ (I გამოშვება, მოსკოვი, 1889 წ., „1578-1613 წ.წ.“).
ეს დოკუმენტები, ძირითადად, მოგვითხრობენ კახეთის მეფე ალექსანდრე II-ესა და რუსეთის სახელმწიფოს შორის არსებული დიპლომატიური მიმოწერის თაობაზე. სწორედ აღნიშნულ დოკუმენტებშია დაცული, ქარ-თლის სამეფოს გაქრისტია-ნებასთან დაკავშირებული, ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია.
პირველი დოკუმენტი (იხ. დანართი # 1), რომელშიც აღნიშნულ საკითხზეა მინიშნება, შესრულებულია - 1588 წელს ალექსანდრე II-ის მიერ, და განკუთვნილია რუსეთის მეფის თევდორესადმი. აღნიშნულ ეპისტოლეში, ქართველთა გაქ-რისტიანებიდან დასახელებული ელჩობის დროისათვის, როგორც ამას ალექსანდრე II აღნიშნავს, გასულია - 1260 წელი.
მეორე დოკუმენტი (იხ. დანართი # 2), რომელშიც ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციაზეა საუბარი - 1589 წლით თარიღდება და ასახავს ალექსანდრე II-ესა და რუს ელჩებს შორის შემდგარ იმ საუბარს, სადაც ალექსანდრე II ადასტურებს თევდორე მეფისად-მი მიძღვნილ ეპისტოლეში დაფიქსირებულ ქართველთა გაქრისტიანებიდან გასულ დროს, და მას კვლავ - 1260 წლით განსაზღვრავს.
და ბოლოს - მესამე დოკუმენტია (იხ. დანართი # 3): ალექსანდრე II-ის მიერ 1590 წ. რუსეთის პატრიარქ იობის მიმართ გაგზავნილი ეპისტოლე. მასში, ალექსანდრე II-ე, საუბრობს რა რუს მღვდელთა შეუფერებელ საქციელზე, აღნიშნავს, რომ საქართველოს გაქრისტიანებიდან დღემდე 1262 წელიაო გასული - „...ჩვენ კი ქრისტეზე ვართ მინდობი-ლი, რომ რაც ქრისტიანად მოვნათლულვართ, [ანუ] ბერძენთაგან რწმენა და რჯული მიგვიღია 1262-ე წელი [სრულდება]...“ [ს. ბელოკუროვი 1889: 233].
მაშასადამე, ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, ნათლად ჩანს, რომ ალექსანდრე II-ე, დღეისათვის ჩვენთვის უცნობ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რუსეთის მეფისა და რუსთა პატრიარქისადმი მიძღვნილ ეპისტოლეებში, ქართველთა გაქრისტიანების თარიღად - 328 წელს გამოკვეთავს (1. 1588 – 1260 = 328, და 2. 1590 – 1262 = 328); რაც, თავის მხრივ, ჩვენს მიერ, დღეისათვის არსებულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის შედეგად ქართლის სამეფოს გაქრისტიანების თარიღად მიღებული 328 წლის მართებულებას ადასტურებს [ს. სალუაშვილი 2010: 6-131].
ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართლის სამეფოს გაქრისტიანების თა-რიღთან დაკავშირებულ, დღეისათვის არსებულ, წერილობით წყაროებს შორის თავისი კუთვნილი ადგილი უნდა მიეჩინოს - XVI საუკუნის 80-90 წლებში კახეთის სამეფოსა და რუსეთის სახელმწიფოს ურთიერთობის ამსახველ, ზემოთ უკვე განხი-ლულ, სამ ისტორიულ წერილობით წყაროს.
რეზიუმე
ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ზუსტი თარიღის დადგენა ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ გადაუჭრელ ამოცანად რჩება.
აღნიშნულ საკითხში სიცხადის შეტანის თვალსაზრისით დღეისათვის ცნობილ წერილობით წყაროებს შორის თავისი გამორჩეული ადგილი უნდა მიენიჭოს კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის რუსეთის სამეფოსთან ურთიერთობის ამსახველ დოკუმენტურ წყაროებს.
ს. ბელოკუროვის მიერ შედგენილი (1889 წ.) კავკასიასთან რუსეთის ურთიერთობის გადმომცემი დოკუმენტური წყაროების კვლევისას ჩვენი ყურადღება მიიქცია მე-16 საუკუნის 80-90-იანი წლების ურთიერთობის ამსახველმა სამმა უნიკალურმა წერილმა. ესენია:
1) 1588 წ. კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის მიერ რუსეთის მეფის თევდორესადმი მიწერილი ეპისტოლე [ს. ბელოკუროვი 1889: 56; იხ. დანართი # 1].
2) 1589 წ. ალექსანდრე II-ესა და რუსეთის ელჩებს შორის შემდგარი საუბრის გადმომცემი წერილი [ს. ბელოკუროვი 1889: 125; იხ. დანართი # 2]; და
3) 1590 წ. ალექსანდრე II-ის მიერ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ იობისადმი მიწერილი ეპისტოლე [ს. ბელოკუროვი 1889: 233; იხ. დანართი # 3].
აღნიშნულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, წინამდებარე ნაშრომში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ - ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება: 328 წელს მომხდარი ისტორიული ფაქტია.
გამოყენებული ლიტერატურა
1. ბელოკუროვი ს., „რუსეთის ურთიერთობა კავკასიასთან“, I გამოშვება, მოსკ., 1889 წ. (რუსულად); 2. ბერძენიშვილი ნ., „საქართველოს ისტორიის საკითხები“, წ. IV, თბ.1967; 3. მაჭარა-ძე ვ., ქ. ს. ე. ტ. 2, თბ. 1977 წ.; 4. ჟუჟუნაშვილი გ., „საქართველო-რუსეთის ურთი-ერთობის ისტორიიდან (XVI-XVII საუკუნეები)“, თბ. 2006 წ.; 5. ჟუჟუნაშვილი გ., „საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხები“, თბ. 2009 წ.; 6. სალუაშვილი ს. „ქართლის მოქცევის თარიღთან დაკავშირებული საისტორიო ძიებები“, თბ. 2010 წ.; 7. „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტ. IV, თბ. 1973 წ.; 8. ტივაძე თ. „XVI საუკუნის 80-იანი წლების კახეთ-რუსეთის ურთიერთობის საკითხისათვის. მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. ¹ 3, თბ. 1983 წ.; 9. ჯავახიშვილი ივ., „ქართველი ერის ისტორია“, წ. IV, თბ. 1948 წ.
საბა სალუაშვილი