მორიგი მხილება, ანუ

პარლამენტში 2016 წ. 11 თებერვალს გამართული

 საკომიტეტო მოსმენის ქრონიკა

 

ს/გ „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლეს" მიერ ჯერ კიდევ 2015 წ. 16 მარტს წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილებების შეტანის თაობაზე" – (N5820), რომელიც პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის ახალი მექანიზმის შემოღებას ეხება, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, მხოლოდ 2016 წ. 11 თებერვლის სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

ჩვენი საკითხის განხილვის პროცესში მონაწილეობისათვის სხდომაზე მისულ მიხეილ [გელა] სალუაშვილსა და ავთანდილ იოსელიანს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ სხდომის მონაწილეების წინაშე განაცხადა - „შემოსული საკანონმდებლო წინადადების შინაარსს კომიტეტის წევრები უკვე იცნობთ, მის გაზიარებას კომიტტი არ აპირებს, რადგან იგი მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამიტომ აუცილებელი აღარ არის ბ-ნ მიხეილ [გელა] სალუაშვილის მოხსენების მოსმენა“-ო.

დამსწრე დეპუტატების რეაქციიდან და სახის გამომეტყველებიდან აშკარა იყო, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი კანონპროექტი წაკითხული არ ჰქონდა.

როდესაც კომიტეტის თავმჯდომარეს ვკითხე - „ბ-ნო ვახტანგ, ამ ზეპირი განცხადებით თქვენ შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება, ამიტომ გთხოვთ დამისახელეთ კონსტიტუციის რომელ მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში ჩვენი კანონპროექტი“-მეთქი,

გასაოცარი პასუხი მივიღე - „ბ-ნო გელა!, მე არავითარი მუხლის მითითებას არ ვაპირებ, რადგან ეს ჩემთვის ისევე ცხადია, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია“-ო.

შექმნილი უხერხული სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით, დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა - „ბ-ნო გელა, შეიძლება თქვენი კანონპროექტი მართლა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებს, მაგრამ ასეთი საკითხის გადასაჭრელად საჭიროა შევქმნათ კომისია და საქართველოს საპატრიარქოს პოხიცია მოვისმინოთ“-ო.

მაგრამ, როდესაც ჩვენ დავეთანხმეთ ასეთი კომისიის შექმნას, ბ-მა გიგიმ სასწრაფოდ უკან წაიღო თავისი სიტყვები და ჩვენი კანონპროექტის კონკრეტული მუხლის [საარჩევნო უბნის უფლებამოსილების] წაკითხვის შემდეგ განაცხადა - „აბა, ასეთი ფორმულირების მიღება როგორ შეიძლება, ეს წესი ხომ აუარებელ კითხვას ბადებსო“.

ჩვენთვის აშკარა იყო, რომ ბ-ნ გიგის ამ კონკრეტული ფრაზის მეტი წაკითხული არ ჰქონდა, ამიტომაც ვუთხარი - „ბ-ნო გიგი! ამ საკითხის თაობაზე კითხვის პასუხი მომდევნო გვერდზეა, თუ მომისმენთ მოგახსენებთ, მგრამ მე მგონი თქვენ ჩვენი კანონპროექტის პირველი გვერდის მეტი არც კი წაგიკითხიათ-მეთქი“.

ბ-მა გიგიმ გასაოცარი პასუხი გამცა - „რათქმა უნდა ასეა, აბა ამდენს რა წამაკითხებდაო“.

მეც მეტი რაღა უნდა მეთქვა - „ბ-ნო გიგი, მე ეხლავე შემიძლია წაგიკითხოთ, მაგრამ  თქვენ რა კ/ფ „ცისფერი მთების“ სიუჟეტივით იქცევით - „მოდი ალაგ ალაგ წამიკითხე და შემდეგ შევაერთოდო“, რომ იძახიან“-მეთქი.

მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი ბ-ნი გედეონ ფოფხაძე მოსმენილის გამო სიცილს ძლივს იკავებდა. ღიმილი არც სხვა დამსწრე დეპუტატების სახეს აკლდა.

ასე დარჩა „კრება მხიარული“ - აი, ასეთი „განხილვის“ ფონზე ჩვენი შეთავაზება იურიდიულმა კომიტეტმა არ გაიზიარა.

მხილებისეული ეტაპისათვის დამახასიათებელი წინამდებარე მაგალითის თაობაზე საუბარს ბიბლიური შეგონების გახსენებით დავასრულებთ:

- „მითხრა: ადამის ძევ!.. ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი [კოდია]. გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.

შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა. უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან“ [ეზეკ. 2,3-5].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი