კავკასია - მშვიდობის სახლი,

ისტორიული ექსკურსი

შესავალი

მსოფლიოს დასაბამისეული ისტორიის აღმწერი წიგნთა-წიგნი ბიბლია, წარღვნისშემდგომი კაცობრიობის განთავსების შესახებ პირველ ინფორმაციას - კავკასიის რეგიონს უკავშირებს. „... არარატის მთებს მიადგა კიდობანი“ (დაბ. 8,4), ბრძანებს წმიდა წერილი, და იქვე ამატებს - „ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გადმოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი... ეს სამნი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული. დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი“ (დაბ. 9,18-20).

თხრობის გაგრძელებამდე, მოდით თავად კიდობნის გამორიყის ადგილის თაობაზე არსებული ინფორმაცია გავიხსენოთ - „არარატი, ვულკანური მასივი მდ. არაქსის შუა წელში (მარჯვენა ნაპირზე), თურქეთში... შედგება ორი ჩამქრალი ვულკანური კონუსისაგან: დიდი არარატისა (სომხური სახელწოდება - მასისი; თურქულად: ბუთუქ-აღრი-დაღი), სიმაღლე 5165 მ., და მცირე არარატისაგან, სიმაღლე 3925 მ...“ (ქ.ს.ე., ტ.1, თბ. 1975 წ., გვ.541).

თანდათან მრავლდებოდა ნოეს მოდგმა. გარკვეულ დრომდე - „ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი, როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან [ანუ არარატის მიდამოებიდან], ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ“ (დაბ. 11,1-2).

ახალ საცხოვრებელ ადგილზე (შინყარის ველზე) დამკვიდრებული ნოეს მოდგმა, ბაბილონის გოდოლის აგებით განარისხებს უზენაესს - „გაფანტა ისინი უფალმა მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენება. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე“ (დაბ. 11,8-9).

 

კავკასიის რეგიონში დასახლება

ქართველი ერის ისტორიის აღმწერი „ქართლის ცხოვრება“, თავის თხრობას სწორედ ბაბილონის გოდოლის დანგრევიდან იწყებს. ლეონტი მროველი გვაუწყებს - „... ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ნოეს ძისა. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათაისა, ოდეს აღაშენა ნებროთ ბაბილონს გოდოლი, და განეყვნეს მუნ ენანი, და განიშენნეს მუნით ყოველსა ქუეყანასა, წარმოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა კაცთშეუვალთა, არარატსა და მასი[სი]სასა“ („ქართლის ცხოვრება“,თბ. 2008 წ., გვ.25).

ამდენად, თარგამოსი, თავისი მოდგმითურთ, უბრუნდება - წარღვნისშემდგომი კაცობრიობის პირველგანთავსების ადგილს. ლეონტი მროველი, თარგამოსის სამკვიდრებლის საზღვრების თაობაზე ასეთ ინფორმაციას იძლევა - „... ესე არს საზღვარი ქუეყანისა მისისა: აღმოსავალით - ზღუა გურგენისაი (აქ - კასპიის ზღვა), დასავალით - ზღუაი პონტოისაი (აქ - შავი ზღვა), და სამხრით - მთაი ორეთისაი [რომელ არს ქურთთა ქუეყანას, პირისპირ მიდიისა, მიდია თავრიზია], და ჩრდილოით მთაი კავკასია [რომელსა სპარსნი იალბუზს უწოდებენ]...“ (იქვე, გვ.25).

 

კავკასიის რეგიონის საზღვრები

„ქართლის ცხოვრებაში“ დეტალურადაა აღწერილი თარგამოსის მოდგმის არამარტო შემადგენლობა, არამედ მათი საცხოვრებელი ტერიტორიის კონტურებიც - „და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხვი, რამეთუ ესხნეს ცოლ მრავალ, ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილისშვილნი ძეთა და ასულთა მისთანა...

ხოლო შვილთა შორის თარგამოსისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი, ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა - ქართლოს, მესამესა - ბარდოს, მეოთხესა - მოვაკან, მეხუთესა - ლეკან, მეექუსესა - ჰეროს, მეშვიდესა - კავკას, მერვესა - ეგროს...

განუყო თარგამოს ქუეყანაი და ნათესავი თვისი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისაი და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისაი მისცა ჰაოსს, ხოლო შვილთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა.

წარმოიყვანნა შვიდნი იგი ჩრდილოით კერძო და განუყვნა ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა:

მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმოსავალით - ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი, დასავლით - ზღუაი პონტოისაი, სამხრით - მთაი, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთაი, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდამოდის ჩრდილოით კერძო და მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთაი შორის კლარჯეთსა და ტაოსა ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოით - საზღვარი ღადოი მთაი მცირე, რომელი გამოვალს შტოდ კავკასიისგან, და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოისასა, რომელსა ჰქვიან ლიხი. და ამათ საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს.

ხოლო ბარდოსს მისცა მტკუარსა სამხრით, ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ზღუადმდე, სადა შეკრბებიან მტკუარი და არაქსი. და ამან ბარდოს აღაშენა ქალაქი ბარდავი და დაეშენა მუნ.

ხოლო მოვაკანს მისცა მტკუარსა ჩრდილოით, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ზღუადმდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნეთი, და დაემკვიდრა მუნ.

ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანაი მტკუარისა ჩრდილოით, მცირისა ალაზნისთავითგან ვიდრე ტყე-ტბადმდე, რომელსა აწ ჰქვიან გულგულა. და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა, და უწოდა სახელი თვისი ჰერეთი. და მის გამო ჰქვიან ჰერეთსა ჰერეთი, და აწ მას ადგილსა ჰქვიან ხორანთა.

ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანაი ზღვისყურისაი და უჩინა საზღვარი: აღმოსავალით - მთაი მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი, დასავლით - ზღუაი; მდინარე მცირისა ხაზარეთისაი, სადა წარსწუდების წუერი კავკასიისაი. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია.

ხოლო კავკასიათა ჩრდილოით არა იყო ხუედრი თარგამოსისი, არამედ არა იყო კაცი კავკასიასა ჩრდილოით. და უმკვიდრო იყო ქუეყანაი იგი კავკასიითგან მდინარედმდე დიდად, რომელი შესდის ზღუასა დარუბანდისასა. ამისთვის გამოიყვანნა მრავალთა გმირთაგან ორნი გმირნი: ლეკან და კავკასი, და მისცა ლეკანს ზღუათაგან დარუბანდისათა ვიდრე მდინარედმდე ლომეკისა, ჩრდილოით ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთისა. და მისცა კავკასს ლომეკის მდინარითგან ვიდრე დასასრულადმდე კავკასიისა, დასავალით...“ [იქვე, გვ. 25-27].

კავკასია რომ მსოფლიო ციილიზაციის უძველესი კერაა, ამას უკანასკნელ ათწლეულებში დმანისის რაიონში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალაც ადასტურებს.

წარმოდგენილი მცირე ისტორიული ექსკურსი, უშუალოდ კავკასიის რეგიონის მოკლე აღწერით გვინდა დავასრულოთ - კავკასიის ფართობი დაახლოებით 440 ათასი კვ. კმ-ია. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი კავკასიონს ჩრდილოეთ კავკასიად (იმიერკავკასიად; ფართობი 250 ათ. კმ2) და ამიერკავკასიად (ფართობი 190 ათ. კმ2). ბუნებრივი პირობების მიხედვით განასხვავებენ აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიონს, რომელთაგან პირველი მოიცავს აზოვისა და შავი ზღვის აუზს, მეორეკასპიის ზღვის აუზს. გეოგრაფიულად კავკასიას ეკუთვნის ასევე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი, როსტოვის ოლქისა და ყალმუხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ნაწილი.

კავკასიის - „... ძირითადი ორთოგრაფიული ერთეულებია: იმიერკავკასიის ვაკე, კავკასიონი, ამიერკავკასიის ბარი, მცირე კავკასიონი, თალიშის მთები, სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთები.

- იმიერკავკასიის ვაკეში გამოიყოფა სამი ნაწილი: დასავლეთ იმიერკავკასიის დაბლობი, სტავროპოლის მაღლობი და აღმოსავლეთ იმიერკავკასიის დაბლობი;

- კავკასიონი გადაჭიმულია ტამანის ნახევარკუნძულიდან აფშერონის ნახევარკუნძულამდე. მასაც 3 ნაწილად ყოფენ: დასავლეთ კავკასიონი (იალბუზამდე), ცენტრალური კავკასიონი (იალბუზსა და მყინვარწვერებს შორის) და აღმოსავლეთ კავკასიონი (მყინვარწვერის აღმოსავლეთით). კავკასიონის უმაღლესი მწვერვალია იალბუზი (5642 მ.);

- ამიერკავკასიის ბარი ვრცელდება შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. მისი სიგანე აზერბაიჯანში 160 კმ. აღწევს, დასავლეთ საქართველოში - 90 კმ-ს. იგი შემდეგ ნაწილებად იყოფა: კოლხეთის დაბლობი ირგვლივ მდებარე გორაკ-ბორცვებით, იმერეთის მაღლობი (ძირულის მასივი), შიდა ქართლის ვაკე, იორ-აჯინოურის ზეგანი, ალაზან-აგრინაის ვაკე, მტკვარ-არაქსის დაბლობი და მისი მომიჯნავე გორაკ-ბორცვებიანი რეგიონები;

- მცირე კავკასიონი გადაჭიმულია შავი ზღვიდან არაქსის ხეობამდე. აღმოსავლეთით მისი გაგრძელებაა თალიშის მთები. მცირე კავკასიონი იყოფა აჭარა-თრიალეთის, ლოქ-ყარაბაღისა და ჩრდილოეთ სომხეთის მთათა სისტემებად;

- სამხეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი წარმოადგენს მაღალი ვულკანური პლატოების, ქვაბულების, მასივებისა და ქედების ერთობლიობას...“ (ქ.ს.ე., ტ. 5, თბ. 1980 წ., გვ.299).

 

კავკასიის რეგიონის სახელმწიფოები

კავკასიის რეგიონად მოაზრებულ ტერიტორიაზე დღეისათვის ხუთი სახელმწიფოა განთავსებული - აზერბაიჯანი (86, 6 ათ. კვ. კმ.), თურქეთი (სულ 780,6 ათ. კვ. კმ.), რუსეთის ფედერაცია (254,3 ათ. კვ. კმ., სულ 17,075,400 კმ²-ს.), საქართველო (69,7 ათ. კვ. კმ.) და სომხეთი (29,8 ათ. კვ. კმ.).  

რუსეთის ფედერაცია კავკასიაში წარმოდგენილია შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებით: კრასნოდარის მხარე (76,0 კვ. კმ.), სტავროპოლის მხარე (66,5 კვ. კმ.), რესპუბლიკები - ადიღე (7,6 კვ. კმ.), ყარაჩაი-ჩერქეზეთი (14,1 კვ. კმ.), ყაბარდო-ბალყარეთი (12,5 კვ. კმ.), ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია (8,0 კვ. კმ.), ინგუშეთი (4,6 კვ. კმ.), ჩეჩნეთი (15,9 კვ. კმ.), დაღესტანი (50,3 კვ. კმ.)

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ინიციატივა

 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ ესწრაფვის რა არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას, თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს, რომ საქართველო გამოვიდეს ინიციატორი, რათა შეიქმნას

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტების - სუვერენული სახელმწიფოების მიერ გამოხატულ კეთილ ნებას - თავისი წვლილი შეიტანონ მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მშვიდობისა და საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბება-განმტკიცების საქმეში.

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

„კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს

შექმნის მიზანშეწონილობა

კავკასია ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი საბინადრო რაიონია. კავკასია არაერთხელ გამხდარა მომთაბარეთა (სკვითები, სარმატები, ალანები და სხვა) თავდასხმის ობიექტი. ახ. წ. I ათასწლეულში კი იგი ბიზანტიასა და ირანს შორის ხანგრძლივი ომის ასპარეზად გადაიქცა. ამავე ათასწლეულის შუა ხანებში კავკასიაში დამკვიდრდა ფეოდალური ურთიერთობა, გავრცელდა ქრისტიანობა.

კავკასიის რეგიონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვნული ტერიტორიაა - „კავკასიაში ცხოვრობს 50-ზე მეტი ეროვნების ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ: იბერიულ-კავკასიურ (კავკასიურ), ინდოევროპულ და ალთაურ ენობრივ ოჯახთა ენებზე.

იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფში შედის ქართველური, აფხაზურ-ადიღური, ნახური და დაღესტნურ ენათა ჯგუფები...

კავკასიაში მცსოვრებ ხალხთაგან ინდოევროპულ ენათა ოჯახში შედიან რუსები, უკრაინელები, სომხები და ირანის ჯგუფის ხალხები...

ალთაური ოჯახის თურქული ჯგუფის ენებზე ლაპარაკობენ აზერბაიჯანელები, ერთმანეთთან ახლო მონათესავე ყარაჩაელები და ბალყარები, ყულმუხები, ნოღაელები, თათრები, კავკასიის თურქმენები...

კავკასიაში მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ ბერძნები, ასურელები, მოლდაველები, ესტონელები, მორდველები, კორეელები, ბოშები...

კავკასიის მორწმუნე მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანობას აღიარებს. მართლმადიდებლები არიან: რუსები, უკრაინელები, ოსების ძირითადი ნაწილი, ქართველებისა და აფხაზების უმრავლესობა, მოზდოკის ყაბარდოელები; მონოფიზიტები - სომხები; დანარჩევი ხალხის დიდი ნაწილი მუსლიმანებია. მათ შორის ლეკების მცირე ნაწილი - შიიტები; სხვები, და ნაწილობრივ აფხაზები, ოსები და ქართველები (აჭარლები და ინგილოები) - სუნიტები; ქართველი და მთიელი ებრაელები აღიარებენ იუდაიზმს...“ (ქ.ს.ე., ტ. 5, თბ. 1980 წ., გვ, 302-303).

კავკასია ხშირად ფიგურირებდა ძველ ბერძნულ ლეგენდებში; პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიის მთას, იასონი და მისი არგონავტები კოლხეთში ეძებდნენ ოქროს საწმისს.

სავაჭრო-საქარავნო გზების გადამკვეთი კავკასიის რეგიონი, ისტორიის მანძილზე, არაერთხელ გამხდარა ურთიერთდაპირისპირების ეპიცენტრი. სპარსელები, ხაზარები, არაბები, მონღოლები, თურქები ხშირად ესხმოდნენ თავს რეგიონს, რამაც განაპირობა მისი ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სიჭრელე. რუსეთი კავკასიაში გამოჩნდა მე-18-19 საუკუნეებში სპარსეთთან და თურქეთთან ომების შემდეგ. ქრისტიანმა მოსახლეობამ (საქართველო და სომხეთი) მიიღო რუსეთის ჰეგემონია როგორც თავდაცვის საშუალება თურქთა ძალმომრეობისაგან. აზერბაიჯანის, დაღესტნისა და ჩერქეზეთის მუსულმანური მოსახლეობა წინ აღუდგა რუსეთს და დამორჩილდნენ მხოლოდ შამილის დამარცხების შემდეგ.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, სამხრეთკავკასიურმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა ინსპირირებული ეთნიკური კონფლიქტები და აჯანყებები. ამჟამად კავკასია წარმოადგენს გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფ რეგიონს, რომელიც გადაუწყვეტელი კონფლიქტების გამო (ჩეჩნეთი, აფხაზეთი, ცხინვალი ოლქი, მთიანი ყარაბაღი) დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

მიზეზთა გამო დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია: საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის; აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის; დღემდე ჩაკეტილია თურქეთისა და სომხეთის საზღვარი...

ვგონებთ უკვე დადგა დრო, რომ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებმა, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა დედამიწის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში მშვიდობის მყარი გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით.

 

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია:

„კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს

[„კავმშვისა“]

დამფუძნებელი დოკუმენტი

 წინათქმა

ჩვენ, კავკასიის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები - აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, საქართველო და სომხეთი ვესწრაფვით რა მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებას, წინამდებარე ხელშეკრულების დადებით ვაცხადებთ: საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს ჩამოყალიბებას, რომლის შტაბ-ბინა განთავსებულია - საქართველოში, ქალაქ - ქუთაისში.

ამის თანახმად კავკასიის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები თავიანთი უმაღლესი წარმომადგენლობის საშუალებით, რომლებმაც თავი მოიყარეს საქართველოში, ქ. ქუთაისში და წარადგინეს თავიანთი რწმუნებულებანი შეთანხმდნენ, მიიღონ ეს წესდება და ამით შექმნან - საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს წევრი სახელმწიფოები ვაცხადებთ:

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, ითვალისწინებს რა გაერო-ს წესდების 52-ე და 54-ე მუხლების სულისკვეთებას: „გაერო არ უშლის ხელს იმას, რომ არსებობდეს რეგიონალური შეთანხმებანი ან ორგანოები საერთაშორისო მშვიდობის და უშიშროების დაცვის საკითხების გადასაწყვეტად“, - ყალიბდება, რათა თავისი წვლილი შეიტანოს კავკასიის რეგიონში უშიშროების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნების განხორციელებაში;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, იქმნება კავკასიის რეგიონში შემავალი ხუთი სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, საქართველოსა და სომხეთის მიერ, გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მისი დამფუძნებელი დოკუმენტია, და რომელსაც დაექვემდებარება ამ ორგანიზაციის საქმიანობა;

  საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს წევრი სახელმწიფოები რჩებიან დამოუკიდებელ, სუვერენულ და თანასწორუფლებიან სახელმწიფოებად;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“ არ ერევა იმ საქმეში, რომელიც ამ ორგანიზაციაში შემავალი რომელიმე სახელმწიფოს შინაგანი კომპეტენციაა;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო მოქმედებს მათი ქვეყნის სახელისუფლო ორგანოთა მეშვეობით, მთელი ქვეყნის სახელით, როგორც ერთიანი სუვერენული ერთეული;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“, მასში გაერთიანებული სახელმწიფოების ძალისხმევით, შეეცდება რეგიონში - მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების საკითხების, ერთმანეთს შორის ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების ეფექტიანობის ამაღლებას;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო უზრუნველვყოფთ, პრინციპების მიღებით და მეთოდების დაწესებით, რომ - შეიარაღებული ძალები არ გახდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობაში მთავარი დასაყრდენი, დაემორჩილება მხოლოდ საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ პრინციპებს და სხვანაირად არ იქნება გამოყენებული, თუ არა თითოეული ქვეყნის ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისათვის;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ვგმობთ ყოველგვარი ძალადობის გამოყენებას და დასახული მიზნების მიღწევისათვის ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლებრივი, მშვიდობიანი და პოლიტიკური საშუალებებით;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო კვლავაც განვამტკიცებთ ადამიანის ძირითად უფლებათა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების თანასწორუფლებიანობის რწმენას;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო ხელს შევუწყობთ სოციალურ პროგრესს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მეტი თავისუფლების პირობებში;

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს თითოეული წევრი სახელმწიფო გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების დაცვის მიზნით.

 

თავი I

ზოგადი დებულება

მუხლი 1.

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“ (შემდგომში - „კავმშვისა“), დაფუძნელია მისი ყველა წევრის უფლებრივი თანასწორობის პრინციპზე.

მუხლი 2.

„კავმშვისა“-ს ყველა წევრი კეთილსინდისიერად ასრულებს წესდებით ნაკისრ ვალდებულებებს, რათა ყველა წევრისათვის ერთობლიობაში უზრუნველყონ ის უფლებანი, რომელნიც გამომდინარეობენ ორგანიზაციის წევრობიდან.

მუხლი 3.

„კავმშვისა“-ს ყველა წევრი წამოჭრილ დავას წყვეტს მშვიდობიანი საშუალებებით იმგვარად, რომ საფრთხე არ შეუქმნას რომელიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, უშიშროებასა და სამართლიანობას.

მუხლი 4.

„კავმშვისა“-ს ყველა წევრი ყოველმხრივ დახმარებას უწევს ორგანიზაციას ყველა მოქმედებაში, რასაც იგი წესდების შესაბამისად წამოიწყებს.

მუხლი 5.

წესდება სრულებითაც არ ანიჭებს „კავმშვისა“-ს უფლებას, ჩაერიოს ისეთ საქმეებში, რომელიც არსებითად შედის რომელიმე წევრი სახელმწიფოს შინაურ კომპეტენციაში.

 

თავი II

„კავმშვისა“-ს წევრები

მუხლი 6.

„კავმშვისა“-ს დამფუძნებელი  წევრები არიან კავკასიის რეგიონში შემავალი სახელმწიფოები - აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, საქართველო და სომხეთი, რომლებმაც თავისი უმაღლესი წარმომადგენელი პირის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში, ქ. ქუთაისში გამართულ დამფუძნებელ კონფერენციაზე, ხელი მოაწერეს „კავმშვისა“-ს დამფუძნებელ დოკუმენტს (შემდგომში - წესდება) და მოახდინეს მისი მიღება (რატიფიცირება) მე-7 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 7.

1. ეს წესდება რატიფიცირებული უნდა იქნეს, მისი ხელმომწერი სახელმწიფოთა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

2. წესდების რატიფიცირების დამადასტურებელი სიგელი შესანახად უნდა ჩაბარდეს დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარეს (როცა იგი დანიშნული იქნება), რომელიც თითოეული სიგელის ჩაბარების შესახებ აცნობებს წესდების ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს. დარბაზის სამდივნო ადგენს ოქმს თითოეული სიგელის მიღების შესახებ და ოქმის ასლებს უგზავნის ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს.

3. ამ წესდების ხელმომწერი სახელმწიფოები, რომლებიც მოახდენენ მის მიღებას, მას შემდეგ რაც იგი ძალაში შევა, გახდებიან „კავმშვისა“-ს თავდაპირველი წევრები იმ დღიდან, როდესაც ისინი შესანახად ჩააბარებენ თავიანთ, შესაბამის, დამტკიცების დამადასტურებელ სიგელებს.

მუხლი 8.

1. „კავმშვისა“-ს წევრად მიიღება კავკასიის რეგიონის ის სახელმწიფო, რომელიც იკისრებს ამ წესდებაში მოცემულ ვალდებულებებს და რომელსაც „კავმშვისა“-ს განსჯის მიხედვით, შეუძლია და სურს შეასრულოს ეს ვალდებულებანი.

2. „კავმშვისა“-ს წევრად ყოველი სახელმწიფოს მიღება წარმოებს სათათბიროს დადგენილებით, დარბაზის სამდივნოს რეკომენდაციით.

3. „კავმშვისა“-ს სამუშაო ენებია: თურქული, რუსული, სომხური და ქართული.

მუხლი 9.

„კავმშვისა“-ს წევრი, რომელიც სისტემატიურად არღვევს ამ წესდებაში მოცემულ პრინციპებს, შეიძლება გაირიცხოს სათათბიროს მიერ, დარბაზის სამდივნოს რეკომენდაციით.

 

თავი III

„კავმშვისა“-ს ორგანოები

მუხლი 10.

1. „კავმშვისა“-ს მთავარ ორგანოებად არსდება: სათაბირო, დარბაზის სამდივნო, ეკონომიკური და სოციალური საბჭო და იურიდიული საბჭო.

2. დამხმარე ორგანოები, საჭიროებისამებრ, შეიძლება დაარსდეს ამ წესდების შესაბამისად.

 

თავი IV

სათათბირო

ა) შემადგენლობა

მუხლი 11.

1. „კავმშვისა“-ს უმაღლესი ორგანოა - სათათბირო.

2. სათათბირო შესდგება „კავმშვისა“-ს ყველა წევრისაგან.

3. „კავმშვისა“-ში შემავალ თითოეულ წევრს სათათბიროში ჰყავს არაუმეტეს 5 (ხუთი) წარმომადგენლისა.

 

ბ) ფუნქციები და რწმუნებულობანი

მუხლი 12.

სათათბირო უფლებამოსილია განიხილოს ყოველი საკითხი ან საქმე ამ წესდების ფარგლებში, ან რომელიც ეხება ამ წესდებით გათვალისწინებული ყოველი ორგანოს რწმუნებულებებსა და ფუნქციებს, მისცეს რეკომენდაციები (გადაწყვეტილებანი) „კავმშვისა“-ს წევრებს ან დარბაზის სამდივნოს, ყოველ ასეთ საკითხზე ან საქმეზე.

მუხლი 13.

სათათბირო უფლებამოსილია განიხილოს ყოველი საკითხი, რომელიც მშვიდობისა და უშიშროების დაცვას შეეხება და მის წინაშე დაყენებულია „კავმშვისა“-ს ყოველი წევრის ან დარბაზის სამდივნოს მიერ, ან იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც არ არის „კავმშვისა“-ს წევრი, თუ იმ დავის მიმართ, რომელშიც იგი მხარეს წარმოადგენს, წინასწარ იკისრებს დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტის ვალდებულებებს, რომლებიც ამ წესდებაშია გათვალისწინებული, მისცეს ყოველი ასეთი საკითხის შესახებ რეკომენდაციები (გადაწყვეტილებანი) ამ სახელმწიფოს თუ სახელმწიფოებს ან დარბაზის სამდივნოს.

მუხლი 14.

სათათბიროს მე-13 მუხლში მოცემული რწმუნებულობანი არ უნდა ზღუდავდეს მე-12 მუხლის ზოგად აზრს.

მუხლი 15.

სათათბირო აწყობს გამოკვლევას და იძლევა რეკომენდაციებს (გადაწყვეტილებებს) იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს სახელმწიფოთა თანამშრომლობას ეკონომიკური, სოციალური, კულტურის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის დარგში და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხორციელებას ყველასათვის, განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და სარწმუნოებისა.

მუხლი 16.

1. სათათბირო იღებს და განიხილავს დარბაზის სამდივნოს ყოველწლიურ და სპეციალურ მოხსენებებს; ეს მოხსენებანი უნდა შეიცავდეს ანგარიშს იმ ღონისძებათა შესახებ, რომელიც დარბაზის სამდივნომ გადაწყვიტა მიიღოს, ან მიიღო;

2. სათათბირო იღებს და განიხილავს „კავმშვისა“-ს სხვა ორგანოების მოხსენებებს.

 

მუხლი 17.

1. სათათბირო განიხილავს და ამტკიცებს „კავმშვისა“-ს ბიუჯეტს;

2. „ერთადა“-ს წევრები გაიღებენ ხარჯებს სათათბიროს მიერ დაწესებული განაწილების მიხედვით.

 

გ) ხმის მიცემა

მუხლი 18.

1. სათათბიროს თითოეულ წევრს ერთი ხმა აქვს.

2. სათათბიროს გადაწყვეტილებათა მიღება მნიშვნელოვან საკითხებზე წარმოებს დამსწრეთა და ხმის მიცემის მონაწილეთა სული კონსენსუსით. ეს საკითხები შეიცავენ:

-  რეკომენდაციებს მშვიდობისა და უშიშროების დაცვის შესახებ;

- ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრთა არჩევნებს;

- იურიდიულ საბჭოს წევრთა არჩევნებს;

- „კავმშვისა“-ს ახალ წევრთა მიღებას;

- „კავმშვისა“-ს წევრთა უფლებებისა და პრივილეგიების შეჩერებას, მის წევრთა გარიცხვას;

- საბიუჯეტო საკითხებს.

3. გადაწყვეტილებათა მიღება სხვა საკითხებზე, იმ საკითხთა დამატებითი კატეგორიების განსაზღვრის ჩათვლით, რომლებიც სრული კონსენსუსით არ წყდება,  წარმოებს დამსწრეთა და ხმის მიცემის მონაწილეთა უბრალო უმრავლესობით.

მუხლი 19.

„კავმშვისა“-ს წევრს, რომელზეც ირიცხება დავალიანება ფულად შენატანებზე, ერთმევა ხმის უფლება სათათბიროში, თუ მისი დავალიანების თანხა აღემატება იმ შენატანთა ჯამს, რაც მასზე მოდის ორი წინა სრული წლის განმავლობაში, მაგრამ სათათბიროს შეუძლია ნება დართოს „კავმშვისა“-ს ასეთ წევრს მონაწილეობა მიიღოს ხმის მიცემაში, თუ იგი ცნობს, რომ გადახდის დაგვიანება მოხდა მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო.

 

დ) პროცედურა

მუხლი 20.

სათათბირო იკრიბება მორიგ ყოველწლიურ სესიებზე და ისეთ სპეციალურ სესიებზე, რომლებიც შეიძლება გარემოებამ მოითხოვოს.

სპეციალურ სესიებს იწვევს დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარე, დარბაზის სამდივნოს ან „კავმშვისა“-ს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით.

მუხლი 21.

სათათბირო ადგენს პროცედურის საკუთარ წესებს. იგი ირჩევს თავის თავმჯდომარეს თითოეულ სესიაზე.

მუხლი 22.

სათათბირო უფლებამოსილია დააწესოს ისეთი დამხმარე ორგანოები, რომლებსაც იგი საჭიროდ ჩათვლის თავისი ფუნქციების განსახორციელებლად.

 

თავი V

დარბაზის სამდივნო

ა) შემადგენლობა

მუხლი 23.

1. დარბაზის სამდივნო შედგება „კავმშვისა“-ს დარბაზის თავმჯდომარის, დარბაზის მუდმივი და არამუდმივი წევრებისაგან;

2. დარბაზის სამდივნოს მუდმივ წევრებად ითვლება „კავმშვისა“-ს წევრი სახელმწიფოს ორ-ორი წარმომადგენელი, აგრეთვე „კავმშვისა“-ს მთავარი ორგანოების - ეკონომიკური და სოციალური საბჭოსა და იურიდიული საბჭოს თავმჯდომარეები; 

3. სათათბირო ირჩევს დარბაზის სამდივნოს სხვა არამუდმივ წევრებს, „კავმშვისა“-ს დამხმარე ორგანოების თავმჯდომარეების სახით და ჯეროვან ყურადღებას უთმობს პირველ რიგში იმას, თუ რამდენად მონაწილეობენ ისინი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უშიშროების დაცვაში და სხვა მიზნების მიღწევაში;

4. დარბაზის სამდივნოს არამუდმივ წევრებს ირჩევენ ერთი წლის ვადით. შესაძლებელია დარბაზის სამდივნოდან გასული არამუდმივი წევრის დაუყოვნებლივ ხელახლა არჩევა.

 

ბ) დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარე

მუხლი 24.

1. „კავმშვისა“-ს მთავარი წარმომადგენლობითი პირია დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარე;

2. დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარეს ნიშნავს სათათბირო, დარბაზის სამდივნოს რეკომენდაციით.

მუხლი 25.

დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარე მოქმედებს, როგორც ასეთი სათათბიროს, დარბაზის სამდივნოს, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს, იურიდიული საბჭოს ყველა სხდომებზე და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომლებსაც მას ეს ორგანოები აკისრებენ. დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარე სათათბიროს წარუდგენს წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

მუხლი 26.

1. დარბაზის სამდივნოს დამხმარე პერსონალს ნიშნავს დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარე, თანახმად წესებისა, რომლებსაც ადგენს სათათბირო.

2. სათანადო პერსონალი გამოიყოფა ეკონომიკური და სოციალურ საბჭოში, იურიდიულ საბჭოში და საჭიროების მიხედვით „კავმშვისა“-ს სხვა ორგანიზაციებში, მუდმივი მუშაობისათვის. ეს პერსონალი შეადგენს დარბაზის სამდივნოს დამხმარე პერსონალის ნაწილს.

3. სამსახურში მიღებისა და სამსახურის პირობების განსაზღვრის დროს საჭიროა ხელმძღვანელობა უმთავრესად იმით, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს მუშაობის უნარის, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების მაღალი დონე.

მუხლი 27.

1. დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარე ინიშნება სამი წლის ვადით.

2. თავიანთ მოვალეობათა შესრულების დროს დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარე და დამხმარე პერსონალი მითითებებს არ უნდა ღებულობდნენ „კავმშვისა“-ს რომელიმე წევრი სახელმწიფოსაგან. მათ თავი უნდა შეიკავონ ყოველი მოქმედებისაგან, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მათს, როგორც მხოლოდ „კავმშვისა“-ს წინაშე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა, მდგომარეობაზე.

3. დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა საქმიანობასთან.

 

გ) ფუნქციები და რწმუნებულებანი

მუხლი 28.

1. „კავმშვისა“-ს სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების უზრუნველსაყოფად მისი წევრები აკისრებენ დარბაზის სამდივნოს მთავარ პასუხისმგებლობას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უშიშროების დაცვისათვის და თანხმდებიან იმაზე, რომ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოვალეობათა შესრულებისას დარბაზის სამდივნო მათი სახელით მოქმედებდეს.

2. ამ მოვალეობათა შესრულებისას დარბაზის სამდივნო მოქმედებს „კავმშვისა“-ს მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად.

3. დარბაზის სამდივნო სათათბიროს განსახილველად წარუდგენს ყოველწლიურ მოხსენებებს და საჭიროებისამებრ სპეციალურ მოხსენებებს.

მუხლი 29.

„კავმშვისა“-ს წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, ამ წესდების შესაბამისად, დაემორჩილონ დარბაზის სამდივნოს გადაწყვეტილებებს და შეასრულონ ისინი.

 

დ) ხმის მიცემა

მუხლი 30.

1. დარბაზის სამდივნოს თითოეულ წევრს ერთი ხმა აქვს;

2. დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარე კენჭისყრაში მონაწილეობს იმ შემთხვევაში, როდესაც ხმები თანაბრად ნაწილდება;

3. ყველა საკითხებზე დარბაზის სამდივნოს გადაწყვეტილებათა მიღება წარმოებს სამდივნოს საერთო წევრთა ხმის უმრავლესობით, ამასთან დავის მონაწილე მხარე თავს იკავებს ხმის მიცემისაგან.

 

ე) პროცედურა

მუხლი 31.

1. დარბაზის სამდივნო იმგვარად იქმნება, რომ მას შეეძლოს განუწყვეტლივ ფუნქციონირება. ამ მიზნით დარბაზის სამდივნოს თითოეული წევრი მუდმივად უნდა იყოს წარმოდგენილი „კავმშვისა“-ს სამყოფელ ადგილზე;

2. დარბაზის სამდივნო იკრიბება პერიოდულ და რიგგარეშე სხდომებზე, რომლებზეც თითოეულ წევრ სახელმწიფოს შეუძლია თავისი სურვილისამებრ წარმოდგენილი იყოს ან მუდმივი წევრით, ან რომელიმე სხვა, საგანგებოდ დანიშული წარმომადგენლით.

3. დარბაზის სამდივნოს პერიოდული სხდომა იმართება თვეში ერთხელ.

4. დარბაზის სამდივნოს რიგგარეშე სხდომა იმართება დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარის, ან სამდივნოს მუდმივ წევრთა 1/3 -ის მოთხოვნით, ერთი კვირის განმავლობაში.

5. დარბაზის სამდივნოს სხდომები, დარბაზის სამდივნოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს არა მარტო „კავმშვისა“-ს მუდმივ ადგილსამყოველში, არამედ ნებისმიერ ადგილზე, რომელიც უფრო უწყობს ხელს მის მუშაობას.

მუხლი 32.

დარბაზის სამდივნოს შეუძლია დააწესოს ისეთი დამხმარე ორგანოები, რომლებსაც იგი საჭიროდ ჩათვლის თავისი ფუნქციების შესასრულებლად.

მუხლი 33.

დარბაზის სამდივნოს დამხმარე ორგანოს წარმომადგენელს შეუძლია, ხმის უფლების გარეშე, მიიღოს მონაწილეობა დარბაზის სამდივნოში შეტანილი ყოველი საკითხის განხილვაში, თუ დარბაზის სამდივნო თვლის, რომ ეს სპეციალურად ეხება  ამ წევრის ინტერესებს.

მუხლი 34.

ყოველი სახელმწიფოებრივი ერთეული, რომელიც „კავმშვისა“-ს წევრი არ არის, თუ ისინი წარმოადგენენ მხარეებს იმ დავაში, რომელსაც დარბაზის სამდივნო განიხილავს, მოწვეული იქნებიან ხმის უფლების გარეშე, და უფლება მიეცემათ მიიღონ მონაწილეობა განხილვაში, რომელიც ამ დავას შეეხება. დარბაზის სამდივნო „კავმშვისა“-ს არაწევრი სახელმწიფოებრივი ერთეულის მონაწილეობისათვის აყენებს ისეთ პირობებს, როგორსაც იგი სამართლიანად მიიჩნევს.

 

თავი VI

დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტა

მუხლი 35.

1. ყოველი ისეთი დავის მონაწილე მხარეები, რომლის განგრძობასაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას რეგიონში სტაბილიზაციის, მშვიდობისა და უშიშროების დაცვას, უწინარეს ყოვლისა, უნდა ცდილობდნენ გადაწყვიტონ დავა მოლაპარაკების, შემოწმების, შუამავლობის, შერიგების, საერტაშორისო არბიტრაჟისა და სასამართლო გარჩევის გზით, რეგიონალური ორგანოებისა და შეთანხმებებისადმი მიმართვით ან სხვა მშვიდობიანი საშუალებებით, თავიანთი არჩევისამებრ.

2. დარბაზის სამდივნო, როდესაც საჭიროდ მიიჩნევს, მოითხოვს მხარეებისაგან გადაწყვიტონ თავიანთი დავა ასეთ საშუალებათა დახმარებით.

მუხლი 36.

დარბაზის სამდივნო უფლებამოსილია გამოიკვლიოს ყოველგვარი დავა ან ყოველგვარი სიტუაცია, რომელიც შეიძლება გახდეს რეგიონში უთანხმოების მიზეზი, რათა გამოარკვიოს ხომ არ დაემუქრება ამ დავის ან სიტუაციის განგრძობა რეგიონის სტაბილურობას, მშვიდობისა და უშიშროებას.

მუხლი 37.

ყოველ სახელმწიფოებრივ ერთეულს, რომელიც „კავმშვისა“-ს წევრი არ არის, შეუძლია აცნობოს დარბაზის სამდივნოს ან სათაბიროს იმ დავის შესახებ, რომელშიც იგი მხარეს წარმოადგენს, თუ იგი ამ დავის მიმართ წინასწარ იკისრებს დავათა მშვიდობიანი გადაწყვეტის ვალდებულებებს, რომლებიც ამ წესდებაშია გათვალისწინებული.

მუხლი 38.

1. დარბაზის სამდივნო უფლებამოსილია იმ დავის თითოეულ სტადიაში, რომელსაც 35-ე მუხლში აღნიშნული ხასიათი აქვს, ან ასეთივე ხასიათის სიტუაციაში, ურჩიოს სათანადო პროცედურა ან მოგვარების მეთოდი;

2. დარბაზის სამდივნო მხედველობაში იღებს დავის გადაწყვეტის ყოველ პროცედურას, რომელიც უკვე მიღებული იყო მხარების მიერ.

3. ამ მუხლის საფუძველზე რეკომენდაციების მიცემისას, დარბაზის სამდივნო მხედველობაში იღებს აგრეთვე, რომ იურიდიული ხასიათის დავა მხარეებმა, როგორც საერთო წესი, უნდა გადასცენ საერთაშორისო სასამართლოს.

მუხლი 39.

„კავმშვისა“-ს წევრები უნდა გაერთიანდნენ ურთიერთ დახმარების გასაწევად იმ ღონისძიებათა გატარებაში, რომელთა შესახებაც მიღებულია დარბაზის სამდივნოს გადაწყვეტილება.

 

თავი VII

ეკონომიკური და სოციალური საბჭო

მუხლი 40.

იმ მიზნით, რომ შეიქმნას მშვიდობიან და მეგობრულ ურთიერთობაზე დაფუძნებული სტაბილურობისა და კეთილდღეობის პირობები, „კავმშვისა“ ხელს უწყობს:

ეკონომიკურ, სოციალურ, ჯანმრთელობის დაცვის დარგში და ამგვარი პრობლემების გადაწყვეტას; თანამშრომლობას კულტურისა და განათლების დარგში;

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას ყველასათვის, განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და სარწმუნოებისა.

„კავმშვისა“-ს ყოველი წევრი ვალდებულებას კისრულობს მიმართოს ერთობლივ და დამოუკიდებელ მოქმედებას, ამ მუხლში აღნიშნული მიზნების მისაღწევად.

 

ა) შემადგენლობა

მუხლი 41.

1. ეკონომიკური და სოციალური საბჭო შედგება თავმჯდომარისა და „კავმშვისა“-ს ყოველი წევრი სახელმწიფოს ორ-ორი წარმომადგენლისაგან.

2. ეკონომიკური და სოციალური საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს სათათბირო, ერთი წლის ვადით.

 

ბ) ფუნქციები და რწმუნებულებანი

მუხლი 42.

1. ეკონომიკური და სოციალური საბჭო (სემდგომში - საბჭო) უფლებამოსილია მოაწყოს გამოკვლევა და შეადგინოს მოხსენებანი - ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის დარგში და ამგვარ საკითხებზე მისცეს რეკომენდაციები სათათბიროს, „კავმშვისა“-ს წევრებსა და დაინტერესებულ სპეციალიზირებულ დაწესებულებებს.

2. საბჭო უფლებამოსილია მისცეს რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და პატივისცემის მიზნით.

3. საბჭო უფლებამოსილია წარუდგინოს დარბაზის სამდივნოს ინფორმაცია და დარბაზის სამდივნოს წინადადებით, მოვალეა დახმარება გაუწიოს მას.

მუხლი 43.

1. საბჭო ახორციელებს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც შედის მის კომპეტენციაში, სათათბიროს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკაშვირებით.

2. საბჭო უფლებამოსილია, სათათბიროს დასტურით, შეასრულოს სამუშაო „კავმშვისა“-ს წევრთა თხოვნით.

3. საბჭო უნდა ასრულებდეს ისეთ სხვა ფუნქციებს, რომლებიც ჩამოთვლილია ამ წესდების სხვა ნაწილებში ან რომლებიც მას შეუძლია დააკისროს სათათბირომ.

 

გ) ხმის მიცემა

მუხლი 44.

1. ეკონომიკური და სოციალური საბჭოს თითოეულ წევრს ერთი ხმა აქვს.

2. საბჭოს გადაწყვეტილებათა მიღება წარმოებს საბჭოს იმ წევრთა ხმების უმრავლესობით, რომლებიც ესწრებიან და მონაწილეობენ ხმის მიცემაში.

 

დ) პროცედურა

მუხლი 45.

საბჭო ქმნის კომისიებს ეკონომიკურ, სოციალურ და ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, აგრეთვე სხვა კომისიებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს მისი ფუნქციების შესასრულებლად.

მუხლი 46.

საბჭო იწვევს „კავმშვისა“-ს ყოველ წევრს მონაწილეობა მიიღოს, ხმის უფლების გარეშე, მის მიერ ისეთი საკითხის განხილვაში, რომელიც ამ წევრისათვის ინტერესს წარმოადგენს.

მუხლი 47.

საბჭო უფლებამოსილია გაატაროს სათანადო ღონისძიებანი მის კომპეტენციაში შემავალი საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან საკონსულტაციოდ.

მუხლი 48.

1. საბჭო ადგენს პროცედურის თავის საკუთარ წესს, თავისი თავმჯდომარის არჩევის წესის ჩათვლით.

2. საბჭო მოიწვევა საჭიროების მიხედვით თავისი წესების შესაბამისად, რომლებიც უნდა შეიცავდნენ დებულებებს, მის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით, სხდომათა მოწვევის შესახებ.

თავი VIII

იურიდიული საბჭო

ა) შემადგენლობა

მუხლი 49.

1. იურიდიული საბჭო შედგება თავმჯდომარისა და „კავმშვისა“-ს ყოველი წევრი სახელმწიფოს ორ-ორი წარმომადგენლისაგან.

2. იურიდიული  საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს სათათბირო, ერთი წლის ვადით.

 

ბ) ფუნქციები და რწმუნებულებანი

მუხლი 50.

სათათბიროს ან დარბაზის სამდივნოს შეუძლია სთხოვოს იურიდიულ საბჭოს საკონსულტაციო დასკნები ყოველ იურიდიულ საკითხზე.

მუხლი 51.

„კავმშვისა“-ს სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომლებისთვისაც სათათბიროს ყოველთვის შეუძლია საამისო ნებართვის გაცემა, აგრეთვე შეუძლია სთხოვონ იურიდიულ საბჭოს საკონსულტაციო დასკვნები იმ იურიდიულ საკითხებზე, რომლებიც მათი საქმიანობის წრის ფარგლებში წამოიჭრება.

 

გ) ხმის მიცემა

მუხლი 52.

1. იურიდიული საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა.

2. იურიდიული საბჭოს გადაწყვეტილებათა მიღება წარმოებს იმ წევრთა ხმების უმრავლესობით, რომლებიც ესწრებიან და მონაწილეოლბენ ხმის მიცემაში.

 

დ) პროცედურა

მუხლი 53.

იურიდიული საბჭო უფლებამოსილია გაატაროს სათანადო ღონისძიებანი, მის კომპეტენციაში შემავალი საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან საკონსულტაციოდ.

მუხლი 54.

1. იურიდიული საბჭო ადგენს პროცედურის საკუთარ წესს, თავისი თავმჯდომარის არჩევის წესის ჩათვლით.

2. იურიდიული საბჭო მოიწვევა საჭიროების მიხედვით, თავისი წესების შესაბამისად, რომლებიც უნდა შეიცავდნენ დებულებებს მის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით სხდომათა მოწვევის შესახებ.

 

თავი IX.

შესწორებანი

მუხლი 55.

ამ წესდების შესწორებანი ძალაში შედის „კავმშვისა“-ს ყველა წევრისათვის მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება სათათბიროს სესიაზე წევრთა სრული კონსენსუსით.

მუხლი 56.

ამ წესდების გადასინჯვის მიზნით შეიძლება საგანგებო სათათბიროს სხდომის მოწვევა ისეთ ვადასა და ადგილზე, რომლებსაც განსაზღვრავს სათათბიროს წევრთა ხმების ორი მესამედი ან დარბაზის სამდივნო.

 

თავი X

„კავმშვისა“-ს სიმბოლიკა,

ადგილმდებარეობა, ლიკვიდაციის წესი

მუხლი 57.

1. „კავმშვისა“-ს გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი.

2. „კავმშვისა“-ს დროშა არის მართხუთხედის ფორმის თეთრი ფერის ქსოვილი, შუაში წითელი დისკოთი, რომლის გარშემო წრეზე განლაგებულია ხუთი ხუთქიმიანი ცისფერი ვარსკვლავი.

წითელ დისკოში მოთავსებულია კავკასიის რეგიონის რუკა.

დროშის სიგანის შეფარდება სიგრძესთან არის 3:5, წითელი დისკოს დიამეტრი ტოლია 1 ერთეულის, ვარსკვლავების განლაგების წრის დიამეტრი - 1,5 ერთეულის, ხოლო თავად ვარსკვლავი 1/4 ერთეულის წრეშია ჩახაზული.

3. „კავმშვისა“-ს გერბი წარმოადგენს „კავმშვისა“-ს დროშის ცენტრში დატანილ ნიშანთა ერთობლიობას.

მუხლი 58.

„კავმშვისა“ -ს შტაბ-ბინა მდებარეობს - საქართველოში, ქ. ქუთაისში.

მუხლი 59.

„კავმშვისა“-ს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს წევრთა 3/4-ის გადაწყვეტილებით.

 

 

ხელმოწერილია:

კავკასიის რეგიონში შემავალ, საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია: „კავკასია - მშვიდობის სახლი“-ს წევრ  სახელმწიფოთა უმაღლესი წარმომადგენლბითი პირის მიერ.

 

ხელმოწერის თარიღი: