საქართველოში

კანონიერი სახელისუფლებო შტოს

სამართალმემკვიდრეობის

საკითხისათვის

 

2013 წ. 7 მარტი

წერილი პირველი:

ზვიად გამსახურდიას 74-ე წლისთავთან დაკავშირებით მკითხველებს გვინდა შევთავაზოთ ოთხნაწილიანი გამოკვლევის - „საქართველოში კანონიერი სახელისუფლებო შტოს სამართალმემკვიდრეობის საკითხისათვის“ - საჯარო განხილვა. თავდაპირველად წარმოგიდგენთ გამოკვლევაში განხილულ საკითხთა ჩამონათვალს:

შესავალი

პირველი ნაწილი:

     1. წინარე ისტორია

     2. დევნილობაში მყოფი კანონიერი ხელისუფლება

მეორე ნაწილი:

„საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით“

განსაზღვრული საკითხები

მესამე ნაწილი:

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივად აღსრულების შედეგად შექმნილი მდგომარეობით ნაკარნახევი სამართლებრივი ნაბიჯები.

 

შესავალი

საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით აგებული ყოველი ქვეყნის ძირითადი კანონის თანახმად, სახელმწიფოს უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, რომელიც თავის ამ უფლებას ახორციელებს - სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევის გზით.

მსოფლიო თანამეგობრობის მიერ გაზიარებული „ადამიანის უფლებათა დეკლარაციის“ მუხლის თანახმად - „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით[მუხლი 21,1]; ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად - „ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა; ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით, ანდა სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას“.

შესაბამისად, მხოლოდ კანონიერი და თავისუფალი არჩევნების გზით შექმნილი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო, მისი უფლებამოსილების უწყვეტობის პრინციპის გათვალისწინებით, მიიჩნევა - ქვეყნის კანონიერ ხელისუფლად.

წინამდებარე გამოკვლევის მიზანია - განვიხილოთ, საქართველოში 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად ქვეყანაში მომქმედი კანონიერი სახელისუფლო შტოს სახელმწიფო მართვის სათავეებიდან იძულებითი ჩამოცილებისა და, შემდგომად, მის სამართალმემკვიდრებასთან დაკავშირებული საკითხები.