„დარჩენილი თავის გაუჩინარებისა“

და მასთან მყოფთა „აღმართვის“ მისტერიის საკითხისათვის

 

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა რათა წინამდებარე საკითხზე საუბარი შევიძლოთ.

ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპზე განვითარებული მოვლენების თაობაზე საუბარი ბიბლიური ტექსტის გახსენებით გვინდა დავიწყოთ - ‘ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი, სამთავიანი... ვიხილე: აჰა, აღიმართა არწივი თავის კლანჭებზე და დასძახა თავის ფრთებს, უთხრა: ნუ იფხიზლებთ ყველანი ერთად, თითოეულს თავთავის ადგილზე გეძინოთ და დროგამოშვებით იფხიზლეთ. ხოლო თავები უკანასკნელი ჟამისთვის იყოს შემონახული’ [3 ეზრა 11,1; 7-9].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ კოდირებული ‘თორმეტი’ ფრთა, რუსეთის იმპერიის ბოლო ორი სახელმწიფოებრივი ერთეულის სსრკ-სა და დსთ-ს თორმეტ [ვლ. ლენინიდან ვიდრე ვლ. პუტინის ჩათვლით] მმართველზე გვითითებს. აქვე მოცემული ‘სამი თავი’ კი, რომლებიც თურმე ‘უკანასკნელი ჟამისთვისაა’ შემონახული, საქრთველოში 2003 წლის მიწურულს მომხდარი ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდგომად, ქვეყნის სათავეში მოსულ სამეულს [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძე] გამოკვეთავს.

ედ. შევარდნაძის რეჟიმის დამამხობელი პროცესების წარმმართველ სამეულზე, ბიბლიის კოდირებული ტექსტი ასე იუწყება - ‘სამი უძრავი თავი [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძე] რომ იხილე, ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში [აქ - 2003 წლიდან] აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე [აქ - საქართველოში], და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი [ედ. შევარდნაძის რეჟიმი]. ამის გამო ეწოდათ მათ არწივის თავები. ესენი [მ. სააკაშვილი, ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძე]  არიან, ვინც დაიუნჯებენ მის [აქ - ედ. შევარდნაძის] ბოროტებებს და მის უკანასკნელთაც განახორციელებენ’ [3 ეზრა 12,22-25].

როგორც მოგეხსენება, მიხეილ სააკაშვილმა, ჯერ - ზურაბ ჟვანია [2005 წ. 3 თებერვალს], ხოლო 2008 წ. საპარლამენტო არჩევნების გზით - ნინო ბურჯანაძე ჩამოიცილა. ყოველივეს წინასწარგანმჭვრეტი ბიბლია აღნიშნულ პროცესებზე ასე იუწყება - ‘...მოუბრუნდა ეს თავი [მ. სააკაშვილი] მასთან მყოფ ორი თავითურთ [ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძე] და შთანთქა ორი ნაკრტენი [კოდია], გამეფებას რომ აპირებდნენ. ამ თავმა [მ. სააკაშვილმა] დიდად დააშინა მთელი დედამიწა [აქ - საქართველო]; ძალით დაიმორჩილა დედამიწის მკვიდრნი და უფრო ძლიერად ეპყრა სამყაროს ძალაუფლება, ვიდრე ყველა ადრინდელ [1992 – 2003 წ.წ. ქვეყნის სათავეში მყოფ] ფრთას.

ვიხილე ამის შემდეგ და, აჰა, შუა თავი [ზ. ჟვანია], ფრთების მსგავსად, უეცრად [2005 წ. 3 თებერვალს] გაუჩინარდა. დარჩა ორი თავი [მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე], რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე [აქ - საქართველოში] და მის მკვიდრებზე. ვიხილე: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა [მ. სააკაშვილმა]  მარცხენა თავი [ნ. ბურჯანაძე]’ [3 ეზრა 11,31-35].

აღნიშნულის პარალელურად, ბიბლიური ტექსტი, ბოლო ჟამში მოსახდენი [და ჩვენს თვალწინ მიმდინარე] მოვლენების კიდევ უფრო მეტ დაკონკრეტებასაც ახდენს. კერძოდ:

‘უფრო დიდი თავი [აქ - ზ. ჟვანია] რომ იხილე გაუჩინარებული, ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი [ზ. ჟვანია] თავის სარეცელზე მოკვდება [2005 წ. 3 თებერვალი], თუმცა წამებით. იმ დანარჩენ ორს კი [მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე] მახვილი შეჭამს [აქ - საარჩევნო პროცესის ფონზე განსავითარებელ მოვლენებზე გვენიშნება]. ერთის [მ. სააკაშვილი] მახვილი მეორეს [ნ. ბურჯანაძე] შეჭამს [2008 წ. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდგომად ნ. ბურჯანაძე ‘თამაშგარე’ მდგომარეობაში აღმოჩნდა], თუმცა ისიც [მ. სააკაშვილი] მახვილით [2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გზით] დაეცემა [პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვა] უკანასკნელ ხანებში’ [3 ეზრა 12,26-28].

მკითხველმა იცის, რომ რეალური სახელისუფლო ბერკეტების დაკარგვის მიუხედავად, ე.წ. ‘ვარდების რევოლუციის’ სამეულიდან, ‘მარტოდ’ დარჩენილი  - მიხეილ სააკაშვილი, მისი პარტიის - ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ საპარლამენტო წარმომადგენლობის გზით, საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

ამასთანავე, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდგომად, 2015 წლის მაისის ბოლოს, მ. სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ, ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გავლენის ვექტორმა თანდათან იწყო დაქვეითება.

მიუხედავად მ. სააკაშვილისა და  მისი მხარდამჭერების დიდი მცდელობისა, ‘ნაცმოძრაობამ’ საპარლამენტო არჩევნებში კრახი განიცადა, და 2012 წ. საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული სადეპუტატო 65 მანდატის ნაცვლად, ამჯერად, პარლამენტში მხოლოდ 27 დეპუტატის გაყვანა მოახერხა.

ამომრჩეველთა ხმების შემცირების პარალელურად, თავად ‘ნაცმოძრაობის’ ე.წ. პოლიტსაბჭომ, მ. სააკაშვილის  არც ერთი მოწოდება არ გაითვალისწინა. კერძოდ:

ჯერ - 30 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა [შედეგად ნულოვანი მხარდაჭერა მიიღო] და ყველა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დამარცხდა;

ხოლო, ცესკოს მიერ 2016 წ. 16 ნოემბერს მიღებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების დამამტკიცებელი ოქმის გამოქვეყნების შემდგომად, მათ მიერვე ფართოდ გახმოვანებული ‘არჩევნების გაყალბების’ მიუხედავად, საპარლამენტო მანდატების აღებას დათანხმდა. [მ. სააკაშვილის ‘რჩევა’, მხოლოდ ‘ნაცების’ პარტიულ სიაში მე-2 ნომრად მყოფმა, მისმა მეუღლემ - სანდრა რულოვსმა გაითვალისწინა, და უარი თქვა საპარლამენტო მანდატზე].

აღნიშნულის ფონზე მიხეილ სააკაშვილმა, მის მიერვე დაარსებული ‘ნაცმოძრაობის’ ე.წ. ‘პოლიტიკურ ელიტასთან’ დაპირისპირების გამო, უარი განაცხადა პარტიის ლიდერობაზე, და ახალი ხელმძღვანელი რგოლის არჩევის მიზნით, აწ უკვე ყოფილ თანამოაზრეებს, ყრილობის მოწვევა ურჩია.

ზემოთქმულს ისიც დაემატა, რომ უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო, 2016 წ. 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი იძულებული შეიქნა, ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან მისი გადადგომის განცხადება გაეკეთებინა. 9 ნოემბერს უკრაინის მთავრობამ მ. სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა, რაც 10 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ხელმოწერით დაადასტურა

ამდენად, 2016 წ. 18 ნოემბრისათვის, ანუ საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის წინარე დღეებში განვითარებული პროცესების შემდგომად, ე.წ. ვარდების რევოლუციის სამეულიდან, ეულად დარჩენილი მიხეილ სააკაშვილი, - ყველა სახელისუფლო ბერკეტის დაკარგვის შემდგომად, - რეალური პოლიტიკური სცენიდან ‘საბოლოოდ გაუჩინარდა’.

სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრეები, ანუ საქართველოს პარლამენტის მანდატების მქონე ‘ნაცმოძრაობის’ ე.წ. პოლიტელიტა, ოპოზიციისათვის განკუთვნილ თანამდებობებს დაეუფლა. კერძოდ:

2016 წ. 18 ნოემბერს გამართულ საქართველოს პარლამენტის პირველსავე სხდომაზე, ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ საპარლამენტო დეპუტაციიდან:

უმცირესობის ლიდერის თანამდებობა - დავით ბაქრაძემ დაიკავა;

უმცირესობის ქვოტით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ - სერგი კაპანაძე [უპარტიო წევრი] აირჩიეს;

‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ პარტიული სიით არჩეულმა დეპუტაციამ ორი ფრაქცია შექმნა - 20 წევრისაგან შემდგარ ფრაქციას: ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ - ნიკანორ მელია ჩაუდგა სათავეში; ხოლო - 6 წევრისაგან შემდგარი ფრაქციის:’ ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისათვის’ თავმჯდომარე - ელენე ხოშტარია [უპარტიო წევრი] გახდა.

ბიბლიაში მოცემული კოდირებული მინიშნება, მიხეილ სააკაშვილის მიერ აქტიური პოლიტიკური სცენიდან გაუჩინარებისა და მისი ყოფილი 4 თანამოაზრის მიერ საპარლამენტო თანამდებობების დაკავების თაობაზე, ასე იუწყება:

„აჰა, თავი [აქ - მიხეილ სააკაშვილი] რომელიც დარჩენილიყო, [2016 წ. 7-18 ნოემბერში] გაუჩინარდა; ის ოთხი ფრთა კი [აქ, საპარლამენტო თანამდებობებზე, ნაცმოძრაობიდან არჩეული ოთხეული: 1. დავით ბაქრაძე, 2. სერგი კაპანაძე. 3. ნიკანორ მელია და 4. ელენე ხოშტარია], რომლებიც [ნაცმოძრაობაში] მასთან [აქ - მიხეილ სააკაშვილთან] იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად [2016 წ. 18 ნოემბერს საპარლამენტო თანამდებობებზე განმწესდნენ] ; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა“ [3 ეზრა 12,2].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

დასკვნის მაგიერ, ანუ

‘დარჩენილი დროის’ თაობაზე სათქმელი

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა კარგად იცის ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი იმ ნიშნების თაობაზე, რომელიც პირობითი ჯაჭვის რგოლებივითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამჯერად, მოკლედ შეგახსენებთ ჩვენს თვალწინ მისტერიულად აცხადებული მოვლენების გამომკვეთ იმ ბიბლიურ მინიშნებებს, რომლებიც ბოლო ჟამში  გასავლელ კონკრეტულ დროით მიჯნებს გვიკონკრეტებს. ესენია:

 - საბჭოთა იმპერიაში ყოფნის 70 წელი [1921 -1991 წ.წ.];

- აღნიშნული დროის მიწურულს ‘ცხებული მეფის’, ანუ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სათავეში მოსვლა-წასვლის დროითი მიჯნა - ‘სამოცდაორი შვიდეული’ [434 დღე, ანუ 28. 10. 1990 – 06. 01. 1992 წ.წ.];

- ედ. შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის 10,5 წელი [1992 – 2003 წ.წ.];

- ვარდების რევოლუციის გზით ქვეყნის სათავეში მოსული სამეულიდან, სახელისუფლო ოლიმპზე მ. სააკაშვილის მარტო დარჩენიდან ათვლით გასული 3,5 წლის [2008 – 2011 წ.წ.] შემდგომად განსავითარებელი მოვლენები [მ. სააკაშვილისათვის პოლიტიკური ბერკეტების დაკარგვის დროითი მონაკვეთი]...

და აი, ყოველივე ამის შემდგომად, ბიბლია, ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა გასაგონად, ‘მარტოდ დარჩენილი თავის’, ანუ მიხეილ სააკაშვილის - ‘გაუჩინარებისა’ და ამის ფონზე, მისი ყოფილი 4 თანამოაზრის მიერ [ოპოზიციისათვის კანონით განკუთვნილი] უმაღლესი საპარლამენტო თანამდებობის დაკავების შემდგომად დაწყებული დროითი მონაკვეთის თაობაზე, ასე გვკარნახობს - ‘ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა’-ო [3 ეზრა 12,2].

როგორც ვხედავთ, ბიბლიაში, 2016 წლის 18 ნოემბრიდან დაწყებული პროცესის ხანგრძლივობის, ანუ მისი დროითი მონაკვეთის დაკონკრეტების ნაცვლად, მხოლოდ ზოგადი მინიშნებაა მოცემული; კერძოდ, წინ გველის - ‘ხანმოკლე’ [დროის თვალსაზრისით] და ‘შფოთით სავსე’ [შინაარსის კუთით] ეტაპი.

წინამდებარე საუბარს კი, შემდეგი ბიბლიური ტექსტის გახსენებით დავასრულებთ - ‘აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა; ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა. ვიხილე: აჰა, თავად ისინიც გაუჩინარდნენ [კოდია] და მთლიანად დაიწვა არწივის ტანი და ძლიერ შეძრწუნდა დედამიწა. ხოლო მე შეშფოთებისა და ძლიერი შიშისაგან გამოვფხიზლდი...’ [3 ეზრა 12,2-3].

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი