სარჩევი

თვე იგი მეცხრე - 1991 წ. ივნისი:

- ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ზაარის მხარის ელერადიოკორპორაციის კორესპონდენტთან მარი ელიზაბეტ დენცერთან

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ფიცი, წარმოთქმული ღვთისა და ერის წინაშე

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე 1991 წლის 7 ივნისს

- მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა შავი ზღვის აუზის და შავი ზღვის პრობლემით დაინტერესებული ქვეყნების მთავრობათა მეთაურებს

- მიმართვა მის აღმატებულებას, ბატონ ჯორჯ ბუშს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს

- მოსკოვი, კრემლი სსრ კავშირის პრეზიდენტს, ბატონ მ.ს. გორბაჩოვს

- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოლექტიური მებაღეობის მოწყობის აკრძალვისა და საქართველოს მებაღეობის ამხანაგობათა მუშაობის საკოორდინაციო საბჭოს გაუქმების თაობაზე

- სამახსოვრო ჩანაწერი საქართველოს ეროვნული პარტიებისა და ორგანიზაციებისადმი

- მიმართვა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ფრანსუა მიტერანს

- „ექვს თვეში შეუძლებელია სისტემის მთლიანად შეცვლა“ ინტერვიუ გაზეთ „ტრუდს“

- 1991 წლის ივნისის თვეში მიღებული სამართლებრივი აქტები

 

 

თვე იგი მეცხრე - 1991 წ. ივნისი

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ

ზაარის მხარის ტელერადიოკორპორაციის კორესპონდენტთან

მარი ელიზაბეტ დენცერთან

ამ დღეებში საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის ზაარის მხარის ტელერადიოკორპორაციის კორესპონდენტი მარი ელიზაბეტ დენცერი. იგი შეხვდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და ესაუბრა მას.

გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს.

- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ 26 მაისს ხმების უმრავლესობით აგირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად, როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

- ჩვენი გეგმებია საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრული აღდგენა, რეფორმები ყველა სფეროში, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური რეფორმები; პრივატიზაციისა და თავისუფალი ბაზრის დამკვიდრება; სოციალისტური სტრუქტურების შეცვლა და ახალი ეკონომიკური ბერკეტების ჩამოყალიბება, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებთან. მაგალითად, ჩვენ უკვე გვაქვს გერმანიასთან კონტაქტები და ვაპირებთ ასევე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა ქვეყნებთან.

- თქვენ ბრძანეთ ეკონომიკური რეფორმების შესახებ, უკვე 7 თვეა ხელისუფლების სათავეში ბრძანდებით. კონკრეტულად, რა გიშლით ხელს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში?

- ყველა კანონი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. ნაუცბათევად ასეთი კანონების მიღება არ შეიძლება. ახლა მომზადდა კანონი მიწის საკუთრების შესახებ. ასევე კანონი მოქალაქეობის შესახებ. ამ კანონებს უახლოეს ხანებში მივიღებთ. ასევე მზადდება კანონები პარტიებისა და პრესის შესახებ.

- კანონები პირველი წაკითხვით იქნება მიღებული?

- დიახ, ალბათ, ყველა ამ კანონს მალე პირველი წაკითხვით მივიღებთ.

- კონკრეტულად, თუ შეიძლება მითხარით, ვის შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა?

- ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს მუდმივად, შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.

- სომხებიც, რომლებიც 10 წელი ცხოვრობენ საქართველოში, მიიღებენ მოქალაქეობას?

- რა თქმა უნდა, სომხებიც, აზერბაიჯანელები და რუსები, ეროვნების მიუხედავად მიიღებენ მოქალაქეობას. მხოლოდ სამომავლოდ, როცა უცხოეთიდანაც ჩამოვლენ ჩვენთან საცხოვრებლად, საჭირო იქნება გარკვეული ვადის შემოღება.

- მაინც რამდენი წელი?

- მე ვფიქრობ, 5 წელი. ამ ვადით აძლევენ მოქალაქეობას დემოკრატიულ ქვეყნებში. როცა უცხოელი ჩამოდის საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში, გარკვეული დრო უნდა დაჰყოს ამ სახელმწიფოში, სანამ მოქალაქეობას მიიღებს.

- თუ შეიძლება მიამბეთ პრივატიზაციის შესახებ. ვინ ისარგებლებს ამ ფულებით?

- მცირე სახის პრივატიზაცია უკვე ხორციელდება საქართველოში: მაღაზიების, პატარა საწარმოების და ქარხნების გარკვეული ნაწილი კერძო საკუთრებაში გადადის, უფრო მასშტაბურად, ერთბაშად შეუძლებელია განხორციელდეს. ყველაფერი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. საამისოდ აუცილებელია გამოვეყოთ საბჭოთა კავშირს. ახლა ჩვენ საბჭოთა ეკონომიკასთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ყველა ეს კონტაქტი და ჩამოვაყალიბოთ ახალი ეკონომიკური სტრუქტურები, დამოუკიდებელი ეკონომიკა.

- მაგრამ მეურნეობა რომ განვითარდეს და ხალხის დაინტერესებაც რომ გაიზარდოს, საჭიროა სრული პრივატიზაცია.

- მთელი მეურნეობა უნდა ეფუძნებოდეს პრივატიზაციას.

- თქვენ ბრძანეთ, რომ პრივატიზაციის კანონს მიიღებთ პირველი წაკითხვით. როგორია ეს კანონი?

- ამ კანონით პირველ რიგში დამტკიცდება მიწის საკუთრება. მიწა გადაეცემათ ადამიანებს და ასევე აგრარული დარგებიც.

- ვინ იქნებიან მიწის მფლობელები?

- მიწათმოქმედები...

- თქვენ ბრძანეთ, რომ მზადდება კანონი პრესის შესახებ, დღესდღეობით ტელევიზია და რადიო სახელმწიფო დაწესებულებაა. ამ მხრივ თუ იქნება რაიმე სიახლე?

- იქნება კერძო ტელევიზია და რადიო. უკვე არსებობს რამდენიმე არხი. მაგალითად, საკაბელო ტელევიზიები...

- თქვენ როგორ ფიქრობთ, სადღეისოდ საქართველოს პრესა თავისუფალია?

- ყველა ჩემს მოწინააღმდეგეს შეუძლია, თავისი სტატია დაბეჭდოს ამა თუ იმ გაზეთში და იყოს პოლემიკა ჩვენს შორის. მოწინააღმდეგეებს აქვთ აგრეთვე საკუთარი გამოცემები. დაგისახელებთ ოპოზიციური გაზეთების სათაურებს: „ საქართველო“, „დრონი“, „კაბადონი“, „ერისიონი“, „აიდგილარა“, „სოვეტსკაია ოსეტია“ და სხვა.

- თქვენი მიზანია, საქართველო რაც შეიძლება მალე ჩაებას ხალხთა საერთაშორისო თანამეგობრობაში. ამ გზაზე როგორია თქვენი კონკრეტული ნაბიჯები?

- საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, სადაც მრავალი ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ - და ყველა ხალხს ჰქონდა გარანტირებული უფლებები. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს პრობლემები არა აქვთ. ასევე იქნება მომავალშიც.

- დასავლეთის ქვეყნების მიერ ჯერ კიდევ არ არის აღიარებული საქართველო, რა არის ამის მიზეზი?

- ეს ხდება კრემლის და მიხეილ გორბაჩოვის პოლიტიკის გამო, რადგანაც ჯერ კიდევ მიხეილ გორბაჩოვს დიდი გავლენა აქვს მსოფლიოში. ყველაფერი ეს მოდის კრემლიდან, ცენტრიდან.

- თქვენ აპირებთ შეხვდეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს და შემოდგომაზე აპირებთ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში. რას მოელით ამ შეხვედრებიდან?

- უპირველესი მიზანია საქართველოს დიპლომატიური აღიარება.

- საგარეო საქმეთა მინისტრის ხოშტარიას შეხვედრა საფრანგეთისა და გერმანიის ადმინისტრაციასთან არ შესდგა, როგორ გგონიათ, მიგიღებთ კოლი?

- ყველაფერი ეს უნდა მომზადდეს. ახლა არ შემიძლია ვთქვა, თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ ვფიქრობ, დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ უნდა შეიცვალოს.

- თქვენი მიზანი როგორია, როგორ უნდა იცნობდნენ საქართველოს დასავლეთში?

- დასავლეთში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. ამაზე გავლენას ახდენს მოსკოვი, კრემლი. ყველა ეს არასწორი ინფორმაცია მიდის მოსკოვიდან - დასავლელი ჟურნალისტები აკრედიტებული არიან მოსკოვში. ჩვენ ვებრძვით ამ კამპანიას, დეზინფორმაცია უნდა დავამარცხოთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ობიექტური ინფორმაცია გავაგზავნოთ დასავლეთში. მაგალითად, „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ ბეჭდავს „იზვესტიის“ სტატიებს ჩვენს შესახებ. აქვეყნებს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია.

- როგორ გგონიათ, რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს სრულ დამოუკიდებლობამდე? როდის ექნებათ ქართველებს მსოფლიოში თავისუფლად მიმოსვლის უფლება?

- ჩემის აზრით, ეს არის დროის პრობლემა და დამოკიდებულია დასავლეთის პოზიციაზე საბჭოთა რესპუბლიკებისადმი და ამ რესპუბლიკების თავისუფლებისაკენ სწრაფვაზე.

- თქვენ ბრძანეთ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გამოეყოს საქართველო საბჭოთა კავშირს, კონკრეტულად, როგორ შეიძლება ამის მიღწევა, საბჭოთა კავშირი ხომ დღეს იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია საქართველო ყველა მხრიდან შებოჭოს?

- მართალია, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით და იმედი გვაქვს, რომ დასავლეთის ქვეყნები დაგვეხმარებიან. იმედი გვაქვს, რომ ისინი გვაღიარებენ და ეს ჩვენთვის უდიდესი დახმარება იქნება.

- როგორია თქვენი დამოკიდებულება გორბაჩოვთან?

- ბოლომდე არ არის გარკვეული. გორბაჩოვს არა აქვს ნათელი პოზიცია რესპუბლიკების მიმართ.

- ცოტა ხნის წინათ მან აუწყა მსოფლიოს, რომ რესპუბლიკები, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან და არ მოაწერენ ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, მოიპოვებენ დამოუკიდებლობას. თქვენ გჯერათ ეს?

- ჯერჯერობით ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, მაგრამ, მე მგონია, ეს მაინც ასე იქნება დასავლეთის ქვეყნების დაწოლის შედეგად.

- რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს ელცინი. რა ურთიერთობა გაქვთ ელცინთან?

- ნორმალური ურთიერთობა. მომავალში, ალბათ, ხელს მოვაწერთ საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულებას.

- რა ხელშეკრულება იქნება ეს?

- სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის შესახებ.

- როგორ გგონიათ, რუსეთსაც უნდა დამოუკიდებლობა? შეუძია მას დაეხმაროს ამ გზაზე საქართველოს?

- მე მგონი კი. მოსკოვში ძლიერი დემოკრატიული ძალებია თავმოყრილი. ბორის ელცინიც დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელია, მათი ლიდერია.

- საქართველოში ჭორები დადის, რომ გსურთ მინისტრთა კაბინეტი შეცვალოთ, მართალია?

- არა, რამდენიმე მინისტრი შეიცვალა მხოლოდ: ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, განათლების...

- რამდენიმე წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა დააპატიმრეს.

- ისინი დამნაშავეები იყვნენ, ერთ-ერთს ჰქონდა სი-ეს-ის გაზის ბალონი. ისინი აგრეთვე სხვადასხვა კრიმინალური ქმედებებისათვის დაპატიმრეს. ჩვენ ვაპატიმრებთ დამნაშავე ელემენტებს, რომლებიც მოსახლეობისათვის საშიშნი არიან. ისინი ამოფარებული არიან პოლიტიკურ ორგანიზაციებს და ამას იყენებენ ბოროტმოქმედებისათვის. მაგალითად, იყო შეიარაღებული კერძო არმია, მათ ჩადენილი ჰქონდათ სხვადასხვა დანაშაული და ისინი ამიტომ დავაპატიმრეთ და არა პოლიტიკური მოტივით.

- თუ არსებობს საქართველოში ნამდვილი ოპოზიცია?

- არსებობს, მაგალითად, სახალხო ფრონტი, კომპარტია, ბლოკი „თავისუფლება“, თანხმობისა და აღორძინების კავშირი. ისინი ჩემი მოწინააღმდეგენი იყვნენ პრეზიდენტის არჩევნებში, ჩვენ დისკუსიას ვაწარმოებდით, ისინიც მაკრიტიკებდნენ. მაგრამ ვისაც კავშირი აქვთ დამნაშავეებთან, სჩადიან კრიმინალურ ქმედებებს, მათ ოპოზიციად ვერ ჩავთვლით.

- გაიგეთ, რომ წერეთელს რიცხავენ კონგრესიდან? რომ მას ბრალს სდებენ, თითქოს თქვენთან აქვს კავშირი, თქვენთან თანამშრომლობს?

- წერეთელი ახლა ხედავს, რომ შეუძლებელია ასეთ ხალხთან, კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენლებთან ყოფნა. რატომ გამოვედი მე ფორუმიდან? საკუთარი თვალით დავინახე, რომ შეუძლებელია ასეთ დამნაშავეებთან ურთიერთობა.

- თქვენთან რომ მოვიდეს წერეთელი, მიიღებთ მის თანამშრომლობას?

- რა თქმა უნდა, თუკი წერეთელი მათ გამოეყოფა და შეიგნებს თავის შეცდომებს.

- მე მინდა დავუბრუნდე იმ საყვედურებს, რომ ბევრი დასავლელი ჟურნალისტი კრემლისთვის მუშაობს.

- არა, ბევრი არა, არიან მხოლოდ ზოგიერთები, რომლებიც ისეთივე მასალებს აქვეყნებენ, როგორიცაა კრემლის დეზინფორმაცია. მაგალითად, ისინი წერენ, რომ ოპოზიციის 70 პროცენტი დავაპატიმრეთ, სწორია? ამას ზოგიერთი დასავლელი ჟურნალისტი იმეორებს. ისინი წერენ, თითქოს მე ვიბრძვი შერეული ქორწინების წინააღმდეგ. ყოველივე ეს ქვეყნდება დასავლეთის პრესაში.

- ყოფილი ოსეთის ოლქის შესახებ მინდა გკითხოთ. შეიქმნა კომისია, თუ მიაღწია ამ კომისიამ შედეგს?

- კომისიამ დაწერა ობიექტური დასკვნა. მან აღიარა, რომ ეს არის საქართველოს მიწა, და ოსებს არა აქვთ უფლება გამოაცხადონ ახალი რესპუბლიკა. იქ მოქმედებენ კრიმინალური ბანდები, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან. ყველა ჭკვიანი ოსი ქართველებთანაა, მათ არ უნდათ ავტონომიური ოლქი, არც რესპუბლიკა. მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ქართველებთან, ასე იქნება მომავალშიც.

- თქვენ აყალიბებთ ეროვნულ გვარდიას. რა მიზანი გაქვთ, როგორი უფლებები ენიჭება არმიას?

- ეს არ არის არმია, ეს არის პოლიციის ჯარები. ეს გამიზნულია კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ. არსებობენ კრიმინალური ჯგუფები და ჩვენ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, რათა რესპუბლიკაში დამყარდეს წესრიგი. დავაპატიმრეთ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ჯაბა იოსელიანი. ეს ხალხი რომ არ დაგვეპატიმრებინა, საქართველოში მოსალოდნელი იყო სამოქალაქო ომი. ისინი პირდაპირ, პრესით იმუქრებოდნენ სამოქალაქო ომით.

- არსებობს ქართული კგბ?

- დიახ, არსებობს. თანდათან კგბ ეროვნული ხდება.

- ვინ აფინანსებს კგბ-ს?

- ჯერჯერობით ნაწილობრივ მოსკოვი. ერთბაშად ამის გადაწყვეტა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ამას თანდათანობით გავაკეთებთ.

- მართალია, ხაზალიას ნიშნავთ კგბ-ს უფროსად?

- არა, ეს ტყუილია. არანაირი კონტაქტი არა გვაქვს მასთან და არც დავნიშნავთ. ეს თქვენ ცრუ ინფორმაცია გაქვთ.

- სწორედ ამიტომაც გეკითხებით, რომ სიმართლე თქვენგან შევიტყო. ახლა აფხაზეთის შესახებ. არძინბამ საუბარში მითხრა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაწეროს ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

- გაუჭირდება. მოსახლეობა ამის წინააღმდეგია. არძინბას დიდი ოპოზიცია ჰყავს არა მარტო ხალხში, არამედ პარლამენტშიც. ამიტომ, ეს შეუძლებელია, მე ასე მგონია.

- აფხაზეთს უნდა, რომ გამოეყოს საქართველოს. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?

- არა, ეს შეუძლებელია.

- რაიმე სიძნელეები ხომ არა გაქვთ ყოფილ კომუნისტებთან ურთიერთობაში?

- არა, აუგი მხოლოდ ზოგიერთების მიმართ შეიძლება ითქვას, რომლებიც მოსკოვში წავიდნენ და მოქმედებენ, როგორც კრემლის აგენტები. ისინი ახლა ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან. ესენი არიან ფოფხაძე, მგელაძე, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსკოვისა და საზღვარგარეთის პრესაზე. ისინი არიან კრემლის პირდაპირი აგენტები. აქ მყოფი კომუნისტები კი არ არიან ძალიან მტრულად განწყობილი ჩვენს მიმართ.

- ადვაძეც?

- ადვაძეც კრემლის მებრძოლია.

- რა კავშირი გაქვთ დღეს შევარდნაძესთან?

- ცუდი ურთიერთობა არა მაქვს. ტელეფონით ვსაუბრობთ ხოლმე. მე ხშირად ვეუბნები მას, რომ დაიცვას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობის ინტერესები.

- და ამას გააკეთებს?

- მე არ ვიცი. ვნახოთ, მომავალში რა იქნება. შეიძლება ასეც მოხდეს.

- ამჟამინდელი თქვენი უდიდესი სურვილი?

- საქართველოს სრული დამოუკიდებლობა და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს დიპლომატიური აღიარება.

- გამსახურდიას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რა გატაცება აქვს?

- ომში გატაცება არ არსებობს. ომის დროს ერთადერთი გატაცება ბრძოლაა. დასავლეთის ბედნიერი სახელმწიფოების პრეზიდენტები ბედნიერად ცხოვრობენ და არა ისე, როგორც მე. ჩემი ცხოვრება ბრძოლაა.

- მთელი თქვენი ოჯახი იბრძვის დამოუკიდებლობისათვის, თქვენი მეუღლეც...

- დიახ, ისიც იბრძვის.

- ოდესმე გახდება იგი მინისტრი?

- არა, ეს ცრუ ინფორმაცია გაქვთ, ცრუ ოპოზიციისაგან მიღებული.

- დიდი მადლობა... საინტერესო საუბრისათვის.

საქინფორმი

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№124-125 (145), გვ. 2, 7 ივნისი, 1991 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის,

ბატონ ზვიად გამსახურდიას ფიცი,

წარმოთქმული ღვთისა და ერის წინაშე

ძვირფასო მეგობრებო!

ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ ღირსმყო დავიკავო ესოდენ მაღალი თანამდებობა პრეზიდენტისა, რაც მავალებს საჯაროდ წარმოვთქვა ფიცი.

ვფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას;

ვიღვაწებ ჩვენი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის;

დავიცავ მის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას;

განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს, დავიცავ ადამიანის უფლებებს.

ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში!

7 ივნისი, 1991 წ.

[გაზ. „ერი“|№24 (4286), გვ. 1, 12 ივნისი, 1991 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე

1991 წლის 7 ივნისს

პატივცემულო დეპუტატებო, პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო!

დღეს მოგმართავთ, ვითარცა თანამემამულეთა მიერ არჩეული პრეზიდენტი საქართველოსი. ვიდრე სრულად გავისიგრძეგანებდეთ იმ მდგომარეობას, რომელშიც აღმოვჩნდით დღეს, ესოდენ ცვალებად და დაძაბულ ეპოქაში, უწინარეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მომცა და მხარი დამიჭირა ამ არჩევნებში. მსურს აგრეთვე თქვენი ყურადღება მივაპყრო უდიდეს მნიშვნელობას საერთო სახალხო არჩევნებისას. 28 ოქტომბრის შემდეგ განვლილი პერიოდი გახლდათ ურთულესი გამოცდა როგორც ხალხის, ისე მის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და მთავრობისათვის. ვინაიდან მძიმე და ეკლიანია თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა. მით უმეტეს, ძნელია ამ გზაზე ყოველდღიური სიარული. როდესაც გაივლის პირველი ენთუზიაზმი, გამოჩნდებიან პირველი და სამწუხაროდ, არა უკანასკნელი შეცდომილნი და გზააბნეულნი, როდესაც ფიზიკური შეზღუდულობა ადამიანისა, ამქვეყნიური ხორცისმიერი პრობლემები თითქოსდა შურს იძიებენ შინაგანად უკვე თავისუფალ ერზე. უნდა ვაღიაროთ, რომ ოცნება თავისუფლებაზე, სტიქიური მოქმედება მისი სახელით შეუდარებლად უფრო იოლი იყო, ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი, რეალურ სამუშაოდ ქცეული ეროვნული აღორძინება. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ძალაუფლების კანონიერება უეჭველი იყო პარლამენტის მიერ ჩემი არჩევის დროსაც, არავითარი იურიდიული საჭიროება არ არსებობდა საერთო სახალხო არჩევნების მოსაწყობად და მაინც, ხელისუფლება ვალდებული იყო შეემოწმებინა ხალხის შინაგანი მზაობა თავისუფლებისათვის, რადგან არ შეიძლება ოდენ გარეგანად მივანიჭოთ ხალხს იგი. პოლიტიკურ ინსტიტუტებს შეუძლიათ მხოლოდ ხელი შეუწყონ ხალხის ნების გამოვლენას, მისცენ მას სწორი კალაპოტი, ძალადობით აქ ფონს ვერ გავალთ. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ტოტალიტარული სისტემა ისტორიულად განწირული გახლავთ. დღეს, უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ურყევია ქართველი ერის ნება დააღწიოს თავი იმპერიულ ბორკილებს. იგი თანმიმდევრულად და პრინციპულად ადგას ამ გზას. ეს არ გახლავთ მოულოდნელი. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ისტორიის გზის გასაყარზე, სადაც ქართველი კაცი კიდევ ერთხელ ამბობს უარს ამქვეყნიურ, ფიზიკურ კეთილდღეობაზე, სულისმიერი, ეროვნული აღორძინების სახელით. აღორძინება კი განახლებისა და საკუთარი ჭეშმარიტი მეობისაკენ დაბრუნებას ნიშნავს. მხოლოდ ღვთის შეწევნით და თითოეული ჩვენგანის თავდაუზოგავი საქმიანობით შეიძლება მივაღწიოთ მას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გადამწყვეტ მომენტში ქართველთა გვერდით დადგა არაქართველი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ამას ჩვენი ერი არასოდეს დაივიწყებს. უპრეცედენტო ანტიქართული პროპაგანდის პირობებში ჩატარებულმა არჩევნებმა მსოფლიოს წინაშე დაამტკიცა, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების წარმომადგენელს გააჩნია არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლით აღიარებული ყველა უფლება, არამედ არსებობისათვის ესოდენ აუცილებელი კულტურული სივრცეც, რომლის გარეშეც ვერც ერთი ეროვნული უმცირესობა ვერ იარსებებს და რომლის გარანტირება არ შეუძლია არც ერთ დაწერილ კანონს. საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიამ და არჩევნებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა ახლად ჩამოყალიბებული ეროვნული ხელისუფლების მაღალი ავტორიტეტი. ამ არჩევნებმა გამოხატა ქართველი ერის, საქართველოს მთელი მოსახლეობის ნებისა და პოლიტიკური გეზის ჭეშმარიტი ერთიანობა. საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებების ერთ-ერთი საწინდარი გახდა ხალხის საყოველთაო მხარდაჭერა იმ ძირეული რეფორმებისადმი, რომელთაც არჩევნებისთანავე ახორციელებენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და მთავრობა. დამოუკიდებლობისაკენ მავალ საქართველოსა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული მწვავე და პოლიტიკური კონფრონტაცია, მისგან გამოწვეული მძიმე სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად უაღრესად მოკლე ვადაში ეროვნულმა ხელისუფლებამ განახორციელა რადიკალური საშინაო რეფორმა. ამ რეფორმის პოლიტიკური მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა და საბჭოების სანაცვლოდ მმართველობის დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბება. ხალხის მხარდაჭერა დასტურია იმისა, რომ უზენაესმა საბჭომ ამ მიმართულებით პრინციპულად სწორად წარმართა საქმიანობა. მის მიერ განხორციელებული იქნა სახელმწიფო მმართველობის სამართლებრივი სისტემის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის რეფორმირება. საფუძველი ჩაეყარა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის დამოუკიდებელი სტრუქტურების ჩამოყალიბებას და რაც მთავარია, რეფერენდუმში ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად, სამართლებრივი აქტით აღდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

1991 წლის 31 მარტი და 9 აპრილი ქართველი ერის და ეროვნული ხელისუფლების უდიდესი გამარჯვებაა. ეროვნულმა ხელისუფლებამ, გატარებული მნიშვნელოვანი ცვლილებების, მრავალპარტიულობის იურიდიული და ფაქტობრივი დამკვიდრების, მთავრობის რეორგანიზაციის, ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტების - საკრებულოების და პრეფექტების შემოღების, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაწესების შედეგად, საპრეზიდენტო რესპუბლიკის სახით დაამკვიდრა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. ეროვნულმა ხელისუფლებამ რეალური პერსპექტივა შეუქმნა საქართველოს თავდაცვის სისტემის ფორმირებას. 1991 წლის 26 აპრილს, სამშობლოს ერთგულების ფიცი დასდეს ეროვნული გვარდიის პირველმა შენაერთებმა. ეროვნული ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით იურიდიულად დასრულდა გარდამავალი პერიოდი და შეიქმნა რეალური წინაპირობა მისი ფაქტობრივი ასრულებისთვისაც. ქართველი ერის ისტორია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია, ქართული კულტურა და ტრადიციული ღირებულებანი, ეს არის ჩვენი წარსული, ეს არის ჩვენი სიამაყე. თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი ხალხი, რელიგიური მსოფლხედვის და ეროვნული ცნობიერების აღორძინების საზოგადოება - ეს არის ჩვენი აწმყო, ჩვენი ბრძოლის შედეგი. მივიღეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და ამრიგად, წარვსდექით მსოფლიოს ერთა წინაშე. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება, მსოფლიოს ერთა თანაარსებობის ევროპული და კავკასიური უსაფრთხოების პრობლემაა. საქართველოს საერთაშორისო ცნობის პროცესი არის დაკავშირებული გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებთან. ფაქტობრივად დამთავრდა ცივი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის იდეები. ამის ნათელი დადასტურებაა ევროპის გაერთიანებული ქვეყნების კავშირურთიერთობანი, ინიციატივა, ამერიკის კონტინენტის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე განცხადებულია ახალი პოლიტიკური აზროვნებისა და მსოფლიოს ახალი წესების პრინციპები. ზემოთქმულიდან გამომდინარე ვთვლით, რომ ქართველი ერის უფლებას და ურყევ ნებას - იცხოვროს დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ექნება მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების თანადგომა. საქართველოს რესპუბლიკა მსოფლიოს სახელმწიფოებთან ურთიერთობას ააგებს თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთხელსაყრელობის და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე. საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდება უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებებს ერთიანი, მშვიდობიანი თანაარსებობის ყველა სფეროში. ჩვენ, არაერთგზის განგვიცხადებია და ახლაც ვადასტურებთ, რომ სსრკ-თან ურთიერთობის მოგვარება უმნიშვნელოვანესია საქართველოსათვის. ეს, ერთის მხრივ, განპირობებულია საქართველოს რეალური სამართლებრივი სტატუსით, ხოლო მეორე მხრივ საქართველოსა და სსრკ-ს, როგორც ორი მეზობელი სახელმწიფოს დღევანდელი ურთიერთობით. სსრკ-ს შემადგენლობაში მყოფმა 9 რესპუბლიკამ ფაქტობრივად განსაზღვრა თავისი მომავალი სახელმწიფოებრივი არსებობა რესპუბლიკათა კავშირის სახელით. ეს არის მათი ნება და უფლება. აშკარად გამოხატულია აგრეთვე დანარჩენი 6 რესპუბლიკის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა სულ ახლახანს, კიშინიოვის ფორუმზე მიღებული დოკუმენტები. ეს და სხვა პოლიტიკური პროცესები გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია ჩატარდეს თანასწორუფლებიანი მოლაპარაკება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოსა და საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ, ანექსირებულ და არასამართლებრივად ინკორპორირებულ სახელმწიფოთა შორის. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ მოლაპარაკების პროცესში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართვაც: ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელება, ჩვენის აზრით, უზრუნველყოფს მსოფლიოს დიდ ნაწილზე მშვიდობისა და დემოკრატიის საბოლოო დამკვიდრებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილიზაციას. ჩვენის აზრით, ეს არის ერთადერთი გზა იმ გლობალური პრობლემების გადაწყვეტისა, რომელიც დგას მსოფლიოს წინაშე 70 წლის მანძილზე. ყოველივე ეს, შესაძლოა გახდეს გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ პოლიტიკისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რესპუბლიკების მიზანთა ურთიერთშეხების წერტილიც. ჩვენს მეზობლებთან, სახელმწიფოთა შორის სამთავრობათაშორისო დონეზე ურთიერთობის განსაზღვრა დაემყარება არსებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ერი, ვერ იქნება გულგრილი ჩვენი ისტორიული მეზობლების - სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებული კონფლიქტის მიმართ. ყარაბახის პრობლემა კავკასიელთა სატკივარია და მისი მშვიდობიანი მოგვარებისათვის საქართველოს რესპუბლიკამ უკვე იკისრა შუამავლის როლი. ქართველ ერსა და ქართველ სახელმწიფოს ტრადიციულად ჰქონდა კავკასიის რეგიონში მასტაბილიზირებელი როლი პოლიტიკური, ეროვნებათაშორისო და სხვა პრობლემების თვალსაზრისით და ყოველთვის ღირსეულად ართმევდა მას თავს. ამ ფუნქციის ღირსეულად შესრულებას საქართველო უფრო მეტად შესძლებს საშინაო ვითარების შემდგომი სტაბილიზირების შემთხვევაში, როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება მისი პოლიტიკური სისტემა და და გაირკევევა მისი ეროვნულ-ტერიტორიული მოწყობა. ამავე დროს მოხდება სამაჩაბლოს კონფლიქტის მოწესრიგება, რისთვისაც აგრეთვე აუცილებელია საქართველოსა და სსრკ-ს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია და საქართველოს დიპლომატიური ცნობა უცხოეთის სახელმწიფოთა მიერ, საქართველოს მიღება გაეროს წევრად, რასაც დააჩქარებს ცენტრთან ჩვენი მოლაპარაკება. სახელმწიფო მოწყობას საფუძვლად უნდა დაედოს მმართველობისა და თვითმმართველობის ისეთი პოლიტიკური პრინციპები, რომლებიც გამორიცხავენ სახელმწიფოსა და მისი შემადგენელი ნაწილების დაპირისპირებას, დაიცავენ სახელმწიფოს ერთიანობას და ხელს შეუწყობენ რესპუბლიკის სტრუქტურულ ერთეულთა ინტერესების დაცვას. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი უნდა იყოს, აფხაზების, როგორც საქართველოს მკვიდრი ერის პოლიტიკურ უფლებათა აღიარება, ტრადიციული ქართულ-აფხაზური მეგობრობა. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იგი სამშობლოა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა. საქართველოს რესპუბლიკის მიერ კონსტიტუციურად გარანტირებული იქნება აფხაზეთის პოლიტიკური ავტონომია და აფხაზთა ეროვნული უფლებების ხელშეუხებლობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის რეალურ აღდგენასთან ერთად, უნდა აღდგეს ტრადიციული ურთიერთობა აფხაზთა და ქართველთა შორის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალს განსაზღვრავს თავად აჭარის მოსახლეობა. ეროვნულ სახელმწიფოებრივი მოწყობა ისევე, როგორც მთელი პოლიტიკური სისტემა, უნდა განისაზღვროს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით. ეროვნულ-სამართლებრივი სისტემა უნდა დაეფუძნოს ქართულ სამართლებრივ კულტურასა და ტრადიციებს, რომელთა საფუძველზეც და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, აღორძინდება ეროვნული კანონმდებლობა. აღდგება სამართლის სუვერენიტეტი, რომელიც შესაბამის საზღვრებსა და პროცესუალურ ფორმებში მოაქცევს სახელმწიფო აპარატის ფაქტობრივ შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და პიროვნების სამართლებრივ ურთიერთკავშირს. პოლიტიკურ და სამართლებრივ რეფორმათა გატარებამ უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, რაც გულისხმობს კანონის უზენაესობის და ავტორიტეტის დამკვიდრებას, სახელმწიფო ხელისუფლებასა და მოქალაქეთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი ფორმის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას, სამართლებრივი ნიჰილიზმის შეცვლას სამართლებრივი რწმენით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პიროვნების ხელშეუხებლობის გარანტიების შექმნას, რომლის დაცვა და პატივისცემა სავალდებულოა ხელისუფალთათვის, რამეთუ სახელმწიფოს უპირველესი მიზანია მის მოქალაქეთა ღირსეული არსებობის პირობები. აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სახელმწიფო ცხოვრების ყველა სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობა და ურთიერთმიმართება განისაზღვროს სამართლებრივი კანონებით და უზრუნველყოფილი იქნას სახელმწიფო გარანტიებით. სამართლებრივი რეფორმის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილება: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოთა ურთიერთგამიჯვნა. ეს გამორიცხავს ხელისუფლების მონოპოლიზაციას, უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების მთელი სისტემის შესაბამისობას სამართლის მოთხოვნებთან და მათ თანმიმდევრულ ასრულებას. სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების გზაზე, საჭიროა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უზენაესობის უზრუნველყოფა. ეს უზენაესი წარმომადგენლობითი ორგანო, როგორც ეროვნული სუვერენიტეტის გამომხატველი, გამოდის არა როგორც უბრალო საკანონმდებლო, არამედ არსებითად დამფუძნებელი ორგანოს სახით, რომელიც ადგენს სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტებს, ნორმებსა და პროცედურების სისტემას. ამ გზით იგი უნდა იქცეს სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნებისა და მისი რეალური ფუნქციების სუვერენულ ხელისუფლებრივ გარანტად. საქართველოს სახელმწიფოს არსებობის ისტორია ცხადყოფს ეროვნული თავდაცვის სისტემის აუცილებლობას. ტრადიციულად, ცნობილია ქართველთა მხედრული შემართება და მებრძოლი სული. დღეს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების და მოსახლეობის ერთიანი ძალისხმევით შეიქმნა ეროვნული არმიის ჩამოყალიბების პერსპექტივაც. საქართველოს სამხედრო დოქტრინა თავდაცვითი ხასიათისაა. პირველ რიგში, იგი გაითვალისწინებს საერთო ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნისათვის ხელშეწყობას. ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების არსებობისა და მათი სტატუსის ძირითადი პრინციპი. ეროვნული დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, კონსტიტუციური წყობის გარანტიების დაცვა, ეროვნული უშიშროების სამსახურის და საქართველოს შეიარაღებული ძალების უპირველესი ამოცანაა. საქართველოში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყანაში ტრადიციული იყო კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ქართველთა ცხოველი მორწმუნეობა განსაზღვრავდა მტრულ გარემოცვაში საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან არსებობას. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყოველნაირად უწყობდა ხელს ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობას. საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის გარეშე. ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც. სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან. დღევანდელი მოძრაობა თავისი შინაგანი არსით ეროვნულ-რელიგიური მოძრაობაა, რამდენადაც იგი არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნული პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას და ქრისტიანულ რწმენასა და ცნობიერებაზე დამყარებით. ეროვნული ხელისუფლება იღვაწებს ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ტრადიციული ერთობის აღსადგენად. ამ ერთობის არსი შემდგომში მდგომარეობს - ეროვნული სახელმწიფოს ავტორიტეტი უნდა დაემყაროს არა მარტო ხელისუფლების სოციალურ-პოლიტიკურ განსაზღვრულობას, არამედ უმეტესწილად ქრისტიანულ-ზნეობრივ საწყისებს. სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკლესიისადმი უნდა დაეფუძნოს ეკლესიის რელიგიურ-ზნეობრივი ავტორიტეტის უზენაესობასა და ეკლესიის განსაკუთრებული სოციალური ფუნქციის აღიარებას. ეკლესიის სამოციქულო მოღვაწეობის სულიერი ბუნება თავისთავად გამორიცხავს მის უშუალო მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ პოლიტიკური სისტემიდან ეკლესიის გამოყოფა არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგათიშვას. სახელმწიფო და ეკლესია არ უნდა ერეოდნენ ურთიერთის საქმეში. მათ ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საერო და საეკლესიო ცხოვრების მთლიანობა. ჩვენ მომხრენი ვართ არა სახელმწიფოსა და ეკლესიის, ეკლესიისა და სკოლის ურთიერთგამოჯვნისა, არამედ მათი ბუნებრივი კავშირისა, რომელიც იმავდროულად პოლიტიკური სისტემისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც ემყარება. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ქართულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკლესიის უფლება, იყოს საერო ცხოვრების აქტიური მონაწილე. სახელმწიფომ უნდა დაიცვას საეკლესიო ქონება, ხელი შეუწყოს ეკლესიას ტრადიციულ სამონასტრო მშენებლობაში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა ეკლესიამ მიიღოს საჭირო მატერიალური დახმარება. საგანმანათლებლო საქმიანობის, ტაძრების მშენებლობისა და შეკეთებისათვის უნდა აღდგეს საეკლესიო საკუთრება მიწაზე. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება არ ხელყოფს სხვა რელიგიების აღმსარებელთა, აგრეთვე ათეისტთა მოქალაქეობრივ უფლებებს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული იქნება სინდისის თავისუფლება და თითოეულ პიროვნებას მიეცემა თავისუფლება იყოს აღმსარებელი იმ სარწმუნოებისა, რომელსაც თავად აღიარებს. მოქალაქეთა უფლებები არ შეიზღუდება რელიგიური ნიშნით.

საქართველოს სახელმწიფო კვლავაც ერთგული დარჩება ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა. საბჭოთა ხელისუფლების აგების ძირითადმა პრინციპმა, მონოპოლიზმმა, თავსმოხვეულმა ეკონომიკურმა სისტემამ, ქართველი კაცისთვის უცხო, არატრადიციულმა წარმოებითმა ურთიერთობებმა დავიწყებას მისცა საუკუნეებით გამომუშავებული და მის ეთნოფსიქიკაზე დაფუძნებული სამეურნეო სისტემა. ყოველივე ამან, გამოიწვია ეკონომიკის მოშლა, მეურნეობის მართვის გაუარესება, ეკონომიკური მიზანშეწონილობისათვის ძირის გამოთხრა და საზოგადოება მიიყვანა ზნეობრივ დეფორმაციამდე. საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ღრმად კრიზისული. დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ერთი - აუცილებელია ძირეული ეკონომიკური რეფორმის გატარება. იგი უნდა დაეყრდნოს ქართული ეროვნული ტრადიციების, სამეურნეო ჩვევების და ურთიერთობის აღორძინებას, რისი განხორციელებაც შეუძლებელია გეგმური მმართველობის პირობებში. ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში უნდა ჩაერიოს იმ ზომით, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ერთიანი, პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის. სახელმწიფო მონოპოლისტური სისტემის ლიკვიდაცია ძალზე მნიშვნელოვანია.

მაგრამ იგი პრობლემების მხოლოდ ერთი მხარეა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ისეთი ეკონომიკური სისტემის შექმნას, რომელიც პასუხობს ადამიანთა მოთხოვნილებებს. ასეთად, სოციალური საბაზრო მეურნეობა მიგვაჩნია. იგი ანსახიერებს ამ უმნიშვნელოვანეს სოციალურ ფასეულობას, თავისუფლებას, ეფექტიანობას და სოციალურ თავისუფლებას. მის პირობებში ერთმანეთთან შეხამებულია თავისუფალი შრომის და სოციალური უფლებების გარანტიები - საკუთრებისადმი პატივისცემა და საზოგადოებრივი სარგებლიანობა, თავისუფალი მეწარმეობა და კეთილსინდისიერი კონკურენცია. სოციალურ საბაზრო მეურნეობაზე გადასვლას გარკვეული დრო სჭირდება და თანაც პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესება. ჩვენ გვესმის, რომ ამ გარდამავალი პერიოდის პირველ ეტაპზე შეიძლება მოხდეს წარმოების მოცულობის დროებითი შემცირება, მაგრამ ეს არის ჩვენი საზღაური 70-წლიანი ტოტალიტარული სისტემისაგან გასანთავისუფლებლად, რადგან მხოლოდ ეს გზა იძლევა თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის შესაძლებლობას. ამავე დროს, ჩვენი მიზანია ეს გადასვლა განხორციელდეს მინიმალური დანაკარგებით, რადგან დგება საქართველოს განთავისუფლების ჟამი. და იგი არ უნდა ასოცირდებოდეს უმუშევრობასთან ან ინფლაციასთან. ეკონომიკის მძიმე, კრიზისული მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზია საქართველოსათვის თავსმოხვეული დეფორმირებული საკუთრებითი ურთიერთობების სისტემა. წარმოების საშუალებები ფაქტიურად მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება. ამიტომ, ეკონომიკური რეფორმის მთავარ ამოცანად საკუთრების სხვადასხვა ფორმებისა და სახეების თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თანაბარი სასტარტო პირობები შევუქმნათ ყველას, რათა პრივატიზაციის შედეგებით ისარგებლონ ნამდვილად სამეურნეო და მეწარმეობის უნარის მქონე პირებმა. პრივატიზაცია ჩვენ გვესმის, როგორც საქონლისა და მომსახურების გადაცემის სტრატეგია, რომელიც ორგანიზებულია სახელმწიფო საწარმოებში კერძო კომპანიების ხელში მთავრობის ხარჯების შემცირებისა და იმ უპირატესობის გამოყენების მიზნით, რომელსაც იძლევა საბაზრო სისტემა - (რონალდ რეიგანი), უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩატარდეს საქართველოს ეროვნული სიმდიდრის ინვენტარიზაცია. მოხდეს მისი სწორი შეფასება, რაც განსაზღვრავს, თუ სახელმწიფო ქონების რა ნაწილი, რა სფეროები და როგორი თანმიმდევრობით გადაეცეს კერძო სექტორს. პრივატიზაციასთან ერთად, უნდა გატარდეს ბიუჯეტური დეფიციტის აღმოფხვრის მკაცრი ზომები და კრედიტის შეზღუდვა, თავისუფალ ფასებზე გადასვლა და საზღვარგარეთული ინვესტიციების მოზიდვა. ყოველივე ეს კი წარმოადგენს ეკონომიკის გაჯანსაღების ერთადერთ წინაპირობას. პრივატიზაციის განხორციელება საშუალებას მოგვცემს არა მარტო შევამციროთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაუმართლებელი დანახარჯები, რომელიც მიმართული იყო ზარალიანი საწარმოებისა და ორგანიზაციების შესანახად, არამედ ხელს შეუწყობს მოსახლეობიდან გადავადებული მოთხოვნის სახით ფულადი სახსრების ამოღებას ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამით შემცირდება აჟიოტაჟური მოთხოვნა სამომხმარებლო ბაზარზე და ურთიერთშესაბამისობაში მოვა მოთხოვნა და მოწოდება.

დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მტკივნეული პრობლემაა მიწის საკითხი. კომუნისტური იდეოლოგიის ჩარჩოებში მომწყვდეულმა ძალადობით თავსმოხვეულმა სამეურნეო წყობამ ქართველ გლეხს წაართვა ყველაზე მთავარი - მიწა და თავისუფლება, შეაძულა მას შრომა. მეურნე გლეხი ფაქტიურად კანონგარეშედ იქნა გამოცხადებული. ასეთმა მიდგომამ უარყოფითად იმოქმედა ქართველი კაცის ბუნებაზე, მის ფსიქიკაზე, მისი ცხოვრების ტრადიციულ წესზე. სწორედ ამით დაიწყო სოფლის გაჩანაგება და დაცარიელება. აქაც კარდინალური რეფორმების გატარებაა საჭირო. მიწის რეფორმა საქართველოს ყოველ ისტორიულ მხარეში, მათ თავისებურებათა გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რათა დავამაგროთ მოსახლეობა სოფლად, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა. უპირველესად იგი მთიანი ზონის რეგიონებში უნდა გატარდეს, აგრეთვე უნდა მოხდეს ზარალიანი და გადახდისუუნარო საზოგადოებრივი მეურნეობების დაშლა და მათ ბაზაზე გლეხური საკომლო მეურნეობების ჩამოყალიბება. მიწა უნდა დაუბრუნდეს გლეხს. ყოველმხრივ უნდა შეეწყოს ხელი სოფლად სხვადასხვა ასოციაციების, გაერთიანებების შექმნასა და ფუნქციონირებას. მათ უნდა შეასრულონ გლეხური მეურნეობებისათვის აუცილებელი მასალებით და ტექნიკით მომარაგების ფუნქცია: ამ გზით ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ სათავეს დავუდებთ სოფლად ქართული ტრადიციული მეურნეობრივი პრინციპების აღდგენას. ამავე დროს, ჩვენი აღორძინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა უცხოური ინვესტიციების მიზიდვა. საზღვარგარეთელ პარტნიორებს საშუალება მიეცემათ იმოქმედონ ჩვენს ბაზარზე, დააბანდონ თავიანთი სახსრები, აიღონ იჯარით საწარმოები, შექმნან ერთობლივი წარმოებები, გახსნან თავიანთი წარმომადგენლობები, ფილიალები და ა.შ. ამ ეტაპზე საგარეო ვაჭრობაში აუცილებლად მიგვაჩია ლიცენზირების პოლიტიკის გატარება. ის და საბაჟო ურთიერთკავშირში უნდა იქნას მოყვანილი სასაქონლო ბაზრის მოთხოვნილებასთან და უზრუნველყოფდეს იმპორტული და სამამულო საქონლის კონკურენციის შესაძლებლობას. ეკონომიკურ აღმავლობასთან ერთად მოხდება საგარეო ვაჭრობის თანდათანობითი ლიბერალიზაცია. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ უნდა ააღორძინოს შრომის სტიმულები, აამაღლოს სამუშაო ძალის ფასი, ხელფასის სიდიდე, ძირითადად, დამოკიდებული უნდა იყოს საწარმოს ეფექტიანად მუშაობაზე და სახელმწიფოს მიერ მისი რეგულირება უნდა ხდებოდეს საგადასახადო სისტემის მეშვეობით.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს მოსახლეობის დასაქმების უზრუნველყოფა წარმოადგენს. საჭიროა შედგეს სპეციალური პროგრამა, გატარდეს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა, რომელიც დასაქმებულია რაოდენობის გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებით.

დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით უნდა გატარდეს შეღავათიანი დაბეგვრის პოლიტიკა იმ საწარმოთა მიმართ, რომლებიც შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. ამავე დროს საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, ვისაც ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია წარმოების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღება. ამის მიზეზი მრავალია: ადამიანთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მრავალშვილიანობა, სამუშაოს დროებითი დაკარგვა და ა.შ. აუცილებელია ამ ადამიანებს შევუქმნათ სოციალური დაცვის გარკვეული მექანიზმი, რომელიც მათ ცხოვრებას საარსებო მინიმუმის დონეზე მაინც უზრუნველყოფს, როგორც ამას ადგილი აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეს მექანიზმი უნდა მოიცავდეს პენსიებს, სტიპენდიებს, შემოსავლების ინდექსაციას, მცირე შემოსავლიან და მრავალშვილიან ოჯახთა მატრეიალურ დახმარებას, ხელფასის გარანტირებულ მინიმალურ დონეს, დროებით არაშრომისუნარიანთა დახმარებას, სამედიცინო მომსახურების გარკვეულ დონეს, კადრების მომზადებას და გადამზადების სისტემას და ა.შ. სოციალური გარანტიების ამ ელემენტების შემოტანამ უნდა შეარბილოს საბაზრო მეურნეობაზე გადასვლით გამოწვეული პრობლემების სიმწვავე და უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა.

ქალბატონებო და ბატონებო!

ქართველი ერი გამოირჩევა თანასწორთა შორის თავისი ყოფით, ადგილით და ენით. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ეს არის მოწამეობრივი, ქრისტესმიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა. ისტორია გვაძლევს შესაძლებლობებს, რათა დავუბრუნდეთ მამაპაპისეულ გზას, ავაღორძინოთ რწმენით თავისუფალი საქართველო. დგება ჟამი, როცა უკლებლივ ყველას სიცოცხლე მამულს ეკუთვნის, ერი უეჭველად მზად არის გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ეროვნული ხელისუფლების ვალია, იყოს ღირსი უდიდესი მისიისა, შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, საქართველოს დაუბრუნოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ერთა თანამეგობრობაში. დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან. დაე, აღსრულდეს ნება ღვთისა! ნება ერისა!

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

გვფარავდეს ღმერთი!

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№ 114 (134), გვ. 1, 11 ივნისი, 1991 წ.].

 

 

მიმართვა

საქართველოს მოსახლეობისადმი

თანამემამულენო! მოკლე ისტორიული პერიოდის მანძილზე ჩვენი სახელმწიფოს მკვიდრმა მოსახლეობამ სამჯერ გამოხატა თავისი ნება. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებმა, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა და 26 მაისის პრეზიდენტის საერთო-სახალხო არჩევნებმა ცალსახად განსაზღვრა ჩვენი მისწრაფებანი. ეს არის და იქნება ყველაზე ძლიერი არგუმენტი კრემლთან მოლაპარაკებისათვის და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დიპლომატიური ცნობისათვის. მიუხედავად ასეთი ერთსულოვნებისა, საქართველოში დღეს კვლავ მერყევი ვითარებაა. იზრდება დამნაშავეობა, შიდა ქართლში იღვრება სისხლი. კვლავ ქვეითდება წარმოება. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იბრძოლოს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, გასაგებია, რომ მერყეობა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით ვერ იქნება გამოწვეული, ეს ე.წ. ცენტრის ძალისხმევის შედეგია. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ჩვენი სულიერი და ფიზიკური დაქსაქსულობა მისცემს ცენტრს საშუალებას, ბოლომდე განახორციელოს საკუთარი სტრატეგიული მიზნები საქართველოში. შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია: ხალხი ერთსულოვნად გამოხატავს უალტერნატივო პოლიტიკურ ნებას, ქვეყანაში კი გრძელდება კომუნისტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მოვლენები: კორუფცია, შრომისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება, საბოტაჟი, დამტაცებლობა, მაფიოზური კლანების თარეში.

გასაგებია, რომ ძველი სისტემის ნგრევისა და ახლის შენების დროს გარდაუვალია ასეთი მოვლენების ინტენსიფიკაცია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანოებმა ჯერჯერობით ვერ გამონახეს კრემლის ეკონომიკური მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე ოპტიმალური გზა. მაგრამ თანამემამულენო, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ამავე დროს დაპყრობილი ქვეყანაა. ჩვენ უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს სოციალური გაჭირვება თუ უსამართლობა ძველის რღვევის და ახლის შენების პროცესს დავაბრალოთ.

პოლიტიკური აქტიურობის პარალელურად უეჭველად იგრძნობა სოციალური და შემოქმედებითი პასიურობა. ეს კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ან კიდევ, მესამე სამყაროს ქვეყნების მსგავსად, ტვირთად დავაწვეთ მსოფლიო ეკონომიკას, რაც კიდევ უფრო სავალალო იქნება ჩვენთვის.

საქართველოში მრავალი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგენის ლოზუნგებმა თავდაპირველად ისინი შეაშინა, რაც განპირობებული იყო, ერთი მხრივ, არსებული სტატუს-კვოს დარღვევის საშიშროებით, ხოლო მეორე მხრივ, შედეგი კრემლის „ინტერნაციონალისტური“ გაკვეთილებისა. საბედნიეროდ, არაქართველმა მოსახლეობამ სწორად შეაფასა მიმდინარე პროცესების ხასიათი და მიზნები და განუდგა საბჭოთა იმპერიალიზმს. ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებულმა ტოლერანტობამ და რელიგიურმა შემწყნარებლობამ უკვალოდ არ ჩაიარა, სხვა ეროვნების წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა მათი კულტურული თუ სოციალური თვითმყოფადობის შენარჩუნების გაცილებით უფრო ძლიერი გარანტი იქნება, ვიდრე საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც დიდი იმპერიის ერთ-ერთ გეოგრაფიულ პროვინციას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ენა, კულტურა, ხალხის კეთილდღეობა, ნაკლებად აწუხებთ ცხინვალის და ჯავის რაიონებში თავმოყრილ ექსტრემისტებს.

ზოგ-ზოგმა პოლიტიკურმა ამბიციებმა დიდი სისხლისღვრა გამოიწვია, რაც თანაბრად სტკენს გულს ყველას, ვისთვისაც თანასწორუფლებიანობა და კეთილმეზობლობა ლიტონი სიტყვები არ არის. კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით გადაჭრის მიზნით საქართველოს უზენაესი საბჭოს ინიციატივით შეიქმნა და თვეზე მეტია კონფლიქტის რაიონებში მუშაობს საპარლამენტთაშორისო კომისია, რომელმაც დასახა სტაბილიზაციის გზები. გამოინახა ოს მოსახლეობასთან შეხების წერტილები. გაირკვა, რომ ისინიც არანაკლებ შეწუხებული არიან გაჭიანურებული საომარი მდგომარეობით.

საპარლამენტთაშორისო კომისიამ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გზად დასახა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. ვასრულებ რა კომისიის თხოვნას, ვადასტურებ, რომ ყველა, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს მართლწესრიგის დამცველ ორგანოებს, განთავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იარაღის უკანონო ტარებისათვის. იარაღის ნებაყოფლობითი ჩაბარება და უკანონო შეიარაღებული ფორმირების განიარაღება იქნება გარანტია ძმათა შორის სისხლისღვრის შეწყვეტისა, ოს ხალხთან ტრადიციული მეგობრობისა და მშვიდობის აღდგენისა, საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოების დაწყებისა, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა მთელს რეგიონში.

გარდა ამისა, დასრულების ფაზაშია საქართველოს მოქალაქეობის კანონი, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეობის მინიჭებას ყველასათვის, ვინც მუდმივად არის ჩაწერილი საქართველოს რესპუბლიკაში.

თანამემამულენო! საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და შფოთიან ხანაში ყველა ჩვენგანის ვალია გამოიჩინოს ეროვნული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავაღწევთ თავს იმპერიის მარწუხებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გავხდებით მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. დაე, იყოს ჩვენი დევიზი სამოქალაქო თანხმობა, ურთიერთგაგება და მშვიდობა!

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

12 ივნისი, 1991 წელი

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№116 (136), გვ. 1, 14 ივნისი, 1991 წ.].

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

მიმართვა

შავი ზღვის აუზის და შავი ზღვის პრობლემით დაინტერესებული

ქვეყნების მთავრობათა მეთაურებს

შავი ზღვა წარმოადგენს პლანეტის უდიდეს, უნიკალურ მერომიქტიკულ წყალსატევს, რომლის 90 პროცენტს შეადგენს უჟანგბადო გოგირდწყალბადიანი წყლის მასა. ზღვის ფსკერზე მიმდინარეობს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების - „გვამების წვიმის“ - ინტენსიური დალექვა, რის შედეგადაც გოგირდწყალბადის შემცველობა განუწყვეტლივ მატულობს. მდგომარეობას ამწვავებს ის, რომ საწარმოო და ფეკალური წყლები ჩაედინება შავ ზღვაში.

გოგირდწყალბადის ფენის ზედაპირი გუმბათოვანია, რომლის უმაღლესი წერტილის დაშორება ზღვის ზედაპირიდან მის ცენტრალურ ნაწილში აღწევს კრიტიკულ ზღვარს - 50 მეტრს. მიახლოებითი შეფასებით გოგირდწყალბადის რაოდენობა შეადგენს - 2 მილიარდამდე ტონას. არსებობს მისი აფეთქების რეალური საშიშროება - აფეთქების შედეგად გამოწვეული ნგრევით მიყენებული ზარალი მრავალჯერ გადააჭარბებს ჩერნობილის კატასტროფას და დამღუპველად იმოქმედებს არა მარტო შავი ზღვისპირეთის, არამედ მთლიანად პლანეტის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

შავი ზღვის წყლის გაწმენდის შედეგად შეიძლება მივიღოთ და სასიკეთოდ გამოვიყენოთ ძვირფასი ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის გოგირდი და წყალბადი, რომელთა მარაგი შესაბამისად 1,8 და 0,1 მილიარდ ტონას შეადგენს (ტონა გოგირდის ფასი საერთაშორისო ბაზარზე დაახლოებით 1000 დოლარს შეადგენს), ასევე 7,6 მილიარდი ტონა საწვავი გაზი. მისი აღდგენითი ნაწილი - დაახლოებით 75 მილიონი ტონა - საკმარისია იმისთვის, რომ ყოველწლიურად თბოელექტროსადგურმა მოგვცეს 80 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია. შავი ზღვის აუზის და შავი ზღვის პრობლემით დაინტერესებულ ქვეყნების მთავრობათა მეთაურებს მოგმართავთ თანამშრომლობისათვის - შემოგვაქვს წინადადება, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან შეიქმნას შავი ზღვის აუზის ეკოლოგიური გარემოს დამცავი სპეციალიზებული სამთავრობათაშორისო დაწესებულება.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს გაეროს სპეციალიზებული სამთავრობათაშორისო დაწესებულების წევრ სახელმწიფოებისათვის კეთილსასურველ სამუშაო პირობებს და კისრულობს მისი შტაბ-ბინის მოწყობას.

საქართველოს მთავრობა გამოთქვამს რწმენას, რომ აღნიშნული წინადადებები განხილული იქნება.

ზვიად გამსახურდია

18 ივნისი, 1991 წელი

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№118 (138), გვ. 1, 18 ივნისი, 1991 წ.[.

 

 

მიმართვა

მის აღმატებულებას, ბატონ ჯორჯ ბუშს,

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს

თქვენო აღმატებულებავ!

მაქვს პატივი, ქართველი ხალხის სახელით მოგილოცოთ თქვენ და მთელ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ვუსურვებ თქვენს ქვეყანას შემდგომ წინსვლასა და აყვავებას, ახალ გამარჯვებებს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

ამერიკელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, მის მიერ მოპოვებული წარმატებები დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნაში, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია - ბრწყინვალე მაგალითია საყოველთაო დემოკრატიული ფასეულობებისა მთელი მსოფლიოსათვის, კერძოდ კი - საქართველოს რესპუბლიკისათვის.

ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელი ხალხი და აშშ-ის მთავრობა მიესალმებიან ქართველი ხალხის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ, რაც გამოიხატა მის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებაში. იმედი გვაქვს აგრეთვე, რომ საქართველო მალე მიაღწევს სრულ დამოუკიდებლობას მსოფლიოს ერთა თანამეგობრობის დემოკრატიული წრეების, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად თქვენი მხარდაჭერით, ბატონო პრეზიდენტო.

ღრმა პატივისცემით,

ზვიად გამსახურდია

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

თბილისი, 1991 წლის 24 ივნისი

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№132 (152), გვ. 1, 6 ივლისი, 1991 წ.].

 

 

მოსკოვი, კრემლი სსრ კავშირის პრეზიდენტს,

ბატონ მ.ს. გორბაჩოვს

იძულებული ვარ მოგმართოთ იმის გამო, რომ საქართველოს რესპუბლიკას უაღრესად არანორმალური ვითარება შეუქმნეს მეზობელმა სსრ კავშირის რეგიონებმა. რესპუბლიკისათვის გათვალისწინებული სახალხო სამეურნეო ტვირთით, სოფლის მეურნეობის პროდუქციით, კვების პროდუქტებით დატვირთულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას უკანონოდ აკავებენ კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეთა ტერიტორიაზე. ხდება შემოწმება, რის შემდეგ ტვირთს, როგორც წესი, ან სხვაგან აგზავნიან, ან ასაღებენ მოსახლეობაში. ადგილობრივ ხელისუფალთა ასეთ მოქმედებას ვერ მივიჩნევთ მხოლოდ თვითნებობად და კანონიერების უხეშ დარღვევად. ეს საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, მისი კონსტიტუციური უფლებების ხელყოფაა, რაც ალბათ ცენტრის სანქციით ხდება.

უფრო მეტიც, საკავშირო უწყებები და სამსახურები უარს ამბობენ გამოუყონ რესპუბლიკას სატრანსპორტო საშუალებანი გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში ამჟამად დაგროვილი სამედიცინო მოწყობილობისა და მედიკამენტების გადმოსაზიდად, ესოდენ რომ სჭირდება მიწისძვრისაგან დაზარალებულ საქართველოს მოსახლეობას, რაც არაადამიანური და ანტიჰუმანური ქმედება და არსებითად ქართველი ხალხის მიმართ გენოციდის გამოვლინებაა.

ბატონო პრეზიდენტო!

თქვენს ოფიციალურ გამოსვლებსა და წერილებში, ჩემთან საუბრებში ქადაგებდით ეროვნული რესპუბლიკებისადმი ცივილიზებულ დამოკიდებულებას, ხაზგასმით აღნიშნავდით, რომ უაღრესად დიდ პატივს სცემთ ქართველ ხალხს, შეშფოთებას გამოთქვამდით მიწისძვრისა და სხვა სტიქიური უბედურებებისაგან დაზარალებული ჩვენი რეგიონების მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს უფლებას მაძლევს მოგმართოთ დაჟინებული თხოვნით: დაუყოვნებლივ განმუხტოთ მომწიფებული კონფლიქტური სიტუაცია, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუ არადა, ყველა საფუძველი გვექნება ვიფიქროთ, რომ საქართველოს წინაააღმდეგ, მის თავსდატეხილი უბედურების მიუხედავად, ხორციელდება უმკაცრესი ეკონომიკური ბლოკადა.

პატივისცემით

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

თბილისი, 1991 წლის 24 ივნისი

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№123 (143), გვ. 1, 26 ივნისი, 1991 წ.].

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება

რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოლექტიური მებაღეობის

მოწყობის აკრძალვისა და საქართველოს მებაღეობის ამხანაგობათა

მუშაობის საკოორდინაციო საბჭოს გაუქმების თაობაზე

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე კოლექტიური მებაღეობისთვის მიწების განუკითხავად დიდი რაოდენობით განაწილებამ და მეტწილად არადანიშნულებით გამოყენებამ, ტყის მასივების გაჩეხვამ, მძიმე სამშენებლო ტექნიკით გზების გაყვანით გამოწვეულმა მეწყერებმა, წყაროების გაჭუჭყიანებამ და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურებამ, დაამძიმა ქალაქების ეკოლოგიური მდგომარეობა და საფრთხის წინაშე დააყენა ქალაქისპირა სოფლების არსებობა.

აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით და მომავალ აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს გლეხური მეურნეობის შექმნას და სოფლის მოსახლეობისათვის მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემას, ვადგენ:

1. კატეგორიულად აიკრძალოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე კოლექტიური მებაღეობის დანიშნულებით, ნაკვეთების შერჩევა-გამოყოფა-განაწილება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა ის დადგენილება და განკარგულება, რომელიც საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ მიიღო და ითვალისწინებდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბაღე ნაკვეთების შერჩევა-გამოყოფა-განაწილებას.

3. გაუქმდეს საქართველოს მებაღეობის ამხანაგობათა მუშაობის საკოორდინაციო საბჭო (თავმჯდომარე აბაზაძე) და ძალადაკარგულად ჩაითვალოს ის დადგენილებები, რომლებიც მისი და მსგავსი სტრუქტურების შექმნა-ჩამოყალიბებას ეხება.

4. მოქმედი კოლექტიური მებაღეობები გადავიდნენ შესაბამისი რაიონების პრეფექტურების დაქვემდებარებაში იურიდიული პირის სტატუსით.

5. დაევალოს შესაბამის რაიონების პრეფექტურებს უმოკლეს ვადაში შეამოწმონ მებაღეობის ამხანაგობათა საქმიანობა, არ დაუშვან მშენებლობისა და სხვა სამეურნეო საქმიანობის დაწყება კოლექტიური მებაღეობის აუთვისებელ ინდივიდუალურ ნაკვეთებზე, ამასთან, ყოველი ინდივიდუალური ნაკვეთი, რომელზედაც არ დგას კაპიტალური ნაგებობა და არ დამუშავებულა ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადავიდეს სათანადო ტერიტორიული საკრებულოების გამგებლობაში; მათი შემდგომი გამოყენების საკითხი გადაწყდეს შესაბამისი რაიონების პრეფექტურებთან შეთანხმებით.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

თბილისი, 1991 წლის 24 ივნისი

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№123 (143), გვ. 1, 26 ივნისი, 1991 წ.].

 

 

სამახსოვრო ჩანაწერი

საქართველოს ეროვნული პარტიებისა და ორგანიზაციებისადმი

უკანასკნელ წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა მრავალი პარტია და ორგანიზაცია, რაც უდავოდ მისასალმებელია სამოცდაათწლიანი ტოტალიტარული ერთპარტიული სისტემის ბატონობის შემდგომ. მაგრამ ამ პარტიებისა და საზოგადოებების საქმიანობაზე დაკვირვება ზოგჯერ შიშსაც იწვევს, ვაი თუ ყოველივე ამან ნანატრი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნაცვლად უფრო დიდი ქაოსისა და ანარქიის საფრთხის წინაშე დაგვაყენოს. გამოითქმის მრავალი შეხედულება ჩვენი მოძრაობის მიმართულებისა და მიზნების შესახებ. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ თითქოს საქართველოში დღეს არსებობს ერთის მხრივ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც მხოლოდ დამოუკიდებლობისათვის იბრძვის და სხვა პრობლემებისთვის არა სცალია, ხოლო მეორეს მხრივ - ეროვნული ხსნის მოძრაობა, რომელიც იბრძვის კულტურული, ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და სხვა პრობლემებისთვის.

ჩემის აზრით, დაუშვებელია ასეთი დაყოფა. ეროვნულმა და სამართალდაცვითმა მოძრაობამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს როგორც ერთ, ისე მეორე ფრონტზე, ეს უნდა იყოს მისთვის ერთიანი ფრონტი. სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია იჩემებს პრიორიტეტს, ე.წ. პირველ ფრონტზე, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ფრონტზე, ხოლო მეორე ფრონტზე მოღვაწეობა თავის მოვალეობად არ მიაჩნია, „მთავარია დამოუკიდებლობა!“ გაიგონებთ მათგან, სხვა დანარჩენი კი - ზედმეტია დღეს. მოდით განვიხილოთ, რამდენად სერიოზულია და გამართლებული ასეთი დამოკიდებულება ეროვნული მოძრაობისადმი.

მოდით, ვიქონიოთ რეალობის გრძნობა. თვალი გავუმართოთ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ერი. ეროვნული ხსნის მოძრაობას, საზოგადოებრივი ხსნის მოძრაობას ნუ გამოვყოფთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისაგან, რამეთუ ეს ორი რამ ურთიერთგანპირობებული და განუყოფელია.

ამთავითვე ვიტყვი, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმატებანი პირდაპირ არის დამოკიდებული მის მასობრივ ხასიათზე. ეს მოძრაობა კი საერთო სახალხოდ ვერ გადაიქცევა, თუ მასებმა არ დაინახეს მისი აუცილებლობა, თუ იგი მათ თავიანთ ღვიძლ საქმედ არ აქციეს.

დიახ, ჩვენ მასების შეგნებამდე უნდა დავიყვანოთ ის ჭეშმარიტება, რომ საქართველოს ყველა ეროვნულ და სოციალურ პრობლემას საბოლოო ჯამში ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევის გარდა არაფერი უშველის, რომ ყველა ამ პრობლემის მოგვარება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაშია. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მთელ ქართველ ერს ვერ დავრაზმავთ, სანამ მას თვალნათლივ არ ვაჩვენებთ ყოველივე იმას, რასაც ხედავს დღეს მხოლოდ ეროვნული მოძრაობა, სანამ თითოეული ქართველის შეგნებამდე არ დავა ის ცხადი ჭეშმარიტება, რომ არსებულ რეჟიმში განწირულია არა მხოლოდ ერი, არამედ ყოველი ადამიანის ინდივიდუალური არსებობა და კეთილდღეობა. სხვაგვარად ჩვენ ვერ შევქმნით მასობრივ, სტაბილურ, დინამიურ მოძრაობას, რომელიც საყოველთაო, ეროვნულ დაუმორჩილებლობაში გადაიზრდება.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა აქსიომაა მხოლოდ ჩვენთვის, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთათვის, მასებისათვის კი იგი ჯერაც თეორემაა, რომელსაც დამტკიცება სჭირდება (ეს არის უდიდესი მიღწევა კრემლის სამოცდაათწლიანი პრაქტიკისა და პროპაგანდისა). ამის დამტკიცების საუკეთესო გზა კი არის ეროვნული მოძრაობის ფართოდ გაშლა მასებში. ჩვენი ეროვნული და სოციალური წყლულების გაშიშვლება, ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება მათ შესახებ, ნათელყოფა იმისა, თუ რა მოაქვს საბჭოთა იმპერიალიზმს და ბიუროკრატიას საქართველოსთვის, ფაქტებით დასაბუთება იმისა, რომ მოსკოვს განზრახული აქვს არა მხოლოდ რუსიფიკაცია და დემოგრაფიული აბსორბირება ჩვენი ერისა, არამედ მისი ფიზიკური განადგურებაც: ეკოლოგიური გენოციდით, ნარკომანიით, სამხედრო ბეგარით და სხვა საშუალებებით. ყოველივე ამას კი მასების შეგნებამდე დავიყვანთ იმ შემთხვევაში, თუ გავაცნობთ მათ ჩვენი პროგრამა მინიმუმის დეტალებს, მემორანდუმის მოთხოვნებს და მათი შესრულებისათვის ბრძოლის გზებს, თუ ხალხის თანადგომით არ განვახორციელებთ ეროვნული ხსნისა და აღორძინების პროგრამას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროგრამა მაქსიმუმით, ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩვენ მარტონი დავრჩებით, ეს მოძრაობა საერთო-სახალხო მოძრაობად ვერ გადაიქცევა.

დღეს საბჭოთა იმპერიალიზმი გარდაქმნისა და საჯაროობის, ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის ნიღბით მოქმედებს. უკანასკნელ ხანს მან გაააქტიურა კოოპერაცია, ვაჭრობა-საქმოსნობას გაუხსნა ფართო გზა მასებში, რათა ამ გზით მეშჩანურ კეთილდღეობაში, ყოფით მატერიალიზმში და სპეკულაციაში ჩაითრიოს მასები და მოსწყვიტოს შეგნებულ პოლიტიკურ აქტივობას. ეს ჯერ კიდევ ლენინის ანდერძი იყო. ლენინი ურჩევდა კავკასიის ბოლშევიკებს, არ შეეზღუდათ წვრილბურჟუაზიული ტენდენციები კავკასიის ხალხებში, მიეცათ მათთვის ფართო საშუალება ვაჭრობა-საქმოსნობისა.

კავკასიის სოვეტიზაციის შემდგომაც იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აქ არ არის საჭირო რუსული შაბლონის გადმოტანა. ამ სფეროში აკრძალვა ვაჭრობისა, წვრილი მეწარმეობისა, ეს ყოველივე ეროვნულ პოლიტიკური, შორს მიმავალ მიზნებს ისახავდა, აქტივობის ჩაკვლისას და დღეს კვლავ განახლებულია ლენინის თანამედროვე მიმდევართა მიერ. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს ამ მუხანათური პოლიტიკის მხილებაც.

დღევანდელ პირობებში ჩვენი პროგრესული აგიტაცია და პროპაგანდა პატრიოტული, ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების ქადაგება, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისაკენ მოწოდება არ კმარა მასების გამოსაღვიძებლად და დასარაზმავად. ამის პარალელურად ჩვენ უნდა დავანახოთ ხალხს კონკრეტული შედეგები მოსკოვის ვერაგული და მავნე პოლიტიკისა, რომელიც გამოიხატება ქართველთა ეროვნულ დისკრიმინაციაში, უცხო ეროვნებათა პრივილეგირებაში, დემოგრაფიულ ექსპანსიონიზმში, ინდუსტრიულ გიგანტიზმში, ეკოლოგიურ მავნებლობაში, რომელსაც ცენტრი ყოველნაირად ხელს უწყობს საქართველოში, რათა მაქსიმალურად გაზარდოს არაქართული მოსახლეობის ხვედრითი წონა ჩვენს ტერიტორიაზე, გარდაუვალი გახადოს ამ გიგანტურ საწარმოთა ელექტრომომარაგებისათვის ასეთივე გიგანტური ჰესების მშენებლობა, რაც მომავალში საწინდარია ჩვენი ერის ნამდვილი გენოციდისა.

ბალტიისპირეთის, უკრაინისა და სომხეთის ერების გენოციდი, რომელსაც უთუოდ გეგმაზომიერი ხასიათი აქვს, ჩვენთვის უნდა იქცეს საგანგაშო სიგნალად, სამომავლო გაკვეთილად, ჩვენ უნდა ავუხსნათ ქართველ ხალხს, რომ მასაც იგივე მოელის, თუ მთელი საქართველო ერთ მუშტად არ შეიკრება და არ დაირაზმება კრემლის ამგვარი მავნებლობის წინააღმდეგ, თუ არ ჩაშლის ინდუსტრიული გიგანტიზმის და მსხვილი საწარმოო ობიექტების გაყიდვის შემდგომ გეგმას, თუ არ შეაჩერებს დემოგრაფიულ აგრესიას ჩვენი ერის წინააღმდეგ. ყოველივე ამის გაცნობიერების გარეშე მოსახლეობა არ იბრძოლებს საქართველოში ისეთი წყობილების დამყარებისათვის, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დაგეგმავს ჩვენს ეკონომიკას და არა იმპერიული ცენტრალური დაგეგმარების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც იქნება ჭეშმარიტი მხსნელი ერისა. აი, რაოდენ ურთიერთგადაჯაჭვულია ეროვნული ხსნის მოძრაობა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან! ერთი არ არსებობს მეორის გარეშე, ვინაიდან ეროვნული მოძრაობა ყველა ქვეყანაში მასობრივი ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ალღოს აუღებდა ხალხის ინტერესებს, გადაეჯაჭვებოდა სოციალურ-ეკონომიურ მოძრაობას, როდესაც ინტელიგენცია, არისტოკრატია და პლებსი შეერთდებოდა ერთი დიადი მიზნისათვის საბრძოლველად. ასე იყო იტალიაში, ირლანდიაში და ინდოეთში. ასევეა დღევანდელ ავღანეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში.

ამასთან, დროა გავაცნობიეროთ, რომ ეროვნული ხსნისათვის აუცილებელი ნაბიჯები გადადებას ვეღარ ითმენენ. ახლოვდება დემოგრაფიული კატასტროფა მიგრაციისა და იმმიგრაციის გზით, ბიუროკრატიული აპარატის კორუფცია და ცრუ ინტერნაციონალიზმი აჩქარებს ამ პროცესს, დაგეგმილია გიგანტური წყალსაცავები, რომელთა აგებაც გენოციდის საწინდარია თანამედროვე გაზრდილი სეისმური აქტივობის პირობებში. თუ ხელისუფლებას უახლოეს ხანში არ გავაუქმებინეთ ეს მავნებლური პროექტები, არ შევაწყვეტინებთ ხელოვნურად გამოწვეულ მიგრაციას საქართველოდან და ასევე ხელოვნურ იმიგრაციას არაქართველი მოსახლეობისა საქართველოში, არ შემოვაღებინებთ სამხედრო ბეგარის გაუქმებას, არ შევუშლით ხელს ინდუსტრიულ გიგანტიზმს, არ ჩავშლით მსხვილი საწარმოო ობიექტების გაყიდვას, პრაქტიკულად არ განვახორციელებთ ქართული ენის სახელმწიფო პროგრამას, არ შევაწყვეტინებთ მოსკოვს ქართველთა ეროვნულ დისკრიმინაციას საქართველოში, მომავალში ქართველი ერი აღარ იარსებებს, ან იარსებებს როგორც ერთი მუჭა ეროვნული უმცირესობა თავის ყოფილ ტერიტორიაზე მრავალრიცხოვან „ინტერნაციონალურ“ კონგლომერატში და მაშინ აღარც არაფერი გვექნება გასათავისუფლებელი! ასე, რომ ეროვნული ხსნის მოძრაობისაგან განდგომა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩაშლაც არის.

დღეს პარტიები აყენებენ თეზისს თავიანთი რადიკალიზმის შესახებ. სიტყვა „რადიკალის“ პირველი ლათინური მნიშვნელობაა ძირეული, მყარი, საფუძვლიანი და არა ის, რაც დღეს ამ სიტყვამ შეიძინა. მე მოგაწოდებთ საზომს ჭეშმარიტი რადიკალიზმისას დღევანდელ პირობებში: ეს არის გონივრული და შედეგიანი ბრძოლა, რომელიც ამავე დროს ზიანს არ მოუტანს მოძრაობას, დარაზმავს ხალხის მასას ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისათვის.

 

დღესდღეობით ჩემის აზრით, ყველაზე მეტად რადიკალური იქნება ის პარტია ან ის ორგანიზაცია, რომელიც პრაქტიკულად განახორციელებს მუშათა მოძრაობის ორგანიზებას, თავისუფალი პროფკავშირების ჩამოყალიბებას, გასდებს ხიდს პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტებსა და მუშებს შორის, შექმნის მუშათა მოძრაობას, რომელიც შესძლებს პოლონური მოდელის გადმოტანას ჩვენს სინამდვილეში. რა იქნებოდა პოლონეთის „კორ“-ი, ან ახალგაზრდული ორგანიზაციები, მათ რომ არ ჩაებათ მუშათა კლასი თავიანთ მოძრაობაში? დღესდღეობით პოლონეთის პოლიტიკური მოძრაობა, ეკლესია და მუშათა მოძრაობა გაერთიანებულია, ერთი მიზნისათვის იბრძვის, ერთ მუშტად არის შეკრული ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ.

ჩვენში კი რა ხდება? ერთობა არ არსებობს თვით პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის, რომელთაც თითქოს ერთი მიზანი უნდა აერთებდეს. ყველას სურს ავტონომიური მოქმედება, ეკლესია პარალიზებულია, ინფილტრირებულია საბჭოთა ხელისუფლების მიერ, მას ფაქტობრივად ცენტრალური კომიტეტი მართავს, რის შედეგადაც იგი გამოთიშულია როგორც ეროვნული მოძრაობისაგან, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, მუშათა კლასი დაურაზმავია და დაშინებული, გლეხობა განზე დგას, არ არსებობს არავითარი რეალური კავშირი მასებსა და ეროვნულ მოძრაობას შორის, რომლის აუდიტორიაც არის ძირითადად სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობა. ამის გამო დღევანდელ პირობებში რადიკალიზმი უნდა ნიშნავდეს განდის და პოლონეთის გზით სიარულს, მასების მობილიზაციას საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობისათვის და არა გარიბალდის გზას. ის ეტაპი, როდესაც საჭირო გახდება გარიბალდისა და მოჯაჰედინების გზაზე დადგომა, ჩვენთვის ჯერ შორს არის. ნუ დავივიწყებთ, რომ ქვეყანას და ხალხს, სამოცდაათწლიანი სტალინისტური ქადაგებით მოწამლულს, უკიდურეს აპათიაში ჩავარდნილს, აპოლიტიკურს, ურელიგიოს და ზნეობრივად ინდიფერენტულს, ჯერ სჭირდება აღზრდა, პოლიტიკური გათვითცნობიერება, გამოფხიზლება, ეთიკური ჩვევების შემუშავება და შემდეგ ხანგრძლივი შემზადება ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისათვის, რომლის შესაძლებლობაც შესაბამისმა ისტორიულმა მომენტმა უნდა მოგვიტანოს. ყოველგვარი ნაადრევი მოქმედება ამ მიმართულებით კი დამღუპველი იქნება ეროვნული მოძრაობისათვის.

 

ერთი სიტყვით, მოცემულ ეტაპზე ჩვენთვის პირველ პლანზე უნდა იყოს ჩვენი „პროგრამა მინიმუმის“ პროპაგანდა და მისი განხორციელება, რის გარეშეც „პროგრამა მაქსიმუმზე“ ფიქრიც კი წარმოუდგენელია.

მოდით, ნუ დაგვეხვევა თავბრუ იმ მცირე წარმატებებისგან, რომელთაც მივაღწიეთ. გვახსოვდეს, რომ მთავარი საქმე ჯერაც არ დაგვიწყია, მოდით, კვლავ ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელოთ ის, რაც მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე. ცალ-ცალკე მოქმედება კი მხოლოდ დაგვაშორებს ამ მიზანს. ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ თავისუფლება მხოლოდ ბრძოლით როდი მოიპოვება, არამედ შრომითაც. შრომა, შრომა, თავაუღებელი შრომა, აი რა გვმართებს დღეს. მხოლოდ დროშების ფრიალით და ლოზუნგების სკანდირებით, თუნდაც მიტინგზე მშვენიერი სიტყვების წარმოთქმით, პასპორტების ან პარტიული მანდატების ხევით, ჩვენი უბედურების გლოვით, 26 მაისის ზეიმით, თავისუფლებას ვერ მოვოპოვებთ. ჩვენ უნდა ვიშრომოთ ერთობლივად, რათა ჩვენი მოძრაობა საერთო-სახალხო, საქმიან მოძრაობად გადაიქცს, რითაც ჩვენ უნდა ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა ზემოხსენებულ საფრთხეთაგან და მოვამზადოთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.

აუცილებელია აგრეთვე პოლიტიკური განათლების შეტანა მასებში, თანამედროვე პოლიტოლოგიისა და სოვეტოლოგიის იდეების პროპაგანდა, სოც. ბანაკის ეროვნულ და სოციალურ მოძრაობათა შესახებ (განსაკუთრებით პოლონეთის და ჩეხოსლოვაკიის მოძრაობის შესახებ) ფართოდ ინფორმირება მოსახლეობის ყველა ფენებისა. მხედველობაში მაქვს, როგორც სსრკ რესპუბლიკებში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესები. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ამ ერების გამოცდილება და მივუსადაგოთ იგი ჩვენს დღევანდელ ქართულ სინამდვილეს.

ჩვენ უნდა შევქმნათ კომისიები ყველა საჭირბოროტო ეროვნულ და სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით და უნდა ჩავიბაროთ ანგარიშები მათი მუშაობის შესახებ. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ამ გზით საქართველოს დღევანდელი საბჭოთა ხელისუფლების კონტროლი და კურირება ყველა სფეროში, მკაცრი კონტროლი ხელისუფლების ყველა ღონისძიებაზე, რათა ძირშივე აღმოვფხვრათ ყოველგვარი შესაძლებელი მავნებლობა ხელისუფლების მხრივ დემოგრაფიულ, ეკოლოგიურ თუ სხვა სფეროებში, ჩვენ უნდა დავაწესოთ კონტროლი მიგრაციასა და იმმიგრაციაზე, საქართველოს ინდუსტრიალიზაციაზე და აგრარულ პოლიტიკაზე, ჩვენი მიზანი უნდა იყოს აგრეთვე ეროვნული აღორძინების დაჩქარება ყველა სფეროში, ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პრაქტიკული განხორციელება, ახალი კონსტიტუციისათვის ბრძოლა და ა.შ.

ამ მიმართებით, ხელისუფლებაზე დაწოლის მიზნით, შეიძლება გამოყენება სახალხო ფრონტისა. თუ ამ ფრონტის პროგრამა იქნება გამოხატულება ყველაზე რადიკალური ეროვნული ძალების მიზნებისა და ამოცანებისა, თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს ფრონტის გამოყენებას მავნე მიზნებით, რაზედაც დაწესებული იქნება ფრონტში მყოფი პატრიოტების კონტროლი, თუ ფრონტში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ რადიკალებს, მაშინ შეიძლება დადებითი როლი ითამაშოს, ხოლო თუ ეს ყოველივე არ განხორციელდება, რადიკალები უნდა გამოვიდნენ სახალხო ფრონტიდან, გაემიჯნონ და ბრძოლა გამოუცხადონ მას, ვინაიდან იგი ერისათვის ზიანის მეტს არაფერს მოიტანს.

საინტერესოა მოსკოვის დამოკიდებულება საქართველოს სახალხო ფრონტთან. ნოემბრის შიმშილობის დღეებში მოსკოვმა აშკარად წაახალისა საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება, მხარი დაეჭირა სახალხო ფრონტის შექმნისათვის, რომელიც მას სჭირდებოდა მდგომარეობის განსამუხტავად, ხალხის ყურადღების ფრონტზე გადასატანად და შიმშილობის აქციის ჩასაშლელად. მაგრამ შემდეგში, როგორც სჩანს, მოსკოვი შეაშინა რადიკალების შესვლამ საქართველოს სახალხო ფრონტში და ახლა გადაწყვიტა ხელი შეუშალოს მათ მიერ ფრონტის ხელში ჩაგდებას. ინგლისში გამომავალ ჟურნალ „აღმოსავლეთ ევროპაში“ დაბეჭდილი პასკვილი საქართველოს სახალხო ფრონტში დისიდენტების მონაწილეობის შესახებ ამ მიზნით უნდა იყოს ინსპირირებული მოსკოვის მიერ (ცნობილია, რომ ამ ჟურნალის მუშაობაში ფარულად ურევს ხელს შევარდნაძისეული „მიდი“ და „კაგებე“, ხოლო ინგლისში მოქმედებს სუკ-ის ფართო ქსელი). ამით სურთ ქართველ დისიდენტებს დააბრალონ კოლაბორაციონიზმი და ამით დააფრთხონ სახალხო ფრონტიდან, რათა შემდეგში თავად ჩაიგდონ ფრონტი ხელში და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ (ძნელი წარმოსადგენია, ინგლისში იცოდნენ ისეთი ნიუანსები საქართველოს დისიდენტებზე, რომელიც ჩანს ამ წერილში, აშკარაა, რომ მასალა მოსკოვიდან არის მოწოდებული, მით უმეტეს, რომ სტატია ანონიმურია).

რაც შეეხება დიალოგს, მთავარია ჩვენ არ წავიდეთ მტერთან არავითარ კომპრომისებზე, ხოლო როდესაც მტერი თავად მიდის კომპრომისზე, მას უნდა შევუწყოთ ამაში ხელი. ამ გზით განხორციელდება ხელისუფლების ინფილტრაცია და მისი ამ გზით ეროვნული ძალების ნებისადმი დაქვემდებარება. ეს ყოველივე ამავე დროს საწყისი ფაზაა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, რომელიც მომავალში განვითარდება და სახეს იცვლის იმპერიაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შესაბამისად.

მაგრამ ამასთან ნუ მივეცემით ილუზიებს. საქართველოში ჯერაც მყარად არსებობს კომუნისტური ხელისუფლება და მას მონოპოლიზებული აქვს როგორც სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიური სფერო, ასევე პროპაგანდისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ეს ხელისუფლება კვლავინდებურად ტოტალიტარულია და რესპრესიული, მიუხედავად ე.წ. „გარდაქმნისა და დემოკრატიზაციის“ ნიღბისა, მისი დამხობა კი იმპერიის დღევანდელი სამხედრო-პოლიტიკური ძლიერების პირობებში ჯერჯერობით უტოპიაა. რაც შეეხება ზემოხსენებულ პროცესს ხელისუფლების ინფილტრირებისას, ეროვნულ ძალთა ნებისადმი მისი დაქვემდებარებისას და ამრიგად მისი რეალური და არა ილუზირებული გარდაქმნისა, ასეთი რამ უფრო შესაძლებელია, როგორც ამას ცხადყოფს ბალტიისპირეთის გამოცდილება. მეოცე საუკუნის იმპერიულ რეჟიმებთან ბრძოლის გამოცხადებაც ცხადყოფს, რომ ახალ დროში ე.წ. „მცოცავი რევოლუციები“ უფრო დიდ შედეგებს იძლევიან (მაგ. ინდოეთსა და პოლონეთში), ვიდრე უეცარი, „აფეთქებითი“ „ბლიცკრიგის“ მსგავსი რევოლუციები, რომელთა მარცხი გვახსოვს ახლო წარსულში (მაგალითად უნგრეთში). პოლიტიკური რომანტიზმი დღეს ვერ გაიმარჯვებს, დღეს საჭიროა უკიდურესი რეალიზმი და პრაქტიკული ალღო პოლიტიკაში, რადიკალიზმთან ერთად.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან საქმიან დიალოგს ძალის პოზიციიდან, იგი პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა იმ შემთხვევაში, თუ იგი პრინციპულია და უკომპრომისო. დიალოგის, როგორც ბრძოლის საშუალების ეფექტიანობა დაადასტურა ისევ განდის, „სოლიდარობის“ გამოცდილებამ. დიალოგი არის იმავე დროს გზა ორხელისუფლებიანობისაკენ, რომელიც აუცილებელი გარდამავალი ეტაპია ხელისუფლების ინფილტრაციისაკენ და საბოლოოდ, პარლამენტური გზით, დემოკრატიული არჩევნების გზით, ახალი ეროვნული ხელისუფლების შექმნისაკენ. ცხადია, დიალოგი სხვაა და კაპიტულაცია ან კომპრომისული, ამორალური გარიგება სხვაა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ჯერ არ მომხდარა არც ერთი ომი, სადაც არ ყოფილიყო მხარეებს შორის მოლაპარაკება. ასეთი მოლაპარაკებით კი გონიერი მოწინააღმდეგე ზოგჯერ მეტს აღწევს, ვიდრე ძალის გამოყენებით. როგორც მაგალითად ლეხ ვალენსამ მიაღწია იარუზელსკის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით.

მაგრამ ყოველივე ზემოთქმული არ მიიღწევა, სანამ ხელისუფლება არ დაინახავს სერიოზულ საფრთხეს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციისას, სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვისას, სანამ არ დაკარგავს იმედს პროპაგანდისტული კამპანიებით და რეპრესიებით მოძრაობის ჩახშობისას და მდგომარეობის სათავისოდ გამოსწორებისას. ყოველივე ეს კი დადგება მაშინ, როდესაც ჩვენ შევძლებთ ფართო მასების ამოძრავებას, ავამაღლებთ მათ პოლიტიკურ ცნობიერებას, ცხადვყოფთ, რომ ეროვნული ხსნისათვის, ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია დღევანდელი რეჟიმის პირობებში. ყოველივე ეს კი წარმოუდგენელია მასების ინფორმირების გარეშე, მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის გარეშე, დაუმორჩილებლობის გარეშე, მრავალათასიანი ტირაჟის მქონე პრესის გარეშე, აი რა მიმართულებით უნდა წარვმართოთ ჩვენი მუშაობა და ჩვენი სახსრები.

ყოველივე ზემოთქმულის გამო, ცენტრიდანულ, დამშლელ ძალებს, განხეთქილების ძალებს დავუპირისპიროთ ცენტრისკენული, გამაერთიანებელი ძალისხმევა, შევქმნათ მთელი ეროვნული მოძრაობის გამაერთიანებელი საკოორდინაციო ცენტრი ან კომიტეტი, სათათბირო, რომელშიც გაერთიანდება ყველა პრინციპული, ნამდვილად ეროვნული გაერთიანებანი. ცენტრი ან სათათბირო შეიკრიბოს ხოლმე საჭიროებისამებრ და გადაწყვიტოს პარიტეტულ და დემოკრატიულ საწყისებზე ჩვენი მოძრაობის გეზი და პერსპექტივა, ერთობლივად დაგეგმოს დიდი მასშტაბის აქციები, იმსჯელოს მათ საჭიროებაზე. მოკლედ, ვიბრძოლოთ ჩვენი მოძრაობის გაერთიანებისა და კოორდინირებისათვის. დავგმოთ ყოველგვარი პარტიული ეგოიზმი, პარტიკულარიზმი, განსაკუთრებულობის და ელიტარულობის პრეტენზიები, თვითგანდიდება და თვითკმაყოფილება. მხოლოდ ამრიგად მივაღწევთ საბოლოო მიზანს, წინააღმდეგ შემთხვევაში გველის დაქსაქსვა და დაუძლურება.

1989 წელი. ივნისი.

P.S. ამ დროს უკვე მოქმედებდა ეროვნული ხსნის კომიტეტი, მაგრამ მრავალმა ყურად არ იღო ასეთი მოწოდებები, რის შედეგადაც ეს კომიტეტი მალე დაიშალა. სამაგიეროდ მალე შეიქმნა „მრგვალი მაგიდა“, რომელმაც გააერთიანა ყველა ჭეშმარიტი ორგანიზაცია და რეალობად აქცია ის პრინციპები, რაც ამ წერილში თეორიულად არ ჩამოყალიბებულა.

წარმოდგენილი წერილი საბჭოურ პერიოდში ვრცელდებოდა მხოლოდ თვითგამოცემაში, იგი დღეს პირველად ქვეყნდება, გასაგები მიზეზების გამო.

(რედ. შენიშვნა)

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№124-125 (145), გვ. 1, 28 ივნისი, 1991 წ.].

 

 

მიმართვა

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს,

ბატონ ფრანსუა მიტერანს

ბატონო პრეზიდენტო!

1921 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველო ოკუპირებულ იქნა საბჭოთა რუსეთის მიერ, ქართულმა მთავრობამ თავშესაფარად საფრანგეთი აირჩია, რომელმაც თავის მხრივ მას ფართოდ გაუღო საკუთარი გული და კარი.

1922 წელს საქართველოს მთავრობამ შეიძინა პატარა მამული ლევილში (სენისა და უაზის დეპარტამენტი), პარიზთან ახლოს, სადაც აგრეთვე მდებარეობს ქართული სასაფლაო, ლევილის მუნიციპალური სასაფლაოს გვერდით, და იქ ამჟამად განისვენებენ ქართველთა ნეშტები.

დღეს, როდესაც საქართველო იბრძვის თავისუფლებისათვის და არჩეული ვარ პრეზიდენტად, მე გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, გამოიჩინოთ კეთილმოსურნეობა და დაიცვათ მამულის ტერიტორიული მთლიანობა და ხელშეუხებლობა, როგორც ქართველთა ისტორიული ნავსაყუდელისა საფრანგეთში. იგი მომავალში ჩვენი ერების დაახლოების კერა უნდა გახდეს.

მივესალმები საფრანგეთს და მის მარადჟამ სტუმართმოყვარე მიწა-წყალს. გამოვთქვამ იმედს, რომ ის კვლავაც დაუჭერს მხარს ჩვენი ორი ხალხის მეგობრობას და კავშირს.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია

თბილისი, 1991 წლის 26 ივნისი

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№126 (146), გვ.1, 29 ივნისი, 1991 წ.].

 

 

„ექვს თვეში შეუძლებელია სისტემის მთლიანად შეცვლა“

ინტერვიუ გაზეთ „ტრუდს“

მრავალი გამოცემა, მათ შორის გაზ. „ტრუდი“ რეგულარულად აქვეყნებს კორესპონდენციებს საქართველოს დღევანდელი რთული სიტუაციის შესახებ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჩნდება სხვადასხვა ტონით დაწერილი მასალები, მათ შორის ისეთები, რომლებშიც მწვავედ აკრიტიკებენ ამ რესპუბლიკის ლიდერს, მისი დღევანდელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტს.

მერედა თვითონ ზვიად გამსახურდია როგორ ხსნის თავის პოზიციას, თავისი მოქმედებების ლოგიკას! „ტრუდის“ მკითხველებს ვთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც სპეციალურად მისცა მან ჩვენს გაზეთს. საუბარი იბეჭდება ყოველგვარი შესწორების გარეშე. წაიკითხეთ, შეაფასეთ, თავად გამოიტანეთ დასკვნები.

სავიზიტო ბარათი: ზ. გამსახურდია დაიბადა 1939 წელს, დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მისი მეცნიერული ინტერესების სფეროა ქართული კულტურის, რუსთაველოლოგიის, საზღვარგარეთის ლიტერატურისა და მითოლოგიის პრობლემები. იგი მრავალი მონოგრაფიისა და მეცნიერული შრომის ავტორია. გამოქვეყნებული აქვს ლექსების, ესეების, იგავებისა და ლიტერატურული ნარკვევების კრებულები, ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო 1950-იან წლებში. 17 წლის ჭაბუკი დააპატიმრეს. მიუხედავად ამისა, განაგრძობდა ინტენსიურ პოლიტიკურ საქმიანობას. ზ. გამსახურდია საქართველოს ჰელსინკის კავშირის დამაარსებელი და უცვლელი თავმჯდომარეა. არის პოლიტიკური ბლოკის „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ სპიკერი. 1956-1957 და 1977-1979 წლებში რეპრესირებული იყო. სასჯელს იხდიდა მოსკოვისა და თბილისის საპყრობილეებში. გადასახლებული იყო კასპიისპირეთში.

შარშან ნოემბერში აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, წლეულს აპრილში გამართულ უზენაესი საბჭოს სესიაზე - რესპუბლიკის პრეზიდენტად. მიმდინარე წლის მაისში გამართულ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ისტორიაში პირდაპირი ფარული კენჭისყრით არჩეული პირველი პრეზიდენტი გახდა.

ცოლიანია და ჰყავს სამი შვილი.

- ბატონო ზვიად, როგორ აფასებთ საქართველოს დღევანდელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას?

- არის როგორც საშინაო, ისე საგარეო ხასიათის სიძნელეები. მაგრამ ყოველივე ეს ძირმომპალი კომუნისტური რეჟიმის მემკვიდრეობა გახლავთ, რომელმაც ბოლო წლებში გახრწნა საზოგადოება, კრახის პირას მიიყვანა რესპუბლიკის ეკონომიკაც და საზოგადოებრივი ცხოვრებაც. განსაკუთრებით განვითარდა დამნაშავეობა, რომელსაც, გრძნობდა რა აღსასრულს საქართველოში, ეს რეჟიმი, ვფიქრობ, შეგნებულად ახალისებდა და აკანონებდა კიდეც...

ახლა ჩვენში კატასტროფული ვითარებაა ამ თვალსაზრისით. ეს ახლა სოციალური უბედურებაა, რომელიც პოლიტიკურ საშიშროებადაც გადაიზრდება. აი, მთავარი, რაც მაშფოთებს.

ამ დროს კი რუსი დემოკრატები კვლავ გვახელებენ და ამტკიცებენ, თითქოს ჩვენ ვაპატიმრებდეთ პოლიტიკურ ოპოზიციონერებს, მაშინ, როცა ვაკავებთ დამნაშავეებს, საკმარისია გავაუვნებლოთ რომელიმე ბანდა, რომ აქედან, თბილისიდან სხვადასხვა გამოცემაში უმალ იგზავნება ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა დაზარალდა რომელიღაც პოლიტიკური ორგანიზაცია. სხვათა შორის, დანაშაულებრივი სამყარო ახლა მოხერხებულად არის ამოფარებული სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებას, ამიტომაც მათთან ბრძოლა ძნელია. აი, რა ართულებს ჩვენს საშინაო პოლიტიკურ ვითარებას. გარდა ამისა, ხელოვნურ კონფლიქტებს ქმნიან ყოფილ სამხრეთ ოსეთში. ლტოლვილთა პრობლემა ასევე მწვავედ დგას - მათმა რიცხვა უკვე 10 ათასს მიაღწია და არ ვიცით, რა მოვუხერხოთ. ისინიც უმართავი ადამიანები არიან, აღგზნებულები, ყველაფერი დაკარგეს... ესეც ცენტრის პოლიტიკის მიზეზით ხდება, რომელსაც სურს აქ სიტუაციის დესტაბილიზაცია, ჩვენი მდგომარეობის შერყევა. ამას ემატება პირდაპირი, აშკარა ბლოკადა. სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით ბარტერული გარიგებანიც კი იფუშება. ჩვენ ვგზავნით საქონელს, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აკავებს საქონელს, რომელიც სანაცვლოდ გვეგზავნება. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სურთ საქართველო მოაშთონ პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. ასე რომ, მძიმე მდგომარეობა გვაქვს.

- ზოგიერთი თქვენი ოპონენტი, მაგალითად, ადგილობრივი სოციალ-დემოკრატები გვსაყვედურობენ, - რადიკალური რეფორმები ეკონომიკაში ყოვნდებაო. წინასაარჩევნო ბრძოლის დროს აქა-იქ გაისმა, რაც ახლა საქართველოში ხდება, ნეოსოციალიზმიაო. ეკონომიკის მართვაზე თუ ვილაპარაკებთ, იგი, როგორც თქვენს ოპონენტებს ჰგონიათ, ცენტრალიზებული რჩება. რა რეფორმები და კანონპროექტები მზადდება ამ დარგში?

- უწინარეს ყოვლისა, პრივატიზაციის კანონი. ძალზე მალე, ვიმედოვნებ, მივიღებთ მიწის კანონს. დაკანონდება მისი პრივატიზაცია, და ოპონენტებსაც გაუქრებათ კოზირები“... საერთოდ კი უნდა გითხრათ, რომ ესენი ოპონენტები კი არა, პროვოკატორები არიან. თავის დროზე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ჩვენში შექმნა სოციალ-დემოკრატთა ფსევდო-პარტია. მათ ყველა შესანიშნავად იცნობს. ასე რომ, მათი აზრები აქ მოსატანი არ არის. იცით, რით სარგებლობენ? ექვს თვეში შეუძლებელია მთლიანად შეცვალო სისტემა, რომელიც 70 წელზე მეტია არსებობს. აქედან ჩანს, რომ ისინი ბოროტი განზრახვით ამახინჯებენ ფაქტებს. განა ასე შეიძლება? სინამდვილეში ისინი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის აგენტები არიან. ეს იგივე კომპარტიაა, მხოლოდ სახელი შეიცვალა.

- როცა შარშან ნოემბერში პოლიტიკური ძალების ბლოკი თქვენი ხელმძღვანელობით ხელისუფლების სათავეში მოვიდა, თქვენ გამოაცხადეთ გარდამავალი პერიოდი საქართველოს სუვერენიტეტის გზაზე. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირში შექმნილ ესოდენ არასტაბილურ და გაუთვალისწინებელ ვითარებაში ძნელია რაიმეს განჭვრეტა. და მაინც, თქვენი აზრით, როდის შეიქმნება საქართველოს სრული პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის საფუძველი?

- მხოლოდ მას შემდეგ, როცა საქართველო გავა სსრ კავშირის შემადგენლობიდან, გახდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. მანამდე სრულყოფილი ეკონომიკური რეფორმაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან სოციალისტური სისტემა ძალმომრეობით, ეკონომიკურადაც, ერთი სიტყვით, ყოველმხრივ გვაფერხებს.

- ნება მიბოძეთ, დაგისვათ საფირმო კითხვა. არის აზრი, რომ საქართველოს დამოუკიდებელ პროფკავშირთა კონფედერაციაში, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა, თავიდანვე არ ასრულებენ პროფესიული კავშირების მთავარ ფუნქციას, რაც გულისხმობს მშრომელთა ინტერესების დაცვას. თქვენი აზრით, რა როლი აკისრიათ პროფკავშირებს დღეს?

- ჩვენთან, სამწუხაროდ, ამ დარგში ვერ მოგვარდა მუშაობა. კონფედერაციაში მეტად ძლიერი შინაბრძოლაა. ვერც საქმეა მაინცდამაინც ისე კარგად აწყობილი, როგორც გვინდოდა. გვსურს ვიხილოთ მთლიანად თავისუფალი პროფკავშირები, რომლებიც დაიცავენ მშრომელთა ინტერესებს. კონფედერაციაში პირად ამბიციებს არიან აყოლილები. პირადი ინტერესები ეჯახება ერთმანეთს, ამიტომ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, საქებარ სიტყვას ვერ შევაწევ ჩვენს პროფკავშირებს, მაგრამ ძალზე ვცდილობ მივაღწიო, რომ გვქონდეს ისეთი პროფკავშირები, როგორიც არის ამერიკის შრომის ფედერაცია და საწარმოო პროფკავშირების კონგრესი, ან პოლონეთის „სოლიდარობა“.

- ყმაწვილკაცობიდან ცნობილი ხართ, როგორც სამართალდამცველი. ახლა კი გაგიჩნდათ ახალი, მშვიდობისმყოფელური ამპლუა: იცით, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ჯერ კიდევ მშვიდობიანი მოლაპარაკების დაწყებამდე ერთმანეთს კონტრპირობებს უყენებენ, თქვენ კი მაინც შუამავლობას სთავაზობთ. რას ეფუძნება მეზობლებს შორის მრავალწლიანი კონფლიქტის მოწესრიგების თქვენეული გზა?

- საქართველო ტრადიციულად ყოველთვის კისრულობდა აზერბაიჯანელთა და სომეხთა შემრიგებლის როლს. თქვენ უთუოდ იცით კავკასიაში მეფის რუსეთის ბატონობის ნაცადი მეთოდი - მეზობელ ხალხებს შორის ნიადაგ შუღლის გაღვივება. მინდა ჩავაგონო ლევონ ტერ-პეტროსიანს და აიაზ მუთალიბოვს, რომ კონფლიქტი მათ თავს მოახვიეს გარედან, რომ ეს არც ბუნებრივი და მით უმეტეს, არც კავკასიური მოვლენაა. შუღლი იმპერიამ დანერგა. მაგალითად, 1905 წელს თბილისში სომეხ-აზერბაიჯანელთა საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოეწყო, რომელიც შეაჩერეს ქართველებმა და შეარიგეს საუკუნეობრივი მეზობლები. ჰოდა, მეც ვისწრაფვი ავაღორძინო ჩვენი ტრადიციული როლი. დღეს არ მინდა, კაცმა რომ თქვას, არც შემიძლია ყველაფერი ვთქვა, მაგრამ კრემლმა რამდენიმე ეფექტიანი ღონისძიება განახორციელა ამიერკავკასიის რესპუბლიკების ხელმძღვანელთა ნავარაუდევი შეხვედრის ჩასაფუშად. ასე რომ, უკვე თითქმის შეუძლებელია ჩემი განზრახვის აღსრულება.

- მიუხედავად ამისა, ვემხრობი თქვენს ინიციატივას და შეგახსენებთ, რომ 1922 წლის პირველ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის ფედერაციის მონაწილეებმა. რამდენად რეალურია უახლოეს მომავალში „საერთო კავკასიური სახლის“ აშენება, როცა ახლა სამივე რესპუბლიკა ესწრაფვის თავისებურად გაგებულ დამოუკიდებლობას?

- სანამ იმპერიის შემადგენლობაში ვიმყოფებით, შეუძლებელია ამ ჯანსაღი იდეის ხორცშესხმა. თუ კავკასია მთლიანად არ გამოეყო იმპერიას, მეზობელ რესპუბლიკებს შორის არანაირი ოპოზიციური პროცესი არ დაიწყება. ამიტომ აქ ჩვენ ყველას ნიადაგ დაგვემუქრება მოვლენათა „ლიბანიზაცია“. ძალზე ძლიერ იმპერიას რეგიონში თავისი მთავარი მიზნები აქვს. მისი მეთოდები კი იმდენად დახვეწილია, რომ იგი წაახალისებს ამიერკავკასიის ლიბანიზაციას და ბოლოს და ბოლოს მიაღწევს თავისას.

- ერთ-ერთი ჩვენთაგანი, რომელმაც ნახევარი ცხოვრება თბილისში გაატარა, ვერაფრით გარკვეულა პარადოქსულ სიტუაციაში: როგორ მოხდა, რომ გასულ გაზაფხულზე პრაღაში გამართულ დისიდენტთა მსოფლიო ფორუმზე მიიღეს რეზოლუცია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფალნი ყველა ნაციონალური უმცირესობის მტრები არიან და აპირებენ მათ გასახლებას რესპუბლიკიდან, ცოტა მოგვიანებით კი არაქართული მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგიჭირათ პრეზიდენტის არჩევნებში.

- კვლავ ცენტრისა და მოღალატეთა ყოვლისშემძლე ხელი, რომლებიც აქ კრემლმა მოისყიდა. ისინი პრაღაში დისიდენტებად წარდგნენ. არიან ისეთებიც, რომლებმაც მოატყუეს ნამდვილი დისიდენტები, ემიგრანტები სსრ კავშირიდან. ამიტომაც ვამბობ, რომ რუს დემოკრატთა შორის ძალიან ბევრი შოვინისტურად არის განწყობილი საქართველოსადმი. ისე, ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ჰაველმა რეზოლუციას ხელი არ მოაწერა, რადგან შესანიშნავად იცის კრემლის ეს სიყალბე.

- კაცმა რომ თქვას, ცენტრალურ პრესაში ყველაზე მწვავედ აკრიტიკებენ თქვენს ეროვნულ პოლიტიკას, როგორ ხსნით ამას?

- კრემლს სწორედ ეს გეზი აქვს აღებული ჩვენს მიმართ: დეზინფორმაცია, ცილისწამება, კომუნისტური სიცრუე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყოვლისშემძლეა. შემდეგ კი ეს ყოველივე ვრცელდება დასავლეთში. სხვათა შორის, რეფერენდუმის შედეგებიც კი არსად არ არის ნახსენები. არადა მოსახლეობის 98%, მათ შორის არაქართველთა უმრავლესობა მხარს უჭერს დამოუკიდებლობას. მათ აგრეთვე მომცეს ხმა პრეზიდენტის არჩევნებში. ყველაფერ ამას მალავენ და იმავდროულად ავრცელებენ სიცრუეს, თითქოსდა ყველა არაქართველს ვასახლებდე საქართველოდან და ლამის გენოციდს ვუწყობდე აქ მცხოვრებ ყველა ეროვნებას. მაგრამ ფაქტები? სად არის ფაქტები? არსად. არის ასეთი ოხუნჯობა: ნაპოლეონი გაცოცხლებულა და გაზეთი „პრავდა“ რომ წაუკითხავს, უთქვამს: „ასეთი გაზეთი რომ მქონოდა, მსოფლიო ვერ შეიტყობდა ვატერლოოსთან ჩემი დამარცხების ამბავსო“.

- თქვენ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეთ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში: 3 600 ათასი ამომრჩევლიდან ხმა მოგცათ 2 500 ათასზე მეტმა კაცმა. დიდი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებშიც კი ასეთი შედეგები იშვიათია. ამავე დროს ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი იმათგანი, ვინც არ მონაწილეობდა არჩევნებში, ინდიფერენტულია პოლიტიკისადმი, სხვები - სხვაგვარად მოაზროვნეებს განეკუთვნებიან. მაშ ასე: ხომ არ ყოფილა აქ უბრალოდ შიშიც? თქვენ სიჭაბუკიდან სხვაგვარად მოაზროვნე იყავით და იცით, რომ ხელისუფალნი ყოველთვის დევნიდნენ ასეთ ადამიანებს. ახლა ბევრს ებადება კითხვა: ხომ არ განაგრძობს ახალი პრეზიდენტი ამ „ტრადიციას“ და ხომ არ დაუწყებს დევნას ახალი მოწვევის დისიდენტებს?

და კიდევ ასეთი კითხვა: როგორ გესახებათ საქართველოში საზოგადოების შემდგომი კონსოლიდაციის გზები?

- საერთოდ უნდა გითხრათ, არჩევნების შედეგები ცხადყოფს, თუ რაოდენ ძლიერად არის შეკავშირებული საზოგადოება. მხოლოდ ათი პროცენტია ინდიფერენტული ან სხვა ორიენტაციის მქონე. მოსახლეობის 90% კი, და არა მარტო ქართველები, გაერთიანებულნი არიან ერთი იდეით, მეტი რაღა გინდათ! უნდა ვიბრძოლოთ კონსოლიდაციის შენარჩუნებისათვის და ვიბრძოლებთ კიდეც. რაც შეეხება დევნას - ვინ უნდა ვდევნოთ? ოპოზიციას არანაირი პოლიტიკური ძალა არა აქვს. მას ნულოვანი მხარდაჭერა აქვს. ჩვენი ეგრეთწოდებული ოპოზიცია პოლიტიკური მძორია, რომელიც არავისთვის არავითარი საშიშროება არ არის. რატომ უნდა ვებრძოლოთ მათ? პირიქით, მათი შენარჩუნება მინდა, მერე რომ არა თქვან, ოპოზიცია მოსპოო. ჩემთვის აჯობებს კიდეც, თუ იგი არსებობს.

- ოპოზიციას ალბათ შეუძლია ხელი შეუწყოს შეცდომების თავიდან აცილებას?

- დიახ, რა თქმა უნდა. მათი ლანძღვა-გინება, ნეგატიური გამონათქვამები გვეხმარება კიდეც, გვაფხიზლებს, რაღაც სტიმულს გვაძლევს. ასე, რომ აბსოლუტურად არავის არ გვეშინია.

- გვინდა დაგისვათ კითხვა თქვენ, როგორც ადამიანს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო საქართველოში პირველი თვითგამოცემითი გაზეთებისა და ჟურნალების რედაქტორ-გამომცემელი: დრო და დრო პრესას უტევთ, დაჟინებით უწოდებთ ჩვენს კოლეგებს „კრემლის აგენტებს“ ან სუკის, ან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ნაცვლებს... თქვენ ყველა ჟურნალისტზე გაქვთ დოსიე?

- გააჩნია, ვინ გყავთ მხედველობაში... განა ის, ვინც შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს საქართველოზე, კრემლის აგენტი არ არის?

- როგორ განასხვავებთ „კრემლის აგენტებს“ სუკის ან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტისაგან?

- ცენტრალური სადაზვერვო სამსახური არ მიხსენებია. კრემლის აგენტები ჩვენში არიან. კრემლი ძალზე ძლიერი ორგანიზაციაა, მას ჰყავს თავისი აგენტები და ეს არც არის გასაკვირი. იმას, ვინც ადგას უსირცხვილო სიცრუესა და ფალსიფიკაციის კრემლისეულ გეზს, სწორედ კრემლის აგენტებს ვუწოდებ.

- არიან თქვენს თანამებრძოლთა შორის ისეთები, რომლებიც გაგიდგნენ?

- სამწუხაროდ, ასეთები არიან. არიან მოღალატეებიც. რა დასამალია, ისეთებიც, ვინც გარეულია კორუფციაში, ვინც უღალატა ჩვენს მოძრაობას. ყველა მოძრაობას ჰყავს მოღალატე და ამაშიც არაფერია სენსაციური.

- რა პრინციპით იწვევთ ადამიანებს „გუნდში“, ნიშნავთ თანამდებობაზე ან ათავისუფლებთ?

- უწინარეს ყოვლისა, საყოველთაო ეროვნული საქმისადმი ერთგულების პრინციპით. მთავარია აგრეთვე პატიოსნება, შეუბღალავი წარსული და აწმყო.

- ბევრმა არ იცის, მეტადრე საქართველოს გარეთ, რომ ქალბატონი მანანა არა მარტო თქვენი მეუღლე, არამედ თქვენი დიდი ხნის თანამებრძოლი, საქართველოს ეროვნული მოძრაობის აქტივისტია. როგორ გგონიათ, დღეს იგი ნანობს, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეა? თუმცა საქართველოს პირველი ქალბატონის როლი ალბათ ყველა ქალისათვის სასიამოვნო უნდა იყოს.

- დიახ, რა თქმა უნდა. რა დასამალია, რომ მას ძალზე უჭირს. ქალის საქმე არ არის ბრძოლა. სამწუხაროდ, საქართველო ისტორიულად ყოველთვის ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ქალებიც იბრძოდნენ - ასეთია ჩვენი ხვედრი.

- ბატონო ზვიად, თქვენ ქართული ლიტერატურის კლასიკოსის ვაჟი ბრძანდებით. რა ზნეობრივი და ადამიანური პრინციპებით ხელმძღვანელობთ, როცა საქართველოს ლიდერი გახდით, კერძოდ, მამის რომელ ფრაზას იხსენებთ უფრო ხშირად?

- უწინარეს ყოვლისა იმას, რომ ადამიანი უნდა ემსახურებოდეს სულიერ საწყისს, მსხვერპლად სწირავდეს თავს იდეას. ეს აზრი ლაიტმოტივად გასდევს „დიდოსტატის მარჯვენას“.

- თქვენი პირადი თვისებებიდან რომელი მოგწონთ თქვენ, და რომლისგან გინდათ განთავისუფლდეთ?

- იცით, ჯერ ვერავინ მოახერხა შეუცდომლად გაევლო გზა ცხოვრებისა, ასევე მეც ვუშვებ მათ. არ მიყვარს საკუთარი თავის აფიშირება. ერთადერთი და მთავარი „პლუსი“ ის მაქვს, რომ ჩემი ხალხისათვის არ მიღალატია. შეცდომები კი საკმარისზე მეტი დავუშვი.

- თქვენი პირადი მეგობარი, ჩეხეთ-სლოვაკეთის პრეზიდენტი, დიდი ხანი არ არის, რაც გახდა ადგილობრივი ტელევიზიის სადისკუსიო გადაცემის წამყვანი. თქვენ, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს, პოეტს და ბელეტრისტს არ გსურთ გქონდეთ ასეთი მომიჯნავე პროფესია პრეზიდენტის მოვალეობათა შესრულებასთან ერთად, მით უმეტეს, რომ საქართველოს ტელევიზიაში შემოგთავაზეს გაძღოლოდით პროგრამას „პრეზიდენტის საათი?

- დიახ, თანახმა ვარ, მაგრამ თუ საამისო დრო მექნება. ძალზე გადატვირთული მაქვს სამუშაო დღე. ჰაველისათვის ეს უფრო ადვილია, იმიტომ რომ კრემლი იქიდან თავისით მიდის. იქ კი უკვე მშვიდობაა.

- წარმოვიდგინოთ, რომ გაგიჩნდათ სახელმწიფო საქმეებისაგან სრულიად თავისუფალი ერთი საათი. რითი ამჯობინებდით მის შევსებას?

- თავისუფალ დროს ყოველთვის რელიგიას ვანდომებ, იმიტომ რომ მორწმუნე ვარ და რეგულარულად დავდივარ ეკლესიაში.

- უმაღლესი დონის შეხვედრების როგორი პერსპექტივები გაქვთ, როგორც კრემლში, ისე თეთრ სახლში?

- იცით, ჯერჯერობით ვერა და ვერ მოვრიგებულვართ სსრ კავშირის პრეზიდენტთან შეხვედრის ფორმასა და ადგილზე, მასთან მოლაპარაკების შინაარსზე, მაგრამ ეს შეხვედრები მაინც გაიმართება უახლოეს მომავალში. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას, პრეზიდენტ ბუშთან საუბარი ალბათ შემოდგომაზე გაიმართება.

- ვინ მიგაჩნიათ პოლიტიკური მოღვაწის იდეალად?

- შარლ დე გოლი.

გაზეთი „ტრუდი“. 1991. - 27 ივნისი.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№129 (149), გვ. 1, 3 ივლისი, 1991 წ.].

 

 

ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის ივნისის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:

 

[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“,  №6 [611], თბ. ივნისი, 1991 წ.].