სარჩევი

თვე იგი მეოთხე - 1991 წ. იანვარი:

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა ტელევიზიით

- სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს

- 1991 წლის იანვრის თვეში მიღებული სამართლებრივი აქტები

 

 

თვე იგი მეოთხე - 1991 წ. იანვარი

ამ თვეში, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული მასალების ზოგადი სურათი ასეთია:

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის

ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა ტელევიზიით

გამარჯობათ, მეგობრებო!

ჩემი დღევანდელი მიმართვა თქვენდამი არ იქნება ტრადიციული საახალწლო მიმართვა, ზოგადი საუბრები პატრიოტიზმზე, კეთილი სურვილები, მხოლოდ ზოგადი მოწოდებები, არამედ ეს იქნება ერთგვარი ანგარიში ერის წინაშე. მე ვალდებული ვარ ჩავაბარო ანგარიში ჩვენს ერს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა არჩევნებში, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს მოძრაობას და რომელმაც ისურვა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ხელისუფლების სათავეში. ეს არ იქნება ისეთი მიმართვა, როგორიც სჩვევიათ ბედნიერი ქვეყნის პრეზიდენტებს! ეს იქნება მიმართვა, უფრო გამომდინარე საქართველოს დღევანდელი რეალური პოლიტიკური ვითარებიდან. მე მსურს, აგრეთვე პასუხი გავცე მრავალი თქვენგანის შეკითხვას. მე ვიცი, რომ ჩვენს ერს აღელვებს მრავალი საკითხი, სურს გარკვევა მრავალი საკითხისა, რომელსაც ჩვენ შეძლებისდაგვარად მართალს ვაშუქებთ პრესაში, გამოსვლებში, მაგრამ ყოველთვის არ ხერხდება ამომწურავი პასუხის გაცემა. ვიცი, რომ აშფოთებს მრავალი რამ ჩვენს მოსახლეობას. არის ისეთი ფაქტები, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მე მოგახსენებთ, თუ რა ვითარებაა დღეს შექმნილი. საერთოდ დამოკიდებულებაზე ცენტრისა ჩვენდამი, როგორია ჩვენი ურთიერთობა საოკუპაციო ჯარებთან, ავტონომიებში მიმდინარე პროცესებთან, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ოპოზიციასთან, როგორია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რა მიღწევები გვაქვს, რა გვიშლის ხელს. ასე, რომ ყოველივე აქედან გამომდინარე, მე მსურს მოგახსენოთ შემდეგი: თქვენ იცით, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები. აქ არ ყოფილა არავითარი ფალსიფიკაცია. უცხოელი ექსპერტები თვალს ადევნებდნენ ამ არჩევნებს. აქ არ ყოფილა არავის მიმართ ძალდატანება, არავის მოტყუება. ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი - თავისუფალი არჩევანი და მან ხმა მისცა ეროვნულ მოძრაობას, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ხოლო დღეს ახლად არჩეული ხელისუფლება - ეროვნული ხელისუფლება იმგვარად წარმართვს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას, როგორც ეს აუცილებელია ქართველი ერისათვის, მისი განვითარების პერსპექტივებისათვის. არიან საქართველოში გარკვეული ძალები, რომელთაც არ აწყობთ სტაბილური მდგომარეობა, არ აწყობთ მშვიდობიანი განვითარება ჩვენი ქვეყნისა. ისინი მოქმედებენ სხვადასხვაგვარი მეთოდებით. მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი არ არიან იმდენად ძლიერნი, რომ ზეგავლენა იქონიონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ხელისუფლების საქმიანობაზე, რომ რეალურად შეაფერხონ ეს საქმიანობა. ერთ-ერთი მთავარი მეთოდი ამ ძალებისა, არის დეზინფორმაციის გავრცელება, მოსახლეობის ტერორიზება სხვადასხვაგვარი ვერსიებით, თითქოს საქართველოს უახლოეს ხანში ემუქრება საგანგებო მდგომარეობა ცენტრის მხრივ, უხეში სამხედრო ჩარევა, კომენდანტის საათი და სხვა.

მე უნდა მოგახსენოთ, მეგობრებო, სრული პასუხისმგებლობით, რომ ასეთ ხმებს არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია. საქართველოს არ ემუქრება ეს საფრთხე. საბედნიეროდ, საქმის ვითარება იმგვარია საბჭოთა კავშირში, რომ აქტიური ჩარევა, უხეში ჩარევა რესპუბლიკების შინაურ საქმეებში უკვე თანდათანობით შეუძლებელი ხდება ცენტრისათვის, მით უფრო, თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, თუ დავირაზმებით ახლად არჩეული ეროვნული ხელისუფლების გარშემო, წინ აღვუდგებით ყოველთვის ამგვარ ხრიკებს. უნდა მოგახსენოთ, რომ თავდაპირველად, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ცენტრის მხრივ ძალზე მწვავე რეაქცია იყო. ეს გამოიხატებოდა ზეპირ გაფრთხილებებში, წერილობით ულტიმატუმებშიც, პირდაპირ მუქარაშიც, არც ამას დავმალავ. მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვისთანაც ამ ენაზე შეიძლება საუბარი - მუქარისა და შანტაჟის ენაზე, როდესაც დარწმუნდნენ ამაში, შეცვალეს პოლიტიკა. ამჟამად უფრო დიალოგის, უფრო მშვიდობიანი საუბრის ფორმა აქვს ყოველივე ამას. არავითარ ძალდატანებას არ აქვს ადგილი. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. არის მხოლოდ გარკვეული რეკომენდაციები, გარკვეული თხოვნა ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ არავითარი დიქტატი დღეს უკვე აღარ ხორციელდება. ეს მთავარი და უმთავრესი, რაც უნდა მოგახსენოთ და რაც უაღრესად იმედის მომცემია შექმნილ სიტუაციაში. მაგრამ არც იმას დავმალავ, რომ გარკვეული ძალები, გარკვეული რეაქციული ძალები ცენტრისა კვლავ განაგრძობენ ფარულ მოქმედებას, რაც გამოიხატება უმთავრესად ანარქიისათვის პირობების შექმნაში, გარკვეული ანარქიული ძალებისადმი მხარდაჭერაში. აგრეთვე, ე.წ. ავტონომიებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უნდა ითქვას იგივე - არის გარკვეული ჩარევები ჩვენი ქვეყნის შინაურ საქმეებში, ოღონდ ფარული, არაოფიციალური და თქვენ იცით, ყოველივე ამას მოჰყვა გარკვეული დესტაბილიზაცია ე.წ სამხრეთ ოსეთის, ავტონომიურ ოლქში. მაგრამ ყოველივე ამას ვუპირისპირებთ ჩვენს კანონმდებლობას. ჩვენ გარკვევით განვუცხადეთ ცენტრს, რომ გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, გვაქვს ჩვენი კანონმდებლობა, რომლის პრიმატობაც საქართველოს ტერიტორიაზე გარანტირებულია ამავე კონსტიტუციით და ჩვენ არ დავუშვებთ სხვა რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციის ჩარევას ჩვენს შინაურ საქმეებში, სხვა კონსტიტუციის პოზიციებიდან შეფასებას ჩვენი შინა-პოლიტიკური ვითარებისა და საქმიანობისა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ამას ითვალისწინებენ და როგორც მოგახსენეთ, ჩვენს საქმეებში აქტიურად არ ერევიან. თუმცა იმის თქმაც, რასაკვირველია, არ შეიძლება, რომ ჩვენ მთლიანად თავისუფალნი ვართ, მთლიანად დამოუკიდებელნი ვართ, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ძალზე ძნელი მისაღწევია ჯერჯერობით. თვით ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩეხოსლოვაკიაა, აცხადებს, რომ მან მართალია მიაღწია პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მაგრამ სრულ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისაგან და ამ ე. წ. ვარშავის პაქტის ქვეყნებისაგან ვერ მიაღწია, ვინაიდან ეს არის ძალზე ხანგრძლივი პროცესი. ძალზე ხანგრძლივი პროცესები დასჭირდება იმას, რომ საქართველო მთლიანად განთავისუფლდეს იმ იზოლაციისაგან, რომელიც მას მოუწყო იმპერიამ და მისმა ხელმძღვანელობამ ამ წლების მანძილზე. მოგეხსენებათ, ჩვენ მოწყვეტილი ვართ მთელ მსოფლიოს, ჩვენ არ ვართ ჩართული მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში და ჩვენი ერთ-ერთი უმთვრესი მიზანი დღეს სწორედ ეს არის - მსოფლიოს ეკონომიკურ ინტეგრაციაში ჩართვა და იმ კავშირების აღდგენა, რომელიც ჰქონდა საქართველოს დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებთან თავისი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა წარმატებით მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს ამ სფეროში. ძირეულად გარდავქმენით არსებული კონსტიტუცია და მას თითქმის არაფერი აქვს საერთო საბჭოთა კონსტიტუციასთან. მართლია, არის ცალკეული კანონები, რომლებსაც აგრეთვე სჭირდება რეფორმა. განსაკუთრებით, მოქალაქეობის შესახებ კანონი. მას ჩვენ ვამზადებთ. აუცილებლად იქნება კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ცენტრალური პრესა განგაშს ტეხს და ცდილობს ისევ და ისევ ნაციონალიზმში დაგვდოს ბრალი, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია ასეთი ბრალდებებისა არც ერთი მხრიდან. მივყვებით იმ კურსს, რომელიც განპირობებულია მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების პლატფორმით. ეს პლატფორმა მოწონებულია ქართველი ერის მიერ. მოწონებულია, აგრეთვე მსოფლის მიერ. მსოფლიო პრესაში იყო ძალზე დადებითი შეფასებები ამ პროგრამისა, ამ პლატფორმისა სწორედ საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე. ასე, რომ ჩვენი კურსი უცვლელია და მასზე გავლენას ვერ მოახდენს ვერავითარი გარეშე ძალა. ჩვენი დამოკიდებულება საოკუპაციო ჯარებისადმი მოგეხსენებათ, გამომდინარეა საერთშორისო სამართლის მოთხოვნებიდან. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საოკუპაციო ჯარებს უკვე მიეცა სტატუსი, მიეცა სწორედ უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარების სტატუსი იმით, რომ კონსტიტუციაში, ჩვენს დღევანდელ კონსტიტუციაში, მის პრეამბულაში ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც საოკუპაციო ჯარები და ნათქვამია, რომ მათ მიერ განხორციელდა ანექსია საქართველოსი. კონსტიტუცია არის უმაღლესი კანონი. ასე, რომ სხვა კერძო დადგენილება ამასთან დაკავშირებით, აღარ არის საჭირო, ისევე, როგორც აღარ არის საჭირო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ვინაიდან საქართველომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია უკვე გააკეთა 1918 წელს, ასე, რომ იურიდიულად ეს დეკლარაცია ისევ ძალაშია და განმეორებითი დეკლარაცია ჩვენ აღარ გვჭირდება. საქართველო იურიდიულად დამოუკიდებელი იყო და დღესაც დამოუკიდებელია. ოღონდ სხვა საქმეა დე ფაქტო - ე.ი. ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს არის ჩვენი მიზანი - ფაქტობრივი აღდგენა სახელმწიფოებრიობისა, რომელიც ჩვენ ანექსიის შედეგად დავკარგეთ. ასე რომ არავითარი განმეორებითი დეკლარირება ამგვარი დამოუკიდებლობისა აუცილებლობას არ წარმოადგენს და არ არის საჭირო არც სისტემატური განმეორება იმისა, რომ საქართველოში საოკუპაციო ჯარი დგას, რომ ეს უცხო ქვეყნის ჯარია და სხვა. ეს არის ანბანური, საყოველთაო ჭეშმარიტება, რომელიც განმტკიცებულია ჩვენს კონსტიტუციაში. ხოლო კონსტიტუცია, ვიმეორებ, არის ძირითადი კანონი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეყრდნობა. რაც შეეხება ავტონომიებს, მოგეხსენებათ, ჩვენ გავაუქმეთ უკანონო ავტონომია ე.წ. სამხრეთ ოსეთისა. ამჟამად იქ მიმდინარეობს მდგომარეობის სტაბილიზაცია იმით, რომ ჩვენი მილიციის ძალები დღითი-დღე უფრო და უფრო აქტიურად მოქმედებს, შინაგანი ჯარიც უკვე ვეღარ გვიწევს ისეთ წინააღმდეგობას. ის ექვემდებარება ჩვენს მიერ დანიშნულ კომენდანტს.

მართალია, არის ცალკეული მოვლენები, რომელთაც მეტი კონტროლირება სჭირდება. ჩვენ მოვითხოვთ: კატეგორიულად მოვითხოვთ ცენტრისგან, ის არ უნდა ჩაერიოს ჩვენს შინაგან საქმეებში. მას არა აქვს არავითარი უფლება რაიმე პრეტენზიები წამოგვიყენოს ამ ავტონომიების გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სეპარატისტი პროვოკატორები განაგრძობენ თავიანთ საძრახის საქმიანობას. ისინი მოუწოდებენ სამოქალაქო ომისაკენ მოსახლეობას. იმუქრებიან და ცენტრალური პრესა, სხვათა შორის, მათ სიამოვნებით უთმობს ტრიბუნას. ცენტრალურ პრესაში პირდაპირ ქვეყნდება მათი მუქარები. გვემუქრებოდნენ სამოქალაქო ომით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევიყვანდით ეროვნულ მილიციას ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ, მიუხედავად ამისა, მაინც შევიყვანეთ. ჩვენი მილიცია იქ მოქმედებს და მოქმედებს საკმაოდ ეფექტიანად და ალბათ, უახლოეს ხანში მიღწეული იქნება დიდი წარმატებები. მოახდინა თუ არა მოსკოვში მიმდინარე პროცესებმა რაიმე ზეგავლენა ჩვენს შინაურ პოლიტიკაზე? არ არის დასამალი, რომ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია შევარდნაძის გადადგომამ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ გადადგომას ჯერ ვერ მივცემთ სათანადო შეფასებას, სანამ იგი დაკმაყოფილებული არ იქნება ცენტრალური ხელმძღვანელობის მიერ და თუ იგი დაკმაყოფილებული იქნა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის გარკვეული მანევრი, რათა მას შეუქმნან კიდევ დიდი ავტორიტეტი, აამაღლონ მისი პოპულარობა და შემდეგ სცადონ მისი მეშვეობით საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა და შესაძლოა მისი ჩამოყვანაც საქართველოში, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, სათანადო შეფასებას მივცემთ, როდესაც საჭირო იქნება. არ ვიცით საბოლოოდ, ჯერჯერობით ამას ჩვენ ვერ დავამტკიცებთ. მაგრამ შეიძლება ეს მანევრი განხორციელდეს სწორედ იმ მიზნით, რომ ხელახლა სცადონ საქართველოს დაქვემდებარება თავიანთი დიქტატისადმი. ეს შეიძლება სწორედ ამ მიზნით განხორციელდა, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო შეფასებისაგან თავს ვიკავებთ. ასე, რომ კიდევ ვიმეორებ, ცენტრში მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ უფრო და უფრო ხდება საბჭოთა იმპერიის დეზინტეგრაცია. სწორედ ეს ძალები იმარჯვებენ. რასაკვირველია, არის რეაქციული ძალების ცდები, მაგრამ მათ კიდევაც რომ მიაღწიონ დროებით წარმატებებს, რომ შემოიღონ საგანგებო მდგომარეობა მთელ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საქართველოშიც - ეს ვერ იხსნის იმპერიას და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის ისტორიულ კანონზომიერებას. მოგეხსენებათ, ისტორიის უმთავრესი კანონზომიერებაა - იმპერიების დროებითი არსებობა და მათი საბოლოო აღსასრული ყოველთვის გარდაუვალია. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ გვერგო ძალზე მძიმე მემკვიდრეობა კომუნისტური რეჟიმისაგან. მოგეხსენებათ, თუ რა მანკიერი პროცესები იყო, ეკონომიკურ პროცესებს ვგულისხმობთ - როგორი ანარქია, როგორი ქაოსი დაკანონდა, სპეკულაცია, დაკანონდა ხალხის ძარცვა-გლეჯა. ამ სისტემასთან გადამწყვეტი ბრძოლაა საჭირო. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ კოოპერატივების მოქმედება, განსაკუთრებით საზკვების კოოპერატივების მოქმედება, რათა გაუმჯობესდესმოსახლეობის პროდუქტებით მომარაგება. ეს აუცილებელ ღონისძიებად მივიჩნიეთ.

აგრეთვე გავაძლიერეთ კონტროლი საწყობების ბაკალეის საქმიანობაზე, რათა არ მოხდეს მახინჯი მოვლენები, აღარ გაგრძელდეს ის, რასაც ადგილი ჰქონდა არცთუ ისე შორეულ წარსულში და ყველანაირად გადაეკეტოს გზა სპეკულაციას.

ამავე დროს, ფასების სტაბილურობაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი უმთვრესი მიზანი გახლავთ. ჩვენი მოსახლეობის აზრის გათალისწინების გარეშე სრული პასუხისმგებლობით უნდა მოგახსენოთ, არ გავზრდით ფასებს არც ერთ პროდუქტზე. ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილებაა და თუ იქნება ფასების ზრდა, ეს არ შეეხება ძირითად საკვებ პროდუქტებს. ვიმეორებ, ისევ და ისევ ეს არ მოხდება მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე. ჩვენ მოვაწყობთ მოსახლეობის გამოკითხვას. თქვენ იცით, რომ მივიღეთ კანონი რეფერენდუმის შესახებ. საერთოდ, ეს კანონი მრავალი საკითხის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ამავე დროს უნდა მოგახსენოთ დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებაც. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზადდება კანონი მოქალაქეობის შესახებ. თუ აქამდე საქართველოში ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია იყო, ამჟამად ქართველი მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს დაცული უწინარეს ყოვლისა, მაგრამ ჩვენ ამით არ გამოვრიცხავთ ზრუნვას ეროვნულ უმცირესობათა უფლებებზე. არავითარ შემთხვევაში არავინ იფიქროს, რომ ეროვნული უმცირესობის უფლებები დათრგუნული იქნება. თუმცა ამას ჩვენ ხშირად გვწამებენ ცენტრალურ პრესაში, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ტრადიციულად მშვიდობიანად ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგელები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები და ეს ასე გაგრძელდება. ჩვენი მომავალი პარლამენტის საქმიანობა დაემყარება სწორედ ეროვნული ინტერესების სამსახურს, დაემყარება იმ კურსს, რომელიც ჩვენ გამოვიმუშავეთ და რომელიც მოგაწოდეთ ჩვენი პლატფორმის სახით და რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ეროვნული შეიარაღბული ძალების შექმნა, როგორც მოგეხსენებათ, უკვე ჩამოყალიბდა ეროვნული შინაგანი ჯარი, ეროვნული გვარდია, რომელიც სტაბილური მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა არაოფიციალურ შეიარაღებულ ფორმირებას, იარაღი ჩააბაროს, დაიშალოს და შემოუერთდეს ეროვნულ გვარდიას, რათა საქართველოში იყოს სტაბილური მდგომარეობა, სამოქალაქო მშვიდობა, აღმოიფხვრას დამნაშავეობა, მოსახლეობამ იცხოვროს მშვიდობიანად. ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უნდა დავირაზმოთ ეროვნული პარლამენტის გარშემო, რათა მომავალმა თაობამ უახლოეს ხანში დამოუკიდებელ, ეკონომიკურად აღორძინებულ, თავისუფალ და ბედნიერ საქართველოში იცხოვროს.

გილოცავთ ახალ წელს, და გისურვებთ, განხორციელებულიყოს ჩვენი ერის ყველაზე დიდი, სანუკვარი ოცნება და მომავალ წელს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში შევხვედროდეთ“.

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№1 (21), გვ. 1-2; 1 იანვარი 1991 წ.].

 

სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს

პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ!

ამა წლის 9 იანვარს გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც განიხილა თქვენი 7 იანვრის ბრძანებულება „საქართველოს სს რესპუბლიკაში“ 1990 წლის დეკემბერში მიღებული ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის გამო“. არ შევეხები წმინდასამართლებრივ საკითხს - ამაზე ლაპარაკია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებაში, რომელიც უარყოფს თქვენი ბრძანებულების კანონიერ ძალას - რადგან სსრ კავშირის პრეზიდენტსაც კი არა აქვს უფლება იურიდიული ძალა წაართვას საქართველოს რესპუბლიკის კანონებს: საქართველოს ტერიტორიაზე გარდამავალ პერიოდში მოქმედებენ საქართველოს რესპუბლიკის კანონები, აგრეთვე სსრ კავშირის ზოგიერთი კანონი; საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის თანახმად, სსრ კავშირის კანონებსა და რესპუბლიკის კანონებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში მოქმედებენ საქართველოს რესპუბლიკის კანონები. მაშასადამე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უფლება აქვს შეაჩეროს საქართველოს ტერიტორიაზე სსრ კავშირის კანონის ან სხვა აქტის მოქმედება. თქვენი ბრძანებულებით გვთვაზობთ, ყოფილი ოლქის ტერიტორიიდან გამოვიყვანოთ ყველა შეიარაღებული ფორმირება, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების გარდა. მაგრამ მხედველობიდან გამოგრჩათ ან ინფორმირებული არა ხართ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამ ჯარების გარდა, დისლოცირებულია საბჭოთა არმიის ნაწილებიც. რა ვუყოთ? თქვენი ბრძანებულების თანახმად, მათაც არა აქვთ უფლება იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და იქიდან გამოყვანილ უნდა იქნენ. თქვენმა ბრძანებულებამ შეაძრწუნა მთელი ქართველი ხალხი. აგრეთვე რესპუბლიკის არაქართველი მოსახლეობა, უამისოდაც მტკივნეულად რომ განიცდის შიდა ქართლის - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში მომხდარ ამბებს. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, უკანასკნელი წლების მანძილზე ექსტრემისტთა ხელში, რომლებმაც ხელმძღვანელი პოსტები დაიკავეს ოლქის ხელისუფლების ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, გადაიქცა ანტიქართული ისტერიის კერად, 1989 წლის ნოემბრიდან კი ფაქტობრივად და იურიდიულად დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პლაცდარმად, რაც იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ საქართველოს წაართვან მისი ოდინდელი ტერიტორია, რომლის შენარჩუნებისთვისაც ქართველი ხალხი 2000 წელზე მეტ ხანს იბრძოდა. მოგეხსენებათ, შიდა ქართლში ოსთა ნაწილის მათი ისტორიული სამშობლოდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლების ისტორია. იცით ისიც, რომ ავტონომიური ოლქი ხელოვნურად შეიქმნა საქართველოს ინტერვენციისა და ოკუპაციის შემდეგ, რაც განხორციელდა საბჭოთა რუსეთის მაშინდელი მთავრობის ბრძანებითა და ი. სტალინისა და ს. ორჯონიკიძის აქტიური მონაწილეობით, რომლებიც არ მოერიდნენ იმას, რომ ოლქის საზღვრებში მოექციათ აგრეთვე ქალაქი ცხინვალი და ათობით სოფელი მკვიდრი ქართველი მოსახლეობითურთ. „სუვერენული რესპუბლიკის“ შექმნისათვის ოსი ეროვნების ექსტრემისტთა მოქმედებას მაშინ, როცა ასეთი არსებობს კავკასიონის ქედის გადაღმა, არ შეიძლება არ გამოეწვია ქართველი ხალხის, საქართველოს იმ ოსი მოსახლეობის უმრავლესობის ერთსულოვანი წინააღმდეგობა, რომლის მეტი ნაწილი ცხოვრობს ყოფილი ოლქის ფარგლებს გარეთ. ეგრეთ წოდებული „რესპუბლიკის“ თვითმარქვია ხელმძღვანელთა ცინიკურმა უარმა, ანგარიში გაუწიონ კონსტიტუციურ საფუძვლებს, უარმა შეესრულებინათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება, რომელმაც უკანონოდ ცნო სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აქტი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შექმნის თაობაზე, უკიდურესად გაამწვავა პოლიტიკური ვითარება რეგიონსა და მთელ საქართველოში. ხელისუფლების საკავშირო ორგანოებისა და პირადად თქვენი დუმილი საზოგადოებრიობას არწმუნებდა, რომ საჭირო იყო გადაეწყვიტა საკითხი დამოუკიდებლად, თავის სუვერენულ უფლებებზე დაყრდნობით, რომლებსაც თავხედურად თელავდნენ ფეხქვეშ ერთი მუჭა შეიარაღებული ექსტრემისტები, „სამხრეთ ოსეთის“ ხალხის „თვითგამორკვევისათვის“ მებრძოლთა სამოსელში რომ არიან გამოწყობილი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს არავითარი „ოსეთის სამხრეთი“. არის მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონი, სადაც გარკვეული დროიდან ცხოვრობენ ჩრდილოეთ ოსეთიდან გადმოსახლებული ოსი ეროვნების პირები, რაც დამტკიცებულია ქართველი ხალხის მატერიალური და კულტურის ძეგლებით. ეს ოდინდელი ქართული მიწა-წყალია, რომლის წართმევას ქართველი ხალხი არასოდეს შეურიგდება, სანამ ცოცხლობს თვით ხალხი. არ შეიძლება გავაიგივოთ შიდა ქართლის ვითარება სხვა მოკავშირე რესპუბლიკის ავტონომიებთნ, რაც თქვენთვის, რა თქმა უნდა გასაგებია, რამეთუ კარგად იცნობთ რუსეთის იმპერიის ისტორიას, მაგრამ სხვა რესპუბლიკების საშინაო საქმეები თვით რესპუბლიკების საქმეა. ერთი რამ ცხადია: დამღუპველია ვუდგებოდეთ ყველაფერს ერთი საზომით, სსრ კავშირის კონსტიტუციაში მოხსენიებულ ყველა ავტონომიას, მათი წარმოქმნის ისტორიულ-სამართლებრივი საფუძვლების გაუთვალისწინებლად. საჭიროდ მიგვაჩნია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არც ერთი ეროვნული უმცირესობა საქართველოში არ განიცდის არავითარ შეზღუდვებს ეროვნულ-კულტურული ავტონომიის განვითარებაში. ეს ფაქტია, რომლის შემოწმებაც ადვილია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ხელმძღვანელობა ახორციელებდა აშკარად დისკრიმინაციულ პოლიტიკას რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახელობის მიმართ და როცა ამ პირობებში ოსი ეროვნების სეპარატისტები შეუდგნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, ურომლისოდაც თითქოს შეუძლებელი იყოს რეგიონში ცხოვრება ოსთა ეროვნული კულტურის განვითარება, რომლებსაც ვითომდა დისკრიმინაციას უწევენ ქართველები, ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა აივსო - ოლქის გაუქმება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გახდა შექმნილ სიტუაციაში. ამ აქტმა არა მარტო ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოუღოს სეპარატისტულ მოქმედებას, არამედ აღადგინოს კიდეც ისტორიული სამართლიანობა. შემდგომი მოვლენები კარგად მოგეხსენებათ. ისინი ჩამოყალიბებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 იანვრის დადგენილებაშიც. თქვენ არ უნდა გაგაკვირვოთ თქვენი ბრძანებულების მკვეთრად უარყოფითმა შეფასებამ, რადგან მასში აქცენტი გადატანილია თითქოსდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არამართლზომიერ მოქმედებაზე და სრულიად არ არის დაგმობილი სეპარატისტთა მოქმედება შიდა ქართლში. არადა სწორედ მათი მიზეზით იყო მიღებული გადაწყვეტილება ავტონომიურო ოლქის გაუქმების შესახებ.

გვინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ეროვნული პარლამენტი, ოლქის არსებობისადმი მეტად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად მაინც არ აპირებდა მის გაუქმებას, რაც გამოცხადებული იყო ოფიციალურად და არაერთხელ. განსაკუთრებით მიუღებელია ბრძანებულების დებულება რეგიონიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეგანაყოფების დაუყოვნებლივი გამოყვანის შესახებ, მაშინ როცა იქ თარეშობენ ოსი ექსტრემისტები, ტერორით აშინებენ ქართულ მოსახლეობას, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების წაყრუებით. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ვერც ერთი სუვერენული სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ მის ტერიტორიაზე წარმოიქმნას სამართლებრივი ვაკუუმი, რომელშც იმოქმედებენ შეიარაღებული ძალები, მის იურისდიქციას რომ არ ექვემდებარებიან და მისი სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ რომ მოქმედებენ. ჩვენ 1922 წლის სამოკავშირეო ხელშეკრულება მიგვაჩნია უკანონოდ საქართველოს მიმართ, რადგან იგი დაიდო საქართველოს ოკუპაციის პირობებში, ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად. მაგრამ კიდევაც რომ დავდგეთ თქვენს პოზიციაზე და დავადასტუროთ, რომ იგი ნამდვილია, იბადება კითხვა - განა ეს ხელშეკრულება არ იძლეოდა მოკავშირე რესპუბლიკების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას?! ვისღა იცავს დღეს კავშირი? ყოველივე ეს ერთხელ კიდევ მოწმობს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების სისწორეს, რომელმაც გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი სრული დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ თავს ვცნობთ სსრ კავშირის შემადგენლობაში იმ პირობით, რომ საბჭოთა კავშირი აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენულ უფლებას მთლიანად აღიდგინოს ძალით წართმეული სახელმწიფოებრიობა სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური რეალიების გათვალისწინებით. ამა წლის 7 იანვრის ბრძანებულების მსგავსი აქტები ხელს არ უწყობენ ვითარების სტაბილიზაციას, არ ანელებენ დაძაბულობას რეგიონში, პირიქით, ამხნევებენ სეპარატისტებს. მათ ექსტრემისტებს უბიძგებენ აქტიურობისაკენ. სწორედ ამ ბრძანებულების შემდეგ ვითარება რეგიონში დრამატულად გართულდა, დაიღვარა სისხლი. შექმნილი აფეთქება - საშიში სიტუაცია შეიძლება შეანელოს მხოლოდ თქვენი ბრძანებულების მოქმედების შეჩერებამ და თქვენს მიერ იმ პოზიციის დაკავებამ, რომელიც უნდა ეკავოს სსრ კავშირის კონსტიტუციის შესაბამისად სსრ კავშირის პრეზიდენტს - ესე იგი იცავდეს მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენობას, უკუაგდოს ყველა კონიუნქტურული მოსაზრება, საკადრისი პასუხი გასცეს ძალებს, რომლებსაც ეთნოკრიზისის პროვოცირება იმპერიის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად მიაჩნიათ. მაგრამ ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება ხომ უკვე შეუძლებელია. გვესმის რა თქმა უნდა, რომ ძალით, რომელიც თქვენ გაქვთ, შეგიძლიათ სცადოთ ჩაახშოთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში, მაგრამ როგორი იქნება ამ გამარჯვების ფასი?! და განა ეს გამარჯვება იქნება?! გამოვთქვამთ რწმენას, რომ თქვენ, პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ ერთხელ კიდევ ჩასწვდებით ქართველი ხალხის მისწრაფებებს, შეეცდებით გაიგოთ მისი ამ გადაწყვეტილების მთელი სიღრმე და გაქანება, რომ მოიპოვოს ნამდვილი სახელმწიფოებრივი თავისუფლება მოკავშირე რესპუბლიკებთან და ამ წუთიერ პოლიტიკურ მოსაზრებებს არ ანაცვალებთ მთელი ქართველი ხალხის, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები ხალხების, მათ შორის ოსთა უმრავლესობის ბედს, რომლებიც მზად არიან მხარში ამოუდგნენ თავიანთ ქართველ ძმებს სამართლიანი საქმისათვის ბრძოლაში. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში მცხოვრებ ოსთა უმრავლესობის ნებაა დაამყაროს რეგიონში მშვიდობა და თანხმობა, კვლავაც განავითაროს ეროვნული კულტურა, რისთვისაც სულაც არ არის სავალდებულო ჰქონდეს ხელოვნურად შექმნილი ავტონომიური ოლქი ან თუნდაც რესპუბლიკა, რასაც ნათლად მოწმობს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარება, სადაც ეროვნულ-კულტურული ავტონომიის დონე გაცილებით დაბალია. რაც უფრო ადრე მიხვდებიან ხელისუფლების საკავშირო ორგანოები თუ როგორია შიდა ქართლში ნამდვილი ვითარება და სათანადო პოზიციას დაადგებიან, მით უფრო სწრაფად მოხდება მდგომარეობის სტაბილიზაცია რეგიონში. საჭიროა სეპარატისტებმა გაიგონ, რომ მათ არ უნდა იქონიონ ცენტრის მხარდაჭერის იმედი და შეურიგდნენ დამარცხებას. დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს!

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თვმჯდომარე

ზვიად გამსახურდია

12 იანვარი 1991

[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№10 (30), გვ. 1; 15 იანვარი, 1991 წ.].

 

ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის იანვრის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება სსრ კავშირის პრეზიდენტის 1991 წ. 7 იანვრის ბრძანებულების შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის კანონი გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ საქართველოს კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე;

- საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოთა არჩევნების შესახებ“;

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოთა არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღებისა და საკრებულოების არჩევნების დანიშვნის თაობაზე;

- საქართველოს რესპუბლიკის კანონი რეფერენდუმის შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე;

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის მართვის სტრუქტურის შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება შინაგან ჯარში - ეროვნულ გვარდიაში გაწვევის წესის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ;

- შინაგან ჯარებში - ეროვნულ გვარდიაში გაწვევის წესის დროებითი დებულება;

- სამხედრო ფიცი;

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის რაიონის [ქალაქის] სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს მსაჯულთა არჩევის შესახებ;

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არცევის სესახებ აჭარია ავტონომიური რესპუბლიკის კანონის თაობაზე;

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის გაწვევის წესის სესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე.

[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“,  №1 [606], თბ. იანვარი, 1991 წ.].